Showing posts with label მხატვრობა. Show all posts
Showing posts with label მხატვრობა. Show all posts

Friday, September 27, 2024

ის აქ არის

 

შემოდგომა მთელი თავისი შინაარსით ჩემი შინაგანი სამყაროს ასახვაა. სიხარულით ვხვდები მის შთაგონებას. სეზონის გიდად იაპონური პოეზია და მხატვრობა ავირჩიე. (პწკარედული თარგმანი ჩემი)

გვიან სექტემბერს

ცისფერი ზოლიანი კიმონო აცვია.

კობაიუში ისსა

Late September is

wearing a sky-colored

lined kimono 

By Kobayashi Issa | Translation by Zoria P.K.

 ისეთ რამეს ვუცქერ, 

რაც ედოდან ასე იშვიათად ჩანს -

მთვარის ქვეშ გაწოლილ მთებს.

მაცუო ბაშო

Gazing on something

so seldom seen from Edo,

the moon-topped mountains

By Matsuo Basho | Translation by Andrew Fitzsimons 

Saturday, April 15, 2023

სეფოს სამყაროში

დღეს "რედისონში" ჩემი საყვარელი შემოქმედის გამოფენა დავათვალიერეთ. რაც ყველაზე ძვირფასია და რასაც ბლოგზე ვაარქივებ, დროის, ადამიანების, გონების და ფანტაზიის კინეტიკური კავშირია. მისი მოყოლილი ამბები ჩვენს გონებაში გრძელდება, მდიდრდება და ყოველ ჯერზე ახლდება.

Saturday, November 19, 2022

რა არის ჩემს გულში


სანდრა შაბათ დღეს განსაკუთრებით ელის. იცის, მაგრამ წინა დღით მაინც კითხულობს, ხვალ სად მივდივართო. შაბათობით ხელოვნების სტუდიაში შემეცნებითი გაკვეთილები აქვს. ამოუწურავ ფერად სამყაროსთან ზიარება სიხარულით და შთაგონებით ავსებს. კითხვაზე, რა უნდა გამოვიდეს, არტისტიო, მპასუხობს.

დღეს სტუდიაში სტუმრები დახვდნენ.
 


როგორც შემდეგ გვიამბეს, ბავშვებმა მიიღეს დავალება, დაეხატათ, რა იყო მათ გულში.

ეს სანდრას ნამუშევარია. გულში ვარდისფრად ჩახატა ღიმილი, ყვავილი, წამწამები (განსაკუთრებით მოსწონს, როცა წამწამებზე ტუში მისვია და ყოველთვის აღნიშნავს. როგორც ჩანს, მისთვის ჩემი სიმბოლოა.) მერე კი ამ ყველაფერს იისფერი საბურველი შემოახვია.





Tuesday, May 4, 2021

ჰელენე

 

 ერთ საღამოს ირენმა მითხრა, ეს ფილმი ნახეო. აი, ასე, უბრალოდ. 

ფინელ მხატვარზე, ჰელენე შერფბეკზე 2020 წელს გადაღებული ფილმი რამდენჯერმე ვნახე, ვიკითხე მასზე გამოქვეყნებული სტატიები, ვათვალიერე მისი ნახატები, ჩრდილოეთის მშვიდი და სადა სილამაზის სიყვარულმა საბოლოოდ დამიკარგა მოსვენება და სამუდამოდ დავიდე ბინა მის სამყაროსთან ახლოს.

ფილმი მხატვრის ცხოვრების ერთ მონაკვეთს ასახავს, როცა მისი შემოქმედება ფართოდ აღიარეს. გაკვრით ნაჩვენებია იმ პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ფონი: სამოქალაქო დაპირისპირება და ქალთა უფლებები. ჩემთვის უსასრულოდ საინტერესოა ჰელენე - ქალი, მის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესი, მისი, როგორც შემოქმედის ევოლუცია, მისი უნარი, დაძლიოს ფიზიკური და სულიერი ტკივილი, შეეგუოს არასასურველ რეალობას, გულისტკენას. ქალი ინტერიერში, რომელიც ფიქრობს და ქმნის. ამაზე მდიდარი, ამოუწურავი და საინტერესო იშვიათად თუ იქნება რამე.

იდეასთან ერთად აღსანიშნია ფილმის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე: ინტერიერის ფერები, ნივთები, ჩრდილოეთის ბუნება ყველა სეზონზე, სახლში შემოსული შუქი, დღეების ნელი რიტმი, ქალაქის პეიზაჟები, სოფლის სახლი და ეზო... დღევანდელ დღეს ნამდვილ იავნანასავით ჟღერს ასეთ გარემოში მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება, განათლების მიღება, ანალიზი, ახლის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების გამოკვლევა.