Thursday, April 18, 2024

დედა იცინის

 



კვირაში ერთხელ მენტალური არითმეტიკის სკოლაში დავდივართ. ბაღიდან გამოვიყვან, სნექებს მოიმარაგებს და ჯგუფელებს ეგებება. ხშირად სამუშაო მიმაქვს, გვერდით ოთახში მოვეწყობი ფანჯარასთან და გაკვეთილის დროს რაღაცებს ვილევ, ზოგჯერ ქუჩის ქაოსს ვუყურებ და თავს მყუდროდ ვგრძნობ, განსაკუთრებით ცივ ამინდში. იმ დროს მარტო ჩვენი ჯგუფი მეცადინეობს, სკოლაში ჩვენს გარდა არავინაა, მშობლები წყნარად საუბრობენ (ხშირად მეც ვერთვები), ჩვენი ნივთები ერთად აწყვია, ოთახიდან მასწავლებლის და ბავშვების ხმები ისმის. შესვენებაზე ბავშვები გამოეფინებიან, დარბიან, კისკისებენ, სუსნაობენ, თამაშობენ. მერე მასწავლებელი ისევ კლასში აბრუნებს, იქაურობა წყნარდება, ბავშვებისთვის მომარჯვებულ ნივთებს ვალაგებთ და საუბარს ვაგრძელებთ. ამ რუტინას ძალიან შევეჩვიე და ყოველ კვირას ველი. 

დღეს გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა: "სანდრა წერდა, უცებ თავი ასწია და თქვა: გვერდით ოთახში ჩემი დედა იცინისო." 

ამ სიტყვებს ისეთი მაკურნებელი ეფექტი ჰქონდა, როგორიც ყველა დაღლილ მშობელს სჭირდება, განსაკუთრებით დატვირთულ კვირის დღეებში. შვებისმომგვრელია, რომ ბავშვი ცხოვრებას ასე აღიქვამს. პატარა, კეთილგანწყობილ სივრცეში ახალ ცოდნას იღებს, უხარია და სიამოვნებს თანატოლებთან ურთიერთობა, გვერდით ოთახში დედა ელოდება. მერე ერთად გაუყვებიან ქაოტურ ქუჩას, უსწორმასწოროდ დაყენებულ მანქანებს, გამქრალ ტროტუარს, ბევრს ილაპარაკებენ, წაიკითხავენ წარწერებს და სულ მალე სახლში ავლენ. 

სულ 6 წლისაა და დიდი ადამიანივით იცის ხოლმე წარსულის პატარა ეპიზოდების გახსენება, დეტალების აღწერა, ისეთი მომენტების, როცა თავს ბედნიერად გრძნობდა. მინდა, ეს დღეც დაამახსოვრდეს. მინდა, დიდობაშიც ისე იგრძნოს  თავი, როგორც დღეს, როცა გვერდით ოთახიდან დედის სიცილი ესმოდა.

6 comments:

  1. ვა,თიკო,რა კარგი მთხრობელი ხარ,მართლა ერთი მოსმით იკითხება და იცი რა? დასვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.ბრავო!❤

    ReplyDelete
  2. ასე მოკლე ნათქვამში იმდენი ეპოქა ჩაატიე, ამას მხოლოდ დიდი შემოქმედი ახერხებს. ყველა თაობა ტკბილ-მწარე მოგონებებში მიმოფანტე. მე ვამაყობ, რომ თიკო ჩემი მეგობარია!

    ReplyDelete
  3. <3 პატარა მოთხრობა იყო.

    ReplyDelete