Showing posts with label thrills. Show all posts
Showing posts with label thrills. Show all posts
Sunday, December 6, 2020
Saturday, February 2, 2013
"შენ რაღას იტყვი, ყანა?"
ათი წლის წინ მაღაზიებში მულტიმედია-დისკები გამოჩნდა: ვაჟას, გალაკტიონის, ლადო ასათიანის ლექსები და ფოლკლორის ნიმუშები, ფოტოებით და აუდიო-ვიდეო ფაილებით. გალაკტიონის დისკი მაშინვე ვიყიდე და ის რამდენიმე დღე აღტაცებული დავდიოდი. იმ სერიიდან, "ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის", გამოცემული სხვა დისკები ლაშას აღმოაჩნდა, ზოგი თავად ეყიდა, ზოგიც გამომცემელს ეჩუქნა. რაც ასაკი მემატება, ასეთი აღმოჩენები მით უფრო მაღელვებს. მადლიერი ვარ, რომ ამხელა განძის თანაზიარი გავხდით. დისკები შეიცავს ჩვენი მგოსნების ლექსებს ფოტოფაილების სახით, მათ თანამედროვეთა მოგონებებს, ფოტომასალას, ხელნაწერებს და აუდიოფაილებს. ჩვენი საყვარელი მსახიობები კითხულობენ ხალხურ ლექსებს, ვაჟას, ლადოს, გალაკტიონს. გურამ საღარაძე, ეროსი, თენგიზ არჩვაძე, სერგო ზაქარიაძე... რამხელა ბედნიერებაა, როცა ერთი დიდი ადამიანის დანატოვარ განძს მეორე დიდი ადამიანი თავის ხმით კითხულობს, გინახავს და გჩუქნის. დისკებზე მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერებიცაა შეტანილი.
გალაკტიონის ერთი ლექსი ავტვირთე, მარლენ ეგუტია კითხულობს. აქ გთავაზობთ.
ათი წლის წინ, როცა ის დისკი ვიყიდე, ერთმა-ორმა ჩემი ასაკის ადამიანმა გულწრფელი გაკვირვება გამოხატა. ვერ გაიგეს, რატომ ვიყიდე და რატომ მიხაროდა. მე პირიქით, მათი რეაქცია მიკვირდა; მეგონა, რადგან ერთი თაობა ვიყავით, ერთნაირად უნდა გვეფიქრა.
"შენ რაღას იტყვი, ყანა?"
Labels:
art,
thrills,
გალაკტიონი,
ლიტერატურა,
პოეზია,
ხელოვნება
Wednesday, January 9, 2013
(Super)natural
როცა ბიგ-ბენდების ჩანაწერებს ვუყურებ, აღფრთოვანებისგან სულ ცრემლი მომდის. ამის ცოტათი მრცხვენია კიდეც. კლასიკური მუსიკისგან ნაანდერძევი აკადემიზმი და სვინგის სიცელქე ერთად, მმმმმ.... ისეთი რამეა! როცა მუსიკოსები სოლოს შესრულებისას ფეხზე დგებიან, ეს მთლად მანადგურებს. ვუყურებ, როგორ აცვიათ, ერთიანად რომ პრიალებენ, როგორი დამოკიდებულებით უკრავენ, ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და თან რომ ზეადამიანურის, არაჩვეულებრივის შექმნაში მონაწილეობენ. წარმოვიდგენ ხოლმე ამ მუსიკოსების ოჯახის წევრებს, ცოლებს, დედებს, შვილებს, რადიომიმღებებთან ან ტელევიზორებთან. ალბათ, მათაც ერეოდათ ცრემლი, სიამაყის და სიყვარულის.
Saturday, December 1, 2012
მოდისტა და სხვები
ამონარიდი ჩემი მეგობრის, ნანას ელექტრონული წერილიდან. რასაკვირველია, მისი თანხმობით ვაქვეყნებ.
