Showing posts with label ეკლესია. Show all posts
Showing posts with label ეკლესია. Show all posts

Friday, May 6, 2016

დარდების შემგროვებელი

2015. თვით მე. შევცქერი დაისს. ფოტო ლაშასი. წიგნის საკითხად სინათლე აღარ მყოფნიდა და სანამ ბოლო სხივი არ გაქრებოდა, ვუყურებდი.
ელენეს ვუმადლი ამ ლექსს. მთელი დღეებია, გულში ვიმეორებ ლოცვასავით:

"ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს..."

ალბათ რამდენიმე წუთში დაწერა იმ დიდმა კაცმა. ხატები, სურათები და დღეები დაშიფრა სიტყვების უკან, როგორც ექსელის ცხრილში, უჯრების შიდა შრეებში შიფრავენ ინფორმაციას. ალბათ ჩვენი დღეებიც იცოდა, როგორი იქნებოდა. თუნდაც, ეს აღდგომის დღეები: სიახლის და მადლიერების გრძნობა, დღესასწაულის სიდიადის და ელვარების რიდი და იმქვეყნად მყოფების გახსენება. 

გოდერძი ჩოხელმა მგონი სადიპლომოდ გადაიღო ის ფილმი, "აღდგომა". მისი სოფლის მკვდრებს ჩამოუვლის და ელაპარაკება. ერთი ქალი ჩამოურაკრაკებს, ასე ვიშრომე, ამდენი ჩავაბარე. გოდერძი ეკითხება, ისე ხომ კარგად ხარ, ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო. ქალი პასუხობს, ამინდის მესვეურები რაც შეიძლება ყველა ღონეს ხმარობენ, რომ კარგი ამინდი იყოსო. 

ზაზამ მითხრა, დარდი სპარსულადაც "დარდიაო". გოდერძის დარდების შემგროვებელს ერთი თანასოფლელი ეუბნება, მე ის მადარდებს, დარდი რომ არ ილევაო.

მგონი, ოსკარ უაილდიც ამ აზრის იყო. ნანუკამ გამახსენა მისი მოთხრობა "ვარდი და ბულბული". მეოცნებე სტუდენტი პროფესორის ქალიშვილზეა უიმედოდ შეყვარებული. ზოგჯერ თავს ეკითხება, მისთვის ვინ ვარო, მაგრამ უმეტესად მაინც მასზე ტირის. გოგოსთვის მთავარი ღირებულება ძვირფასეულობა და ვიღაც ჩემბერლენის ძმისშვილის ვერცხლისბალთიანი ფეხსაცმელია. ბიჭს ერთხელ უთხრა, თუ წითელ ვარდს მომიტან, შენთან ვიცეკვებო. ვარდის ბუჩქი ბიჭის ფანჯრის ქვეშ იდგა, ოღონდ უვარდებოდ, ყინვისგან იყო დამზრალი. ბულბულმა იფიქრა, კაცის გულთან შედარებით ფრინველის გული რა არისო. მთელი ღამე მღეროდა ვარდის ბუჩქთან. მკერდი ეკალზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი გულის სისხლი გადავიდა ვარდის ძარღვებში, გააცოცხლა და ყვავილი გააშლევინა. გულის ბოლო ფეთქვამ ყვავილის ფურცლები წითლად შეღება. მერე რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია... ყველაზე მეტად ის მეტკინა, არავინ რომ არ იცოდა, ვინ გაიღო მსხვერპლი. წითელი ვარდი ეტლის ბორბალმა გათელა, გოგო თავის ბრჭყვიალა სამყაროში დარჩა, გულგატეხილი და ჭკუანასწავლი ბიჭი წიგნებს მიუჯდა, ბულბული უსულოდ ეგდო. ერთნი - ჩუმი თავგანწირვისთვის, მეორენი - ყველაფრის არდანახვისთვის, სხვანი - შეცდომებზე სწავლის და წვალებისთვის. მწერალი ამ სიტყვას ხმარობს: "სასიცოცხლო სისხლი" (life's blood). "გულიდან სისხლის წვეთები". ეს გრანელისაა. იმ დარდის გაგრძელება. 

ნეტავ, შეიძლებოდეს ჩვენი მკვდრებისთვის წერილის გაგზავნა. აი, ის იქნებოდა, თუ იქნებოდა დარდების მატიანე. და იქედან მიღებული პასუხი რაღა იქნებოდა ?

Friday, March 6, 2015

"What is this thing, of which I sing?"

