Saturday, December 21, 2013

"დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება"

"თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, 
იფერფლება ხელნაწერი, ნუ ჩამიქრები… 
და იქაც, შიგნით, სულში…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…"


ამ სრულიად ჯადოსნურ სიტყვებს კითხულობდა თავისი თბილი და უშუალო მანერით. წლებს არ შეუცვლია, ისევ ისეთი ღიმილი აქვს. მისი ყველა მოძრაობა მადლიერებას გამოხატავდა. დასავლეთევროპელის თავმდაბლობა და და მორიდება ჰქონდა. 

ლიტერატურის მუზეუმის  დარბაზში,  მუქი ფარდებით სადად გაწყობილ სცენაზე იდგა, ზუსტად პოეტის შესაფერ გარემოში. იქ არც კომფორტული სავარძლები იდგა, არც ტორშერი და თანამედროვე განათება, არც გათბობა და ახალი რემონტის სუნი... პირიქით, ყველაფერი თითქოს სპეციალურად იყო წლების მერე შეუცვლელი და ხელშეუხებელი, შეხვედრის შინაარსის მხარდასაჭერად.

"გურიის მთები" ისეთი ემოციით წაიკითხა, მომერიდა და სახეზე ვერ ვუყურებდი. თავი ლაშას მხარზე მედო და მარტო ხმას ვუსმენდი.

Thursday, December 12, 2013

Off With My Overcoat, Off With My Gloves

The snow is snowing, the wind is blowing, but i can weather the storm... ეს სიმღერა ამედევნა ამ თოვლიან საღამოს. 

"თოვს და ქარი ქრის, მაგრამ გავუძლებ ამ ქარბუქს. რამდენიც უნდა, ითოვოს! მე სიყვარული გამათბობს. ნეტა, კიდევ როდის იყო დეკემბერში ასეთი ამინდი? ნახეთ, რამდენი ყინულის ლოლუაა! თუმცა, მე რა მენაღვლება, მე ხომ ჩემი სიყვარული მათბობს. რად მინდა პალტო, ან ხელთათმანი, სულმთლად ვიწვი სიყვარულით. ჩემი გული სიყვარულის ალშია გახვეული; ჰოდა, აბა, რა ქარბუქი შემაშინებს? ყველაფერს გავუძლებ, ჩემს სიყვარულთან თბილად ვიქნები." 

შევეცადე, სიმღერის სიტყვები უცხოური მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანების სტილში დამეწერა; იმ წიგნების, თავთან რომ მეწყო და სანთლის ნაღვენთებით მქონდა გასვრილი. იმ წიგნებმა ოცნება შემაყვარა. ოცნებამ კი დამანახა, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და მოგონებების შეგროვება მაფიქრებინა.

იმ ღამესაც ქარი და  თოვლი იყო, როცა დივალის ფესტივალიდან გამოსულები, ქუჩაში ვსვინგავდით: ჯერ გაჩერებაზე, მერე ცარიელ ავტობუსში. მაშინ ერთმანეთი, სტუდენტური თავისუფლება და მომავლის იმედი გვიხაროდა. ახლა სამივე ჩვენს სახლებში ვართ. ისინი შორს არიან ჩვენგან, მათაც თავიანთი მეორეები ჰყავთ და ალბათ, ამ საღამოს ზუსტად ამ სიმღერას ღიღინებენ. 

Tuesday, December 10, 2013

სტილის "ო, არა!" Fashion Faux Pas That Bug Me

ჩემი "ო, არა!" ჩამონათვალით, რასაკვირველია, არ გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, რომლებსაც საკუთარი სტილის ძიებაში რომელიმე კომპონენტი მოუსინჯავთ, მოსწონებიათ და უტარებიათ.


Monday, December 2, 2013

ერთ დეკემბერს

ვენის დეკემბერი მომაგონდა: წაბლის და პუნშის სუნი ნათურებით მორთულ ქუჩებში, საშობაო წარმოდგენები და კაპელის კონცერტები ტაძრებში. მიხარია ახლანდელი შობის მოლოდინი: საქმეში ვერ ვამჩნევთ, გარეთ როგორ ბნელდება, ჩვენს ოთახში სულ "ჩაიმანიას" ჩაის და ყავის სურნელი ტრიალებს და გაპრანჭული გოგოები დადიან, ამ პერიოდში სულ საახალწლო და სამხიარულო პროექტებზე ვმუშაობთ. სამსახურის შემდეგ ლაშას ვხვდები. კიდევ თეატრების სეზონია, ცხელი შოკოლადის და ძველი ფილმების. ბარბარობას ნაძვისხეს მოვრთავთ. 

