Showing posts with label ბებია. Show all posts
Showing posts with label ბებია. Show all posts

Wednesday, January 27, 2016

სამოთხის ფერი

ირანელი რეჟისორის - მაჯიდ მაჯიდის ფილმი ვნახეთ, "სამოთხის ფერი". ეს რამდენიმე დღეა, იქ ვარ, იქ დავრჩი.

ადრე სხვა ფილმიც ვნახეთ მისი, "ზეცის შვილები". ისეთ ფილმებს იღებს, პირველივე წუთებიდან რომ ყველაფერი გავიწყდება და გაუნძრევლად უყურებ.

სავალუტო კრიზისის, გრიპების ისტერიის და თოვლ-ყინვის შუაგულში მყოფი სულ უფრო მეტად ვისწრაფი იმისკენ, რასაც რეჟისორი გვახსენებს, საითკენაც გვახედებს ჩვენ, რკინაბეტონის ქაოტურ ქალაქში ამომხრჩვალ და საცობებში ნაჯაჯგურებ ეგოცენტრიკებს.


შენ, ადამიანო, ასეთი უნდა იყოო - ამას მკარნახობს ამ პატარა ბიჭის - მოჰამედის ყველა მოძრაობა, მოქმედება. თვალხილულ ადამიანებზე ბევრს ხედავს, ბევრი ესმის; უშუალო და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს გარემოსთან. მასწავლებელმა უთხრა, ღმერთს ვერ დაინახავ, მაგრამ ყველგანაა და უნდა იგრძნო, უნდა შეეხოო. მისთვის ყველაფერი ღმერთის ძალის გამოვლინებაა: ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყის სუსტი ხმა, კოდალას მორზეს ანბანი, მისი სოფლის მაღალი ბალახი, მდუმარე კენჭები მდინარის ფსკერზე... 

Tuesday, October 28, 2014

თამარა ბებოს ლექსიკონი

ნათელა, დიანა, თამარი
ბებოს სიტყვების და გამოთქმების შეგროვებას დიდი ხანია ვაპირებდი. გთავაზობთ პირველ, არასრულ გამოცემას.

გენაცვალა ბებია - გენაცვალოს ბებია
გკოცნი, გეხვევი და გემუდარები - ასე ამბობს სატელეფონო საუბრის ბოლოს;
იზაკუსკე? - ისაუზმე?
ერიანი სახე აქვს - სასიამოვნო იერი აქვს
იძგიბება - თვალებს ქაჩავს;
უნირო და უსაქციელო - ასე ამბობს, როცა ვინმეს ქცევა არ მოსწონს;
ნაირიანად მოდი, კამათელო - ამბობს ნარდის თამაშის დროს;
უღირსი - უნახავს რომ გაგხდის, ისეთი; საქები სიტყვაა;
რიზინა - რეზინა
ჩუმი მაკეთებელი - საოჯახო საქმის მცოდნე და ჩუმად მკეთებელი ქალი;
რიკვილები - რიკულები
მუნჩქი - მოუხდენელი ადამიანი
ჟრუნი - ჟღალი, ჭრელი
ებრიელი - ებრაელი
ბრეწაული - ბროწეული
ხპო - ხბო
სხვათაშორის ნუ აკეთებ საქმეს - ამბობს, როცა ვინმე უგულოდ და უხალისოდ მუშაობს;
ალღვანელები - ავღანელები
ჩხუპი - ჩხუბი, ომი
კაჩაღი - ყაჩაღი
რამდი - სანამ
დაჯედი - დაჯექი
არალი - არ არის
ციგანო შენ - ამბობს, როცა ბავშვს უჯავრდება;
ჟულიეტა - ჯულიეტა
ენუქიძე - (კახა) ბენდუქიძე
ქარდამაძე -(გიორგი) თარგამაძე
გრიგოლ გრიგოლავა - იგორ გიორგაძე
გადიტანე - გადაიღე (კერძი, სუფრაზე)

ახლა მთავარი სიურპრიზი:

ბებო და გოგი ჭუმბაძე შარშან დედას დაბადების დღეზე:


 ბებო ვიდეომოკითხვას უგზავნის თავის შვილიშვილს, ჩემს დეიდაშვილს - მაიკოს მოსკოვში:

 

ბებოს საფირმო სიმღერა "საპოვნელა".

 

Saturday, May 10, 2014

ფოტოამბები





ჩვენს ოფისს უკანა ეზოს მხრიდან სკოლა ესაზღვრება. იმ დღეს ფანჯრის მწმენდავების დანახვაზე ბავშვები ძალიან გახალისდნენ. პატარა გოგოები ღია ფანჯრებს მოაწყდნენ: "კაცი!" "კა-ცი!" "გამარჯობათ!" "როგორ ბრძანდებით?" "ჩვენი სკოლის ფანჯრებიც გაწმინდეთ, რა!" 


Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Thursday, November 29, 2012

ბებული

როცა ქალბატონ დონარას შესახებ დავწერე, სოფიმ და ქეთიმ მთხოვეს, სხვა გამორჩეული ადამიანებიც გაგვაცანიო. ლაშამ მითხრა, მოდი, ბებულიზე დაწერეო. იოლი არ იქნება უახლოეს ადამიანზე დაწერა, თუმცა ეს ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი და დღიურებში ვწერდი, რომ ბებოზე ფილმს გადავიღებდი.