მიყვარს ხეები. სადაც ხეს ვერ ვხედავ, თავს ცუდად ვგრძნობ. მინდა, სულ ვეხუტო და მადლობა ვუთხრა, შიშვლებიც რომ ლამაზები არიან, ცოცხლებიც და მკვდრებიც ჩვენ რომ გვემსახურებიან. სოხუმში ჩვენებს ჰქონდათ პირველი სართულის ოთახები სულ ხეში გაკეთებული. ისეთი სუნი იდგა! მიყვარს, როცა ვეხები ხის კედლებს, ავეჯს, ნივთებს. მამა აკეთებდა ხისგან ლამაზ ნივთებს, უმეტესობა გააჩუქა, უყვარდა სხვების გახარება. იოსებ დამწინდველი დურგალი იყო და ყრმა იესოს და მის ხორციელ ძმას, იაკობსაც შეასწავლა ეს საქმე. 

"წმინდა ოჯახი". თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. 
ბავშვობის დაბადების დღეები ალბათ აღარასდროს იქნება ისეთი. არც ტრუმენ კეპოტის მოთხრობებისნაირი და არც ისეთი, ჩვენ რომ გვქონდა. მეგონა, გლენ მედეიროსი ყველაზე კარგი ტიპი იყო და ის სიმღერაც, nothing's gonna change my love for you, ყველაზე თბილი და მელოდიური. რიჩარდ სენდერსონის რეპერტუარი (she loves me again) პიანინოზე გვქონდა აწყობილი და იდილიურად განათებულ ოთახებში ვუკრავდით. გული სავსე მქონდა მოლოდინით და მომავლის გაურკვევლობით, ვოცნებობდი რაღაც აღმატებულზე, ამ ოცნებისკენ კი თითქოს უცხოური მუსიკის ხიდით მივდიოდი.

სამუელ მარშაკის "ფისოს სახლი" ჯერ ქართულად წავიკითხე, დედამ გვაჩუქა წიგნი მე და ზაზას. მერე თოჯინური ფილმი ვნახე. სულ ღამის სცენები იყო და ძალიან დრამატული მეჩვენებოდა. ქართულ ტექსტში კნუტების სავედრებელ სიტყვებში ასეთი სტრიქონი იყო: "გავთბებით და წავალთ." ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ ლაშასთვისაც საყვარელი მულტფილმი ყოფილა და მისი მუსიკა სმენით აუწყვია პიანინოზე.

Wednesday, April 23, 2014

Christ is Risen!

აღდგომას და ქუთაისში წასვლას მთელი წელი ველოდები. როცა უღელტეხილს გადავივლით და იმერეთის სოფლები იწყება, გული სიხარულით მიცემს. ყველაფერს ვეფერები: სოფლების სახელწოდებებს, გვარებს, მწვანე ეზოებს და უბრალო სახლებს. იმ მხარეში ჩემთვის სხვა ჰაერი და ფერებია. 

გაოცებული ვარ, როგორ აქვს ღმერთს ჩვენთვის აწყობილი სიხარულების მთელი ბუკეტი: დღესასწაულის მოლოდინი, მისი მოახლოების მღელვარება, შუაღამით ეკლესიის საზეიმო ზარი და ერთბაშად გადმომსკდარი სიხარულის ცრემლები, ნაწვიმარი, ახალი ჰაერი და სულ ახალი სიმწვანე, ნამარხულევზე გემოების ხელახალი აღმოჩენა, ბევრ მოყვარულ ადამიანთან ჩახუტება და მიცვალებულების გახსენება, რაღაცის დასრულება და რაღაც დიდსა და ახალში ახალი ძალით შებიჯება.

სააღდგომო ლიტურგია ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წინამძღვარი - დეკანოზი ალექსი სინაურიძე.

Tuesday, March 19, 2013

ხრონინგენის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია

დიდი ხანია, მინდა, ხრონინგენის ეკლესიის შესახებ მოვყვე. ახლა აღდგომის მოლოდინში ვარ და სულ ბზის სუნი, ნაწვიმარი ჰაერი, სასაფლაოზე ჩიტების ჭიკჭიკი, ღამისთევა და დღესასწაულის მღელვარება მელანდება. ჰოდა, ალბათ, ახლა საამისოდ კარგი დროა.

