“აბრეშუმი ისევე ამშვენებს სხეულს, როგორც ბრილიანტი - ხელს.” ოსკარ დე ლა რენტა
ერთგან ბიზნესის შესახებ წავიკითხე: მამა შვილს ურჩევდა, ისეთი საქმე უნდა წამოიწყო, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ეს ან საკვებია, ან ტანსაცმელიო. ადამიანებს საკუთარი თავი საკმარისად გვიყვარს საიმისოდ, რომ ან ერთი მივიღოთ ცუდი, ან - მეორე. ჩემი ამბავი იმაზეა, როგორ უნდა შევირგოთ კეთილგანწყობილი და სოლიდარული ახალგაზრდა ქალის მიერ ჩვენი სილამაზის და თავდაჯერებულობისთვის შექმნილი სიკეთე, თანაც ისეთი ქსოვილისგან, რომელიც კაცობრიობამ საუკუნეების წინ აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აბრეშუმის მარშრუტის ნაწილი იყო. ჰოდა, ახლაც ვართ.
სოფი შარშან ზამთრის მიწურულს
გავიცანი, როცა გაზაფხულის მოსვლას მხოლოდ იმიტომ ველოდი, რომ რამე მაინც იქნებოდა
ახალი, თორემ ისე მოძალებული პანდემიური ჩაკეტილობა კარგის მოლოდინს არ მიჩენდა.
მისმა შექმნილმა აბრეშუმის სინაზემ პირდაპირ შემომანათა ეკრანიდან. გვერდს
სათაურად ჰქონდა: OWN est.2020 იქვე
ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. ასე, უბრალოდ, დავრეკე და გავიცანი. პირველი
რამდენიმე საუბრისას პროდუქციაზე, ქსოვილზე მელაპარაკა, შემდეგ უკვე პირადი
ამბებიც მოვყევით, ერთმანეთს გავუზიარეთ ქალობის, დედობის სირთულეები, ვისაუბრეთ
დამთრგუნველი გარემოს გავლენასა და ბევრ სხვა რამეზე.
ყოველი ახალი შეკვეთილი ნივთის
მოლოდინი უკვე მაბედნიერებს. სანამ დამზადდება, დღეებს სიხარულით ვითვლი.
შუალედებში სოფი მიკავშირდება, მთავაზობს ნიუანსებს უკეთესი შედეგის მისაღებად.
ნივთი ისევე ელეგანტურადაა შეფუთული, როგორიც თავადაა: გახსნი და ხელში იღებ მსუბუქ,
ციმციმა აბრეშუმის პერანგს, სასიამოვნო მოლოდინით წარმოიდგენ დღეებს, როცა გეცმება
და თავს განსაკუთრებულად იგრძნობ, კანი თავისუფლად ისუნთქებს, იქნები მოხდენილი და
თან შეუზღუდავად, კომფორტულად ჩაცმული. ამ დროს სოფი გწერს, ვღელავ, მითხარი,
როგორ მოგერგო და მოგეწონაო. ცოტა ხნის წინ ქურთუკი თვითონ მომიტანა. დღის
ბოლოს დაღლილმა ნახევარი ქალაქი გაიარა, რომ შემხვედროდა. ვხედავდი, როგორ უხაროდა
ჩემი რეაქციის ნახვა.
საკუთარი საქმისადმი ასეთი
დამოკიდებულება სრულ ჰარმონიაშია მის გარეგნობასთან. ამაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც
ცხადია. სოფის ერთდროულად რამდენიმე პროფესია აქვს. მისი განათლება ავიაციიდან და
მედიცინიდან იწყება და პიარით და მარკეტინგით მთავრდება. ასეთივე მდიდარია მისი
სამუშაო ისტორია. თუმცა, ეს მთავარი ამბის მხოლოდ შესავალია. ამ დროის
განმავლობაში სოფი ეძებდა, რა ფორმით ეთქვა მისი მთავარი სათქმელი, როგორ მიეტანა
სხვა ქალებამდე ის, რისიც ბავშვობიდან სჯეროდა: საკუთარი თავის ელეგანტურობით და
სისადავით გამოხატვა.
ინტერვიუს გასაშიფრად OWN-ის აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი და
აკვამარინის ბეჭედი გავიკეთე, არც თეთრი ღვინო დამვიწყებია. სხვაგვარად სოფიზე ვერ
დავწერდი.
მოგვიყევი ბავშვობის წლებზე, სწავლის და მუშაობის
პერიოდზე. როგორ მიხვედი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?
საკმაოდ პრინციპული ბავშვი ვიყავი.
არასდროს ვიცვამდი, რასაც დედა მთავაზობდა: მარტო იმას, რაც მე მინდოდა. ჩემი
სკოლა ახლოს იყო სახლთან, სულ ფეხით დავდიოდი. ერთ დღეს, მაშინ მესამე კლასში
ვიქნებოდი, დედამ ტანსაცმელი გამიმზადა და ოთახიდან გავიდა. ძალიან ლამაზი პიჟამა
მქონდა, ვარდისფერი, მაქმანიანი. ჰოდა, ავდექი და სკოლაში ამ პიჟამით გამოვცხადდი.
