Showing posts with label თავის მოვლა. Show all posts
Showing posts with label თავის მოვლა. Show all posts

Thursday, August 3, 2017

რა მასწავლეს ინესმა და ჟუსტინმა



ინეს დე ლა ფრესანჟის წიგნი "Parisian Chic" ლაშამ მაჩუქა. მისმა რჩევებმა პერსონალური სტილის შესახებ ჩემზე იმხელა გავლენა იქონია, განსაკუთრებით როცა ახალი წაკითხული მქონდა, რომ მეგობრებს ტვინი წავუღე მისი ციტირებით. მგონი, იმიტომ უფრო მომეწონა, რომ ბევრი საკუთარი ვიპოვე მის ნაწერში, თუმცა სიახლეებიც აღმოვაჩინე. 

ინესის შემდეგ დიდი განმანათლებელი - ჟუსტინ ლეკონტი გავიცანი. მისგან ბევრი რამ გავიგე ფერების თეორიის, მოდის ისტორიის შესახებ, პრაქტიკულ რჩევებთან ერთად. ყოველ ახალ ვიდეოს ხარბად ვუსმენ, რადგან ისეთ ღირებულ ინფორმაციას მაწვდის, თითქოს ევროპის უძველეს ქალაქში, დიზაინის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდე. 




Monday, February 27, 2017

Fuchsia



ფუქსია ზამთართან დამშვიდობების ფერია. ამ დღეებში ფანჯრიდან გავხედავდი ქარიან და ნაცრისფერ პეიზაჟს და მერე ისევ ამ პიონებს ვუბრუნდებოდი.

MAC -ის Flat Out Fabulous წინა სეზონზე მივიღე საჩუქრად. ეს ფერი პირდაპირ ყვირის გაზაფხულს და ძალიან უხდება ლურჯ პულოვერებს, მუქ თმას და ფერმკრთალ სახის კანს. Retro Matte სერიიდანაა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერია ჩემთვის. იდეალური პიგმენტაცია, მდგრადობა - დაუჯერებელი. მიხარია, რომ ამ ფერს კიდევ რამდენიმე თვეს ვატარებ, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომამდე.



ამავე გრადაციიდან Clinique-ის Mod Pop დავამატე კოლექციას. მდგრადია და კრემოვანი ტექსტურის, მატია, მაგრამ ტუჩებს არ აშრობს, რადგან ფორმულაში ტუჩის პრაიმერიცაა ინტეგრირებული.


პიონი და ფუქსია ლაქის გარეშე არ იქნებოდა. ამ ლაქმა - Orly Neon Heat - თვითონ დამიძახა თაროდან. მაღაზიიდან უცებ გამოვედი, - გარეთ ლაშა მელოდებოდა. ხელით გაზაფხულის მაუწყებელი ფერი დიდი განძივით მომქონდა.


რამდენიმე დღეში Aguas de Março-ს მოვუსმენ და ვიტყვი: Fuchsia spring is here!

Thursday, December 24, 2015

Clarins-ის საიდუმლო ინგრედიენტი


სადღესასწაულო სეზონი ნაძვისხის შუქების, ციმციმა სანთლების და თოვლის მოლოდინისაა. 

კიდევ სილამაზის. 

აუცილებლად.

Clarins ძვირფასმა მაიკომ შემაყვარა, წლების წინ, როცა თბილისის უნივერმაღი არსებობდა და "ლუტეციას" მაღაზია მის პირველ სართულზე იყო, ჩემს მაშინდელ სამსახურთან ახლოს. ახლაც,  ყოველი ვიზიტისას მაიკოს ვეკითხები, რა სიახლეების შესახებ შეიტყო Clarins-ის ბოლო ტრენინგზე პარიზში. მიყვება ლაბორატორიებზე, კვლევების შედეგებზე, ნოვატორულ მიდგომებზე, ექსპერიმენტებზე...

მისი მონათხრობიდან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ Clarins კომპანიაა, რომელიც ქალებს უსმენს. დიალოგის ეს კულტურა ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა. კომპანიის ექსპერტები ყურადღებით უსმენენ პროდუქტის ტესტირებაში მონაწილე ქალების პირად გამოცდილებას, შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს. ადრე ბიზნეს-სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ წარმატებული კომპანიის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა R&D (research and development)კვლევა და განვითარება. სწორედ R&D მეცნიერთა გუნდია, რომელიც წლებია მუშაობს ჩვენი ცხოვრების უფრო მეტად გალამაზებაზე.




source: Pinterest 

გასული საუკუნის 50-იან წლებში კომპანიის დამაარსებელმა ჟაკ კლარანსმა განაცხადა, რომ კეთილდღეობა და ბედნიერება განუხრელად უკავშირდებოდა სილამაზეს. მისი ცნობილი გამონათქვამი, "დიახ, თქვენი ლამაზები ხართ!" დღესაც აქტუალურია, რადგან კომპანია გაცილებით დიდი მასშტაბებით, თუმცა იმავე ფილოსოფიით მუშაობს - მსოფლიოს ქალებს (სხვათაშორის, მამაკაცებსაც) კანის მოვლის უსაფრთხო, ნატურალურ და მაღალეფექტურ საშუალებებს სთავაზობს. ჩემი გამოცდილებით, პროდუქტი ასრულებს ყველა დანაპირებს, რაც ანოტაციაშია მოცემული.

