Showing posts with label Billie Holiday. Show all posts
Showing posts with label Billie Holiday. Show all posts

Thursday, November 22, 2012

Dee Dee Bridgewater: Lady Sings the Blues

გუშინ მე და ლაშა Dee Dee Bridgewater-ის კონცერტზე ვიყავით. მეორე რიგში, შუაში, სცენასთან ახლოს ვისხედით. ჯერ კვინტეტის სხვა წევრები გამოვიდნენ, მერე თვითონ. საქართველოში პირველად 1972 წელს ყოფილა, როცა ლაშა 2 წლის იქნებოდა, მე კი ჯერ არ ვიყავი დაბადებული. მაშინ 6 თვის ორსული ყოფილა. ახლა ის "ბეიბი" ჩემი მენეჯერიაო, ღიმილით გვითხრა. ამ თბილი მისალმების შემდეგ ორი საათი შესვენების გარეშე იმღერა. ენერგიის გარდა, გარეგნობაც განსაკუთრებული აქვს. როცა სულ ახლოს  მოდიოდა, მის ყველა კბილს ვხედავდი, ერთნაირად თეთრს. თმა გადაპარსული ჰქონდა. ვერცხლისფერი ხელოვნური წამწამები ეკეთა, გრძელი და სწორი, უსახელო, ბრჭყვიალა მწვანე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ბოტილიონები ეცვა. ლამაზად მოძრაობდა, თან სასაცილოდ. კინოს და მუსიკის არტისტებში ყოველთვის ამას ვეძებ. არტისტის მოწონება ჩემთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლამაზთან ერთად სასაცილოც იყოს. ერთი სიმღერა უძველესი პროფესიის ქალებზე იყო, ბლუზის ჟანრში. თავის პიანისტს მიუცუცქდა და პროვოკაციული ტექსტის ფონზე მას ეხუტებოდა: ხან ქუდი მოხადა, ხან ფეხებზე აუსვ-ჩაუსვა ხელები... ასე, ექსპრომტად გაათამაშა სრულიად არაუხამსი კომედია. თვითონაც ხითხითებდა, პიანისტიც და ჩვენც. საერთოდ, იმ ორ საათში Dee Dee ბევრნაირი იყო: ელეგანტური, სექსუალური, კომიკური, თავშეკავებული, ენერგიული. აუდიტორიასთან კავშირი არ გაუწყვეტია. დარბაზის ყველა ნაწილს სწვდებოდა. ჯაზის არამოყვარულსაც კი მოხიბლავდა.