Showing posts with label ქალი. Show all posts
Showing posts with label ქალი. Show all posts

Tuesday, May 4, 2021

ჰელენე

 

 ერთ საღამოს ირენმა მითხრა, ეს ფილმი ნახეო. აი, ასე, უბრალოდ. 

ფინელ მხატვარზე, ჰელენე შერფბეკზე 2020 წელს გადაღებული ფილმი რამდენჯერმე ვნახე, ვიკითხე მასზე გამოქვეყნებული სტატიები, ვათვალიერე მისი ნახატები, ჩრდილოეთის მშვიდი და სადა სილამაზის სიყვარულმა საბოლოოდ დამიკარგა მოსვენება და სამუდამოდ დავიდე ბინა მის სამყაროსთან ახლოს.

ფილმი მხატვრის ცხოვრების ერთ მონაკვეთს ასახავს, როცა მისი შემოქმედება ფართოდ აღიარეს. გაკვრით ნაჩვენებია იმ პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ფონი: სამოქალაქო დაპირისპირება და ქალთა უფლებები. ჩემთვის უსასრულოდ საინტერესოა ჰელენე - ქალი, მის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესი, მისი, როგორც შემოქმედის ევოლუცია, მისი უნარი, დაძლიოს ფიზიკური და სულიერი ტკივილი, შეეგუოს არასასურველ რეალობას, გულისტკენას. ქალი ინტერიერში, რომელიც ფიქრობს და ქმნის. ამაზე მდიდარი, ამოუწურავი და საინტერესო იშვიათად თუ იქნება რამე.

იდეასთან ერთად აღსანიშნია ფილმის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე: ინტერიერის ფერები, ნივთები, ჩრდილოეთის ბუნება ყველა სეზონზე, სახლში შემოსული შუქი, დღეების ნელი რიტმი, ქალაქის პეიზაჟები, სოფლის სახლი და ეზო... დღევანდელ დღეს ნამდვილ იავნანასავით ჟღერს ასეთ გარემოში მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება, განათლების მიღება, ანალიზი, ახლის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების გამოკვლევა.

Tuesday, December 9, 2014

მინი-დოსიე სერიიდან "გამორჩეული ადამიანები"



სახელი: ნანუკა
დაბადების ადგილი: ვარდი მაისი (რა მიხვედრა უნდა);
საცხოვრებელი ადგილი: ზამთრის ზღაპარი (ფოტოდან ისედაც იშიფრება);
პროფესია: რამდენიმე, ამჯერად საერთაშორისო პოლიტიკა;
მუდმივად დაკავებულია: ერთდროულად სწავლით და მუშაობით, თავის სამშობლოზე დარდით.
სხვა დროს: მოგზაურობს. ნანახი აქვს ზუსტად ნახევარი მსოფლიო, მაგრამ მაინც აქაურობაზე ელევა სული.
განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები: გრძელი, ხვეული თმა და დიდი კავკასიური თვალები;
ჩაცმის სტილი: დასავლეთევროპული პოსტ-ჰიპი; ხარისხი, ფერი, პრაქტიკულობა.
საყვარელი გადაადგილების საშუალება: საკუთარი ველოსიპედი;
შინაური ცხოველი: მაილო (ძაღლი არა, ძაღლოი);
საყვარელი ადგილი სახლში: სამზარეულო, სადაც უყურებს/უსმენს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ან ქართულ ფილმებს და ამზადებს რაიმე გემრიელობას;
ბავშვობა და ოჯახური გარემო: უაღრესად ჰარმონიული;
ხასიათის გამორჩეული თვისებები: ადამიანებისადმი სიყვარული, ცნობისწადილი, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ზომიერება.
უყვარს: წიგნები, ბუნება, ინტერიერის დიზაინი, დაკვირვება და ანალიზი, იუმორი, სეირნობა, შრომის და დასვენების კარგად შეთავსება, მეგობრებზე ზრუნვა, მათი უზომო გახარება და სიურპრიზებით განებივრება;