Friday, January 30, 2015

Escuchando el Silencio

წავალთ ხოლმე ახლო სოფლებში და ვუსმენთ სიჩუმეს.
სიჩუმეს.
ქარის მხარეს გადახრილ ტოტებს.
გაყინულს და დაჭირხლულს.
ნისლს.
ნისლში გაფერმკრთალებულ მთების კონტურებს.
იმ დღის სიმღერას.
ერთმანეთს.


მექორწილეები ფოტოებს იღებდნენ. ველოსიპედით მოსეირნეებს სქელი ხელთათმანები ეცვათ. ჰორიზონტი გავდა მონალიზას პორტრეტის უკანა ფონს.


მეგონა, ამ კორდებზე რეზო ინანიშვილის მოთხრობის ბალანჩამოძენძილ, გამხდარ მელას უნდა ჩამოევლო.

Sunday, August 3, 2014

My Fave Youtubers

Youtube-ზე რამდენიმე საყვარელი არხი მაქვს. მინდა, ზოგიერთი გაგაცნოთ:

GloZell






თვითნასწავლი კომიკოსი, რომელიც საკუთარი ვიდეოებით გახდა პოპულარული და ამის გამო ხშირად იწვევენ სატელევიზიო პროექტებში. როგორც აფროამერიკელებს სჩვევიათ, სულ ნაირ-ნაირი პარიკები ახურავს. ახალ ვიდეოებში ხშირად ჩნდება მწვანე პომადით. გვარიც ხელს უწყობს - Green. ფუმფულაა და ამაზე ხშირად ხუმრობს. მისი მისალმება ასეთია: HELLO, THIS IS GLOZELL! IS YOU OK? IS YOU? GOOD, 'CAUSE I WANTED TO KNOW! ჰყავს ქმარი - ეს ქეი და დედა - გლორია. კიდევ ას რაღაცა წლის ნათლია ჰყავდა, რომელიც მათთან ცხოვრობდა, მუდმივად რაღაცები ეჩვენებოდა და ერთხელ პოლიციაც კი დააყენათ თავზე. თავის ვიდეოებში ყოველდღიურ ამბებს ჰყვება საკუთარი ინტერპრეტაციით. აკეთებს სელებრითების პაროდიებს და ამასხარავებს პოპმუსიკის ნიმუშების უაზრო ტექსტებს. ხშირად თავს გადახდენილ ისტორიებს იხსენებს, ხან ოჯახის წევრების ამბებს ჰყვება. ერთხელ თქვა, მეუბნებიან, ოჰ, რა სასაცილო ხარო. მე კი არ ვარ სასაცილო, უბრალოდ, ასეთი ოჯახის წევრები მყავსო. თხრობის მანერა აქვს საოცრად მიმზიდველი და იმდენად უშუალოა, რომ მისგან მოყოლილი უხერხული რაღაცების (სხეულის სუნები, ფიზიოლოგია და ჰიგიენა) აღნიშვნაც კი არ მეხამუშება, პირიქით, ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. კამერის წინ შეუძლია გაიკეთოს ეპილაცია სახის გარკვეულ უბნებზე და ტკივილისგან დაიმანჭოს. იგონებს საოცარ კონკურსებს და თვითონვე აკეთებს დემონსტრირებას. ერთხელ მთელი ჯამი დარიჩინი შესანსლა. ერთხელ კიდევ აბაზანა რძით გაავსო, ხლოპიები ჩაყარა, მერე თვითონ ჩავიდა და პირით ცდილობდა ხლოპიების შეჭმას. ასეთ დროს მისი ეს ქეი იქვე მშვიდად ზის და აკეთებს კომენტარებს. როგორც ვატყობ, დედამისიც არანაკლებ სასაცილო ქალი იქნება. ერთ ვიდეოში საუბრობს, როგორ ურეკავს დედამისი დღეში ოთხმოცდაათჯერ, თანაც ისე, უმიზნოდ, უბრალოდ, მოსაკითხად. როგორც ჩანს, ავტომოპასუხის ფუნქციებში კარგად გაერკვია და ამიტომ, მუდმივად უტოვებს შეტყობინებებს: გლოზელ, სად ხარ, რატომ არ ხარ სახლში? რას შვები? დამირეკე! ჰო, მე ვარ, დედა. ისე გირეკავ. როგორ ხარ?

აი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიდეო ძაღლის შესახებ. 



