Thursday, November 1, 2012

Aller à l'essentiel des choses

დღეს სამსახურში ძალიან კარგი დღე მქონდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეროვნულ გალერეაში ღონისძიება მოვაწყვეთ. მოწვეულმა ხელოვნებათმცოდნემ მათთვის მასტერკლასი ჩაატარა. თემა იყო მეოცე საუკუნის მხატვრობა და ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას შემოქმედება. სტუდენტები ორ ჯგუფად დავყავით. პუნქტუალურად მოვიდნენ. დარბაზში სკამებზე ჩვენგან პატარა სუვენირები დახვდათ. ორივე ნაწილი დატვირთული და საინტერესო იყო. სტუდენტები ძალიან საყვარლები იყვნენ, ჭკვიანურ კითხვებს სვამდნენ. ყავა–ჩაის დროს ერთმანეთს და მომხსენებელს ესაუბრებოდნენ. გვითხრეს, რომ ყველაფრით ძალიან ისიამოვნეს.

გარემო იმდენად მშვიდი და ლამაზი იყო, რომ ცოტათი გამაბრუა. ლექტორი ძალიან ელეგანტური ქალბატონია, დახვეწილი მანერებით და ჩაცმულობით, ზუსტი ხაზებით შესრულებული ნახატივითაა. თხრობა მშვიდი და მიმზიდველი აქვს. მის კომპეტენციაზე აქ საუბარი ზედმეტი იქნებოდა... გალერეა – ახლადგარემონტებული, კოპწია და სუფთა, თავის დიდი სივრცით, აივნიანი კაფეთი, რომელიც ბაღს გადაჰყურებს და წიგნის მაღაზიით.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სამსახური საშუალებას მაძლევს, ხელოვნების სფეროსთან, საინტერესო ადამიანებთან ახლოს ვიყო და ჩემი სამუშაოთი მაქსიმალურად ვისიამოვნო, თან ის გრძნობები და ემოციები განვიცადო, რაც ხელოვნებას მოაქვს. აღარაფერს ვამბობ ახალი ცოდნის მიღებაზე...

ვერა ფაღავაზე ადრე არაფერი ვიცოდი. დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოს მაშინდელი ბევრი ქართველივით გაერიდა და ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. იქედან აღარც დაბრუნებულა. იქ იცხოვრა თავისი სუფთა, ნათელი და სევდიანი ცხოვრებით. მისი ღრმადინტელექტუალური და თან საოცარი ლირიზმით სავსე ნახატები ფრანგი აუდიტორიის აღტაცებას იწვევდა.  მისი ყველა ნამუშევარი პარიზის გალერეაშია დაცული. სექტემბერში ჩვენი სპონსორობით მისი ნახატები პარიზიდან თბილისში ჩამოიტანეს. გამოფენა გალერეაში ერთი თვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ კიდევ რამდენიმე კვირით დატოვეს. ორი ნახატი კი ეროვნულ გალერეას საჩუქრად გადასცეს. ჩემი უახლოესი მეგობარი ჟურნალისტი იკვლევდა მის ცხოვრებას. მერე სტატიაში წერდა, რომ ვერა უბრალო და ნათელ ბინაში ცხოვრობდა. იქვე მუშაობდა. ძალიან უყვარდა, როცა მეგობრები სტუმრად ეწვეოდნენ. მათთვის ყოველთვის ჰქონდა ჩაი და ნამცხვარი. ისხდნენ და საუბრობდნენ ცხოვრებაზე, ხელოვნებაზე. როცა ეროვნულ გალერეას ჩავუვლი და დიდ პოსტერზე მის სახეს ვხედავ, მიხარია, რადგან ვიცი, რომ ბედნიერი იქნებოდა ჩვენთვის თავის ნაფიქრალის და ნაგრძნობის გაზიარებით. საერთოდ, სულ გაოცებული ვარ, რა ღრმა და ფაქიზი ადამიანები ცხოვრობდნენ ძველ დროში! აქ მისი ერთი ნახატის ფოტოს ვდებ, "სკოლის ეზო თბილისში", ასე ჰქვია. რაღაც მაგიაა, ერთმა ადამიანმა ერთ დროს რაღაც იგრძნოს და მერე თავისი საშუალებებით სულ სხვა ადამიანს, სხვა დროში იგივე გადასცეს. ლამის სუნთქვას მიკრავს ეს ნახატი, თავისი მინიმალიზმით. 

