Showing posts with label ჩრდილოეთის პეიზაჟი;. Show all posts
Showing posts with label ჩრდილოეთის პეიზაჟი;. Show all posts

Tuesday, May 4, 2021

ჰელენე

 

 ერთ საღამოს ირენმა მითხრა, ეს ფილმი ნახეო. აი, ასე, უბრალოდ. 

ფინელ მხატვარზე, ჰელენე შერფბეკზე 2020 წელს გადაღებული ფილმი რამდენჯერმე ვნახე, ვიკითხე მასზე გამოქვეყნებული სტატიები, ვათვალიერე მისი ნახატები, ჩრდილოეთის მშვიდი და სადა სილამაზის სიყვარულმა საბოლოოდ დამიკარგა მოსვენება და სამუდამოდ დავიდე ბინა მის სამყაროსთან ახლოს.

ფილმი მხატვრის ცხოვრების ერთ მონაკვეთს ასახავს, როცა მისი შემოქმედება ფართოდ აღიარეს. გაკვრით ნაჩვენებია იმ პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ფონი: სამოქალაქო დაპირისპირება და ქალთა უფლებები. ჩემთვის უსასრულოდ საინტერესოა ჰელენე - ქალი, მის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესი, მისი, როგორც შემოქმედის ევოლუცია, მისი უნარი, დაძლიოს ფიზიკური და სულიერი ტკივილი, შეეგუოს არასასურველ რეალობას, გულისტკენას. ქალი ინტერიერში, რომელიც ფიქრობს და ქმნის. ამაზე მდიდარი, ამოუწურავი და საინტერესო იშვიათად თუ იქნება რამე.

იდეასთან ერთად აღსანიშნია ფილმის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე: ინტერიერის ფერები, ნივთები, ჩრდილოეთის ბუნება ყველა სეზონზე, სახლში შემოსული შუქი, დღეების ნელი რიტმი, ქალაქის პეიზაჟები, სოფლის სახლი და ეზო... დღევანდელ დღეს ნამდვილ იავნანასავით ჟღერს ასეთ გარემოში მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება, განათლების მიღება, ანალიზი, ახლის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების გამოკვლევა.

Thursday, January 2, 2014

Northern Landscape


ახლა ზუსტად ის დროა, არდადეგები რომ გვქონდა და უფროსები ჯადოსნურ ზღაპრებს გვიყვებოდნენ შორეულ მხარეებზე. ახლა მინდა, ლარისასავით თეთრი ღუნღულა შალი მეხუროს, ბევრს დავდიოდე სიცივისგან ცხვირგაწითლებული და ასეთ პეიზაჟს ვხედავდე. დიდხანს ვივლიდი და ვუყურებდი ეკლესიის გუმბათებს, ტყვიისფერ ცას, საავდრო ღრუბლებს, გაშიშვლებულ ტოტებს ქარში, ცაში აჭრილ ფრინველთა გუნდს, თეთრ კვამლს, მდინარის ტალღებს, სავაჭრო გემებს და ყვითელ ქუჩის ფანრებს. ასე მგონია, სიცივესაც არაფრად ჩავაგდებდი.  :) 

მადლობა ლაშას ვიდეოსთვის. 

კარგი ახალი წელი გვქონოდეს, ბევრი სილამაზე გვენახოს, გულში დღესასწაული გაგრძელებულიყოს!