თამარა ბებო ჩემს ცნობიერებაში თითქმის დაბადებიდან გაჩნდა. როცა ქუთაისში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ორ პატარასთან მარტო დარჩენილ დედაჩემს ეხმარებოდა. სულ დატვირთული ჩამოდიოდა, თავის მოწეულ პროდუქტებს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულსაც აუცილებლად დაამატებდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ   ჩავდიოდით მასთან. ჩემი სოფელი ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. ზაფხულობით ხშირად ვიყავით ბებოსთან. დედა ხანდახან სამსახურშიც იქედან დადიოდა. ღამეები იყო ხოლმე საოცარი. ასწლოვანი ძელქვის ქვეშ მაგიდასთან ვჯდებოდი, ბავშვურ-რომანტიკულ-ფილოსოფიური ფიქრებით დატვირთული. კიდევ დაღამება მიყვარდა განსაკუთრებით. მეზობლების ეზოებიდან ისმოდა, როგორ აბინავებდნენ შინ დაბრუნებულ საქონელს, როგორ დგამდნენ ძირს ალუმინის ვედროებს, აჭრიალებდნენ ჭიშკარს. მერე ფეხზე იხდიდნენ და სახლში შედიოდნენ. იქედან ხმამაღლა ჩართული ტელევიზორების ხმები გამოდიოდა. ასეთ ბანგიან შეღამების დროს მე და ჩემი ძმა ეზოში ვტრიალებდით ხოლმე, ხელები განზე გვქონდა გაშლილი და ზემოთ ვიყურებოდით. იქამდე ვტრიალებდით, სანამ თავბრუ არ დაგვეხვეოდა და ბალახზე არ დავეცემოდით. ამ დროს ცას ვუყურებდით, რომელიც ჩვენს თავზე სწრაფად ტრიალებდა.

როცა თბილისში წამოვედით, ბებული სევდიანად ამბობდა, ვერ  ვიტან, როცა ავტობუსი ჩამოივლის; ვიცი, რომ თქვენ არ ჩამოხვალთო. ახლა ჩვენთან ზამთრობით რჩება, სამივე შვილთან, რიგრიგობით. სააღდგომოდ ისევ სახლში მიდის, რომელიც ქვეყანას ურჩევნია. უბედნიერესია, როცა მასთან ჩავდივართ, თუ თან მეგობრები გვახლავს, მაშინ სულ ბრწყინავს. ახალგაზრდებთან ყოფნა ძალიან უყვარს. ხელად გაამზადებს სადილს,  სუფრაზე ღვინოს შემოდგამს და დაჯდება. სუფრა სიმღერის გარეშე ვერ წარმოუდგენია: წამოიწყებს და სტუმრებს აიყოლიებს. შარშან ლაშას ნამღერი მოვასმენინე აიფოდით. საკუთარ სიმღერას ასრულებდა. სახე გაუნათდა. მთელი დღე ამბობდა, როგორ ვისიამოვნეო. სანამ ჩვენთან ჩამოვა, სულ მენატრება და მახსენდება, როგორ მიგზავნიდა მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, თავის ეზოში გაზრდილ ვარდებს.

Tuesday, June 12, 2012

una vez...

ერთ უბრალო ამბავს მოვყვები. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ, საბურთალოდან ვაკეში მივდიოდი დიდი ავტობუსით. თბილი სეზონი იყო. შუა კართან, ფართო ადგილას, ჩემთან ახლოს ერთი ქალი იდგა. მისი სახე დღემდე არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იდგა, შუბლით მინას იყო მიყრდნობილი და თავისთვის ღიღინებდა. პატარა ტანის, მოხუცი ქალი იყო, საკმაოდ ღარიბულად ეცვა, მაგრამ გამხდარი და საცოდავი არა, ყოჩაღი ქალი იქნებოდა. თან არაფერი ჰქონდა, რომ მივმხვდარიყავი მეეზოვე იყო, დამლაგებელი, თუ უბრალოდ პენსიონერი ბებია. ხელებით გრძელ სახელურს ეყრდნობოდა. ძალიან გემრიელად იყო თავის მარტოობაში. უკან ან გვერდზე ერთხელაც არ მოუხედავს. ღიღინის დროს ხმას ხანდახან ოდნავ აუწევდა, სხვა დროს დაბალ ხმაზე რაღაც რუსულ მელოდიებს მღეროდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ იმდენად ჩართული იყო თავისსავე მოგონილ თამაშში, თითქოს მატარებლიდან რუსულ სტეპებს ან ხორბლის ყანებს ხედავდა და მათ ეჩურჩულებოდა, ან თავის ახალგაზრდობის ოცნებებს და ტკბილ მოგონებებს ცხადად ხედავდა და მათ ახმოვანებდა. ძალიან გამიტაცა მისმა სმენამ და ცქერამ. ისე იდგა, მარტო უკან შეკრულ ჭაღარა თმას და ცხვირის წვერს ვხედავდი. საერთოდ არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა. არ მინდოდა, მასზე ადრე ჩავსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ვაკეში ისე მივედით, ისევ ისე იდგა. გზაში იმასაც ვფიქრობდი, სადმე გადაკრავდა და სულ ესაა-მეთქი, მაგრამ მაინც მისტიკური ქალი იყო. სულ არ გამიკვირდება, ვაჟაზე რომ ავტობუსში ავიდე და ისევ იქ დამხვდეს, დაბალ ხმაზე მოღიღინე.

დავით კაკაბაძის ნახატი.