- დიდი ხანი არაა, რაც მშობელი გავხდი და უნებურად დედაზე მეფიქრება, იმ გზაზე, რაც გამოიარა. რატომღაც, სკოლის პირველი წლები მაგონდება, როცა, კომუნისტური ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ბინაში გადაგვიყვანეს. ტიპური დასახლება იყო, ერთნაირი კორპუსებით. ეზოში მარტო არ გვიშვებდა, თვითონ ჩამოგვყვებოდა, ხელში გასაღები ეჭირა, თან ღრმა ფიქრებში იყო, თან ჩვენ გვმწყემსავდა. მაშინდელი თამაში აქეთ-იქეთ ბორიალი და გარემოს თვალიერება იყო. გაუცნობიერებლად ვამჩნევდი, რომ რაღაც ბოლომდე დაუმთავრებელი იყო. ეზოში სულ ვპოულობდით რაღაც ტექნიკურ ნარჩენებს, სატვირთო მანქანების ნაწილებს, ზამბარებს, ან სამშენებლო მასალას. არავისი არ იყო, უბრალოდ ეყარა. დაუმთავრებელი საქმის, არათანმიმდევრულობის და დაუდევრობის ქვეყანა იყო და მერე კიდევ დიდხანს იქნებოდა. დედა მარტო იყო ორ პატარა შვილთან ერთად, იმ ნაცრისფერ უბანში, ღრმა კომუნისტურ ყოველდღიურობაში, უხმო ბრძოლაში. ვერსად გავურბივარ ამის გააზრების სიმძიმეს. ვერც ვერაფრით ვშველი.
- ნინომ შალვა ამონაშვილის ლექცია მომასმენინა ბავშვების აღზრდაზე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის რჩევებს მივყვები არაეგოისტური აღზრდის, თანასწორობის და არათითისდაქნევის მიდგომის შესახებ. ახლა ისევ საკუთარ თავს ვევაჭრები, რომ ცოტა გამონაკლისი მაინც გამოვტყუო და ათი პროცენტი მაინც შევაყვარო იმის, რაც მე მიყვარს. უკვე მიხარია, როცა ასეთ მისწრაფებებს ავლენს. იმ დღეს აივანზე ვიდექით. ჩიტების გუნდმა გადაიფრინა. ჯერ წრეს არტყამდნენ. სანდრა ყურადღებით ადევნებდა თვალს. მერე უცებ მათ ჩრდილს შეხედა მდელოზე. ეს აშკარად ჩემი ხასიათის ანარეკლი იყო და ეგოისტურად მესიამოვნა.
- როცა ყოფით რაღაცებზე ვსაუბრობთ, ჩემს მეგობრებს სულ შევჩივი, რომ 90-იანებმა ძალიან მძიმე დაღი დამასვა. სულ მეშინია, რომ მაშინდელივით უცებ ყველაფერი არ გაქრეს. ათი წლის წინ, როცა ინტერნაციონალურ საზოგადოებაში ვიყავი, სხვა სტუდენტების მშვიდ და დალაგებულ ცნობიერებას ვაკვირდებოდი. ისინი არაფერში საფრთხეს არ ხედავდნენ. მარტო მე და პალესტინელი გოგო, სირინი ვგავდით ერთმანეთს, ომის შუაგულში მყოფი მცირე ერების შვილები.
- განახლების განცდა მიყვარს და შევხარი მის ყველა გამოვლინებას. მგონია, რომ ისეთი რუტინული საქმეები, როგორიც აბაზანიდან ახალი კანით ამოსვლა, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა, ახალი კვირის დაწყება და და დილით ახალი დღის გაცნობიერებაა, დიდი დასაწყისი, შანსი და საჩუქარია. ხელახლა გვიყვარდება და გვინდება სიცოცხლე, გვგონია, რომ საკუთარი თავის ახალი და უკეთესი ვერსია ვართ. უძღებ შვილსაც ხომ ახალი ტანსაცმელი უბოძეს, როცა სახლში დაბრუნდა. ის გამოცდილება, რაც მანამდე გამოიარა, ახლის საფუძველი გახდა. რა კარგია, რომ ის "დანაყოფები", რაც ცხოვრებას აქვს, ითვალისწინებს მუდმივი უკეთესობის სურვილს, რაც ადამიანს აქვს და რაც, როგორც ამტკიცებენ, ოდესღაც სამოთხეში ცხოვრების გენეტიკური მეხსიერების ანარეკლია. ერთ ფილმად მიღირს ის კადრები, როცა გმირი ღრმა განცდებიდან გამოსვლას ამჯობინებს, ცრემლიან ხელსახოცებს გადაყრის, დაჭმუჭნილ საწოლს მიატოვებს, თმას დაივარცხნის, ფეხსაცმელს გააპრიალებს და სახლიდან თავაწეული გავა.