"1 საათზე ჩეხეთის საელჩოში ვიყავი ჩაწერილი, პასპორტის წამოსაღებად და ცოტა ადრე გამოვედი ოფისიდან, გზად მკერავთან უნდა გამევლო, გადასაკეთებლად მქონდა მიტანილი ქვედაბოლო. ეს მკერავი სომეხი ქალია, გაია. რუსთაველზე, ერთ-ერთ არკას თუ დაუკვირდები, სანამ "ანტრემდე" მიხვალ, არკის შესასვლელში აბრაა გამოკრული "მოდისტა". ეს აბრა გვაუწყებს, რომ მკერავი გაია აქვეა სულ ორ ნაბიჯშიო და თან უბრალოდ მკერავი კი არაა, მოდისტა არისო.:) გაიას მართლაც რომ ოქროს ხელი აქვს, ძალიან ხარისხიანად კერავს, და საფასურსაც შესაბამისს იღებს. სიმართლე რომ გითხრა, ძვირსაც კი იღებს. მაგრამ, იმდენად მოსახერხებელია იქვე რომაა და შედეგიც რომ იცი ნამდვილად ხარისხიანი იქნება, მიგვიჩვია მთელი ოფისი. მოვიტანთ რაიმეს მის გაკეთებულს და ვწუწუნებთ: "ამაში ამდენის მოთხოვნა რა უბედურებააო", მაგრამ არ გაივლის ცოტა ხანი და ისევ გაიასთან მივდივართ, თუ მკერავი გვჭირდება.
იტალიურ ეზოში აქვს "სამკერვალო" გაიას. სულ რაღაც ორი პატარა ოთახია. ეზოში უზარმაზარი ხე დგას, ჭადარი. ეხლა სულ გადაყვითლებულ - გადაოქროსფერებულია ჭადარიც და ეზოც. მივუკაკუნე კარებზე გაიას, მომესმა "zaxodite, otkrito". შევედი, გაიამ იქვე ელექტრო-გამაცხელებელზე რკინის ჩაიდანი შედგა. იცი, როგორი გამაცხელებელი აქვს, სპირალები რომ ანათებს წითლად. მერე მეორე ოთხში შემიძღვა, ჩემი ქვედაბოლო მოძებნა და მოისინჯე, აბა, როგორი გამოვიდაო. მართლაც, კარგად გამიკეთა. 18 ლარიო, მე 20 ლარიანი მქონდა და დამელოდე ერთი წუთითო, ხურდა არა მაქვს და დავახურდავებო. წავიდა.... მე ოთახის დათვალიერება დავიწყე და უცებ რა ვიგრძენი, იცი? დამცინებ ეხლა :D გაია მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახად მომეჩვენა მთელს მსოფლიოში. გარეთ ცრიდა, აქ კი წითლად ანათებდა სპირალიანი გამაცხელებელი, ჩაიდანი კიდე ზემოდან ქოთქოთებდა, გარშემო სხვადასხვა ფერის უამრავი ნაჭერი და ძაფები იყო და ძველთაძველი საკერავი მანქანა. ყველაფერი ისეთი პრიმიტიული იყო და თან ისეთ სიმყდროვეს ქმნიდა. არ მინდოდა არც ჩეხეთის საელჩოში წასვლა, მერე ოფისში დაბრუნება, საღამოს სალონში შერბენა მანიკურზე, მერე სახლში მოსვლა, სადაც გათბობაც ცენტრალურია, ჩაიდანიც თანამედროვე. ეს ყველაფერი ცივილიზაციის ისეთ გულისამრევ კომპონენტებად მომეჩვენა იმ წუთებში და ისე შემშურდა გაიას ამ ორი მოცუცქნული ოთახის, ჟანგიანი ჩაიდნით და ძალიან გასარეცხი ფარდებით.
