Showing posts with label მოდა. Show all posts
Showing posts with label მოდა. Show all posts

Wednesday, January 26, 2022

იკი-გაი: ბედნიერების იაპონური ფორმულა ქართველი მომხმარებლისთვის


წლების წინ, როცა ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, გამოცდისთვის სხვადასხვა ისტორიული ეპოქის აღწერას გვთხოვდნენ. მაშინ კარგად არ მესმოდა, რომ ისტორიული მოვლენების ცოდნა იმ პერიოდის მწერლების ცხოვრების და შემოქმედების უკეთ გაგებაში დაგვეხმარებოდა. არ მესმოდა, რადგან მოვლენებს შორის კავშირის დანახვასა და ანალიზის გაკეთებაზე მაშინდელ სისტემაში აქცენტი არ კეთდებოდა.

მოგვიანებით, სხვა სკოლაში, პიროვნული ზრდა საგნად ისწავლებოდა. ვწერდით ესსეებს, ვაანალიზებდით საკუთარ მდგომარეობას, მიზნებს, დამოკიდებულებას სასწავლო პროგრამისადმი. მენტორთან ინდივიდუალური კონსულტაცია საშუალებას გვაძლევდა,  თეორიული საგნები პიროვნულ განვითარებასთან დაგვეკავშირებინა და პროგრესი თავად შეგვეფასებინა.

პიროვნული ზრდა და მასზე ორიენტაცია ოთხი მომხიბლავი ახალგაზრდა ქალის ბიზნეს-იდეის ცენტრალურ თეზისად იქცა. ბავშვობის მეგობრებმა: ანი მარღიშვილმა, მარიამ ესებუამ, მაკა კელენჯერიძემ და თათია კალანდაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი კომპანია დაეარსებინათ, რომლის მთავარი კონცეფცია პიროვნული ზრდა, ბედნიერების გასაღების პოვნა, საყვარელი საქმით დაკავება და ამით ენერგიის მიღება იქნებოდა. კომპანიას „იკი-გაი“ დაარქვეს, რადგან ეს უძველესი იაპონური მოძღვრება, რომელიც არსებობის მნიშვნელობის ან ცხოვრების ღირებულების პოვნას გულისხმობს, ზუსტად გამოხატავს პარტნიორების ჩანაფიქრს - თავიანთი პროდუქციით, კომფორტული ტანსაცმლით, მომხმარებელს ცხოვრების ხარისხის და შინაარსის უკეთ შეგრძნობაში დაეხმარონ.

ინფორმაციით გადატვირთულ სოციალურ ქსელში „იკი-გაის“ პროდუქციამ - თბილმა ფერადმა ქურთუკებმა - ისე სწრაფად და მძაფრად მიმიზიდა, რომ მივხვდი: ყველა ბიზნეს-კონსულტანტი მართალია, როცა უპირველესად იდეის სისწორეზე გვიქადაგებს. ბრენდის ერთიანი პრეზენტაცია: გვერდის სახელწოდება, ფოტოს ხარისხი, რაკურსი, პროდუქციის ფერები და  თარგი სრულყოფილად ქმნის იმ „ღირებულებათა ჯაჭვს“, რომელსაც მომხმარებლის გულამდე მივყავართ. კომპანიის პარტნიორთა ჩანაფიქრი მათ პროდუქციაში შესანიშნავადაა განსახიერებული. მისგან იკითხება, რომ პროდუქცია იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანია, ვინც პასუხისმგებლობით აკეთებს საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის, უხარია, როცა იცის, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებს; ამასთან აქვს ჰობი, სხვა საყვარელი საქმე. მისთვის სიახლისკენ პატარა ნაბიჯების გადადგმა და ყოველდღიური საქმეები, ოჯახის მოვლა, ახალი მისწრაფებების ჩამოყალიბება - ყველაფერი ენერგიის წყაროა. „იკი-გაის“ პროდუქციის მომხმარებელს შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება თავად უნდა გაიხანგრძლივოს და მეტი მიმართულებით განვითარდეს.

მომხმარებელთან კომუნიკაციაც ისეთივე ხარისხისაა, როგორც თავად პროდუქცია. წინასაახალწლო დღეებში, როცა ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთულობის პიკზე იყო, „იკი-გაის“ დამფუძნებლებმა ქურთუკი თავად მომიტანეს. მიხარია, რომ მათი ენერგია, სიცოცხლის წყურვილი და კეთილგანწყობა პირადად გაცნობისას მეც გავიზიარე. “Pay it forward”-ის პრინციპით ჩემი სიხარული ჩემს მეგობარ ანუშკას გადავეცი (ფოტოზე ქვემოთ). უფრო სწორად, სანამ რამეს ვეტყოდი, თვითონ მკითხა, რა გაცვიაო. ახლა ის ყოველდღიურ საქმეებზე სითბოში და საყვარელი ფერის (camel) ელეგანტურობის საბურველში გახვეული დადის. იკი-გაიც ხომ სწორედ ესაა?