სილამაზის განყოფილების ფოტოებს ვუძღვნი თეიკოს, ნარნარიკოს, დონია ვერას და ანოს.



Thursday, November 21, 2013

Blink of an Eye [მინიატურები]

* * *
ზამთრის საღამოა. მე და ზაზა სახლში ვართ. დედა ჩვენთვის ვალინკების საყიდლადაა წასული. საღამოს ბრუნდება. შემოდის სიცივისგან სახეაწითლებული. ვგიჟდები იმ სიცივის სუნზე, რომელიც სახეზე ასდის. არ ვაცლი პალტოს დაკიდებას, არც ქოლგას ვართმევ; გიჟივით ვკოცნი და ვეხუტები.

* * *
პატარა ვარ, ბაღის ასაკის. დედაჩემს ბავშვთა პოლიკლინიკაში მივყავარ. მარმარილოს კიბეებით ავდივართ ფართო, ძალიან ფართო ჰოლში. მინდა, ეს კიბეები არ დამთავრდეს. თან მომწონს, რომ დაბალი საფეხურებია, თითქმის არც იგრძნობა, რომ ზემოთ აბიჯებ. კედელზე ყბაშეხვეული ძაღლის ნახატი კიდია: „ბობიკას კბილები ატკივდა.“ სანამ ექიმის კაბინეტამდე მივალთ, შიშისგან მაკანკალებს. მეშინია ასია ექიმის, მისი სახის გამომეტყველების, ყელში რომ უნდა ჩაგხედოს, იმ რკინის ინსტრუმენტის. სხვა დროს, ქუჩაში რომ გვხვდება, კარაკულის ქუდით და რედიკულით, მაშინაც მეშინია.

* * *
ქარიანი დილაა. ვწევარ, თვალებს ძალით ვხუჭავ. საშინლად მეზარება ადგომა და ლექციებზე წასვლა. ეზოდან გიული დეიდა იძახის: დათომ დარეკა, დღეს „ხარისხის სახლში“ ინგლისელებთან გასაუბრებაზე უნდა მიხვიდეო.

Thursday, November 14, 2013

Elke Dag Beter

მართალია, ეს სიტყვები ("ყოველდღე უკეთესი") ერთი სუპერმარკეტის სარეკლამო სლოგანია, მაგრამ ზუსტად გამოხატავს, რისი თქმაც მინდა.

დღეს ჩვენი ჯვრისწერიდან სამი წელი შესრულდა.

Nov 2013 Tbilisi
Nov 2010 Istanbul





Saturday, October 19, 2013

იდეალური სეზონი - შემოდგომა

დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ. 

მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს. 

გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია?  - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა. 

იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.

მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის... 

Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის. 

Sunday, September 8, 2013

სექტემბრის დილები


ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?

Saturday, August 17, 2013

AKDENIZ

მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი. 

დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.

Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?

Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Tuesday, June 18, 2013

MODERATO

ბლოგი მიტოვებულივით მყავდა. ჯერ აღდგომა იყო და შვებულება ავიღე, მერე ჩემი დაბადების დღე, მერე სამსახურის საქმეები გადაება და დრომ მალე ჩაიქროლა (ნეტა, ნელა როდის გადიოდა?). "მყავდა" დამიწერია. კარგია, ალბათ, ცოცხალი რომაა, იმიტომ.

ერთ ბანალურ რაღაცაზე მინდა დავწერო. ეს ამბავი ძალიან მასევდიანებს და იქნებ, ამით ცოტა შემიმსუბუქდეს, ან კარგი აზრები მოვისმინო. მოკლედ, ისაა, შენ რომ ვინმეს სიკეთეს სთავაზობ და ის რომ არ იღებს, ან იღებს, მაგრამ სხვათაშორის და ამ დროს რომ თავს ისე გრძნობ, "ვ დურაკახ". 