Thursday, November 22, 2012
Dee Dee Bridgewater: Lady Sings the Blues
გუშინ მე და ლაშა Dee Dee Bridgewater-ის კონცერტზე ვიყავით. მეორე რიგში, შუაში, სცენასთან ახლოს ვისხედით. ჯერ კვინტეტის სხვა წევრები გამოვიდნენ, მერე თვითონ. საქართველოში პირველად 1972 წელს ყოფილა, როცა ლაშა 2 წლის იქნებოდა, მე კი ჯერ არ ვიყავი დაბადებული. მაშინ 6 თვის ორსული ყოფილა. ახლა ის "ბეიბი" ჩემი მენეჯერიაო, ღიმილით გვითხრა. ამ თბილი მისალმების შემდეგ ორი საათი შესვენების გარეშე იმღერა. ენერგიის გარდა, გარეგნობაც განსაკუთრებული აქვს. როცა სულ ახლოს მოდიოდა, მის ყველა კბილს ვხედავდი, ერთნაირად თეთრს. თმა გადაპარსული ჰქონდა. ვერცხლისფერი ხელოვნური წამწამები ეკეთა, გრძელი და სწორი, უსახელო, ბრჭყვიალა მწვანე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ბოტილიონები ეცვა. ლამაზად მოძრაობდა, თან სასაცილოდ. კინოს და მუსიკის არტისტებში ყოველთვის ამას ვეძებ. არტისტის მოწონება ჩემთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლამაზთან ერთად სასაცილოც იყოს. ერთი სიმღერა უძველესი პროფესიის ქალებზე იყო, ბლუზის ჟანრში. თავის პიანისტს მიუცუცქდა და პროვოკაციული ტექსტის ფონზე მას ეხუტებოდა: ხან ქუდი მოხადა, ხან ფეხებზე აუსვ-ჩაუსვა ხელები... ასე, ექსპრომტად გაათამაშა სრულიად არაუხამსი კომედია. თვითონაც ხითხითებდა, პიანისტიც და ჩვენც. საერთოდ, იმ ორ საათში Dee Dee ბევრნაირი იყო: ელეგანტური, სექსუალური, კომიკური, თავშეკავებული, ენერგიული. აუდიტორიასთან კავშირი არ გაუწყვეტია. დარბაზის ყველა ნაწილს სწვდებოდა. ჯაზის არამოყვარულსაც კი მოხიბლავდა.
Monday, October 29, 2012
Dreams to Remember
სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.
როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...
ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.
Tuesday, August 21, 2012
სამხრეთული ინტერიერები
ამასწინათ კიდევ ერთხელ ვნახე Central do Brasil, წლების შემდეგ, ახლა უკვე ლაშასთან ერთად. იდეა, რომ ყველა მამასთან მივდივართ და მისკენ სავალ გზაზე გვეძლევა ბევრი შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ, და ამ იდეის გადმოცემის ფორმა ერთნაირად მომწონს და მაღელვებს... ფილმის მეორედ ნახვისას სადგურის და მთავარი პერსონაჟის ბინის ინტერიერებს მივაქციე ყურადღება, მერე გამახსენდა სტუმრად ყოფნისას, ფოტოგამოფენებზე და ფილმებში ნანახი სხვა სამხრეთული ინტერიერები და მომინდა, მათთვის ჩანაწერი მიმეძღვნა.
სადგურზე, სადაც ფერნანდა მონტენეგროს გმირი მუშაობს, ყოფის სისასტიკეში, სიცხეში, მატარებლის ქშენაში, მტვერსა და ჭუჭყში, სიღატაკეს შეჭიდებულ, შეწუხებულ მგზავრთა სიმრავლეში, სავაჭრო დახლებს, გადავსებულ სანაგვე ურნებსა და წვრილ კრიმინალებს შორის სულ რამდენიმე წამით ჩანს ნიშა ღვთისმშობლის ქანდაკებით და სანთლებით. მის ბინაშიც საინტერესო გარემოა: სივიწროვე და სიღარიბე, კიტჩური აქსესუარები, გახუნებული კედლების თბილი ფერები, ძველი ავეჯით კოხტად გაწყობილი ოთახები, მეზობელი ქალის კამპანიაში გატარებული საღამოები.
