Thursday, April 18, 2024
დედა იცინის
Saturday, June 17, 2023
სანდრას შემოქმედებითი ცხოვრება
15 ივნისს მზიურის კაფეში სტუდიის სხვა ბავშვების ნახატებთან ერთად სანდრას ნამუშევარი გამოიფინა.
Saturday, March 4, 2023
გაზაფხულის ძებნაში
ჩვენი საღამოს საკითხავებიდან ბოლო პერიოდში სანდრას "ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი" მოსწონს. ბაყაყუნა და გომბეშიკო მეგობრები არიან. ერთ მწვანე სოფელში მყუდრო, ლამაზ სახლებში ცხოვრობენ, საუზმეს ღია ფანჯარასთან მიირთმევენ, ერთმანეთს ყოველდღე სტუმრობენ, ერთად თამაშობენ, მდინარეში ბანაობენ, ფრანს უშვებენ. საღამოობით აივანზე სხდებიან, ვარსკვლავებს უყურებენ და ამბებს ჰყვებიან.
ამ საღამოს გაზაფხულის ზღაპრის წაკითხვა მთხოვა. ამ ზღაპარში ბაყაყუნა და გომბეშიკო სოფელში სეირნობისას თავსხმა წვიმაში მოყვებიან. გასაშრობად ბაყაყუნას სახლს შეაფარებენ თავს, ცეცხლთან თბებიან, ჩაის და ნამცხვარს მიირთმევენ და საუბრობენ. ბაყაყუნა გომბეშიკოს უყვება, როგორ ეძებდა გაზაფხულს, რადგან, როცა პატარა იყო, მამამ უთხრა, შეიძლება ნაცრისფერი დღე იყოს, მაგრამ გაზაფხული ჰაერში ტრიალებდეს და მალე კარს მოგვადგესო. ბაყაყუნამ გაზაფხულის ძებნაში ბევრი იარა, მოიარა ტყეები და მდელოები, დაიქანცა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბოლოს, სიარულით დაღლილს გაუწვიმდა და ისევ სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. თავის ეზოში კი ბაღში მოფუსფუსე დედა და მამა დახვდნენ. მოლზე ყვავილები ამოსულიყო, ხეებზე კი ჩიტები ისხდნენ და ჭიკჭიკებდნენ. ასე მიაგნო ბაყაყუნამ გაზაფხულს. ამ ეპიზოდის ილუსტრაცია ასეთია (გუგლში ვერ ვიპოვე): დედა და მამა ბაღში ჩითილებთან დგანან და შინ დაბრუნებულ შვილს ხელს უქნევენ.
სანდრას სიტყვებიდან მივხვდი, რომ ამ ეპიზოდის იდეამ და ემოციურმა ნაწილმა იმოქმედა მასზე ყველაზე მეტად. კითხვის დროს წიგნი დახრილი მიჭირავს, რომ თან სურათებს შეხედოს და ამბით ბოლომდე დატკბეს.
მიკვირს ხოლმე, როგორ იცის ადამიანმა თავიდანვე, რაა მნიშვნელოვანი და რა სჭირდება: სამყაროში გასულს და თავგადასავლიდან შინ დაბრუნებულს მისი მთავარი დასაყრდენის, მშობლების ერთად ნახვა და მათთან ერთობის განცდა. მახსოვს, ჩემს ძმას სპეციალურად არ დაჰქონდა გასაღები, რომ საღამოს შინ დაბრუნებულს მისთვის დედას გაეღო კარი. სანდრაც, როცა სადმე ხალხმრავალ ადგილას ერთობა და თამაშობს, ყველაზე მხიარულ წუთებშიც კი თვალით მეძებს, რომ დარწმუნდეს, რომ იქ ვარ და ვუყურებ. გაზაფხულის პირველი კვირაა და თითქოს ამ ამბებმა სპეციალურად მოიყარა ერთად თავი.
[ინფორმაცია წიგნის შესახებ: Arnold Lobel, Frog and Toad. გამომცემლობა "ზოლიანი კატა" 2020. თარგმანი: ლელიკო და გია გოკიელების; რედაქტორი ანა ჭაბაშვილი; გამოიცა აშშ საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.]
ალბათ, ბაყაყუნას მამა ასეთ დღეებს გულისხმობდა, როცა შვილს გაზაფხულის მოახლოებას უხსნიდა. სანდრა ამბობდა, წვიმა გვეფერებაო, გუბეებში დააბოტებდა, ხეზე კოდალას აკვირდებოდა.
Wednesday, September 2, 2020
საღამო სოფლად
გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.
ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და გზას ენაზება შუქი დამავალი.
მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს,
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი.
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.
(გალაკტიონი. 1915)
ზაფხულის დღეების დინამიკას ჩვენი გოგო მართავდა. განრიგი და მარშრუტები მის ირგვლივ ტრიალებდა. მასთან ერთად ჩვენც სიხარულით მივეახლეთ ნაცნობ და საყვარელ ადგილებს.
საღამოებს განსაკუთრებით ველოდი, რომ სოფელში გამესეირნა. მთელი დღის ნარბენი ფეხები მტკიოდა, სამაგიეროდ, ამერიკული გამოთქმით, თავი მქონდა ღრუბლებში. მივიჩქაროდი ნიავთან, მოშრიალე ხეებთან, ჩამუქებულ მთებთან და დაღამებასთან შესახვედრად. ზუსტად ისე ღამდებოდა, როგორც გალას ამ ლექსში. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა, რომ ცოცხალი და მთელი სხეული გვაქვს, რომ ისევ გვინდა, შევიგრძნოთ სილამაზე, გვიხაროდეს და გვჯეროდეს მომავლის უკეთესობის.
Sunday, May 17, 2020
ბუმბულის სუნთქვა
Monday, December 9, 2019
ნისლში და ქარში
![]() |
| photo by: Daniel J. Schwarz |
ახლა ზამთრისპირის ბურუსში ვდგავარ. თოვლიანი კადრები მახსენდება "ნატვრის ხიდან", თეთრი სიჩუმის და სიტყვები, როგორც კარლო კაჭარავას ნახატებზეა, გამოსახულებასთან ერთად: "ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში." ინგლისურ ბაღებში მინდა ვიარო და ვნახო, როგორ ჩააყუჩებს და მიაძინებს ყველა საწუხარს, ძველსა და ახალს. მერე "სარკეში" გავჩერდები, ტარკოვსკის მამის ლექსებს მოვისმენ, ამ სოფელში ნიავის ხმას... ალბათ სხვა ადამიანების შექმნილ ხატებთან ზიარებაა, რაც უმძიმეს ადამიანურ განცდებსაც კი ყველაზე ასატანს ხდის.
Sunday, October 20, 2019
Le rappel des oiseaux
მინდა, ასე უსასრულოდ ვიხეტიალოთ და სულ შემოდგომა იყოს. დავიკარგოთ ფერებში, სხივებში, სითბოში, სიცილში და მუსიკაში.
Tuesday, October 23, 2018
შინ თბილად შემოდგომაზე
ახლა ჩემი სულის სეზონი დგას. საკუთარი თავის სიღრმეებში ყოფნას ყველაზე კომფორტულს ხდის. საიდანღაც დაბრუნების და საკუთარ სივრცეში მყუდროდ და უსაფრთხოდ ყოფნის განცდას მიმძაფრებს. წიგნის ჩანიშნული გვერდივითაა, მიუბრუნდები, გადაშლი და იქვეა. შენთვის.