უცნაური სიტუაციაა. სიკეთის მკეთებელი, რომელსაც მართლა უნდა, მეორე ადამიანი გაახაროს, ბრიყვი და მოცლილი გამოდის. მისი ყურადღება არ სჭირდებათ. მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება, ან პირდაპირი უარი. ის მეორე არის "ქულ", პრაგმატული, თავაღერილი, დროის განმკარგავი. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა  შენი ზრუნვა "ზედმეტი"? როგორ უნდა დაიცვა ზომიერება ადამიანებთან ურთიერთობისას? არ ვიცი. 

Thursday, April 18, 2013

Blue Melody

სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე").  ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.

Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  

Monday, April 1, 2013

ჩანთა: მაშინ და ახლა

ჩემი პირველი ჩანთა ჩვენმა ახლობელმა, უძვირფასესმა გურამ ბიძიამ მაჩუქა. სკოლაში შევდიოდი. მოსკოვიდან ახალთახალი ტყავის ჩანთები ჩამოგვიტანა მე და მის შვილებს, ნინიკოს და ნიკუშას. ახლაც მახსოვს, როგორ იდგა ღია კარში საჩუქრებით. ზურგზე მოსაკიდებელი, რკინის ბალთა-შესაკრავიანი ჩანთა იყო, რვეულებისთვის ცალკე განყოფილება ჰქონდა. ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. ორი წელი ვატარე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დიდი ქალების ჩანთების ცქერა და იმის წარმოდგენა მიყვარდა, რამდენი ბრჭყვიალა და მიმზიდველი ნივთი იდებოდა შიგ. ჩვენთან ხშირად მოდიოდა დედას მეგობარი ნანა, რომელიც სულ მაძლევდა კევებს. მისი ჩანთაც საღეჭი რეზინის, პომადების და კიდევ რაღაც ლამაზ-ლამაზების საცავად წარმომედგინა. როცა მეორე ოთახში გავიდოდნენ ყავის დასალევად, ნანას ჩანთას ხარბად ვუცქერდი და ველოდებოდი, როდის ამოიღებდა იქედან მარწყვის კევს და მომცემდა. მასწავლებლების ჩანთებიც მომწონდა, ყველასი არა, ვინც ჩემს თვალში ლამაზი და გაპრანჭული იყო, იმის. 

Tuesday, March 19, 2013

ხრონინგენის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია

დიდი ხანია, მინდა, ხრონინგენის ეკლესიის შესახებ მოვყვე. ახლა აღდგომის მოლოდინში ვარ და სულ ბზის სუნი, ნაწვიმარი ჰაერი, სასაფლაოზე ჩიტების ჭიკჭიკი, ღამისთევა და დღესასწაულის მღელვარება მელანდება. ჰოდა, ალბათ, ახლა საამისოდ კარგი დროა.