Friday, March 21, 2014

როგორ მოვუაროთ იადონს



ცხოვრების პატარა სიამოვნებები

  • მოღუშულ ამინდში მიდიხარ სამსახურში, ისე რა გამოპრანჭული; ანუ, გაცვია დაბლებზე, შარვალი და რამე მოხერხებული ზედა. მაკიაჟზე და სამკაულებზე გეტყობა, რომ დილით არაფრის თავი არ გქონდა. ყავას სვამ და მაინც გეძინება. დღის ბოლო ახლოვდება და გიხარია, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გქონდა, სახლში მიხვალ და დაღლილობას "ჩამოირეცხავ".
  • აღებ აივნის კარს. ზამთარს შეჩვეული ელოდები ცივი ჰაერის შემოჭრას და წინასწარ იბუზები. ამ დროს ოთახი თბილი ჰაერით ივსება და სიამოვნებისგან გაჟრჟოლებს.
  • ჯერ არ დაგისრულებია წიგნის კითხვა, ან შუა ფილმზე ხარ და უკვე ზუსტად იცი, რომ შეგიყვარდა.
  • მოგზაურობიდან ბრუნდები. საღამოს უკვე ჩანთები ამოლაგებული გაქვს, ტანსაცმელი გარეცხილი და გაფენილი, დასარიგებელი საჩუქრები გადაწყობილი, სახლი დასუფთავებული, შხაპი მიღებული, ვახშამი მირთმეული. ფეხები გიბჟუის დაღლილობისგან, მაგრამ გიხარია: ლაქს ისვამ და ჩაის წრუპავ. შენს მეორეს ფოტოები შეყავს კომპში და ბოლომდე ჩატვირთვას ელოდები.
  • მეგობართან ხარ სტუმრად თბილისის ძველ, ჭადრებიან უბანში. აივანზე გადიხარ ისე, უმიზნოდ. ოთახიდან შენი მეგობარი გელაპარაკება. ეზოში ხედავ  მოსეირნე მოხუცს და აივნის თაროებზე შენი მეგობრის დედის მიერ მზრუნველად დალაგებულ  კარტოფილს და ბოსტნეულს; დედა ახლა შინ არ არის. გახსენდება მისი მორთმეულები, ამ სახლის საღამოები და თვალებით იმ ბოსტნეულს ეფერები.
  • სააღდგომოდ მიდიხარ დასავლეთში. თბილისში გეგონა, რომ ხეები ჯერ არ იყო შეფოთლილი. უკვე ტრასაზე ხედავ, რომ აქეთ გაზაფხულია. 
  • შენი მეორე გაჩვენებს თავის ბავშვობის ჩანაწერს. რვეულში ბიჭური კალიგრაფიით, გულმოდგინედ უწერია: "როგორ მოვუაროთ იადონს".
  • ზიხარ და უყურებ, როგორ ასხამს დედა ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს. ელოდები, როდის მორჩება, რომ თასი გალოკო.
  • ამთავრებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო "ტკივილი" უნდა აიტანო: ხვალიდან შვებულებაში გადიხარ და სადღაც მიემგზავრები. მუშაობისას ჩერდები, თვალი გიშტერდება და წარმოიდგენ იმ მოგზაურობას. მერე უცებ გონს მოეგები და აგრძელებ.
  • სტუმრად გყავს საყვარელი მეგობარი. შენთან შეციებული და დაღლილი მოდის. კარგად ავახშმებ, ცხელ შხაპს მიაღებინებ, შენს პიჟამოს და ხალათს აცმევ, თავის ოთახში შეიყვან ახლადდაგებულ ლოგინთან, ჩაის მიუტან, იქვე მიუჯდები და ჰყვებით ახალ და ძველ, ათასჯერ მოყოლილ ამბებს.
  • კვირა დილას წირვიდან ბრუნდები. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ფიქრობ ცხელ ყავაზე და საღამოს დაგეგმილ წასვლაზე.
  • ქარიან ამინდში გაჩერებაზე ხედავ ნაცნობს, მანქანაში ჩაისვამ თბილად, თავის ჩანთებიანად და ადგილზე მიიყვან.
  • მეგობრები უსასრულოდ იცინით ერთმანეთის სისულელეებზე.

Monday, February 17, 2014

ირენის ჰარმონია თიხაში

ვინ არის ირენი?

ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ადამიანების, ქალბატონ მარინას და ბატონ ნოდარის შვილი. ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში რომ იყო კეთილშობილი, ინტელექტუალური ოჯახები: მაღალი და სათვალიანი მამა, ალერსიანი, თხელფეხება დედა და შთაგონებული ბავშვები, ზუსტად ისეთ ოჯახში გაიზარდა. ცოდნა და სიკეთე - ეს ღირებულებები ძალდაუტანებლად გადასცეს სამივე შვილს. გვიან შემოდგომაზე მის დაბადების დღეზე მივდიოდით. უთბილესად გვიღებდნენ, მერე ირენის მამა სახლებში გვარიგებდა.

