Tuesday, October 23, 2018

შინ თბილად შემოდგომისას



ახლა ჩემი სულის სეზონი დგას. საკუთარი თავის სიღრმეებში ყოფნას ყველაზე კომფორტულს ხდის. საიდანღაც დაბრუნების და საკუთარ სივრცეში მყუდროდ და უსაფრთხოდ ყოფნის განცდას მიმძაფრებს.  წიგნის ჩანიშნული გვერდივითაა, მიუბრუნდები, გადაშლი და იქვეა. შენთვის.


ჩემი სულის ყვავილი იზრდება და კიდევ უფრო მშვენდება. გავალთ ხოლმე სასეირნოდ. მის ეტლს იქ ვაჩერებ, სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია. მერე ამოვიყვან, ჩემს შარფს შემოვახვევ, ხეებთან მიმყავს. ფოთლებს უყურებს, ხელში ატრიალებს, ჭმუჭნის. ძირს დაყრილ ფოთლებს აკვირდება, ჩვენს ჩრდილებს აყოლებს თვალს. დაბალ ხმაზე ვუმღერი. ერთხელ მოსმენილ მელოდიასაც ცნობს და იღიმება. მოსაღამოვდება. ქუჩის ფანრები ინთება. შუქს დიდხანს უყურებს. ხელები და ლოყები უცივდება. ხეებზე ჩიტები სხდებიან და ერთმანეთს რაღაცას ეძახიან. სანდრას ძალიან ართობს მათი თამაში. ხმას გაიგონებს და შემომხედავს. ამ დროს მგონია, რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში ვართ. თითქოს შემოდგომა მთელი მისი ჯადოსნურობით მან გამოიგონა და ყოველ წელს აცოცხლებს თავის წივწივა ჩიტებს, გათენების შუქს, წაბლს და ზღარბებს ტყეში. ათი თვის გოგონა ამ ჯადოსნურ ზღაპარში სრული შეგნებით მონაწილეობს. ნიავის ყოველ შემობერვაზე სიხარულით შეჰყვირებს და უცინის მოქანავე ტოტებს და ჰაერში მოტრიალე ფოთლებს. სახლში მივალთ და ანუშკა ამ ფოტოს გვიგზავნის, თითქოს ჩემს გულს აკლდეს სიყვარულით გადავსება:


ყოველ წელს შემოდგომის კლუბის წევრები ერთმანეთს ვუგზავნით ყვითელფოთლებიანი ხეების, როგორც სილამაზის მანიფესტის ფოტოებს. ჩვენს ქუჩაზე  ერთი სულ გადაყვითლებული ხე დგას. ვერ მივუდექი ფოტოს გადასაღებად. გუშინ ჩავიარეთ და სულ ერთიანად გასცვენოდა ფოთლები. წელს დაბალ, უსახელო ბუჩქებზე დავფიქრდი. ყველგანაა, პარკებში, ქუჩის პირას. უსახელო ჩემთვის, თორემ რევაზ ინანიშვილს ალბათ ზუსტად ეცოდინებოდა მათი დასახელება. როგორი ფაქიზი და წვრილი ღეროები და ფოთლები აქვთ. თითქოს თეატრის მხატვარმა შექმნა სპეციალურად, წვიმისთვის, ნიავისთვის. ფერებიც სპეციალურად დაუდგინა. ერთი ძველი ფილმის კადრშია ასეთი ბუჩქები შემოდგომაზე: ოდნავ ირხევიან, წვრილ წვიმაში, ფოთლებიც აქა-იქ აქვთ შერჩენილი, დიზაინის თანახმად. სინაზით თრთიან, როგორც სოლო ვიოლინოს მაღალი ნოტები. მგონი, ეს ის მცენარეებია, ჩვენსავით რომ ეშინიათ მომავლის, ახლოსიც და შორეულისაც. ლამაზებიც არიან, გარემოსაც იცნობენ, ბევრიც უნახავთ და მაინც, ოდნავ თრთიან.

მიყვარს, როცა დედა ტელეფონით მიყვება სადმე წასვლის ამბავს: როგორ იმგზავრა უკანა გზაზე, როგორ ამოვარდა ქარი და დაღამებას სახლში შეასწრო. ამ დროს ყოველთვის ვეკითხები: ხომ არ შეგცივდა?