პირველად ჩემს მეგობარ ქართულ ოჯახთან ერთად მივედი. მერე რეგულარულად დავიწყე სიარული, ჯერ ფეხით, მერე ველოთი. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო შორეულ ჩრდილოეთში მართლმადიდებლობის პატარა კუთხე. ჰოლანდიის და გერმანიის სამხრეთ ნაწილებში კათოლიციზმი ასე თუ ისე ცოცხლობს, ჩრდილოეთში კი ადამიანები უბრალოდ არცერთ აღმსარებლობას არ ეკუთვნიან, შვილებს არ ნათლავენ და არსებულ ტაძრებსაც საკონცერტო დარბაზებად, წიგნის მაღაზიებად ან კაფეებად იყენებენ. თუმცა, თუ ღმერთისკენ ისწრაფვი და მასთან ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდები, რომ ის ყველგანაა, რა შორსაც არ უნდა წახვიდე. აი, ისე, ეზოდან ამოსულ, თამაშით დაღლილ ბავშვს რომ მშობელი ხელგაშლილი დახვდება და ჩაიხუტებს. მე და ლაშამ სტამბულის "საშიშ" უბანში აღმოვაჩინეთ ბერძნული ეკლესია. გუმბათი და ჯვარი რომ დავინახეთ, ორიენტაციით მივყევით და ვიწრო ქუჩებით მივადექით. სარესტავრაციოდ იყო დაკეტილი, რესტავრატორი კი ქართველი გიორგი აღმოჩნდა! ასეთი მაგალითები ალბათ ბევრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ონოფრე დიდხანს მოღვაწეობდა პოლონეთის მამათა მონასტრებში, ამიტომ კარგად იცის ძველი სლავური ენა. წირვას ნიდერლანდურ და ძველ სლავურ ენებზე ატარებს. რუსული საგალობლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ნიდერლანდურად და ძველსლავურად მსახურება არასოდეს მომესმინა, ამიტომ სულ მონუსხული ვიდექი. მოდიოდა მრევლი, ერთგულად, პუნქტუალურად. ჰოლანდიელებიც იყვნენ და ემიგრანტებიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მართლმადიდებელი არაბებიც. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები სულ სხვადასხვა ბედის იყვნენ. ზოგი ყოფილ იუგოსლავიაში ომს გაექცა, სხვები იქ გაჭირვებამ ჩაიყვანა. ერთი მოხუცი კაცი იყო, ყოფილი იუგოსლავიის რომელიღაც ქვეყნიდან. მითხრეს, ყველა ახლობელი დაკარგაო. ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისთვის ეკლესიაში სიარული. არასდროს გამოვლაპარაკებივარ, არ შემეძლო, ისე მეცოდებოდა. რუსები და უკრაინელები ბლომად იყვნენ. ყველა თავის ენაზე აზროვნებდა და ლოცულობდა გულში, მაგრამ რწმენა საერთო ჰქონდათ და ღმერთთან სიახლოვე ერთნაირად სჭირდებოდათ. როცა მათთან ერთად წირვაზე ვიდექი, სულ ერთი აზრი მქონდა, რომ რწმენა ადამიანს ამშვენებს და ასხივოსნებს, დიდი, ბრდღვიალა ბრილიანტივით. სახლიდან წასულმა, როგორც საერთოდ ხდება, ამ საკითხსაც სხვა თვალით შევხედე. 

მრევლის უმეტესობა სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა, ამიტომ მამა ონოფრე ანგარიშს უწევდა და წირვას დილის 11–ის ნახევარზე იწყებდა. მე ზარმაცსაც მეტი რა მინდოდა და, კარგად გამოძინებული მივდიოდი. ხანდახან, როცა ველოს ვაყენებდი, რომელიმე ბარებში ღამენათევი და გამობრუჟული ბიჭი გამომელაპარაკებოდა ხოლმე, აქ რა გინდა, დღეს კვირაა, ეკლესია დაკეტილიაო. უმეტესად ჩემს მეზობელ, უკრაინელ იგორთან ერთად დავდიოდი. აეყუდებოდა ხოლმე კვირაობით ჩემს კართან და მივდიოდით. სხვა მეგობრები რიგრიგობით დამყვებოდნენ, ძალიან აინტერესებდათ, სად დავდიოდი კვირა დილით. ბელგიელმა ანამ მითხრა, საოცარი ატმოსფერო იყო, წამოსვლა აღარ მინდოდაო. ალბათ, კათოლიკურ ეკლესიაშიც ასე იყო საუკუნეების წინო. კანადელი რაიანი თავად მგალობელი იყო ბავშვობაში და ამიტომ დიდი ინტერესით წამომყვა. გერმანელი მიხაელი რამდენჯერმე მახლდა. პირველ მოსვლაზე მგალობელთა გუნდს უსმენდა განაბული და თვალებმოჭუტული (თვითონაც მღეროდა და ინსტრუმენტებზე უკრავდა). ფაქტებს და დეტალებს გერმანული სიზუსტით სწავლობდა, კითხვებს სვამდა. სააღდგომო ლიტურგიაზე თეთრი პერანგით და ბაფთით მოვიდა. მისი ეს პატივისცემა ჩვენი ზეიმისადმი ძალიან დავაფასე.


