Showing posts with label ჯარისკაცი. Show all posts
Showing posts with label ჯარისკაცი. Show all posts

Monday, March 17, 2014

Definitely Maybe

ეს ფოტოები 2008 წლის სექტემბერში, კუნძულ ტექსელზე გადავიღე. იქაურმა მეგობრებმა ქართველი მეომრების სასაფლაოზე წამიყვანეს. მაშინდელი აგვისტოს კოშმარი ახალი დასრულებული იყო. იმ პერიოდში მუშაობა არ შემეძლო, ბანკიდან ადრე გამოვდიოდი, ქუჩაში უაზროდ დავდიოდი და ხმამაღლა ვღრიალებდი. დილით თვალს გავახელდი თუ არა, ყველაფერი მახსენდებოდა, ჩვენი უმწეობა ჭკუიდან მშლიდა და ისევ ტირილს ვიწყებდი. მაშინდელი ჰოლანდიური პრესა სავსე იყო სტატიებით საქართველოზე. ბანკის კოლეგები გვერდით დამიდგნენ: ფსიქოლოგთან ვიზიტი დამინიშნეს. ქუჩაში არავინ მეკითხებოდა, რაზე ვტიროდი: ჩემს პრივატულობას უფრთხილდებოდნენ. პატივს იმით მცემდნენ, რომ არ მიყურებდნენ და უხერხულში არ მაგდებდნენ. ქართულ საიტებზე ვკითხულობდი ერთსა და იმავე ნიუსებს. ჩემი ჟურნალისტი მეგობარი - ეკა მიგზავნიდა დაჭრილ ჯარისკაცებთან გადაღებულ ფოტოებს...

ტექსელის სასაფლაოზე ჩვენი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გამოვიტირე. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ მაშინაც გვხოცავდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს და ახლაც... ჩვენს უბედურებას ყველაზე მეტად ის ამშვენებს, რომ სულ ფეხებზე ვკიდივართ ბებერ ევროპას და ახალგაზრდა ამერიკას. მგონი, უკვე იციან, საქართველოს და უკრაინის შემდეგ მორიგი მსხვერპლი ვინ იქნება.