გარეგნობით ძალიან ჰყავს თავის პოლონელ ბებიას - დარიას, რომელიც ბაბუამ ომში გაიცნო. წარმომიდგენია, ზუსტად ირენივით მშვიდი, მორიდებული და ჭკვიანი იქნებოდა. ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა შეშინებია: ხიდი თანთალებსო.

ირენი
სკოლა, ჰუმორი

ძალიან კარგი მოსწავლე იყო, თუმცა, თავისი მიღწევებით არასდროს ტრაბახობდა. გაკვეთილებზე სულ მზად იყო, ოღონდ არ ყვიროდა, მე გამიძახეთო. (იხ. ზემოთ ოჯახის შესახებ) ხელოვნება უყვარდა და ძალიან კარგად ხატავდა. ხშირად გვიხატავდა კომიქსებს: მოგონილ საქმროებს კოლორიტული გარეგნობით და ლექსიკით. როცა თინეიჯერები ვიყავით და საკუთარი გარეგნობით დავინტერესდით, ჩვენს პორტრეტებსაც ხატავდა სახელდახელოდ.

რამდენიმე მაღალი გოგო სულ უკანა მერხებთან ვისხედით. იმ გაკვეთილზე რაღაცებზე ვიცინოდით, ირენი თავდახრილი გეოგრაფიას იმეორებდა. უცებ, თავი აწია და შეწუხებულმა იკითხა: "ბავშვებო, მეზოზოურ ერაში რა მოხდა?" 

ერთხელ რომანის წერა წამოიწყო: ზურიკელა ვაშალომიძის შთაგონებით თავის მთავარ გმირს გოგაია მამალაძე დაარქვა. ეპიზოდებს შესვენებებზე გვიკითხავდა ხოლმე.

სექტემბერში ტრადიციულად გვაყოლებდნენ არდადეგების ამბავს. ირენმა ყველაფერი გვიამბო, მშვიდად და დალაგებულად, ოღონდ არ ამბობდა, სად დაისვენა. ამ გაურკვეველმა მოლოდინმა ყველა გაგვამხიარულა. მასწავლებელი ჩააცივდა, რა მოხდა, გვითხარი, რომელ კურორტზე ისვენებდიო. ბოლოს, სიცილი რომ ცრემლებში გადავიდა, ირენმა მორიდებულად გვითხრა, კვერეთშიო.

Tuesday, December 10, 2013

სტილის "ო, არა!" Fashion Faux Pas That Bug Me

ჩემი "ო, არა!" ჩამონათვალით, რასაკვირველია, არ გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, რომლებსაც საკუთარი სტილის ძიებაში რომელიმე კომპონენტი მოუსინჯავთ, მოსწონებიათ და უტარებიათ.


Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  

Monday, April 1, 2013

ჩანთა: მაშინ და ახლა

ჩემი პირველი ჩანთა ჩვენმა ახლობელმა, უძვირფასესმა გურამ ბიძიამ მაჩუქა. სკოლაში შევდიოდი. მოსკოვიდან ახალთახალი ტყავის ჩანთები ჩამოგვიტანა მე და მის შვილებს, ნინიკოს და ნიკუშას. ახლაც მახსოვს, როგორ იდგა ღია კარში საჩუქრებით. ზურგზე მოსაკიდებელი, რკინის ბალთა-შესაკრავიანი ჩანთა იყო, რვეულებისთვის ცალკე განყოფილება ჰქონდა. ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. ორი წელი ვატარე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დიდი ქალების ჩანთების ცქერა და იმის წარმოდგენა მიყვარდა, რამდენი ბრჭყვიალა და მიმზიდველი ნივთი იდებოდა შიგ. ჩვენთან ხშირად მოდიოდა დედას მეგობარი ნანა, რომელიც სულ მაძლევდა კევებს. მისი ჩანთაც საღეჭი რეზინის, პომადების და კიდევ რაღაც ლამაზ-ლამაზების საცავად წარმომედგინა. როცა მეორე ოთახში გავიდოდნენ ყავის დასალევად, ნანას ჩანთას ხარბად ვუცქერდი და ველოდებოდი, როდის ამოიღებდა იქედან მარწყვის კევს და მომცემდა. მასწავლებლების ჩანთებიც მომწონდა, ყველასი არა, ვინც ჩემს თვალში ლამაზი და გაპრანჭული იყო, იმის. 

