კიდევ ერთი ზაფხული მთების სიმშვიდესა და სიწმინდეში, კრიალა მთვარით, სიბნელეში ხეების კენწეროებით, ნაწვიმარზე ნაძვების სუნით. ჩრდილი, ნიავი და გარინდება.
Monday, August 4, 2025
Breathe Deep: Mountain Days, Summer 2025
Thursday, August 10, 2023
ვარსკვლავებთან ახლოს
აბასთუმანში ჩვენი სასტუმროს წინ პატარა სახლია. მისი პატრონი არ დამინახავს, სარეცხი კი ჰქონდა გაფენილი ერთ დღეს. უბრალო, ძველებური ხის ცისფერი ჭიშკარი აქვს, სახლიც პატარა, მცენარეებში ღრმად, მოკრძალებულად დგას. ციცქნა ეზოში ყვავილები აქვს, ისინიც ძალიან უბრალო, მინდვრის ყვავილებს გავს. სადღაც ძაღლიც დასუნსულებს. ყველაფერი იმდენად კარგად ეხამება ერთმანეთს, თითქოს დიზაინერს დაეგეგმოს. ეს სახლი ჩემი აქაური ზღაპრის წიგნია. არავისთან ვახსენებ - თითქოს, მეშინია, არ გაქრეს. ვიდეო კი გადავიღე (ქვემოთ).
იმ საღამოს, როცა მანქანა მოხვეული გზით სულ ზემოთ და ზემოთ ადიოდა, ვიფიქრე, რომ ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს ვიყავი და მათთან შესახვედრად მივდიოდი. ტელესკოპში სატურნი ყვითლად ლივლივებდა. ხან კონტურები გაუმკვეთრდებოდა, ხან გაბაცდებოდა, მაგრამ იქ იყო. მის წინაშე ვილოცე, ვღელავდი, თითქოს სამყაროს შემოქმედი განსხეულებული, პლანეტის სახით ვნახე, 40 სმ-იანი რეფრაქტორით კოსმოსს დავუკავშირდი და მასთან ერთად მაგიური ენერგიის საერთო ველში აღმოვჩნდი. სულ რამდენიმე წამი ვუყურე, მაგრამ საკმარისი იყო.
არ ვიცოდი, რომ ზაფხულში ოჯახთან ერთად დასვენების დროს სამყაროს ჩემთვის ასეთი დიდი საჩუქარი ჰქონდა.
Thursday, August 25, 2022
ლეღვის ჯემი
ზაფხულობით ბებია ლეღვის ჯემს ადუღებდა ხოლმე. ეზოში ცეცხლზე შემოდგამდა, მაგიური რიტუალივით გაავსებდა ეზოს გამაბრუებელი სუნით. უკმევდა სიცოცხლეს, შვილიშვილებს, ოჯახის სისავსეს. დიდი მოხუფული ქილით ჩამოჰქონდა ზამთარში. ჯემი სქელი იყო (თვითონ "სკელს" ამბობდა) და ეს კიდევ ერთ ჯადოსნურ თვისებად მიმაჩნდა. ახლა ამ ჯემის მხოლოდ გახსენება შემიძლია, საკუთარი თავის სიღრმიდან გამოხმობა. კვამლის სუნი დაჰკრავდა და დღემდე მგონია, რომ რაც ყველაზე ძვირფასი და გემრიელია, ყველაფერს კვამლის სუნი უნდა ჰქონდეს.
როცა ეს ვიდეო გადავიღე (სანდრასთან ერთად ვაჟაზე მორიგი სეირნობისას), მეგონა, ამ სცენასაც სიღრმიდან ვუყურებდი, ზუსტად იმ დროიდან, ცხოვრებაზე რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი და მარტო შეგრძნებებით, დაკვირვებით და დანახვის სურვილით ვცხოვრობდი. ზაფხულის ღამის დადგომისას ასეთი ყვითელი შუქი და ნიავი მომწონდა.
