Showing posts with label ოცნება. Show all posts
Showing posts with label ოცნება. Show all posts

Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.

Monday, October 29, 2012

Dreams to Remember

სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.

როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...

ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.