Sunday, October 25, 2015

"შემოდგომის ფრაგმენტი"



"და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები."

სექტემბერი სულ ზაფხულივითაა და მერე იმ ორ თვეს ვეჭიდები, ვანელებ, არ ვუშვებ. ჩემი ტელეფონის ამინდის აპლიკაცია მეუბნება, რომ უკვე 7-ის ნახევარზე კი არა, 6-ზე ღამდება. ადრე ნანუკამ ეს ფილმი მირჩია. საუნდად ვივალდის კონცერტის ერთი ნაწილი ჰქონდა. აქაა, ჰოლანდიელები უკრავენ. 4:40 წუთიდან რომ იწყება, ის თემა ჩემნაირ მელანქოლიკებს ეძღვნება. მითვლის, მითვლის, მეუბნება, აი, დღე შემოკლდა და როცა იქნება, შემოდგომაც მიილევაო. 

"იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ... ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა."


წინა ღამით ნანახ სიზმარს მიყვებოდა. ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ და ყვიროდნენ: "ვისი სული გსურს".
"სხვისთვის უხილავ-ფარულს მე რად გელოდი ასე."




სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია, იქ შევყოფ ხოლმე თავს. ვარ ცოტა ხანს ასე დედოფალივით, მახურავს ყველაზე ლამაზი გვირგვინი, მერე გამოვდივარ დედოფლობიდან, დავდივარ და დავდევ სველი ნეშოს და კვამლის სუნს.

მე და ზაზა ვთამაშობდით ხოლმე ასოციაციობანას, ოღონდ ასე ვამბობდით, ამ სიტყვაზე რა მოგეჩვენებაო. სიტყვა "ოქტომბერზე" სულ მამაჩემი მეჩვენება. ოქტომბერში დაიბადა. ასე მგონია, სიტყვაც ჩალისფრად წერია. როგორც დედასგან ვიცი, ხორბლისფერი თმა ჰქონდა. ვცდილობ, წარმოვიდგინო ის ოქტომბერი, როცა დაიბადა, ომგამოვლილი და უთქმელი ადამიანების გარემოცვაში, ნელ მზეში, ოქროსფერ შუქში და ჩალისფერ ფოთლებში. 

გრიპიდან გამოვძვერი, ან ვერა. შარფის მჩუქებელმა ნანუკამ იცოდა, რომ მისი აქ ყოფნიდან ერთ თვეში ხეებიც ზუსტად იმ ფერებით მოირთვებოდნენ. 
" და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა."


"არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება."

ჭოგნარში ჭასთან იყო ქვის პატარა აუზი. საძოვრებიდან მომავალ საქონელს იქ უსხამდნენ წყალს. ნელა სვამდნენ. ყველაფერი სწორი და სუფთა იყო: ვიღაცის მზრუნველი ხელით გამოთლილი აუზი და ჭის წყალი, რომელსაც ენერგიული ხელი ასხამდა სავსე ვედროდან. მერე გრიგოლ რობაქიძესთან შემხვდა მისი ოსტატობით აღწერილი იგივე პროცესი: როგორ ევსებათ ძროხებს მუცელი გრილი წყლით. ამ ეპიზოდს ვერ ვწყდები, გამოზოგილად ვკითხულობ. დღეს ვფიქრობდი, რომ იქნებ ოდესმე ჩვენთანაც დამთავრდეს ქაოსი და ეს ქვეყანაც გაივსოს სუფთა წყლით, დარწყულდეს და დაბინავდეს.


ღამდება სუფთად და ლურჯად. სოფელში ინთება პირველი შუქები.


"შემოდგომის ფრაგმენტი"
"ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს/გადირეკს ნოემბრის ბაღები."

ქეთი ნიჟარაძის მოთხრობებს ლიტერატურული ჟურნალებიდან ვიცნობდი. მის სევდიან ბიოგრაფიას მოგვიანებით გავეცანი... ერთი ასეთი მოთხრობა ჰქონდა: პირადი დრამის შემდეგ გოგო როგორც იქნა სახლში მიდის. სავარძელში მძიმედ ჩაეშვება, მექანიკურად გადაშლის გაზეთს და კითხულობს სათაურს - "რას გვპირდება ნოემბერი?" 

ველად გაჭრილები: Sarah, Kristian, Lasha.  როცა მე და სარა ჰოლანდიაში ცხოვრების პერიოდს ვიგონებდით და უსასრულოდ ვიცინოდით, ბიჭები დიდსულოვნად გვითმენდნენ.
მეგონა, კლასიკური გიტარა მარტო ბარსელონას სიცხით ჩახუთულ ღამეებს უხდებოდა. აწი სულ ვიფიქრებ, რომ შემოდგომის ქარიანი საღამოების თანამდევია. დასავლეთიდან გწერენ, რომ მთელი შაბათ-კვირა წვიმს. მუზებიან და ამურებიან დარბაზში მოუსმენ კონცერტს, მერე, სანამ მანქანამდე მიხვალ, ხედავ, რომ ხეების სიმაღლე სცდება ლამპიონებისას, ტოტები ქარისგან ირხევიან და იმ ამბებს განაგრძობენ, დარბაზში რომ მოისმინე. 

"და ვიცი ღელვათა საგანი/როდესაც ღამეა უკუნი."

"გაზელებს - მგოსანი სასახლის/ხელთათმანს - სასახლის მდივანი."