ხრონინგენის ფერისცვალების სახელობის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. ყვავილებს რომ უვლის, თბილისელი სომეხი ბიჭია, რომა. :)

Wednesday, March 6, 2013

ცარიელი შენობების სევდა

ადრეულ სკოლის ასაკში ცარიელი შენობების მეშინოდა. მერე მივხვდი, რომ ეს შიში კი არა, უფრო იმის წუხილი იყო, რომ ისინი ძალიან სევდიანი მეჩვენებოდა უადამიანებოდ. ერთხელ, ჩემი სკოლის შენობასთან საღამოხანს ჩავლა მომიხდა. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ის ქუჩაც (ქალაქის ისტორიულ ნაწილშია, აღდგენილ–გალამაზებული), წელიწადის ყველა დროს ჰარმონიული და პოზიტიური იყო, სიძველის სიტკბოთი სავსე. იმ წიგნებში, მაშინ რომ ვკითხულობდი, ყველა ბავშვი რომელიმე წმინდანის სახელობის სკოლაში ან გიმნაზიაში სწავლობდა, რასაც ყოველთვის ვნატრობდი და ამიხდა კიდეც: ეროვნული მოძრაობის პერიოდში სკოლამ ძველი, საუკუნის წინანდელი სახელი დაიბრუნა. ახლა ქუჩაც და სკოლაც წმინდა ნინოს სახელს ატარებს. ჰოდა, იმ საღამოს, სკოლასთან რომ ჩავიარე, შენობას გავხედე და უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა: წარმოვიდგინე ჩაბნელებული დერეფნები, უბავშვებოდ, უხმაუროდ, მდუმარე, ცარიელი საკლასო ოთახები. მერე "თავს ვიწვალებდი" იმის წარმოდგენით, რა სევდიანი იქნებოდა ყველაზე ხალხმრავალი შენობები, მაგალითად, ცირკის არენა, თეატრის ან სპორტული დარბაზი, მოქალაქეთა მომსახურების დაწესებულებები ღამით, ნახევრადგანათებული და მდუმარე. 



Sunday, February 24, 2013

Gloomy February Afternoon

ახლა ისეთი დღეები დგას, ყველა რომ იძახის, ზამთარი გაიწელაო, შესვენებიდან რომ მობრუნდებიან და - გვეჩვენება, თუ ქუჩაში მართლა გაზაფხულის სუნიაო. დღევანდელი ამინდი გვიანი შემოდგომისას უფრო გავდა, ვიდრე ზამთრის და გაზაფხულის გასაყარისას. ადრე სულ ვაკვირდებოდი და გონებაში "ვიწერდი" თებერვლის ბოლო დღეების ამინდებს: ნაცრისფერ, მშრალ და ჩუმ დღეებს, ისეთ ჩუმს, მარტო ფერების და პირველი კვირტების შემოჭრის მოლოდინს რომ შეიძლება ნიშნავდეს. სისველის და სიცივის მიუხედავად, მე და ლაშამ დღეს ბევრი ვიხეტიალეთ, ნისლში ჩაფლული სოფლის სახლები ვათვალიერეთ, ფეხით ვისეირნეთ... 

(ეს და მომდევნო: "ინსტაგრამის" მზამზარეული ინსტრუმენტებით  დამუშავებული)

Monday, February 4, 2013

Dianita - the Girl with a Big Smile

ამ ჩანაწერის ქვესათაური უნდა ყოფილიყო: Dianita Chiquita Loca Flaca Delgadina Mevrouw Chillindrina

ყველა ეს სახელი (ერთი ნამდვილი, დანარჩენი ჩემი შერქმეული) ერთ ადამიანს ეკუთვნის, ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარ დიანას. მისი სრული სახელია დიანა სოფია სოლორსანო მარტინესი. ის სხვა კონტინენტზე, დედამიწის სარტყელთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ოთხი სეზონი არ არსებობს, ერთ დღეში ყველა ამინდს და ტემპერატურას გამოსცდი, სადაც მხიარული ადამიანები ცხოვრობენ, ზღვაც აქვთ, მთაც და ტროპიკული ტყეებიც. დიანიტა სულ მენატრება, ახლაც, და ამ ჩანაწერით ვეხმაურები. ბევრი რამის დაწერა მინდა და ვიცი, ვრცელი ამბავი გამომივა; ვრცელი და დიანიტასავით მრავალფეროვანი და მხიარული. შევეცდები, დალაგებულად მოვყვე. 

