გუშინ კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გავივსე და გავიჟღინთე შემოდგომის მზით, ჰაერით და ფერებით, უფრო მეტად - ჩემი მეგობრების გარემოცვით. მაიკოსთან ავედით, მცხეთის სახლში. მის ბაღში ფოთლების სქელი ხალიჩა, ხეხილი და შემოდგომის გამაბრუებელი სურნელი დაგვხვდა. როლები გავინაწილეთ: მე ბაღში დავდიოდი ხეებს შორის, (უქარო და უნიავო დღე იყო და ხეები ჩუმად, უძრავად იდგნენ) ვფიქრობდი ლაშაზე, რომელიც თბილისში დარჩა და გალაკტიონზე. იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო. დამდევდა ფრაზა: "შემოდგომაა, წვიმამ მოლია ტყეთა მსუბუქი მელანქოლია". კიდევ ეს:
"გაისმა შორი სროლის ხმა მთაში და მონადირემ დაკოდა შველი. საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი." მე და თამუნა მეზობლის ქალს გამოველაპარაკეთ... ამ დროს სხვებმა სამწვადე ადგილი მოაწყვეს. (შემოდგომის ჰაერთან შერეული კვამლის სუნი!) მერე კლასიკური ქართული მენიუთი გაჯერებულ სუფრას შემოვუსხედით. სულ რვა ქალი ვიყავით, და ერთი პატარა ქალი - მაიკოს თიკა. დიდხანს ვქაქანებდით. მაიკოს დედა თავის დაბალი, სასიამოვნო ხმით ალჟირსა და საფრანგეთში ცხოვრების წლებზე გვიყვებოდა. მერე სახლში წამოსვლის დრო მოვიდა... პეპის სახლივით მხიარულფერებიან და ტერასებიან მყუდრო სახლს და ჩვენს მასპინძლებს დროებით დავემშვიდობეთ.
დილით, სანამ მცხეთაში წავიდოდი, ლაშამ "ბიბლუსში" გალაკტიონის ხუთტომეული იყიდა. (ერთდღიანი აქცია იყო: მის დაბადების დღეს ნახევარ ფასად იყიდებოდა.) მეხუთე ტომში წერილებია. ერთი მახსოვს, ადრე წაკითხული. ოლია წერს დაახლოებით ასე: მრავალი წლის შემდეგ, ზამთრის გრძელ ღამეებში უცხო ადამიანები წაიკითხავენ შენს ლექსებს, სრულიად უცხო ადამიანები მოისმენენ პოეზიის მონარნარე ხმას და სულით ამაღლდებიან.
ასეთი იყო გალაკტიონის შემოდგომის დღე. ჩემს თმას და შარფს დღესაც კვამლის სუნი ასდიოდა, ან მე მინდოდა ასე.
|
ცოცხლად და ბატიკით. |
|
მაიკოს ბაღში იები ჰყვაოდა! |
|
ალბათ, ხვდებით, ვინაა ყველაზე კარგი დიზაინერი და ლანდშაფტის არქიტექტორი. |
|
ძალიან ტკბილი იყო. ხელით ვჭამეთ, ველურად. |
|
მაკას ნახელავი |
ჩვენი გემოვნება წელიწადის დროშიც დაემთხვა ერთმანეთს, უქმეების მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გატარებაში და გალაქტიონის სტროფებიც კი ერთნაირად აგვედევნება თურმე :)
ReplyDeleteბლოგს რომ ვკითხულობდი,შემოდგომა თავისი ფერების სისავსით იმდენად ცხადად წარმომიდგა და ბოლოს კვამლის სუნიც კი მცემდა, და გამოგიტყდები, რადგან შესვენების პერიოდი იყო, ტრადიციული ქართული მენიუც ნათლად წარმოვიდგინე:) მითუმეტეს ფოტოებით გამყარებული იყო საინტერესო მონათხრობი. მაგრამ, ეხლა მაინც გალაქტიონს მინდა დავუბრუნდე, რადგან "პოეზია უპირველეს ყოვლისა" :) გალაქტიონზე საუბარს რომ ვიწყებ, ჩემი ცხოვრების ერთი ეპიზოდი მახსენდება. მე–10 კლასში ვიყავი, გვიანი გაზაფხული იყო. გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ქუთაისიდან დაგვირეკეს, ბაბუა (დედის მამა) არის ძალიან ცუდადო. უფროსები სასწრაფოდ ქუთაისში გაემგზავრნენ, მე დამტოვეს სოხუმში, რადგან მეორე დღეს გამოცდა მქონდა ქართულში. თითქოს გუშინ იყო, ეხლაც ისეთი განცდები მაქვს. გალაქტიონის "ლურჯა ცხენებს" ვიმეორებდი. ტელეფონზე ზარია, ყურმილში ულმობელი განაჩენი ისმის "ბაბუა გარდაიცვალა" და მეხსიერებაში "როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..." ამ სტროფებს ვიმეორებდი და ვტიროდი. ეს ლექსი ყველაზე მძაფრად შევიგრძენი მე და გავითავისე და ბაბუას უკავშირდება ყოველთვის გალაქტიონის "ლურჯა ცხენები".