Friday, June 29, 2012
ქალები ზაფხულში თავიანთი სახლების წინ
ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი.
ახლა ამ სეზონს მშვიდი სიხარულით ვხვდები. მსიამოვნებს დაცარიელებული ქალაქი, ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობა, შენელებული ტემპი, სამსახურში ნაკლები დატვირთულობა, მუშაობის თავის დროზე დასრულება, გრძელი დღეები და სამსახურის შემდეგ ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა, შვებულება და მისი თანმდევი სიამოვნებები: ზღვა, მუქი კანი, "გაველურება" და სახლის მონატრება. ლაშასთან ერთად ჯერჯერობით ორი getaway მქონდა...
როცა ზაფხულის შეგრძნებებზე ვფიქრობ, living is easy ყველაზე ზუსტ ფრაზად მეჩვენება. "ნელი მზე" თითქოს გათავისუფლებს პასუხისმგებლობის თუ მოვალეობებისგან. მაშინ უბრალოდ ხარ, კი არ მოძრაობ/ქაქანებ/დაქრიხარ, ადამიანებისადმი თითქოს უფრო დამთმობი ხდები და ნელა, მშვიდად, დაბარებულივით ასრულებ სიამოვნებათა "გეგმას": ცივი ყავა, საზამთრო, ნაყინის ვარიაციები, ბალახზე წოლა, აივანზე კითხვა, საყვარელ კაფეში გვიან ღამემდე ჯდომა, სადმე "ჰაერზე" ასვლა, მაგალითად, მეგობრებთან "დაჩაზე", მერე იქ ბინდში გახვეული ნაძვების კენწეროების ცქერა, გვერდზე გადადებული გიტარა, დაკეცილი ლეპი, კოლას ბოთლი, სუნსულა ძაღლი და ნიავს მოყოლილი ტექნოს რიტმები... საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა, მეგობრებთან ერთად ათასჯერ მოყოლილი ამბების უკლები სიხარულით გახსენება, მანქანის შუქფარების შუქზე ცეკვა, ნაშუაღამევს მაცივრიდან ხილის გამოღება და ლოგინში ჭამა... ლაშასაც უყვარს ზაფხულის სიტუაცია, თუნდაც შვებულება არ ჰქონდეს.
Wednesday, June 20, 2012
გულფია და ალბერგი
მიყვარს სიტყვების მუსიკალური ჟღერადობის მიხედვით გამორჩევა და "დაგემოვნება". ბავშვობაში ბლოკნოტში ვიწერდი სიტყვებს, რომელთაც შემდეგ წარმოთქმისას "გემოს ვატანდი". "გულფიაც" ასე შევიყვარე. ლაშამ გამახსენა: კარლსონი და ბიჭუნა ერთ ეპიზოდში სახურავზე ფრენისას ბავშვის ტირილს გაიგონებენ, სახლში შეფრინდებიან და პატარა გოგონას ნახავენ, რომელზეც კარლსონი დარწმუნებით იტყვის, გულფია ჰქვიაო. ძალიან მიყვარს ასეთი ტიპის იუმორი. ჯერ ის, რომ ეს ნაზი აზიური სახელი რატომღაც შვედ ბავშვს უნდა რქმეოდა და მერე ისიც, რომ კარლსონის მიხედვით, ბავშვების უმრავლესობას გულფიას არქმევენ, ლეკვებს კი - ალბერგს.
ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე კარლსონის მაშინდელი გამოცემის შავ-თეთრ ილუსტრაციებს, პატარა გულფიას და ფუმფულა ლეკვს. მიხარია, როცა ლაშას ის რომელიმე დეტალი ახსოვს ჩვენი ბავშვობის ინტელექტუალური "მენიუდან", რაც მე არ მახსოვდა, ან პირიქით.
Subscribe to:
Posts (Atom)