18 comments:

  1. ლამაზი ხარ ძალიან.
    რატომღაც, ოღონდ არ ვიცი რატომ, როდესაც შენს ნააზრევს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ულამაზეს ბალეტს ვუყურებ.
    ახლაც ზუსტად ასე დამემართა. თან არ მინდა ხოლმე, რომ მალე დასრულდეს ეს ულამაზესი ბალეტის სცენები.
    მინდა, რაც შეიძლება ხშირად წერო!

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 ჩვენი შემოდგომის ბალეტი :*

      Delete
  2. am postis silamaze da sitbo mteli dge gamkveba...madloba sakvarelo, tamars davetanxmebi, minda rac sheidzleba xshirad tsero...gkocni Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. მე კიდე დილით რომ დამხვდება მოწერილი, ის მყოფნის ხოლმე :*

      Delete
  3. თინა...:) ვივალდის მართლაც როგორ "თანგადაყოლილი" თემაა და იშვიათი მელანქილიკი ხარ მაინც, ჩარჩოებშეუგუებელი, მკვეთრი მჯღერი ფერებით. სხვადასხვა ტონალობებში?..არა, ერთიანი ძაფით მიყურადებულები შენ და ლაშა ყველა ნოტს და რხევას. მამა - :( ორივე ხელით , და მაინც ვერაფრით ვიგერიებ ცრემლს. გ ა ლ ა ს მარადიული სევდაც უხილავი, მონატრებული მ ა მ ა. შენ კი არ იღლები, სულმოუთქმელად დაგვარბენინებ გვიჩვენო თვალსმიფარებული, მიმალული მშვენიერი სამყარო, რომ "ღამდება სუფთად და ლურჯად. სოფელში ინთება პირველი შუქები."

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგად გესმის ჩემი :) :*

      Delete
  4. შენი ფოტო ყვითელი ფოთლების ფონზე ნახატი მგონია, ვუყურებ და ვერ ვწყდები... რატომ არ ვიცი მაგრამ ვან გოგის მზესუმზირები გამახსენა... ეს ბორდოსფერი პომადაც ხომ სასწაულად გიხდება, მთლიან სურათს სიმძაფრეს მატებს...

    როგორი ზუსტი ასოციაციები გაქვს ხოლმე...
    "ჭოგნარში ჭასთან იყო ქვის პატარა აუზი. საძოვრებიდან მომავალ საქონელს იქ უსხამდნენ წყალს. ნელა სვამდნენ. ყველაფერი სწორი და სუფთა იყო: ვიღაცის მზრუნველი ხელით გამოთლილი აუზი და ჭის წყალი, რომელსაც ენერგიული ხელი ასხამდა სავსე ვედროდან. მერე გრიგოლ რობაქიძესთან შემხვდა მისი ოსტატობით აღწერილი იგივე პროცესი: როგორ ევსებათ ძროხებს მუცელი გრილი წყლით. ამ ეპიზოდს ვერ ვწყდები, გამოზოგილად ვკითხულობ. დღეს ვფიქრობდი, რომ იქნებ ოდესმე ჩვენთანაც დამთავრდეს ქაოსი და ეს ქვეყანაც გაივსოს სუფთა წყლით, დარწყულდეს და დაბინავდეს."
    ვკითხულობ მერამდენედ ამ ნაწყვეტს და როგორ ყველაფერი ერთად მოგიქცევია, წარსული, აწყმო, ტკივილი და იქვე იმედიც, ადამიანად ყოფნის დადებითი და უარყოფითი მხარეც... ვკითხულობ და ვერა ვწყდები...
    "ვცდილობ, წარმოვიდგინო ის ოქტომბერი, როცა დაიბადა, ომგამოვლილი და უთქმელი ადამიანების გარემოცვაში, ნელ მზეში, ოქროსფერ შუქში და ჩალისფერ ფოთლებში"- მამა :(
    სულ ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება ისე "დაღამდეს", რომ თქვან "დაღამდა სუფთად და ლურჯადო" სულ "მესუფთავება" რაღაცნაირად ეს ფერი...
    როგორც ყოველთვის ემოციათა ნამდვილ თაიგულს გვჩუქნი ხოლმე!
    რა კარგია რომ ხარ და კიდევ უფრო კარგია რომ წერ!

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერიკო <3 დიდი მადლობა, ძვირფასო, ამ სიტყვებისთვის. :*
      ძალიან დიდი რამაა ჩემთვის.

      Delete
  5. შემოდგომისფერ ფიქრში, ჭრელ დღეებს მეც ვითვლი, ხანაც დროის სისწრაფეს ვნაღვლობ , ხან კი პირიქით ვჩქარობ... და მაინც, გადაიკრიფება ეს ფერადი ხეები, დაათოვს ...
    ,,დარჩება აუზთან სანდალი და ძველი ფოთლები, ყვითელი"...

    ReplyDelete
    Replies
    1. რომანზე ისვენებს შანდალი......
      <3 ირი :* :*
      "სასახლის ჩაქრება ჭაღები"... ხო?
      ლამაზი შემოდგომა გაქვთ ალბათ დასავლეთში... <3

      Delete
  6. რა კარგ ადგილებს სტუმრობთ და ფოტოებიც გადასარევია, სიტყვებთან ერთად ავსებს და აფერადებს ემოციებს, რომლებსაც გვიწილადებ :*

    ReplyDelete
  7. როგორი სილამაზეა, სითბო, სიკეთე.
    როგორი კარგია შენი წილი ბედნიერება ��

    ReplyDelete
  8. შემოდგომა მიყვარს ძალიან და შენ ისედაც ხომ მიყვარხარ, მაგრამ შენც რომ გიყვარს შემოდგომა და თან ასე ლამაზად შეგიძლია მოეფერო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ხათუნა!!! <3 მეც ძალიან. <3

      Delete