14 comments:

  1. როგორი მყუდრო პოსტია, შემოდგომასავით :) ძალიან, ძალიან მიყვარს შენი პოსტები.
    სანდრა კი ჯადოსნური ბავშვია, ისე მიხარია, ინსტაგრამზე რომ შემომანათებს ხოლმე მისი ფოტოები <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ნატალია! როგორ მიხარია, თუ ასეა. ახლა შემოვიხედე შენთან და შენი ვილას ამბები წავიკითხე ისევ სიამოვნებით.
      სანდრასგან მოკითხვა :) <3

      Delete
  2. თიკო, მომნატრებია შენი პოსტები ❤️

    ReplyDelete
  3. 💚🌸ალექსანდრას ხსენებით კიდევ უფრო ტკბილი პოსტები იწერება

    ReplyDelete
    Replies
    1. ნინო <3 შენზე უკეთ ვინ იცის :)

      Delete
  4. სულ უფრო და უფრო დახვეწილი და სიღრმისეული ხდება შენი პოსტები თიკო.
    ძალიან მიყვარს და ველოდები ხოლმე, როდის გამოაცხობ ახალ ტკბილ და თბილ მოთხრობას. ვიცი, რომ ახლა ნაკლებად გცალია , მაგრამ ჩემი თხოვნაა -ცოტა უფრო ხშირად წერე!

    ReplyDelete
    Replies
    1. გენაცვალე შენ <3 ასეთ რამეს რომ მეტყვი, ვალდებულიც კი ვარ! <3 <3 არ ვიცი, მრცხვენიან. :) გკოცნი.

      Delete
  5. მე კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, ხშირად უნდოდა ბუნების განცდებზე გვეწერა, მაგრამ ადამიანი არ უნდა გამოგვრჩენოდა ამ განცდებში, მას შვილი არ ჰყავდა, ერთხელ მისი ჩანაწერი ვნახე და ვინერვიულე, გაზაფხულზე თოთო კვირტებში ახალშობილებს მოიაზრებდა... ჯვარი გეწეროს, შენ მუზა ხელში აიყვანე უკვე, რომელიც ყოველდღე შეგახსენებს წერო ასე ლამაზად. " ხუთიანი ამ ნაშრომში, რადგან ადამიანი და ბუნება ორივე რომანტიულად შეაკოწიწე" სანდრა რომ არა , დაგიწერდი ოთხიანს👏

    ReplyDelete
    Replies
    1. you are my lifelong friend <3 <3
      ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი არსებობის ჩემ ცხოვრებაში, იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის.

      Delete
  6. ჩემი სულის ყვავილი... –ამაზე ლამაზი, ღრმა და თან ნათელი დახასიატება რა უნდა იყოს... შენი ნაწერი ყოველი წინადადება მოკლე მოთხრობაა, ინანიშვილიც კი წაიკითხავდა სიამოვნებით მჯერა... როცა ვკითხულობ შენი ჩახუტება მინდება ხოლმე... მართლა <3 ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ანუკი რომ არ არსებობდა ნეტავ როგორ ვცხოვრობდი თქო?! შენც ასე ხარ ალბათ, ხომ?! ჩვენ რომ დედები ვართ ეს დიდი ბედნიერება და დიდი წყალობაა მაგრამ, ჩვენი დედები კიდევ სხვა გაზნომილებაა ჩვენთვის, სხვა ემოციები, სხვა ამბები, სხვა ტკივილ–სიხარულები... წერე, გთხოვ წერე...

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ვერიკო, ერთმანეთში ჩაწნული და გადახლართული ტკივილ-სიხარული და შიში ერთი იმდენი. ასეთ სტიმულს მაძლევ, მეც სულ მინდა შენი ჩახუტება, ისეთი ხალასი და გულწრფელი ადამიანი ხარ. <3 <3 მადლობა უძლური სიტყვაა აქ.

      Delete
  7. რა კარგია, მშვიდი, ნაცნობი და თბილი, როგორც საკუთარი პლედი. რატომღაც ასე წარმოვიდგინე - ვზივარ სადღაც ლამაზ, შემოდგომის დაისით ოქროსფრად განათებულ პარკში დიდი ხის ძირას ხის გრძელ სკამზე, ჩემი საყვარელი პლედი მახვევია და უკვე აგრილებულ საღამოს მზის ჩასვლას ვუყურებ და ეგ ფიქრები მეფიქრება. მიყვარხარ და ძალიან მენატრები <3 <3 <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მიყვარხარ, მენატრები და მადლობა, შენი სიტყვები ბევრს ნიშნავს ყოველთვის, ხომ იცი. <3 <3

      Delete