Sunday, November 11, 2012

ქალბატონ დონარას გარდერობი

ჩვენი ოჯახის ახლობელი დონარა რესპექტაბელური ქალბატონია. პროფესიით ლინგვისტია. ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ჰქონდა. ახლა აღარ მუშაობს, თუმცა მაინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა. თავის დროზე მერილინ მონროს ადარებდნენ. მართლა ჰგავდა. ყველა მეგობარი მერილინის სუვენირებს ჩუქნის. აქვს ბევრი წიგნი, ფოტო, პოსტერი. ახლაც ყოველდღე შეუდარებლად გამოიყურება. როცა ვხვდები, დაუფარავად ვათვალიერებ და სპონტანურ კომენტარებს ვაკეთებ ყველაფერზე: ფეხსაცმლიდან დაწყებული, ფერების შეხამებით და შარფის ან ქუდის დეტალით დამთავრებული.  მისი სტილი იმდენად მომწონს, არ შეიძლებოდა, არ დამეწერა. ჩემი შეთავაზება ჯერ არასერიოზულად მიიღო. მერე, როცა მისი სათუთად დალაგებული ტანსაცმელი ხუთ წუთში დიდ ქაოსად იქცა, ცოტა წაიბუზღუნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით და დიდსულოვნად მაჩვენა საკუთარი გარდერობი. 

ასეთია ახლა.
ასეთი იყო "მერილინობის" დროს.


ზურმუხტისფერი მისი ყველაზე საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად  უხდება.

Wednesday, November 7, 2012

...Nada Como el Sol/Nothing Like the Sun...

რამდენიმე წლის წინანდელი დღე მინდა გავაცოცხლო. ეს ახლა იმიტომ მომინდა, რომ უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა, შესვენებაზე რომ გავდივარ, მცხელა. ასეთი სითბო ყვითელ ფოთლებთან ცოტა შეუსაბამოა. ჰოდა, მზეზე დავფიქრდი. რამდენი გვაქვს, ზაფხულში გვბეზრდება, თუ შემოდგომა მზით ჩამტკბარი და ჩაშაქრულია, წვიმა გვენატრება. თუ ზამთარი გაიწელა, მზეს ვნატრობთ. მოკლედ, нам не угодишь!

იმ დღეს ჩახჩახა მზიანი დილა იყო.  ნიდერლანდებში წლის უმეტეს პერიოდში წვიმს, ამიტომ მზიანი ამინდი ნამდვილი მოვლენაა. ასეთ დღეებში ხალხს სახეზე სიხარული ეფინება. გამოდიან, კაფეებში სხდებიან, მოხდენილ სხეულებზე თეთრ ჯინსებს იცვამენ, ბევრს სეირნობენ, მოკლედ, ნეტარებენ. იმ დღეს პირველი ლექცია "ოპერაციების მართვა" მქონდა. ეს საგანი დიდად არ მიყვარდა, უბრალოდ ლექტორი მყავდა ძალიან პოზიტიური და ცნობისმოყვარე. ჰოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა პრეზენტაციის ზუსტად შვიდ წუთში ჩატევას, როგორც ამას ლექტორი მოითხოვდა. ფიქრი ერთმა სცენამ შემაწყვეტინა: საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი თავისი სახლის წინ იდგა. პრაქტიკულად ეცვა: ბოტები, ჯინსი, ქურთუკი. სახლიდან გამოსული მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. საცაა, ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახურისკენ გასწევდა. ოღონდ, იმწუთას არსად ჩქარობდა: თვალები დაეხუჭა, ხელები ფართოდ გაეშალა და სახე მზისთვის მიეშვირა. იდგა და იმუხტებოდა სინათლით, ახალი, თბილი სხივებით. როცა შემნიშნა, გამიღიმა, ოღონდ ადგილიდან არ დაძრულა.

Friday, June 29, 2012

ქალები ზაფხულში თავიანთი სახლების წინ



ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი. 

