Showing posts with label art. Show all posts
Showing posts with label art. Show all posts

Saturday, October 11, 2014

Regards Croisés. Paris - Tbilissi.

დღეს ეროვნულ გალერეაში ფრანგი ქართველი მოქანდაკის - დარეჯან ბერეკაშვილის და ქართველი მხატვრის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა გაიხსნა. ჩემი სამსახური გამოფენის პარტნიორია. პროექტმა საშუალება მომცა, არტისტები პირადად გამეცნო და მათთან ერთად მემუშავა. ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, თუ როგორი უბრალო და თავმდაბალი ადამიანები არიან.


არ ვიცი, სხვა ერების წარმომადგენლები ასე მძაფრად, იდეალისტურად და ტკივილიანად თუ აღიქვამენ სამშობლოს სიყვარულს, როგორც ქართველები. ამაღელვებელი იყო ამ ორი შემოქმედის უსაზღვრო ნიჭიერება, მათ მიერ ყველაფერი ქართულის ლოლიავი, ქართული სინამდვილის ასე დახვეწილად გადმოცემა და ყველაზე მეტად ის ამბები, რასაც მათი სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები ჰყვებიან. 


დარეჯან ბერეკაშვილი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. პარიზში დაიბადა. იქ ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, ბაბუაჩემის სამშობლოში ჩამოვედიო. მის ქანდაკებებს ჰქვია: "ნაბადი", "მწყემსი", "ვაჟა", "შოთა", "იაზონი", "მოსეირნე", "წყვილი", "ოჯახი", "მოცეკვავე"... მაოცებს, როგორ შეიძლება, პატარა ბრინჯაოს ქანდაკება ამდენს ამბობდეს. მწყემსის ფიგურა მაღალი და აწოწილია, საქართველოს მთებივით. თითქოს იქედან მარტო თავის ფარას კი არა, მთელ ქვეყანას გადაჰყურებს. ცერებზე შემდგარი მოცეკვავე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ამბებს ჰყვება, როგორ შრომობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, იცავდნენ სამშობლოს. მადლიერი ვარ, რომ მისი არტისტული აზროვნება მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს დატრიალებდა. 

მგონი გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, საქართველოს ყველაზე სწორად მაშინ დაინახავ, როცა მის საზღვრებს გასცდებიო. ჩემი აზრითაც, ყველაზე საინტერესო გლობალური პერსპექტივიდან დანახული საქართველოა.

ლევან ჭოღოშვილი მისთვის დამახასიათებელ, შერეულ ტექნიკას იყენებს. როგორც ფიქრის მდინარებაში ერთად ჩნდება სახეები, ფიგურები, ფერები, ისე ერთად, ჰარმონიულად გვაჩვენებს საქართველოს ახლო წარსულს. ვუყურებდი თავადაზნაურთა სახეებს და მინდოდა, ახლაც ისეთ საქართველოში მეცხოვრა, ისეთი ადამიანებისთვის მეყურებინა, ჩიხტიკოპიანი ქალებისთვის, სათნოსახიანი პატრიარქებისთვის, წითელჩოხიანი, წვრილულვაშიანი და დატალღულთმიანი კაცებისთვის, მრისხანესახიანი მხედრებისთვის... და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წითლების შემოჭრამდე იყო.

დღეს ხელოვნების კრიტიკოსმა თქვა, ლევანი და დარეჯანი თავიანთი შემოქმედებით საქართველოს იცავენო. ერთი პარიზში დგას სადარაჯოზე, მეორე - თბილისშიო. ბოლო ოცი წელია, საქართველოს ცხოვრებას ფერით და ფიგურით წერენ. ექსპოზიცია მძაფრ ემოციას იწვევს - ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებს, თითქოს არტისტები ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ.