ეს იყო მანიფესტი, რომ ის გავაკეთე, რაც მინდოდა, საზოგადოების ნორმების
წინააღმდეგ. მიმაჩნდა, რომ ლამაზად მეცვა. ალბათ, წარმოიდგენ, ამას რა მოჰყვებოდა.
ასევე ვიქცეოდი, როცა თმას სასკოლოდ მივარცხნიდნენ. მარტო აღმოვჩნდებოდი თუ არა, მაშინვე
დავიშლიდი და ვარცხნილობას საკუთარი
გემოვნებით ვცვლიდი.
როცა პროფესიაზე ფიქრი დავიწყე,
მეგონა, ფსიქოლოგი გამოვიდოდი, რადგან ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და შემდეგ
მივიღე კიდეც ამ მხრივ გარკვეული განათლება. თუმცა, როგორც მაშინ მიღებული იყო,
დედის დიდი სურვილის თანახმად, მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე.
პირველი სამსახური 16 წლისამ
დავიწყე, მაშინ სტუდენტიც კი არ ვიყავი. პეკინზე
ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად ამიყვანეს. შემდეგ ნამდვილი თავგადასავალი
დაიწყო: ვიმუშავე ავიაციაში, პიარის მიმართულებით, „კულინარიუმში“, ბუტიკში
„პრივე“, სადაც მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმელს ვთავაზობდით.
ეს გასავლელი გზის ნაწილი იყო და ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი.
რამდენი ხანია, რაც ბრენდი „OWN“ არსებობს? სახელწოდება როგორ
მოიფიქრე?
მზა ტანსაცმელი ხშირად არ იყო ისეთი,
როგორსაც ჩავიცვამდი და მომეწონებოდა. ჩემთვის ვფიქრობდი ისეთი ტანსაცმლის
შექმნას, რომელიც ბევრისთვის მისაღები იქნებოდა. საერთოდ, სიახლის არ მეშინია,
პირიქით, ვესწრაფი. ცვლილება ენერგიას მაძლევს, მიყვარს გარემოს გამოცვლა, საკუთარი
სტილის ხაზგასმა. წინა წლებში, როცა ვსწავლობდი და ვმუშაობდი, საკუთარი დიზაინით
შექმნილი ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ზედმეტი დეტალები არასდროს მომწონდა. როცა
ჩემთვის მოსაწონი სამოსით გამოვჩნდი, აღმოჩნდა, რომ ჩემს ხედვას და გემოვნებას
სხვებიც იზიარებდნენ. ასე დავიწყე დიდი ხნის ნაფიქრი იდეის განხორციელება. ეს 2020
წელს მოხდა. რადგან კერვა თავად არ მეხერხება, პროფესიონალები დავიხმარე. ფირმისთვის
არ მინდოდა გრძელი სახელწოდება, არც, როგორც მიღებულია, დამფუძნებლის სახელი და
გვარი. ვეძებდი მარტივ სიტყვას, ისეთს, კონცეფციაც რომ გამოეხატა და თან სხვათა
მსგავსი არ ყოფილიყო. პანდემიის პერიოდში გადადგმულმა თამამმა ნაბიჯმა გაამართლა.
მიხაროდა, რომ საყვარელ საქმეს მოვკიდე ხელი და თან უმუშევრად დარჩენილს
შემოსავლის წყარო გამიჩნდა. დღემდე არ შევჩერებულვარ, საქმეს ვავითარებ, მეტი
მინდა გავაკეთო.
რით გამოირჩევა შენი პროდუქცია? რას ეუბნება შენი
შექმნილი მოდელები ქალებს?
ჩემი მოდელები სადა და დახვეწილია,
ზედმეტი დეტალი არ სჭირდება, რადგან მინიმალურ ელეგანტურობას ვემხრობი. სულ ასე
ვფიქრობდი, რომ ასეთ ანტურაჟში ქალი უკეთესად წარმოჩნდება. ელეგანტურობა სისადავესა და სიმარტივეშია,
დატვირთვა საჭირო არაა. მინდა, სწორედ ასე იგრძნონ ქალებმა ჩემს ტანსაცმელში თავი:
სადად შეკერილი ხარისხიანი ტანსაცმლის ფონზე თავდაჯერებულები, მთელი სილამაზით
წარდგნენ.
ვინ არიან შენი პროდუქციის მომხმარებლები და
რამდენად მნიშვნელოვანია მათი რეაქციები შენთვის?
ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი
პერსონებია; არც კი იციან, რამდენს ნიშნავენ ჩემთვის. მიხარია, რომ მათ პირადად
ვიცნობ. მინდოდა, სწორედ ასე მემართა ჩემი ბიზნესი. მიხარია, რომ ყველა მათგანი
დახვეწილი ქალია. ზოგადი ტიპაჟი ასეთია: 25 წელს ზემოთ ზრდასრული ქალია, იცნობს
საკუთარ თავს, იცის, რა უხდება და ფიქრობს, რომ სილამაზე სიმარტივესა და
დახვეწილობაშია.
