გაზელიტა, ჩემი იისფერი ველოსიპედი, ერთმა ქართულმა ოჯახმა მაჩუქა. მაშინ ახალი ჩასული ვიყავი ჰოლანდიაში, სწავლაც ახალი დაწყებული იყო. უნივერსიტეტი სხვა უბანში, ველოსიპედით 20 წუთის სავალზე იყო, მაგრამ მე ავტობუსით დავდიოდი, უკვე საკმაოდ ციოდა (იქ გათბობას უკვე სექტემბრის ბოლოს რთავენ) და არ მინდოდა, სიცივეში ველოსიპედით მევლო. შეუჩვეველიც ვიყავი და თან ქართული მეტიჩრობა მქონდა გამოყოლილი. გაზელიტამ ორი ღამე ჩემს ოთახში გაათია, მერე ჩამკეტი ჯაჭვი ვუყიდე და გარაჟში ვაყენებდი. "გაზელის" ფირმის იყო და ჩემმა მეგობარმა დიანამ ესპანური მანერით "გაზელიტა" შეარქვა. თვითონ დიანას მომცრო ზომის ლურჯი "ჯაიანთის" ველო ჰყავდა, თვითონ "ჯიანტს" ეძახდა. როცა ვინმე მძიმეწონიანს შემოისვამდა, მთელი გზა იძახდა "მაი ფურ ჯიანტ" და თან სიცილით კვდებოდა. როცა სადმე ერთად მივდიოდით, მატარებლის სადგურთან ჩვენს ველოებს ერთად ვაყენებდით, ჯაჭვებით ჩავახუტებდით და იყვნენ ასე ერთად.
დიანიტამ დამაძლევინა მოძრაობის შიში. სულ ძალით გამომაყვანინებდა ხოლმე გაზელიტას და წვიმასა და ქარში იმ ქუჩებში ვატარებდით, სადაც სპეციალური ბილიკები არ იყო და მანქანებთან ერთად ველოსიპედებიც მოძრაობდნენ. ჩემს შიშს ელენაც გამოეხმაურა. matter-of-factly მითხრა: you are part of the traffic! ეს მოძღვრებასავით ჟღერდა და მალე მივხვდი, რომ აღარც მანქანების მეშინოდა და არც წვიმა მაწუხებდა. ძალიან შემიყვარდა ველოსიპედით სიარული და ჩემი ერთგული გაზელიტა.