ერთ ტილოს ერქვა: "ლადიკო ნიჟარაძის გამარჯვება მილანში." დღეს ხელოვანებმა თბილისში გაიმარჯვეს, - იმ ცენზურაზე, ვინც ნაწარმოებების გამოფენას უკრძალავდა, იმ წითლებზე, რომლებმაც მათი საყვარელი ქვეყანა ინდუსტრიალიზაციის ნიღბის ქვეშ დაიპყრეს და იმ ძალაზე, რომელიც საქართველოს ბევრს ვერაფერს დააკლებს იმიტომ, რომ მას ზუსტად ასეთი არტისტები იცავენ.



ფოტოებისთვის მადლობა ფიქრიას.

Monday, February 17, 2014

ირენის ჰარმონია თიხაში

ვინ არის ირენი?

ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ადამიანების, ქალბატონ მარინას და ბატონ ნოდარის შვილი. ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში რომ იყო კეთილშობილი, ინტელექტუალური ოჯახები: მაღალი და სათვალიანი მამა, ალერსიანი, თხელფეხება დედა და შთაგონებული ბავშვები, ზუსტად ისეთ ოჯახში გაიზარდა. ცოდნა და სიკეთე - ეს ღირებულებები ძალდაუტანებლად გადასცეს სამივე შვილს. გვიან შემოდგომაზე მის დაბადების დღეზე მივდიოდით. უთბილესად გვიღებდნენ, მერე ირენის მამა სახლებში გვარიგებდა.

გარეგნობით ძალიან ჰყავს თავის პოლონელ ბებიას - დარიას, რომელიც ბაბუამ ომში გაიცნო. წარმომიდგენია, ზუსტად ირენივით მშვიდი, მორიდებული და ჭკვიანი იქნებოდა. ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა შეშინებია: ხიდი თანთალებსო.

ირენი
სკოლა, ჰუმორი

ძალიან კარგი მოსწავლე იყო, თუმცა, თავისი მიღწევებით არასდროს ტრაბახობდა. გაკვეთილებზე სულ მზად იყო, ოღონდ არ ყვიროდა, მე გამიძახეთო. (იხ. ზემოთ ოჯახის შესახებ) ხელოვნება უყვარდა და ძალიან კარგად ხატავდა. ხშირად გვიხატავდა კომიქსებს: მოგონილ საქმროებს კოლორიტული გარეგნობით და ლექსიკით. როცა თინეიჯერები ვიყავით და საკუთარი გარეგნობით დავინტერესდით, ჩვენს პორტრეტებსაც ხატავდა სახელდახელოდ.

რამდენიმე მაღალი გოგო სულ უკანა მერხებთან ვისხედით. იმ გაკვეთილზე რაღაცებზე ვიცინოდით, ირენი თავდახრილი გეოგრაფიას იმეორებდა. უცებ, თავი აწია და შეწუხებულმა იკითხა: "ბავშვებო, მეზოზოურ ერაში რა მოხდა?" 

ერთხელ რომანის წერა წამოიწყო: ზურიკელა ვაშალომიძის შთაგონებით თავის მთავარ გმირს გოგაია მამალაძე დაარქვა. ეპიზოდებს შესვენებებზე გვიკითხავდა ხოლმე.

სექტემბერში ტრადიციულად გვაყოლებდნენ არდადეგების ამბავს. ირენმა ყველაფერი გვიამბო, მშვიდად და დალაგებულად, ოღონდ არ ამბობდა, სად დაისვენა. ამ გაურკვეველმა მოლოდინმა ყველა გაგვამხიარულა. მასწავლებელი ჩააცივდა, რა მოხდა, გვითხარი, რომელ კურორტზე ისვენებდიო. ბოლოს, სიცილი რომ ცრემლებში გადავიდა, ირენმა მორიდებულად გვითხრა, კვერეთშიო.

Saturday, February 2, 2013

"შენ რაღას იტყვი, ყანა?"

