სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე"). ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.
Showing posts with label ჯაზი. Show all posts
Showing posts with label ჯაზი. Show all posts
Thursday, April 18, 2013
Wednesday, January 9, 2013
(Super)natural
როცა ბიგ-ბენდების ჩანაწერებს ვუყურებ, აღფრთოვანებისგან სულ ცრემლი მომდის. ამის ცოტათი მრცხვენია კიდეც. კლასიკური მუსიკისგან ნაანდერძევი აკადემიზმი და სვინგის სიცელქე ერთად, მმმმმ.... ისეთი რამეა! როცა მუსიკოსები სოლოს შესრულებისას ფეხზე დგებიან, ეს მთლად მანადგურებს. ვუყურებ, როგორ აცვიათ, ერთიანად რომ პრიალებენ, როგორი დამოკიდებულებით უკრავენ, ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და თან რომ ზეადამიანურის, არაჩვეულებრივის შექმნაში მონაწილეობენ. წარმოვიდგენ ხოლმე ამ მუსიკოსების ოჯახის წევრებს, ცოლებს, დედებს, შვილებს, რადიომიმღებებთან ან ტელევიზორებთან. ალბათ, მათაც ერეოდათ ცრემლი, სიამაყის და სიყვარულის.
Tuesday, December 18, 2012
Thursday, November 22, 2012
Dee Dee Bridgewater: Lady Sings the Blues
გუშინ მე და ლაშა Dee Dee Bridgewater-ის კონცერტზე ვიყავით. მეორე რიგში, შუაში, სცენასთან ახლოს ვისხედით. ჯერ კვინტეტის სხვა წევრები გამოვიდნენ, მერე თვითონ. საქართველოში პირველად 1972 წელს ყოფილა, როცა ლაშა 2 წლის იქნებოდა, მე კი ჯერ არ ვიყავი დაბადებული. მაშინ 6 თვის ორსული ყოფილა. ახლა ის "ბეიბი" ჩემი მენეჯერიაო, ღიმილით გვითხრა. ამ თბილი მისალმების შემდეგ ორი საათი შესვენების გარეშე იმღერა. ენერგიის გარდა, გარეგნობაც განსაკუთრებული აქვს. როცა სულ ახლოს მოდიოდა, მის ყველა კბილს ვხედავდი, ერთნაირად თეთრს. თმა გადაპარსული ჰქონდა. ვერცხლისფერი ხელოვნური წამწამები ეკეთა, გრძელი და სწორი, უსახელო, ბრჭყვიალა მწვანე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ბოტილიონები ეცვა. ლამაზად მოძრაობდა, თან სასაცილოდ. კინოს და მუსიკის არტისტებში ყოველთვის ამას ვეძებ. არტისტის მოწონება ჩემთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლამაზთან ერთად სასაცილოც იყოს. ერთი სიმღერა უძველესი პროფესიის ქალებზე იყო, ბლუზის ჟანრში. თავის პიანისტს მიუცუცქდა და პროვოკაციული ტექსტის ფონზე მას ეხუტებოდა: ხან ქუდი მოხადა, ხან ფეხებზე აუსვ-ჩაუსვა ხელები... ასე, ექსპრომტად გაათამაშა სრულიად არაუხამსი კომედია. თვითონაც ხითხითებდა, პიანისტიც და ჩვენც. საერთოდ, იმ ორ საათში Dee Dee ბევრნაირი იყო: ელეგანტური, სექსუალური, კომიკური, თავშეკავებული, ენერგიული. აუდიტორიასთან კავშირი არ გაუწყვეტია. დარბაზის ყველა ნაწილს სწვდებოდა. ჯაზის არამოყვარულსაც კი მოხიბლავდა.
Sunday, September 16, 2012
A Trip to Stockholm
მე და ლაშა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით სტოკჰოლმიდან. ვეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები ისევე მშვიდად გადმოვცე, როგორი მშვიდებიც შვედები არიან; თუმცა, რამდენად გამომივა, არ ვიცი, რადგან "ჩრდილოეთის ვენეციად" მონათლულმა ქალაქმა ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლად მოასწრო ჩემი მოხიბლვა. კიდევ ერთი ჩრდილოევროპული ქვეყნის ნახვამ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სამხრეთის, სამხრეთული ტიპის ადამიანების, კულტურის, ცხოვრების სტილის შესახებ და დამარწმუნა, რომ თავიდან ბოლომდე ვემხრობი და მომწონს ჩრდილოეთი, თავის სიმშვიდით, სტაბილურობით, ლანდშაფტით, არქიტექტურით, ურთიერთობებით, უბრალო, არაამაყი და მშრომელი ადამიანებით. ბუნებრივია, ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე ჰოლანდიასთან. მასაც, იმედია, მალე ვესტუმრებით.
ჩრდილოეთ ევროპისთვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება აქაც თვალშისაცემი იყო და ძალიან მიზიდავდა. ყველა მუზეუმში ექსპონატები სადად და კრეატიულად იყო გამოფენილი. ეს ლაშამაც შენიშნა და ჩემი აღფრთოვანება გაიზიარა. უბრალოდ და სუფთად იყო მოწყობილი ქალაქის პარკები. საერთოდ, ქალაქი თავიდან ბოლომდე მწვანეა და ეს სიმწვანე ყველასთვის მისაწვდომი და თან ხელშეუხებელია.
Labels:
Stockholm,
Sweden,
არქიტექტურა,
მოგზაურობა,
სტოკჰოლმი,
ქალაქი,
შვედეთი,
ჩვენ,
ჯაზი
Subscribe to:
Posts (Atom)