ახლა ამ სეზონს მშვიდი სიხარულით ვხვდები. მსიამოვნებს დაცარიელებული ქალაქი, ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობა, შენელებული ტემპი, სამსახურში ნაკლები დატვირთულობა, მუშაობის თავის დროზე დასრულება, გრძელი დღეები და სამსახურის შემდეგ ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა, შვებულება და მისი თანმდევი  სიამოვნებები: ზღვა, მუქი კანი, "გაველურება" და სახლის მონატრება. ლაშასთან ერთად ჯერჯერობით ორი getaway მქონდა... 

როცა ზაფხულის შეგრძნებებზე ვფიქრობ, living is easy ყველაზე ზუსტ ფრაზად მეჩვენება. "ნელი მზე" თითქოს გათავისუფლებს პასუხისმგებლობის თუ მოვალეობებისგან. მაშინ უბრალოდ ხარ, კი არ მოძრაობ/ქაქანებ/დაქრიხარ, ადამიანებისადმი თითქოს უფრო დამთმობი ხდები და ნელა, მშვიდად, დაბარებულივით ასრულებ სიამოვნებათა "გეგმას": ცივი ყავა, საზამთრო, ნაყინის ვარიაციები, ბალახზე წოლა, აივანზე კითხვა, საყვარელ კაფეში გვიან ღამემდე ჯდომა, სადმე "ჰაერზე" ასვლა, მაგალითად, მეგობრებთან "დაჩაზე", მერე იქ ბინდში გახვეული ნაძვების კენწეროების ცქერა, გვერდზე გადადებული გიტარა, დაკეცილი ლეპი, კოლას ბოთლი, სუნსულა ძაღლი და ნიავს მოყოლილი ტექნოს რიტმები... საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა, მეგობრებთან ერთად ათასჯერ მოყოლილი ამბების უკლები სიხარულით გახსენება, მანქანის შუქფარების შუქზე ცეკვა, ნაშუაღამევს მაცივრიდან ხილის გამოღება და ლოგინში ჭამა... ლაშასაც უყვარს ზაფხულის სიტუაცია, თუნდაც შვებულება არ ჰქონდეს. 

Tuesday, June 12, 2012

una vez...

ერთ უბრალო ამბავს მოვყვები. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ, საბურთალოდან ვაკეში მივდიოდი დიდი ავტობუსით. თბილი სეზონი იყო. შუა კართან, ფართო ადგილას, ჩემთან ახლოს ერთი ქალი იდგა. მისი სახე დღემდე არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იდგა, შუბლით მინას იყო მიყრდნობილი და თავისთვის ღიღინებდა. პატარა ტანის, მოხუცი ქალი იყო, საკმაოდ ღარიბულად ეცვა, მაგრამ გამხდარი და საცოდავი არა, ყოჩაღი ქალი იქნებოდა. თან არაფერი ჰქონდა, რომ მივმხვდარიყავი მეეზოვე იყო, დამლაგებელი, თუ უბრალოდ პენსიონერი ბებია. ხელებით გრძელ სახელურს ეყრდნობოდა. ძალიან გემრიელად იყო თავის მარტოობაში. უკან ან გვერდზე ერთხელაც არ მოუხედავს. ღიღინის დროს ხმას ხანდახან ოდნავ აუწევდა, სხვა დროს დაბალ ხმაზე რაღაც რუსულ მელოდიებს მღეროდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ იმდენად ჩართული იყო თავისსავე მოგონილ თამაშში, თითქოს მატარებლიდან რუსულ სტეპებს ან ხორბლის ყანებს ხედავდა და მათ ეჩურჩულებოდა, ან თავის ახალგაზრდობის ოცნებებს და ტკბილ მოგონებებს ცხადად ხედავდა და მათ ახმოვანებდა. ძალიან გამიტაცა მისმა სმენამ და ცქერამ. ისე იდგა, მარტო უკან შეკრულ ჭაღარა თმას და ცხვირის წვერს ვხედავდი. საერთოდ არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა. არ მინდოდა, მასზე ადრე ჩავსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ვაკეში ისე მივედით, ისევ ისე იდგა. გზაში იმასაც ვფიქრობდი, სადმე გადაკრავდა და სულ ესაა-მეთქი, მაგრამ მაინც მისტიკური ქალი იყო. სულ არ გამიკვირდება, ვაჟაზე რომ ავტობუსში ავიდე და ისევ იქ დამხვდეს, დაბალ ხმაზე მოღიღინე.

დავით კაკაბაძის ნახატი.