Showing posts with label პარიზი. Show all posts
Showing posts with label პარიზი. Show all posts

Saturday, October 11, 2014

Regards Croisés. Paris - Tbilissi.

დღეს ეროვნულ გალერეაში ფრანგი ქართველი მოქანდაკის - დარეჯან ბერეკაშვილის და ქართველი მხატვრის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა გაიხსნა. ჩემი სამსახური გამოფენის პარტნიორია. პროექტმა საშუალება მომცა, არტისტები პირადად გამეცნო და მათთან ერთად მემუშავა. ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, თუ როგორი უბრალო და თავმდაბალი ადამიანები არიან.


არ ვიცი, სხვა ერების წარმომადგენლები ასე მძაფრად, იდეალისტურად და ტკივილიანად თუ აღიქვამენ სამშობლოს სიყვარულს, როგორც ქართველები. ამაღელვებელი იყო ამ ორი შემოქმედის უსაზღვრო ნიჭიერება, მათ მიერ ყველაფერი ქართულის ლოლიავი, ქართული სინამდვილის ასე დახვეწილად გადმოცემა და ყველაზე მეტად ის ამბები, რასაც მათი სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები ჰყვებიან. 


დარეჯან ბერეკაშვილი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. პარიზში დაიბადა. იქ ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, ბაბუაჩემის სამშობლოში ჩამოვედიო. მის ქანდაკებებს ჰქვია: "ნაბადი", "მწყემსი", "ვაჟა", "შოთა", "იაზონი", "მოსეირნე", "წყვილი", "ოჯახი", "მოცეკვავე"... მაოცებს, როგორ შეიძლება, პატარა ბრინჯაოს ქანდაკება ამდენს ამბობდეს. მწყემსის ფიგურა მაღალი და აწოწილია, საქართველოს მთებივით. თითქოს იქედან მარტო თავის ფარას კი არა, მთელ ქვეყანას გადაჰყურებს. ცერებზე შემდგარი მოცეკვავე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ამბებს ჰყვება, როგორ შრომობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, იცავდნენ სამშობლოს. მადლიერი ვარ, რომ მისი არტისტული აზროვნება მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს დატრიალებდა. 

მგონი გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, საქართველოს ყველაზე სწორად მაშინ დაინახავ, როცა მის საზღვრებს გასცდებიო. ჩემი აზრითაც, ყველაზე საინტერესო გლობალური პერსპექტივიდან დანახული საქართველოა.

ლევან ჭოღოშვილი მისთვის დამახასიათებელ, შერეულ ტექნიკას იყენებს. როგორც ფიქრის მდინარებაში ერთად ჩნდება სახეები, ფიგურები, ფერები, ისე ერთად, ჰარმონიულად გვაჩვენებს საქართველოს ახლო წარსულს. ვუყურებდი თავადაზნაურთა სახეებს და მინდოდა, ახლაც ისეთ საქართველოში მეცხოვრა, ისეთი ადამიანებისთვის მეყურებინა, ჩიხტიკოპიანი ქალებისთვის, სათნოსახიანი პატრიარქებისთვის, წითელჩოხიანი, წვრილულვაშიანი და დატალღულთმიანი კაცებისთვის, მრისხანესახიანი მხედრებისთვის... და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წითლების შემოჭრამდე იყო.

დღეს ხელოვნების კრიტიკოსმა თქვა, ლევანი და დარეჯანი თავიანთი შემოქმედებით საქართველოს იცავენო. ერთი პარიზში დგას სადარაჯოზე, მეორე - თბილისშიო. ბოლო ოცი წელია, საქართველოს ცხოვრებას ფერით და ფიგურით წერენ. ექსპოზიცია მძაფრ ემოციას იწვევს - ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებს, თითქოს არტისტები ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ.





ერთ ტილოს ერქვა: "ლადიკო ნიჟარაძის გამარჯვება მილანში." დღეს ხელოვანებმა თბილისში გაიმარჯვეს, - იმ ცენზურაზე, ვინც ნაწარმოებების გამოფენას უკრძალავდა, იმ წითლებზე, რომლებმაც მათი საყვარელი ქვეყანა ინდუსტრიალიზაციის ნიღბის ქვეშ დაიპყრეს და იმ ძალაზე, რომელიც საქართველოს ბევრს ვერაფერს დააკლებს იმიტომ, რომ მას ზუსტად ასეთი არტისტები იცავენ.



ფოტოებისთვის მადლობა ფიქრიას.

Thursday, June 19, 2014

Paris après 10 Ans

ცოტა ხნით გამომყევით პარიზის ქუჩებში სასეირნოდ...






CITIZEN COMMITMENT GAMES: ENSEMBLE, NOUS AVONS ÉTÉ PLUS LOIN !

მოგიყვებით, როგორ გავინავარდე პარიზში "სოსიეტე ჟენერალის" დაბადების დღეზე. ბედნიერი ვარ, რომ ისტორიული მნიშვნელობის, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. 
150 წლის წინ, ფრანგმა მეწარმეებმა დააარსეს ბანკი, რომელსაც უწოდეს Société Générale pour favoriser le développement du commerce et de l'industrie en France. (საფრანგეთში ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება) 
როგორც სახელწოდება მოწმობს, „სოსიეტე ჟენერალის“ საქმიანობის მთავარი მიზანი ეკონომიკური განვითარება იყო. ალბათ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მისი ხელშეწყობით შეიქმნა საფრანგეთის წამყვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჯგუფები. მისი მეშვეობით დაფინანსდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა: პარიზის მეტროპოლიტენი, საფრანგეთის და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზები, პანამის არხი, სუეცის არხი და ეიფელის კოშკი.
ცხადია, იცით, რომ „სოსიეტე ჟენერალი“ ჩვენთან ბანკ "რესპუბლიკითაა" წარმოდგენილი. 150 წლის იუბილესთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ აღნიშვნის მთავარი ფორმა სოლიდარობა იქნებოდა. გარე კომუნიკაციაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჯგუფის მთავარი ღირებულება "გუნდური სულისკვეთებაა." ჰოდა, ამ მნიშვნელოვან დღეს, ვფიქრობ, კარგად ვაჩვენეთ, რომ ერთად დგომით შეგვიძლია სიკეთის კეთება. სპორტი და ქველმოქმედება - უკეთესად როგორ შეიძლება გამოხატო ერთ გუნდად ყოფნის ძლიერება და სოლიდარობა? წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარი რაგბის ექვსი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. საკვალიფიკაციო თამაშებამდე ჩვენი მეგობარი ბავშვთა სახლისთვის უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა შევაგროვეთ. ასე მოქცნენ კიდევ 28 ქვეყნის კოლეგები: აირჩიეს თავიანთი ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის სასარგებლოდაც შეწირულობა შეაგროვეს და პარიზში "მოქალაქეობრივი სოლიდარობის თამაშებზე" წამსვლელი ფინალისტები გამოავლინეს. 
თამაშის წინ