პირველად ჩემს მეგობარ ქართულ ოჯახთან ერთად მივედი. მერე რეგულარულად დავიწყე სიარული, ჯერ ფეხით, მერე ველოთი. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო შორეულ ჩრდილოეთში მართლმადიდებლობის პატარა კუთხე. ჰოლანდიის და გერმანიის სამხრეთ ნაწილებში კათოლიციზმი ასე თუ ისე ცოცხლობს, ჩრდილოეთში კი ადამიანები უბრალოდ არცერთ აღმსარებლობას არ ეკუთვნიან, შვილებს არ ნათლავენ და არსებულ ტაძრებსაც საკონცერტო დარბაზებად, წიგნის მაღაზიებად ან კაფეებად იყენებენ. თუმცა, თუ ღმერთისკენ ისწრაფვი და მასთან ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდები, რომ ის ყველგანაა, რა შორსაც არ უნდა წახვიდე. აი, ისე, ეზოდან ამოსულ, თამაშით დაღლილ ბავშვს რომ მშობელი ხელგაშლილი დახვდება და ჩაიხუტებს. მე და ლაშამ სტამბულის "საშიშ" უბანში აღმოვაჩინეთ ბერძნული ეკლესია. გუმბათი და ჯვარი რომ დავინახეთ, ორიენტაციით მივყევით და ვიწრო ქუჩებით მივადექით. სარესტავრაციოდ იყო დაკეტილი, რესტავრატორი კი ქართველი გიორგი აღმოჩნდა! ასეთი მაგალითები ალბათ ბევრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ონოფრე დიდხანს მოღვაწეობდა პოლონეთის მამათა მონასტრებში, ამიტომ კარგად იცის ძველი სლავური ენა. წირვას ნიდერლანდურ და ძველ სლავურ ენებზე ატარებს. რუსული საგალობლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ნიდერლანდურად და ძველსლავურად მსახურება არასოდეს მომესმინა, ამიტომ სულ მონუსხული ვიდექი. მოდიოდა მრევლი, ერთგულად, პუნქტუალურად. ჰოლანდიელებიც იყვნენ და ემიგრანტებიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მართლმადიდებელი არაბებიც. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები სულ სხვადასხვა ბედის იყვნენ. ზოგი ყოფილ იუგოსლავიაში ომს გაექცა, სხვები იქ გაჭირვებამ ჩაიყვანა. ერთი მოხუცი კაცი იყო, ყოფილი იუგოსლავიის რომელიღაც ქვეყნიდან. მითხრეს, ყველა ახლობელი დაკარგაო. ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისთვის ეკლესიაში სიარული. არასდროს გამოვლაპარაკებივარ, არ შემეძლო, ისე მეცოდებოდა. რუსები და უკრაინელები ბლომად იყვნენ. ყველა თავის ენაზე აზროვნებდა და ლოცულობდა გულში, მაგრამ რწმენა საერთო ჰქონდათ და ღმერთთან სიახლოვე ერთნაირად სჭირდებოდათ. როცა მათთან ერთად წირვაზე ვიდექი, სულ ერთი აზრი მქონდა, რომ რწმენა ადამიანს ამშვენებს და ასხივოსნებს, დიდი, ბრდღვიალა ბრილიანტივით. სახლიდან წასულმა, როგორც საერთოდ ხდება, ამ საკითხსაც სხვა თვალით შევხედე. 

მრევლის უმეტესობა სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა, ამიტომ მამა ონოფრე ანგარიშს უწევდა და წირვას დილის 11–ის ნახევარზე იწყებდა. მე ზარმაცსაც მეტი რა მინდოდა და, კარგად გამოძინებული მივდიოდი. ხანდახან, როცა ველოს ვაყენებდი, რომელიმე ბარებში ღამენათევი და გამობრუჟული ბიჭი გამომელაპარაკებოდა ხოლმე, აქ რა გინდა, დღეს კვირაა, ეკლესია დაკეტილიაო. უმეტესად ჩემს მეზობელ, უკრაინელ იგორთან ერთად დავდიოდი. აეყუდებოდა ხოლმე კვირაობით ჩემს კართან და მივდიოდით. სხვა მეგობრები რიგრიგობით დამყვებოდნენ, ძალიან აინტერესებდათ, სად დავდიოდი კვირა დილით. ბელგიელმა ანამ მითხრა, საოცარი ატმოსფერო იყო, წამოსვლა აღარ მინდოდაო. ალბათ, კათოლიკურ ეკლესიაშიც ასე იყო საუკუნეების წინო. კანადელი რაიანი თავად მგალობელი იყო ბავშვობაში და ამიტომ დიდი ინტერესით წამომყვა. გერმანელი მიხაელი რამდენჯერმე მახლდა. პირველ მოსვლაზე მგალობელთა გუნდს უსმენდა განაბული და თვალებმოჭუტული (თვითონაც მღეროდა და ინსტრუმენტებზე უკრავდა). ფაქტებს და დეტალებს გერმანული სიზუსტით სწავლობდა, კითხვებს სვამდა. სააღდგომო ლიტურგიაზე თეთრი პერანგით და ბაფთით მოვიდა. მისი ეს პატივისცემა ჩვენი ზეიმისადმი ძალიან დავაფასე.