წლევანდელი ზაფხულის სიტკბო ასე მოვხუფე:Tuesday, August 31, 2021
Ivan Franko
![]() |
| Ivan Franko |
ცოტა ხნის წინ ბიძაჩემი - მურადი დავკარგეთ, კოვიდთან დამარცხდა. სოხუმის ომის დროს უბანში შტაბის უფროსად დანიშნეს. ის და მეზობელი კაცები დიდხანს დარაჯობდნენ სანაპიროს, სანამ იძულებული არ გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ის მაინც გამარჯვებულია ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოიარა. გამარჯვებულია იმ სიკეთის გამო, რასაც მრავალი წელი გვიკეთებდა, სოხუმის წლებში და დევნილობაში. დეიდამ ვერ დაიტირა, საავადმყოფოში იწვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო ჟანგბადის აპარატის გამო. მათი შვილი, ჩემი უფროსი და - მაიკო, რომელმაც სამი წლის წინ დაგვტოვა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რა ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ომგამოვლილ მის მშობლებს რომ გატეხდა. გუშინ ვფიქრობდი: ნეტა, ბოლოს რა უთხრეს ერთმანეთს, სანამ ჯერ კიდევ სასწრაფოს მიჰყავდა და სხვადასხვა პალატაში გაანაწილებდნენ?
ამასწინათ დედას სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, როცა ის დღე გამახსენდა, სოხუმის პორტში გემი "ივან ფრანკო" რომ ჩამოდგა. ირაკლიმ სახლში შემოირბინა, "ივან ფრანკო" შემოვიდა, გავიქცეთ და ვნახოთო. ის დღე ისე ცხადად გამახსენდა და ისეთი მდუღარე ცრემლები წამსკდა, სიღრმეში შევიმალე, რომ ოჯახის წევრები არ შემეშინებინა. გრანდიოზული გემი იყო, სულ თეთრად ქათქათებდა. არც ივან ფრანკო ვიცოდი, ვინ იყო და არც "ამარკორდი" მქონდა ნანახი, რომ გემის სანახავად წასული ქალაქელები გამხსენებოდა. ჩემთვის მაშინ იმ გემის ნახვა დიდ და უცნობ სივრცეებთან ზიარება იყო, იმის წარმოდგენა, გემზე რა ხდებოდა, რამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოჰყავდა, როგორ იყო მოწყობილი, რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცურავდა. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და თავზე დამყურებდა. ქვემოთ წყალი ტყლაშუნებდა და გემის კონტურებს ირეკლავდა, ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, ვახშმობამდე სასტუმროში მისვლა და გამოცვლა უნდა მოესწროთ, ჰაერში მარილის და საწვავის სუნი იდგა, ბავშვები ახლო მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდით, უცნობს, უცხოდ ამაღელვებელს და აუცილებლად კარგს.
ხშირად ვსეირნობდით ხოლმე შედარებით მცირე ხომალდით, ახალ ათონამდე და უკან. ბევრი ახალი სიტყვა მესმოდა, ყველაფერი მაჯადოებდა, როგორც ახალი სათავგადასავლო წიგნი და მსუბუქ ბურუსში მხვევდა. ერთი ასეთი სიტყვა "სკატი" იყო. ამბობდნენ, დაელექტროებული კუდი აქვს, შეიძლება "ვალნარეზს" მოარტყას და მოცურავეებსაც მოხვდესო. სადაც ჩვენ "ვცურავდით", ნაპირთან ახლოს, რკინის ფირნიშზე აქა-იქ ჟანგმოდებული ნეპტუნი იყო გამოსახული, თავისი სამკაპით. ცოტათი მეშინოდა და იმედი მქონდა, რომ ზღვის სიღრმეში შორს ცხოვრობდა და მის რისხვას ავცდებოდით. სანაპიროზე რესტორან "დიოსკურიას" იმ დროისთვის ნოვატორული მოძრავი აბრა ჰქონდა: ლურჯი დელფინი ბრუნავდა. მზად ვიყავი, მთელი დღე მეცქირა მისთვის.
Wednesday, September 2, 2020
საღამო სოფლად
გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.
ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და გზას ენაზება შუქი დამავალი.
მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს,
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი.
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.
(გალაკტიონი. 1915)
ზაფხულის დღეების დინამიკას ჩვენი გოგო მართავდა. განრიგი და მარშრუტები მის ირგვლივ ტრიალებდა. მასთან ერთად ჩვენც სიხარულით მივეახლეთ ნაცნობ და საყვარელ ადგილებს.
საღამოებს განსაკუთრებით ველოდი, რომ სოფელში გამესეირნა. მთელი დღის ნარბენი ფეხები მტკიოდა, სამაგიეროდ, ამერიკული გამოთქმით, თავი მქონდა ღრუბლებში. მივიჩქაროდი ნიავთან, მოშრიალე ხეებთან, ჩამუქებულ მთებთან და დაღამებასთან შესახვედრად. ზუსტად ისე ღამდებოდა, როგორც გალას ამ ლექსში. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა, რომ ცოცხალი და მთელი სხეული გვაქვს, რომ ისევ გვინდა, შევიგრძნოთ სილამაზე, გვიხაროდეს და გვჯეროდეს მომავლის უკეთესობის.
Monday, June 26, 2017
არადუ
![]() |
| pinterest; pascal campion. |

- ახლა ზუსტად ის დროა, ცხელი შუადღით რომ ვიძინებდი, გამოღვიძებულს კი დედას დაყენებული მაწონი უნდა მეჭამა. სოფლის რძით აკეთებდა. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ იდგა მაწვნის ქილები სამზარეულოს მაგიდაზე, ტილოთი შეფუთული. იმ ზაფხულების მოგონების გასაცოცხლებლად საბავშვო წიგნების გადაკითხვაც დავიწყე.
Sunday, August 16, 2015
Blissful
- ადრე დედამ წიგნი მაჩუქა რემბრანდტზე, გამოჩენილი ადამიანების სერიიდან. იქ ეწერა, ტყვიისფერ ცას ხატავდაო. ალბათ ასეთი იყო.
- წლების წინ ვბრაზდებოდი, როცა ზღვაზე დასვენების დროს წვიმა შეგვესწრებოდა. ნანუკამ მითხრა, ასეთი ამინდიც შეგიყვარდებაო. მართალი იყო.
- ჩვენი სასტუმროს აივნიდან ვუყურებდით მთაზე აღმართულ დიდ ჯვარს. ვცხოვრობდით იქ, სადაც პირველ საუკუნეში პირველად იქადაგეს ქრისტიანობა. ვინც იქადაგა, იმის სახელობის ქუჩაზე. What more can you ask for?
- ლაშა დანანებით ამბობს, უკრაინული ენა ძალიან ახლოსაა ძველსლავურთან და გაცილებით ლამაზად ჟღერს, ვიდრე რუსული, უბრალოდ ნაკლებად გავრცელებულიაო. Прощай, мій ангелок. ამ სიტყვებს ვიმეორებდით უკანა გზაზე. კონცერტი გვიან დაიწყო, მაგრამ ლოდინად ღირდა. ჩვენი და უკრაინის ამბების შემდეგ მათი მოსმენა ძალიან ემოციური იყო.
Sunday, July 26, 2015
Summer Blues
Sunday, August 17, 2014
This Month's Instagram
| ხედი ჩვენი სასტუმროს აივნიდან. ჩვენი და კახას აივნებს პატარა ტიხარი ჰყოფდა. დილით ერთმანეთს შევძახებდით და საუზმეზე ჩავდიოდით. |
| ასე ღამდებოდა საირმეში. მთვარე ნელა, მაგრამ გაბედულად ამობრდღვიალდებოდა მთის წვერიდან. |
| უძველესი ქალაქი - ვანი. ხედი ახვლედიანების გორიდან. |
Saturday, August 17, 2013
AKDENIZ
Sunday, July 7, 2013
განშორების სცენები
Friday, June 29, 2012
ქალები ზაფხულში თავიანთი სახლების წინ
ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი.