კიდევ მახსოვს, სკოლაში გვითხრეს, გალაქტიონის დაბადების დღეა ხვალო და ყველამ თითო ლექსი ისწავლეთო. კლასში 28 გოგონა ვიყავით და 13 წლისანი ვიყავით. აბა, გამოიცანი 28–ვე გოგომ რა ლექსი ვისწავლეთ? :) კი, სწორი ხარ "ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა,ჭაღარა გულის ზმანება ავი, ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!"
როგორ გაგვიმართლა რომ ამქვეყნად პოეზია არსებობს და შემოდგომა, და მეგობრები....და რომ იყო გალაქტიონი
ძვირფასო,მადლობა, რომ ეს ამბავი გამიზიარე. მამდიდრებს ხოლმე ასეთი ცოდნა. რაღაც აუხსნელი პროცესია, რაც აღწერე: ძალიან მძიმე წუთებში გონება თავისთვის მექანიკურად მუშაობს. ალბათ, თავდაცვის მექანიზმია დიდი აღელვების/მწუხარების დროს.
Delete13 წლის გოგონების ამბავიც ძალიან მაგარია! :) :) მეც 13 წლისამ დავიწყე დღიურების წერა... :) მასწავლებელსაც საინტერესო რეაქცია ექნებოდა თქვენს მომზადებულ დავალებაზე! :)
ზუსტად თქვი, გაგვიმართლა, რომ არსებობს პოეზია, მეგობრები და გალა.
"ბრბო გაირინდა გაღმა ნაპირზე...
ReplyDeleteმე გამოღმიდან ვხედავდი ნათლად:
ჭაბუკი იგი, გვარად ტაბიძე,
რიონისპირად დოინჯით დადგა...
მერე დაწერა ჯვარი ლირიკას,
იტანჯა, როგორც მეორე ქრისტემ
და როცა ერმა არ შეირიგა
მიწიდან ფრთებით გაფრინდა ცისკენ!"
ერთი სიამოვნებაა შენი პოსტების კითხვა, პატარა მოთხრობებივითაა და მერე კომენტარების კიდეც. მადლობა, მადლობა, მადლობა!!!
ReplyDeleteფოტოები მომეწონა ძალიან და კიდევ უფრო მომენატრა ქართული შემოდგომა. რა ლამაზია ფლავი გოგრაში, სურნელიც კი ვიგრძენი თითქოს...
დიდი მადლობა, სოფი! მეც ისე მიხარია, როცა ბლოგროლში მწვანე ვაშლი ამოხტება ხოლმე ახალი სათაურით! ახლა მოქუფრული დილაა და ჩვენს მზის სხივებს დროებით ვერ გამოგიგზავნი :) თუმცა, რად გინდა, ისედაც სანი ხარ! :)
ReplyDeleteშემოდგომის როგორი ფერები და სურნელია შენს ბლოგზე. თან ისეთი შემოდგომა გაქვს აქ, ფერად ფოთლებში რომ მზე იხედება ხოლმე – ნათელი.
ReplyDeleteგალაკტიონის ეს ლექსი როგორ მიყვარს: "გაისმა შორი სროლის ხმა მთაში და მონადირემ დაკოდა შველი. საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი...."
მოვძებნი ახლა და ბოლომდე წავიკითხავ, მომინდა კიდევ ერთხელ გახსენება....
რა კარგია! ეს სიტყვა გალაკტიონმა შემაყვარა! დედამისს ხშირად ეცვა მის ბავშვობაში ხავერდის ტანსაცმელი და როცა ეხუტებოდა, გრძნობდა მის სირბილეს. ასეც ეძახდა თურმე: "ჩემი ხავერდის დედიკო". დოჩანაშვილმაც ასე შემაყვარა ბევრი სიტყვა, ისე გემრიელად ხმარობს.
Deleteრამდენი ლამაზი სიტყვაა ქართულში და კარგია, როცა მწერლებს ახლებური განცდებით მოაქვთ ჩვენამდე .
Deleteრამდენი დაწერილა გალაზე ღირსეული, სულის შემძვრელი შრიფტით ) მაინც მგონია, ყველაზე მეტად შენ გენდობოდა. იმ ადამიანების რიცხვში ხარ თინა, თავისი სულის ელფერი რომ გაანდო.
ReplyDeleteგენაცვალე
Delete:)