Tuesday, January 25, 2022

სოფია გელენიძე - აბრეშუმის გოგონა

აბრეშუმი ისევე ამშვენებს სხეულს, როგორც ბრილიანტი - ხელს.” 
ოსკარ დე ლა რენტა

ერთგან ბიზნესის შესახებ წავიკითხე: მამა შვილს ურჩევდა, ისეთი საქმე უნდა წამოიწყო, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ეს ან საკვებია, ან ტანსაცმელიო. ადამიანებს საკუთარი თავი საკმარისად გვიყვარს საიმისოდ, რომ ან ერთი მივიღოთ ცუდი, ან - მეორე.  ჩემი ამბავი იმაზეა, როგორ უნდა შევირგოთ კეთილგანწყობილი და სოლიდარული ახალგაზრდა ქალის მიერ  ჩვენი სილამაზის და თავდაჯერებულობისთვის შექმნილი სიკეთე, თანაც ისეთი ქსოვილისგან, რომელიც კაცობრიობამ საუკუნეების წინ აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აბრეშუმის მარშრუტის ნაწილი იყო. ჰოდა, ახლაც ვართ.

სოფი შარშან ზამთრის მიწურულს გავიცანი, როცა გაზაფხულის მოსვლას მხოლოდ იმიტომ ველოდი, რომ რამე მაინც იქნებოდა ახალი, თორემ ისე მოძალებული პანდემიური ჩაკეტილობა კარგის მოლოდინს არ მიჩენდა. მისმა შექმნილმა აბრეშუმის სინაზემ პირდაპირ შემომანათა ეკრანიდან. გვერდს სათაურად ჰქონდა: OWN est.2020 იქვე ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. ასე, უბრალოდ, დავრეკე და გავიცანი. პირველი რამდენიმე საუბრისას პროდუქციაზე, ქსოვილზე მელაპარაკა, შემდეგ უკვე პირადი ამბებიც მოვყევით, ერთმანეთს გავუზიარეთ ქალობის, დედობის სირთულეები, ვისაუბრეთ დამთრგუნველი გარემოს გავლენასა და ბევრ სხვა რამეზე.

ყოველი ახალი შეკვეთილი ნივთის მოლოდინი უკვე მაბედნიერებს. სანამ დამზადდება, დღეებს სიხარულით ვითვლი. შუალედებში სოფი მიკავშირდება, მთავაზობს ნიუანსებს უკეთესი შედეგის მისაღებად. ნივთი ისევე ელეგანტურადაა შეფუთული, როგორიც თავადაა: გახსნი და ხელში იღებ მსუბუქ, ციმციმა აბრეშუმის პერანგს, სასიამოვნო მოლოდინით წარმოიდგენ დღეებს, როცა გეცმება და თავს განსაკუთრებულად იგრძნობ, კანი თავისუფლად ისუნთქებს, იქნები მოხდენილი და თან შეუზღუდავად, კომფორტულად ჩაცმული. ამ დროს სოფი გწერს, ვღელავ, მითხარი, როგორ მოგერგო და მოგეწონაო. ცოტა ხნის წინ ქურთუკი თვითონ მომიტანა. დღის ბოლოს დაღლილმა ნახევარი ქალაქი გაიარა, რომ შემხვედროდა. ვხედავდი, როგორ უხაროდა ჩემი რეაქციის ნახვა.

საკუთარი საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება სრულ ჰარმონიაშია მის გარეგნობასთან. ამაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია. სოფის ერთდროულად რამდენიმე პროფესია აქვს. მისი განათლება ავიაციიდან და მედიცინიდან იწყება და პიარით და მარკეტინგით მთავრდება. ასეთივე მდიდარია მისი სამუშაო ისტორია. თუმცა, ეს მთავარი ამბის მხოლოდ შესავალია. ამ დროის განმავლობაში სოფი ეძებდა, რა ფორმით ეთქვა მისი მთავარი სათქმელი, როგორ მიეტანა სხვა ქალებამდე ის, რისიც ბავშვობიდან სჯეროდა: საკუთარი თავის ელეგანტურობით და სისადავით გამოხატვა.


როცა ქალის გარდერობში მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელია, მას არ სჭირდება რთული თარგები, დეტალებით გადატვირთული მოდელები, „სწრაფი მოდის“ ტენდენციების აყოლა, შთაბეჭდილების მოსახდენად ჩაცმა. მის კანს აბრეშუმის სირბილე ეხება, სითბოსთვის კი შალის პალტო აქვს. სოფის მოდა „მდგრადია“, მიჰყვება კომფორტის და უზადობის საუკეთესოდ შერწყმის პრინციპს და როგორც ელეგანტურობის ელჩი, ქალებს საკუთარი თავის ერთგულებისთვის შთააგონებს. OWN-ის ქალი სწორედ ასეთია: სჯერა საკუთარი თავის, მშვიდადაა, რადგან იცის, რომ მიმზიდველია, მზადაა დატვირთული დღეებისთვის და მონდომებით აკეთებს საყვარელ საქმეს. ყველა დროში აქტუალური, ელეგანტური გარდერობის წყალობით მას თითქოს საკუთარი უსაფრთხოების კალაპოტი აქვს, რომელიც ნაზად  აძლევს ბიძგს, როგორც მოცურავეს - აუზის ცისფერი ფილებით მოფენილი კედელი.