ათი წლის წინ მაღაზიებში მულტიმედია-დისკები გამოჩნდა: ვაჟას, გალაკტიონის, ლადო ასათიანის ლექსები და ფოლკლორის ნიმუშები, ფოტოებით და აუდიო-ვიდეო ფაილებით. გალაკტიონის დისკი მაშინვე ვიყიდე და ის რამდენიმე დღე აღტაცებული დავდიოდი. იმ სერიიდან, "ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის", გამოცემული სხვა დისკები ლაშას აღმოაჩნდა, ზოგი თავად ეყიდა, ზოგიც გამომცემელს ეჩუქნა. რაც ასაკი მემატება, ასეთი აღმოჩენები მით უფრო მაღელვებს. მადლიერი ვარ, რომ ამხელა განძის თანაზიარი გავხდით. დისკები შეიცავს ჩვენი მგოსნების ლექსებს ფოტოფაილების სახით, მათ თანამედროვეთა მოგონებებს, ფოტომასალას, ხელნაწერებს და აუდიოფაილებს. ჩვენი საყვარელი მსახიობები კითხულობენ ხალხურ ლექსებს, ვაჟას, ლადოს, გალაკტიონს. გურამ საღარაძე, ეროსი, თენგიზ არჩვაძე, სერგო ზაქარიაძე... რამხელა ბედნიერებაა, როცა ერთი დიდი ადამიანის დანატოვარ განძს მეორე დიდი ადამიანი თავის ხმით კითხულობს, გინახავს და გჩუქნის. დისკებზე მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერებიცაა შეტანილი. გალაკტიონის ერთი ლექსი ავტვირთე, მარლენ ეგუტია კითხულობს. აქ გთავაზობთ. ათი წლის წინ, როცა ის დისკი ვიყიდე, ერთმა-ორმა ჩემი ასაკის ადამიანმა გულწრფელი გაკვირვება გამოხატა. ვერ გაიგეს, რატომ ვიყიდე და რატომ მიხაროდა. მე პირიქით, მათი რეაქცია მიკვირდა; მეგონა, რადგან ერთი თაობა ვიყავით, ერთნაირად უნდა გვეფიქრა. 

 "შენ რაღას იტყვი, ყანა?"
 

Thursday, November 1, 2012

Aller à l'essentiel des choses

დღეს სამსახურში ძალიან კარგი დღე მქონდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეროვნულ გალერეაში ღონისძიება მოვაწყვეთ. მოწვეულმა ხელოვნებათმცოდნემ მათთვის მასტერკლასი ჩაატარა. თემა იყო მეოცე საუკუნის მხატვრობა და ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას შემოქმედება. სტუდენტები ორ ჯგუფად დავყავით. პუნქტუალურად მოვიდნენ. დარბაზში სკამებზე ჩვენგან პატარა სუვენირები დახვდათ. ორივე ნაწილი დატვირთული და საინტერესო იყო. სტუდენტები ძალიან საყვარლები იყვნენ, ჭკვიანურ კითხვებს სვამდნენ. ყავა–ჩაის დროს ერთმანეთს და მომხსენებელს ესაუბრებოდნენ. გვითხრეს, რომ ყველაფრით ძალიან ისიამოვნეს.

გარემო იმდენად მშვიდი და ლამაზი იყო, რომ ცოტათი გამაბრუა. ლექტორი ძალიან ელეგანტური ქალბატონია, დახვეწილი მანერებით და ჩაცმულობით, ზუსტი ხაზებით შესრულებული ნახატივითაა. თხრობა მშვიდი და მიმზიდველი აქვს. მის კომპეტენციაზე აქ საუბარი ზედმეტი იქნებოდა... გალერეა – ახლადგარემონტებული, კოპწია და სუფთა, თავის დიდი სივრცით, აივნიანი კაფეთი, რომელიც ბაღს გადაჰყურებს და წიგნის მაღაზიით.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სამსახური საშუალებას მაძლევს, ხელოვნების სფეროსთან, საინტერესო ადამიანებთან ახლოს ვიყო და ჩემი სამუშაოთი მაქსიმალურად ვისიამოვნო, თან ის გრძნობები და ემოციები განვიცადო, რაც ხელოვნებას მოაქვს. აღარაფერს ვამბობ ახალი ცოდნის მიღებაზე...

Monday, October 29, 2012

Dreams to Remember

სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.

როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...

ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.