ნიდერლანდებში ახალი ჩასული ვიყავი, სულ რამდენიმე დღის, სწავლა ჯერ არ იყო დაწყებული. დიანიტა ჩემთან მოვიდა და ფრთხილად მითხრა, მაცივარში თევზს სუნი ასდის, მგონი თქვენი უნდა იყოსო. (ჩვენს საერთო სამზარეულოში ერთ საზიარო მაცივარი ყოველ ოთხ ოთახზე იყო განაწილებული) ეს იყო ჩვენი პირველი გაცნობა და დიალოგი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ოთახის პირდაპირ ცხოვრობდა, ექსკურსიაზეც ერთად ვიყავით (დეკანატმა ახალი ჩასული სტუდენტებისთვის დიდი ექსკურსია მოაწყო კუნძულ სხირმონიკოხზე.) და მოგვიანებით, კურსზეც ერთად მოვხვდით.

ასე გამომიჩინა ღმერთმა, შემახვედრა და ჩემს ცხვირწინ ოთახში დაასახლა.


Sisters forever! ჩვენს "ჯიანტზე" - სურსათის პარკები

ტყუპი დები

კურსელებმა ტყუპი დები შეგვარქვეს, რადგან სულ ერთად გვხედავდნენ. ლექციებზე ერთად ვისხედით, შესვენებებზეც ერთად გავდიოდით, ეზოში ან კაფეტერიაში ვისხედით და ვლაქლაქებდით, სახლშიც ერთად მივდიოდით, სამზარეულოში ერთად შევიდოდით, ერთად ვსადილობდით, მერე ვმეცადინეობდით, საღამოობით ქალაქშიც ერთად დავდიოდით ლუდის დასალევად ან საცეკვაოდ. თუ ჯგუფური დავალება გვქონდა, რასაკვირველია, ერთად ვამზადებდით, თუ არა, მაშინ კარს ღიას ვტოვებდით და დროდადრო ერთმანეთს ვეხმიანებოდით. გამოცდების წინ, როცა ძალიან დავიღლებოდით მეცადინეობით, რამეს შევჭამდით და სასაცილო ამბებს ვყვებოდით. კვებისთვის საერთო ფონდი შევქმენით და კვირაში ერთხელ სუპერმარკეტში წასვლა რიტუალად ვაქციეთ. Jumbo-ში უფასო ყავა, ცხელი შოკოლადი და გასასინჯად გამოტანილი ნამცხვრები იყო. იქვე ვსხდებოდით ჩვენი საყიდლებიანად და ვქაქანებდით. თვეში ერთხელ თმას მიღებავდა და "ჩოლკას" მჭრიდა. მისი ოთახი მზიანი იყო და ტანსაცმლის საშრობი ფანჯარასთან ედგა. ჩემს ტანსაცმელსაც გაიტანდა და თავისებთან ერთად აშრობდა. "ტინიტა" მისი შერქმეულია, ახლო მეგობრებს ესპანური მანერით "იტა"-თი მოგვმართავს (ჩვენი "კო" სუფიქსის ეკვივალენტია). გაუხარდა, რომ ბლოგსაც "ტინიტა" დავარქვი. ზოგ ჩანაწერს გუგლის თარჯიმნით კითხულობს.

Saturday, February 2, 2013

"შენ რაღას იტყვი, ყანა?"