ინტერვიუს გასაშიფრად OWN-ის აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი და აკვამარინის ბეჭედი გავიკეთე, არც თეთრი ღვინო დამვიწყებია. სხვაგვარად სოფიზე ვერ დავწერდი. 

Wednesday, December 29, 2021

Tinano - აქსესუარის თანამედროვე ხელოვნება

ამასწინათ ვანის მუზეუმი მოვინახულე. მის შემდეგ სულ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანს შექმნის უნარი მისცა, რითაც ყველაზე დიდი თავისუფლება მიანიჭა. ამ ნაჩუქარი უნარის წყალობით, ჩვეულებრივ დაბადებულს, ბიოლოგიურ ადამიანს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მასზე დიდხანს იარსებებს და სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებს სიხარულს მოუტანს. თუ ნივთს პრაქტიკული დანიშნულება აქვს - ცხოვრებას გაუადვილებს. ამიტომაა ჩემთვის ძალიან ემოციური ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდის ნიმუშების გაცნობა: საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამყაროს მასშტაბურად აღიქვამდნენ, გემოვნება, თემების არჩევანი და ფანტაზია ცოდნის შესაბამისი ჰქონდათ.

ძველ ხელოვანებს ნამდვილად გაუხარდებოდათ, თუ გაიგებდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ, დაჩქარებულ და ქაოტურ დროში ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

ჩემი ბლოგის სტუმარი თინანო კალანდაძეა. ის დასავლეთ საქართველოში დაიბადა, სადაც მიწა რბილია, ზღვა კი ახლოსაა, რომელიც ამ მხარეს დიდ ისტორიასთან, ბერძნულ და რომაულ კულტურებთან აკავშირებს. ეს კავშირი ბევრ რამეში ვლინდება, პირველ რიგში კი ადამიანების უნარში, ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ.  როცა თინანოს შემოქმედების ნიმუშები გავიცანი, სწორედ ეს დავინახე: შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნივთად გარდაქმნის ნიჭი. თინანო ბუნებრივი ტყავისგან ქმნის სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს: მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ზურგჩანთებს, მობილურის აქსესუარებს, საფულეებს, ლეპტოპის ქეისებს.

ცნობილი ფილმის, ეშმაკს აცვია პრადას“ პერსონაჟი ამბობს: „აქსესუარი იკონოგრაფიის ნიმუშია, რომელიც ინდივიდის თვითმყოფადობის გამოსახატად გამოიყენება.“ ჩემთვის ჩანთა ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ჩაცმულობის წამყვანი ნაწილია. ამიტომ, თინანო სასიხარულო და იმედისმომცემი აღმოჩენაა. მისი კონტურები ფაქიზია, ფერები კი ისეთია, სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებს.

ცნობილ მიზეზთა გამო, ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერე. წინასადღესასწაულოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი შეკვეთა აქვს, მაგრამ ჩემს კითხვებზე საპასუხოდ დრო მაინც გამოძებნა. თინანოს თავის საქმიანობაზე, შემდეგ კი საკუთარ სტილზე ვესაუბრე.

მოგვიყევით თქვენს ბავშვობის წლებზე, სტუდენტობაზე. როგორ მიხვედით პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?

ბავშობის წლები  გურიას უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. პროფესიის არჩევაზე დედის ფაქტორმა იმოქმედა. დედა მხატვარია, გამორჩეული ხედვა აქვს, რაც ჩაცმულობაშიც გამოიხატება. მისგან მიღებულმა შთაგონებამ ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადამიაში სწავლა. ასეც მოხდა.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი „თინანო“ არსებობს?

ჩემი ბრენდი 2016 წელს შეიქმნა.

რა იყო თქვენი მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?

ბრენდის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა: ეს თავისთავად მოხდა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც და გამოცდილებაც.

როცა შეკვეთაზე ვმუშაობ, პირველ რიგში ვფიქრობ, ისეთი ნივთი შევქმნა, რომელიც მე მომეწონება და სიამოვნებით გამოვიყენებ. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხარისხია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანებია სიმარტივე და ფერთა სასიამოვნო კომბინაცია.

თქვენი აზრით, ყველა ბიზნესი უნდა გაიზარდოს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოგება, თუ მცირე მასშტაბითაც შესაძლებელია შედეგის მიღება?

ახლა კომფორტის ზონაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. თუ ჩემი საქმის დიდ ბიზნესად ქცევას გადავწყვეტ, ამ სიმყუდროვის დარღვევა მომიწევს.

ვინ მიგაჩნიათ თქვენს მასწავლებლად და რა რჩევა მოგცათ, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად გამოგადგათ?

ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ჩემი პირველი კურსის ლექტორი ნინო ქვრივიშვილია, რომელმაც  კომპოზიცია და ფერების შეგრძნება მასწავლა.