Tuesday, June 18, 2013

MODERATO

ბლოგი მიტოვებულივით მყავდა. ჯერ აღდგომა იყო და შვებულება ავიღე, მერე ჩემი დაბადების დღე, მერე სამსახურის საქმეები გადაება და დრომ მალე ჩაიქროლა (ნეტა, ნელა როდის გადიოდა?). "მყავდა" დამიწერია. კარგია, ალბათ, ცოცხალი რომაა, იმიტომ.

ერთ ბანალურ რაღაცაზე მინდა დავწერო. ეს ამბავი ძალიან მასევდიანებს და იქნებ, ამით ცოტა შემიმსუბუქდეს, ან კარგი აზრები მოვისმინო. მოკლედ, ისაა, შენ რომ ვინმეს სიკეთეს სთავაზობ და ის რომ არ იღებს, ან იღებს, მაგრამ სხვათაშორის და ამ დროს რომ თავს ისე გრძნობ, "ვ დურაკახ". 

უცნაური სიტუაციაა. სიკეთის მკეთებელი, რომელსაც მართლა უნდა, მეორე ადამიანი გაახაროს, ბრიყვი და მოცლილი გამოდის. მისი ყურადღება არ სჭირდებათ. მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება, ან პირდაპირი უარი. ის მეორე არის "ქულ", პრაგმატული, თავაღერილი, დროის განმკარგავი. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა  შენი ზრუნვა "ზედმეტი"? როგორ უნდა დაიცვა ზომიერება ადამიანებთან ურთიერთობისას? არ ვიცი. 

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ტავიანების "ქაოსი". რამდენიმე ნოველისგან შედგება. ერთი ეპიზოდია, რომელიც ბოლოს მიღებს. ქალს სამი შვილი ჰყავს, ორი "ნამდვილი" და მესამე მოძალადისგან ჩასახული. ის ორი ემიგრაციაში წავა და დედა სულ არ ახსოვთ. დედა "წერილებს" უგზავნის (რეალურად, ჰგონია, რომ უგზავნის) და ჯიუტად ელის, სჯერა მათი. უკვე ნახევრად გიჟია, სულ გზაზე დგას, მეზობლები სერიოზულად არ აღიქვამენ. მესამეს უყვარს და ეცოდება. ყოველდღე მიდის იმ გზაზე, დგას, უყურებს და თანაგრძნობის იმედი აქვს. თიხის ჯამით დედისთვის ახლადმოწველილი რძე მიაქვს. დედა დასჯილივით ექცევა, ლამის ქვა ესროლოს და გააგდოს. ვერ ვუძლებ ამ კადრებს... მიჭირს. ნეტა, რამდენ ხანს ივლის ის პატიოსანი, მშრომელი გლეხი იმ გზაზე? წარმოვიდგენ, როგორი დარდით ცხოვრობს, რამდენს შრომობს, როგორი ცოლშვილი ჰყავს... ძალიან სევდიანად გამოიყურება სახლ-კარი, საქონელი, ნაშრომი, რომელსაც უანგაროდ სთავაზობენ და რომელიც....რომელიც არ უნდათ. 



აქ დავასრულებ, ნამეტანი რომ არ მომივიდეს და თქვენც არ დაგასევდიანოთ. თუ ფილმს ნახავთ, მითხარით, როგორ მოგეწონებათ.

6 comments:

  1. თიკო, შენმა ბლოგმა დამაფიქრა. მეც მქონია ცხოვრებაში სიტუაცია, როდესაც მეორე მხარეს ყრუ კედელი მხვდებოდა და ის ყრუ კედელი ძალიან პრაგმატული, საღად მოაზროვნე და "ქუულ" იყო. მიხარია, რომ საბოლოოდ მივხვდი, "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" მაგრამ, ერთი წუთით არ გადავიფიქრებ ისეთი ვიყო, როგორიც ვარ! ზრუნვა და სიკეთის კეთება იმდენი დადებითი ენერგიით მავსებს! ყრუ კედლებმა იკითხონ, თიკო :) ნანა

    ReplyDelete
  2. მე ძალიან დამაკლდა შენი ნაკადულივით პოსტები...

    ადრე მქონდა მსგავსი შემთხვევა და ძალიან განვიცდიდი, მაინც ვცდილობდი კარგ ადამიანობას, დახმარებას და ბოლოს მომბეზრდა. ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება, მაგრამ ამ ფილმის სიუჟეტზე გამაცია, საყვარელი/ახლობელი ადამიანის მიტოვება ძალიან რთულია და შეუძლებელია "მოგბეზრდეს". რამდენი საპირისპირო მაგალითი ვიცი, დედები რომ თან ჰყვებიან შვილებს და ისინი ყურადღებას არ აქცევენ, ან ცოლები ქმრებს და პირიქით... ძალიან მძიმე თემაა, კარგად რომ დაფიქრდე და მეც დამასევდიანა ამაზე დაფიქრებამ ახლა.

    ფილმს, კი არ ვიცი, ვნახავ თუ არა. რაც შვილი მყავს, ძალიან მგრძნობიარე გავხდი, ისედაც დედაშვილობის თემა ფილმებსა თუ წიგნებში გულს ყოველთის მიჩქარებდა და ერთადერთია, რაზეც მიტირია და ახლა, საერთოდ, მიჭირს მსგავსი ფილმების ნახვა.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ალბათ ნელ-ნელა მართლა ასე იქცევი, ახლობლებით იფარგლები და აღარ იკლავ თავს ბევრ რაღაცებზე. მეც გამახსენდა ახლა, რეზო ინანიშვილს აქვს მოთხრობა დედაზე და ორ ზარმაც შვილზე. მთელი დღე ღიპებზე ხელებს რომ ისვამენ, ან სძინავთ, ან ჭამენ, ან ბირჟაზე სხედან. დედა ცეცხლთან დგას და წვნიანს ხარშავს. იხრუკება ცეცხლის ალთან, ცალკე სიცხით და ცალკე ამ შვილების დარდით. სხვა მოთხრობებიც აქვს დედაშვილობაზე.

      Delete
    2. ზრუნვა "ზედმეტი"? თანაგრძნობა არა მგონია იყოს ოდესმე ზედმეტი. იქნებ ჩვენ "გვეზედმეტება"? არც ის მგონია არგაცემამ მოგვცეს "კომფორტი":) ალბათ უფორ "დისკომფორტი". დღესასწაულია თანაგრძნობა, და ალბათ უფრო მისთვის ვინც გასცემს, ვიდრე იმისთვის ვინც ადრესატია...

      არც ის მგონია ინანიშვილის უძღები შვილების "დედას" ჰქონოდა ეგ გრძნობა "ზედმეტი"...

      პ.ს. კომენტისთვის ნუ გამკიცხავთ, ის პირველია და გამოუცდელი:)

      Delete
    3. პირველია და ძალიან საჭირო! მადლობა. მიხარია, შენნაირი მეგობარი რომ მყავს. შენი სიტყვა ხომ იცი ბევრს ნიშნავს.

      Delete