ხრონინგენის ფერისცვალების სახელობის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. ყვავილებს რომ უვლის, თბილისელი სომეხი ბიჭია, რომა. :)

Thursday, July 5, 2012

Onze Lieve Vrouwe Basiliek

ამასწინათ გამახსენდა ეს დღე. ფოტოებიც მოვიძიე. ერთ სამშაბათ დღეს Rabobank-დან day-off ავიღე. მაასტრიხტის ნახვა მინდოდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრებიდან არავის ეცლებოდა და მარტო წავედი. საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნა იქ ცხოვრების პერიოდში უფრო შემიყვარდა. ორსართულიანი მატარებელი შემხვდა. ზედა სართულზე რბილ სავარძელში მოვკალათდი და შარფი მოვიხვიე. წინ მუყაოს ფინჯნით თბილი ლატე და ჩემი მეგობრის, მირეის ნაჩუქარი Bridget Jones's Diary მედო. ჩემს წინ და ირგვლივ სავარძლებზე არავინ იჯდა. მეც ხან წვიმიან პეიზაჟს, კოხტა სახლებს და ეზოებს ვუყურებდი, ხანაც ვკითხულობდი და განსაკუთრებით სასაცილო ეპიზოდების კითხვისას ვჩერდებოდი, კარგად რომ დამემახსოვრებინა და ჩემი მეგობრებისთვის მომეყოლა... მატარებლით სულ ასე მყუდროდ, თბილად, წვიმას და სიცივეს შეფარებული და ფიქრებში გახვეული ვმგზავრობდი, სამეცადინოთი აღჭურვილი, სალაზღანდაროდ მომართული, მთვლემარე, ხალხზე დაკვირვებით გართული... ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა.

Onze Lieve Vrouwe Basiliek, Maastricht
ახლა მთავარ ამბავზე გადავალ. მაასტრიხტი, თავის კათოლიკური ტაძრებით და არქიტექტურით, თბილი, სამხრეთული ქალაქი აღმოჩნდა. სხვა დროს თავისუფლად მეგონებოდა საფრანგეთის, ან ბელგიის რომელიმე ქალაქი. ღრუბლიანი იყო, არ წვიმდა. ჩემი პატარა გეგმა მქონდა "აუცილებლად სანახავი" ადგილების. ცენტრიდან მოშორებით არცერთი იყო, ამიტომ მშვიდად დავდიოდი. იმ ტაძარშიც ჩვეულებრივად, როგორც ტურისტი, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე შევედი. რესტავრაცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც გარე ფასადზე გაკრული დიდი ბანერი გვამცნობდა. ტაძრის ერთი ნაწილი გამჭვირვალე მინით იყო შემოსაზღვრული, მინისავე კარიც ჰქონდა გაკეთებული. შიგნით ღვთისმშობლის ქანდაკება იყო, კათოლიკური ტაძრისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული, რიდისმომგვრელი კონსტრუქციით, რომელიც ათასგვარი ორნამენტით და მორთულობით იყო დამშვენებული. (კარგად რომ აღვწერო, არც შესაფერისი ტერმინები ვიცი და არც დეტალები მახსოვს.)  მლოცველებისა და ვიზიტორებისგან ეს ფასეულობა ამგვარად იყო გამიჯნული. ტაძარი ნახევრად ბნელი იყო, მარტო სანთლები ანათებდა. ის ადგილი კი დღის შუქით იყო განათებული. სადღაც იქვე დავჯექი. მინის საზღვრის შიგნით ახალგაზრდა ქალი საქმიანობდა: მტვერს ჩვრით წმენდდა, რაღაცას ალაგებდა, ქანდაკებას სათუთად ასუფთავებდა. ფეხმძიმედ იყო, მგონი, თავზე თავსაფარი ჰქონდა წაკრული და რაღაცას წყნარად გალობდა. სახეზე ისეთი მშვიდი სიხარული ეწერა, რომ აშკარა იყო, გრძნობდა: she was in the right place, doing the right thing. საქმეს რომ მორჩა, დაჯდა და ღვთისმშობელს უყურებდა. შემეშინდა, არ შევემჩნიე, თორემ მეც მინდოდა დიდხანს მეცქირა ჩემთვის გაშლილი ამ სცენისთვის. 

დაცული ქანდაკების და ფეხმძიმე ქალისთვის ფოტოს გადაღება არც მიფიქრია, სხვაგან კი გადავიღე ტაძრის შიგნით. შესასვლელი კარის თავზე უბრალო  თაღი იყო, მაშინ მექანიკურად დავაფიქსირე, ახლა კი თავად გავოცდი, როცა წარწერა მარტივად გავიგე. (ნიდერლანდურს არც იქ ყოფნისას "ვაბულბულებდი" და ახლა მითუმეტეს, თითქმის აღარ უნდა მხსომებოდა) ინგლისურად ასე ითარგმნება: don't pass by here without saying Ave Maria. 

არც მე მინდა ისე "ჩავიარო", ასეთი მომენტები, სცენები, განცდები, ადამიანები არ გავიხსენო და გავაზიარო. Hence the blog.