ათი წლის წინ მაღაზიებში მულტიმედია-დისკები გამოჩნდა: ვაჟას, გალაკტიონის, ლადო ასათიანის ლექსები და ფოლკლორის ნიმუშები, ფოტოებით და აუდიო-ვიდეო ფაილებით. გალაკტიონის დისკი მაშინვე ვიყიდე და ის რამდენიმე დღე აღტაცებული დავდიოდი. იმ სერიიდან, "ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის", გამოცემული სხვა დისკები ლაშას აღმოაჩნდა, ზოგი თავად ეყიდა, ზოგიც გამომცემელს ეჩუქნა. რაც ასაკი მემატება, ასეთი აღმოჩენები მით უფრო მაღელვებს. მადლიერი ვარ, რომ ამხელა განძის თანაზიარი გავხდით. დისკები შეიცავს ჩვენი მგოსნების ლექსებს ფოტოფაილების სახით, მათ თანამედროვეთა მოგონებებს, ფოტომასალას, ხელნაწერებს და აუდიოფაილებს. ჩვენი საყვარელი მსახიობები კითხულობენ ხალხურ ლექსებს, ვაჟას, ლადოს, გალაკტიონს. გურამ საღარაძე, ეროსი, თენგიზ არჩვაძე, სერგო ზაქარიაძე... რამხელა ბედნიერებაა, როცა ერთი დიდი ადამიანის დანატოვარ განძს მეორე დიდი ადამიანი თავის ხმით კითხულობს, გინახავს და გჩუქნის. დისკებზე მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერებიცაა შეტანილი. გალაკტიონის ერთი ლექსი ავტვირთე, მარლენ ეგუტია კითხულობს. აქ გთავაზობთ. ათი წლის წინ, როცა ის დისკი ვიყიდე, ერთმა-ორმა ჩემი ასაკის ადამიანმა გულწრფელი გაკვირვება გამოხატა. ვერ გაიგეს, რატომ ვიყიდე და რატომ მიხაროდა. მე პირიქით, მათი რეაქცია მიკვირდა; მეგონა, რადგან ერთი თაობა ვიყავით, ერთნაირად უნდა გვეფიქრა. 

 "შენ რაღას იტყვი, ყანა?"
 

Sunday, January 20, 2013

"დაიძინეთ, პატარებო, კმარა!"

ჩემი დეიდაშვილი - თეა და მე თანატოლები ვართ. როცა სოხუმიდან არდადეგებზე ქუთაისში ჩამოდიოდა, ხშირად ვთამაშობდით ერთად. დალის ბიბლიოთეკაში, იატაკზე მოვაწყობდით "სახლს". ჩვენთვის ვსულელობდით: ხან ინდოეთში ვმოგზაურობდით და ხან დავდიოდით, ვითომ ბინა უნდა გვექირავა. ადრე მშობლებმა იცოდნენ, როცა სტუმრები ჰყავდათ, ბავშვს დააყენებდნენ და ლექსებს ათქმევინებდნენ, ან ამღერებდნენ. თეა ერთ სიმღერას მღეროდა ხშირად; მონდომებით, ყელმოღერებული, ცხვირში სულ გაგუდული იყო: "ლაჟვარდ ცაზე დაფარფატებს მთვარე, (....) დაიძინეთ, პატარებო, კმარა! არ იქნება ომი, არა, არა!"

სოხუმში დედ-მამასთან ერთად კოპწია ბინაში ცხოვრობდა, "ნოვი რაიონში". სულ ახალი კორპუსები და კაფეები იყო მის უბანში. ცეკვაზე დადიოდა, ზღვაზე - არა. ერთხელ დიდი ნათლობა გადაიხადეს. მთელი დელეგაცია ჩავედით. მახსოვს ძველი, დალხინებული ცხოვრების ხიბლი, ინტერნაციონალური საზოგადოება და მუსიკოსების ჯგუფი, რომელიც რუსულ და აფხაზურ სიმღერებს ასრულებდა.

Wednesday, January 9, 2013

(Super)natural

როცა ბიგ-ბენდების ჩანაწერებს ვუყურებ, აღფრთოვანებისგან სულ ცრემლი მომდის. ამის ცოტათი მრცხვენია კიდეც. კლასიკური მუსიკისგან ნაანდერძევი აკადემიზმი და სვინგის სიცელქე ერთად, მმმმმ.... ისეთი რამეა! როცა მუსიკოსები სოლოს შესრულებისას ფეხზე დგებიან, ეს მთლად მანადგურებს. ვუყურებ, როგორ აცვიათ, ერთიანად რომ პრიალებენ, როგორი დამოკიდებულებით უკრავენ, ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და თან რომ ზეადამიანურის, არაჩვეულებრივის შექმნაში მონაწილეობენ. წარმოვიდგენ ხოლმე ამ მუსიკოსების ოჯახის წევრებს, ცოლებს, დედებს, შვილებს, რადიომიმღებებთან ან ტელევიზორებთან. ალბათ, მათაც ერეოდათ ცრემლი,  სიამაყის და სიყვარულის.