ვინ არიან შენი თანამოაზრეები? როგორი ურთიერთობა
გაქვს ფირმაში დასაქმებულ თანამშრომლებთან?
ისინი ბრენდის ძირითადი ბირთვი
არიან. მათ გარეშე მე უბრალოდ ვერ ვიქნები. გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი
ადამიანები შემოვიკრიბე. მათთან საქმიანი და თან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნი და მიხარია, რომ ჩემთან თავს კარგად გრძნობენ, რაც
შედეგითაც თვალსაჩინოა. მათ მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას კარგად ვაცნობიერებ. რაც
უფრო კარგად ეწყობა ჩვენი პირადი ურთიერთობა, რომელიც პატივისცემაზეა აგებული, მით
უკეთესად მიდის ბიზნესი.
რა წინააღმდეგობები გხვდება ყოველდღიურ
საქმიანობაში? როგორ უმკლავდები ოპერაციულ რისკებს?
წინააღმდეგობებს ხშირად აქვს ადგილი ბიზნესმოდელის სპეციფიკის გამო. ჩვენ პერსონალურად ვკერავთ, თან დისტანციურად. ამისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ემოციური ადამიანი ვარ და მეტისმეად განვიცდი ნიუანსებს, ზომებთან დაკავშირებულ მოულოდნელობებს. ზოგჯერ მომხმარებელი ფოტოს მიხედვით მსჯელობს და ელოდება, რომ კონკრეტული ტანსაცმელი მასაც ისე ექნება, რაც ზოგჯერ არ გამოდის, ან არ უხდება და უკმაყოფილოა. ყოფილა შემთხვევა, რომ ეს უსიამოვნება კომპანიის ხარჯზე მომიგვარებია, ოღონდ კლიენტი კმაყოფილი დარჩენილიყო. კლიენტი ყოველთვის უპირველესია, ცენტრალური ფიგურაა. როცა პრობლემებს ვაგვარებ, თვალწინ კლიენტი მიდგას.
ხალხი შეეჩვია და მოეწონა „athleisure“ სტილი. ვფიქრობ, ეს ტრენდი გაფართოვდება
და სამოსი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება. მომავალი ტრენდებიც სპორტულზე იქნება
აგებული, ჩვენი შექმნილი სამოსი კი დარჩება ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ
შეუძლია სპორტული/დასასვენებელი აქტივობისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ყველა
დანიშნულებით ტარება.
ვთქვათ,
შენი ფირმა გაფართოვდა, ჰყავს მენეჯერი და და შენი ყოველდღიური ჩარევა აღარ
სჭირდება. პარალელურად რა საქმეს მოკიდებდი ხელს?
ისევ მოდის სფეროში დავრჩებოდი, ისევ
სამოსს შევქმნიდი, ოღონდ ამჯერად მამაკაცისთვის.
ახლა
პირად სტილზე გკითხავ. ვინ შთაგაგონა ბავშვობაში? ვისმა სტილმა მოახდინა შენზე
ზეგავლენა?
ჩემს მასწავლებლად დალი ჩიტალაძე
მიმაჩნია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე ფერებზე, ფორმებზე და მოდაზე.
როგორ ჩაცმულობაში
გრძნობ თავს ყველაზე კარგად?
თავს კარგად ვგრძნობ, როცა ქალურად,
ელეგანტურად მაცვია: ზაფხულში კაბები,
სხვა სეზონებზე - შარვალი და პიჯაკი. ჩემთვის ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს და
თან ელეგანტური კალაპოტით. ქუსლიან ფეხსაცმელს თითქმის არ ვიყენებ, ნაკლებად
მოსახერხებელია. ვიზუალურად მომწონს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით - არა.
ამიტომ ქუსლიან ფეხსაცმელს ჩემს საღამოს ანსამბლშიც კი ვერ იპოვით.
დაასახელე
პოპულარული/ტრენდული ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელსაც არასდროს ატარებ.
ბალენსიაგას ბოლო პერიოდის მოდელები.
რომელი
კლასიკური ტანსაცმელი გიყვარს ყველაზე მეტად?
პიჯაკი.
მოდის
შესახებ რომელი წიგნი/ფილმი გიყვარს?
„შანელის ისტორია“ მიყვარს და
შთამაგონებს.
სილამაზის
რომელი პროცედურა გიყვარს ყველაზე მეტად?
სახის და სხეულის მასაჟი.
დაასახელე
მაკიაჟის 5 პროდუქტი, რომელსაც ყოველთვის იყენებ.
ყოველდღიურად მაკიაჟს თითქმის არ
ვიყენებ, თუ ჩაწერა, გადაღება ან ივენთი არ მაქვს.
რას
უსურვებ/ურჩევ ბლოგის მკითხველებს?
შენი ბლოგის მკითხველებს ვუსურვებ, ჩამოაყალიბონ
საკუთარი სტილი, მიაგნონ, მიხვდნენ, რა არის მათი სტილი და არ გადაუხვიონ მას,
მიუხედავად იმისა, რას ეუბნებიან სხვები.
OWN-ის ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/own.estd2020
ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/own_georgia/
მე OWN-ის მოდელებით:
No comments:
Post a Comment