- ადრე ზომიერებაზე ვწერდი, იმაზე, თუ რა ცუდ დღეშია მზრუნველი ადამიანი. სამხრეთული ტიპის ხალხს ყველაზე მეტად ზომიერების დაცვა გვიჭირს. მუსიკალურ ნაწარმოებებს სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს რეკომენდაცია შესრულების შესახებ, როგორც წესი, იტალიური ტერმინოლოგიით. ჩვენც ვიცით, თეორიულად, ჩვენი ცხოვრების მორიგი პიესა და ეტიუდი როგორ უნდა შევასრულოთ, მაგრამ შუა გზაში მყოფებს სულ გვავიწყდება სათაურის ქვეშ მიწერილი სიტყვები. ჩემი ვიზუალიზაციით, თანამედროვე ცხოვრება არის სასტიკი, უსამართლო და აუხსნელი. შესრულების მანერა - moderato cantabile: ზომიერად და სიმღერით. moderately, in a singing style. როცა ყვირილი მოგვინდება, ხმამაღლა ვიმღეროთ. ტირილზეც - ასევე. დანარჩენი - ზომიერად.
- როცა სკოლიდან მოვყავდი, დედას შავი პალტოს სახელოზე ვეჭიდებოდი ხოლმე, მაჯაზე ზემოდან დეკორატიული სალტე ჰქონდა და იქ ვუყრიდი ხელს. არც კი ვუყურებდი, ვიცოდი, რომ მას მივყვებოდი. ერთხელ, ამერია და სხვა ქალს ავეკიდე, მანაც არაფერი მითხრა და ასე გავიარეთ რამდენიმე ნაბიჯი, წერეთელზე, სანიმუშოს მეორე მხარეს. მახსოვს, რამდენიმე წამი ძალიან შემეშინდა, სანამ დედას დავინახავდი: იქვე მოდიოდა. რა მოხდება, ჩვენს შიშებსა და დარდებზე ასე მალე ვიღებდეთ პასუხს? სადღაც ხომ გროვდება ჩვენი გულისტკენა? არ შეიძლება, ვინმემ ისინი უბრალოდ აიღოს და ტრენინგის თეთრი დაფასავით მეორე მხარეს გადაატრიალოს? თუნდაც ჩვენი ხალხის დაუსრულებელ უბედურებათა ჯაჭვი ბოლო წლებში, ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ და თუ ოდესმე სოხუმში სუფთა მზე გამოანათებს, იქ ვეღარ დაბრუნდებიან. თუნდაც უკეთეს გარემოში ცხოვრების ხანგრძლივი ლოდინი, ფეხის მონაცვლება და ისევ ლოდინი.
- შემოდგომა გადის. გალას ლექსის ამ ფრაგმენტს დავუფენ:
მოვიდა ქალი ცისფერ ლიფით, თვალებზე ნამით
და მასზე ფიქრში მთვარეული წამოსასხამით
სდგას ხეივანი.
გაშლილი თმები. მწუხარება. გრძელი წამწამით
უეცრად შემკრთალ შუაღამის - მძიმე მტევანი.
"მკაცრო დღეებო, - ამბობდა ის, - თქვენ გამაწამეთ"...
სდუმს ხეივანი.
რა ნაცნობი ფიქრებია დედაზე, დედობაზე, ბავშვობაზე, შიშზე, ცნობიერებასა და 90-იანებზე.. 💚
ReplyDelete<3 <3 ...
Delete"მკაცრო დღეებო,- ამბობდა ის- თქვენ გამაწამეთ". ჩემო მზრუნველო თინა, ცხოვრების ყველა პერიოდი მოგაქვს მეხსიერებით, რომ არასასურველი ინტერპრეტაციით არ გაგეპაროს და გამეორდეს. წინ რომ ხომ შვილების ნათელი დღეები თენდება მშვიდად, ზომიერად და მღერადად. ☀❤
ReplyDeleteეს ლექსი პირველად შენ გამაცანი და შემაყვარე. ადრე ოჯახებში ჰქონდათ ხოლმე რეპროდუქციები, თავზე გვირგვინიანი ქალების ნახატები, თხელი თეთრი მოსასხამები ეცვათ ფეხშიშველებს. ის ნახატებიც მახსენდება ამ ლექსზე.
Deleteთიკო, სულ მგონია, მოგონებები უხილავ ხურჯინში გაქვს თავმოყრილი. ჩაყოფ ხელს ამოიღებ პირველივეს და აცოცხლებ.
ReplyDeleteმიუხედავდ იმისა,რომ ყოველთვის ველოდები ახალ მონათხრობს და უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ, მენანება მხოლოდ ბლოგით, რომ შემოიფარგლები. მინდა სერიოზულად მოკიდო ხელი წერას. ზუსტად ვიცი წარმატება არ აგცდება.
.
ვეცდები, შენნაირ ძვირფას მეგობარს არ გავუცრუო იმედი <3
Deleteწუხელ დამესიზმრეთ შენ და გია და აჰა, ამიხდა. <3