დღეს ყველაზე მეტად სტუდენტების ინტერესმა გამახარა. ოღონდ, მეტი მინდა. ლექციის შემდეგ ჩვენს არტექსპერტთან ვსაუბრობდით. მან თითქოს ჩემი ფიქრები გააჟღერა, როცა თქვა, რომ გალერეა ყოველდღე სავსე უნდა იყოს სტუდენტებით. იქ კაფეში ბევრი წიგნია. ისინი ბევრ დროს უნდა ატარებდნენ ამ წიგნების ფურცვლაში, უნდა ისხდნენ ნახატების წინ და თავიანთ ბლოკნოტებში ჩანახატებს აკეთებდნენ (ყველა გალერეაში, სადაც საქართველოს გარეთ ვყოფილვარ, იმდენი მოსწავლე და სტუდენტია, ვერ გაივლი: იატაკზე სხედან და იხატავენ.). კიდევ მინდა, ყველა კუთხეში  სადად შეკრული და იაფი ყვავილები იყიდებოდეს, რათა ადამიანებმა ხშირად შეძლონ მათი ყიდვა. ძალიან მინდა, ყველა წიგნის მაღაზიასა და სავაჭრო პუნქტში შეიძლებოდეს ღია ბარათის შეძენა და გაგზავნა. მინდა, გვქონდეს ყვავილების და ღია ბარათების/წერილების კულტურა. 


გალერეის კედელზე ვერა ფაღავას გამონათქვამების წაკითხვა შეიძლება, ქართულად და ფრანგულად. ერთგან ასე ამბობს: "ჩაუღრმავდე მოვლენათა არსს." ალბათ, ახლაც ასე გვეტყოდა.



7 comments:

  1. შენი თემატური ნარკვევი ისე ღრმაა, როგორც ფაღავას სკოლის ეზოს ნახატი.
    your topic is as profound as it is reflected in the picture "School Yard" by Pagava.
    votre sujet est aussi profonde que cela se reflète dans la "cour d'école" image par Pagava.
    dein Thema ist so tief, wie es im Bild "Schulhof" von Pagava bezeichnet wird.

    ReplyDelete
  2. როგორ მომეწონა ეს პოსტი. ჯერ რა კარგი შეხვედრა მოგიწყვიათ – საინტერესო ლექცია + სუვენირები, ჩაი–ყავა და თბილი გარემო...
    თინიტა, მე არ ვიცნობ ვერა ფაღავას შემოქმედებას და ძალიან მომეწონა ეს ნახატი, რაც აქ არის – თავისი ფერებით და იდუმალი განწყობით. ასევე მისი ისტორია.
    შენი სურვილები კი, ბლოგის ბოლოს, როგორ მომწონს, ვერ აგიხსნი! სრულიად გეთანხმები. როგორ მინდა, ღია ბარათების და წერილების გაგზავნის ტრადიცია აღდგეს. ადრე ხომ იყო. დედას ჰქონდა შენახული ღია ბარათები და მე მახსოვს, მიხაროდა ფოსტის ყუთში მათი აღმოჩენა, ყურადღების და სითბოს გამოხატვა ხდებოდა...

    ReplyDelete
  3. და კიდევ ღვეზელები და ნამცხვრები :) მართლა კარგი დღე იყო.

    პატრიარქისგან მოდიოდა ინიციატივა: მოგვიწოდებდა, დაწერეთ წერილები, ბარათები, დალოცეთ ერთმანეთი, გააგზავნეთ თბილი სიტყვებიო. რავიცი, რავიცი :)

    ქეთი, სიამოვნებით მოგაწვდით ვერა ფაღავას კატალოგს. tinatin.nadiradze@gmail.com აქ მომწერე, სად გამოგიგზავნოთ, კარგი?

    ReplyDelete
  4. ღია ბარათებზე და წერილებზე გამახსენდა -- ეს ჩემი ძველი პოსტია ზოგადად წერილებსა და ნამდვილ ფოსტაზე :)

    http://ermonia.blogspot.com/2010/07/blog-post_04.html

    ReplyDelete
    Replies
    1. მიუ!!!!!!!!!
      ძალიან მაგარია,ზომიერი და მახვილგონივრული!
      მიუ !!!!!!!!!

      Delete
  5. თინიტა, დიდი მადლობა, მოგწერ :)

    ReplyDelete