Maha



ენების მასწავლებელი, პალესტინელი ქრისტიანი, დიდი, მოყვარული ოჯახიდან. გაჟღენთილია თავის ხალხის და კულტურის სიყვარულით. ეს სიყვარული, მისი ენერგიის წყალობით, გადამდები ხდება. მუქი კანი, ცოცხალი თვალები, თეთრი კბილები და გრძელი, შავი თმა აქვს. საუბრის დროს ძალიან გემრიელად ხმარობს ბრასლეტებით დახუნძლულ ხელებს. ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, ჰყავს იტალიელი ქმარი. წარმოშობის წყალობით უკვე პოლიგლოტია: იცის არაბული და ივრითი. თავის არხზე არაბულის გაკვეთილებს ატარებს ცალკე ინგლისურად და ცალკე იტალიურად. ამის გარდა, იცის გერმანული და მგონი ფრანგულიც. მისი გაკვეთილები მოკლე და თემატურია, მეთოდი - არატრადიციული და ძალიან მიმზიდველი. გაკვეთილებს იმდენად გემრიელად ხსნის, რომ ძალაუნებურად შემომესწავლა რამდენიმე არაბული სიტყვა და გამოთქმა. ("მახბაზ" ყოფილა საცხობი, "ხაბაზა" - ცხობა, რატომღაც :) და "ხუბზ" - პური.) აქვს ცალკე არხი არაბული კერძების რეცეპტებისათვის. თვითონ ზის ხან დედასთან ერთად, პალესტინაში, ხან კიდევ თავის იტალიურ სამზარეულოში და აკეთებს ტრადიციულ არაბულ კერძებს. შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ მისით და არ გახდეთ არაბული კულტურის მოტრფიალე, როცა უყურებთ მის პალესტინურ ვიდეოებს აღდგომის დღეებში, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, ყველაფერი სახლურის ლოლიავს, ისპანახის ღვეზელების გამოცხობის პროცესს...



Monday, July 7, 2014

My Home Gym

ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა და მსიამოვნებდა, მეგობრებთან ერთად შეიფინგზე ჯერ კიდევ მაშინ დავდიოდი, სანამ თბილისში სავარჯიშო დარბაზები მომრავლდებოდა. სიყვარულით ვიხსენებ ჩემს ინსტრუქტორს - ლორას, რომელმაც ვარჯიშის კულტურასთან ერთად სტეპი შემაყვარა. ვარჯიშის დროს ლორა ჩვენგან ზურგით იდგა. როცა წავიზარმაცებდი და რომელიმე მოძრაობას გავახალტურებდი, მესამე თვალით მხედავდა და მთელ დარბაზში დასჭექდა: "თიიიიკააა!" მუსიკას ხშირად ცვლიდა, მაგრამ მაშინდელი ტრეკების უმეტესობა ახლაც მახსოვს და ყურში ჩამესმის.

ნიდერლანდებში სატრენაჟორო დარბაზში დავდიოდი, (ქსელი plaza sportiva) რასაც კვირაში ერთხელ სტეპის მეცადინეობას ვამატებდი. იქაც გადასარევი ინსტრუქტორი მყავდა - ელიზე. პირდაპირ დაფრინავდა სტეპზე. 

Friday, March 21, 2014

როგორ მოვუაროთ იადონს



ცხოვრების პატარა სიამოვნებები

  • მოღუშულ ამინდში მიდიხარ სამსახურში, ისე რა გამოპრანჭული; ანუ, გაცვია დაბლებზე, შარვალი და რამე მოხერხებული ზედა. მაკიაჟზე და სამკაულებზე გეტყობა, რომ დილით არაფრის თავი არ გქონდა. ყავას სვამ და მაინც გეძინება. დღის ბოლო ახლოვდება და გიხარია, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გქონდა, სახლში მიხვალ და დაღლილობას "ჩამოირეცხავ".
  • აღებ აივნის კარს. ზამთარს შეჩვეული ელოდები ცივი ჰაერის შემოჭრას და წინასწარ იბუზები. ამ დროს ოთახი თბილი ჰაერით ივსება და სიამოვნებისგან გაჟრჟოლებს.
  • ჯერ არ დაგისრულებია წიგნის კითხვა, ან შუა ფილმზე ხარ და უკვე ზუსტად იცი, რომ შეგიყვარდა.
  • მოგზაურობიდან ბრუნდები. საღამოს უკვე ჩანთები ამოლაგებული გაქვს, ტანსაცმელი გარეცხილი და გაფენილი, დასარიგებელი საჩუქრები გადაწყობილი, სახლი დასუფთავებული, შხაპი მიღებული, ვახშამი მირთმეული. ფეხები გიბჟუის დაღლილობისგან, მაგრამ გიხარია: ლაქს ისვამ და ჩაის წრუპავ. შენს მეორეს ფოტოები შეყავს კომპში და ბოლომდე ჩატვირთვას ელოდები.
  • მეგობართან ხარ სტუმრად თბილისის ძველ, ჭადრებიან უბანში. აივანზე გადიხარ ისე, უმიზნოდ. ოთახიდან შენი მეგობარი გელაპარაკება. ეზოში ხედავ  მოსეირნე მოხუცს და აივნის თაროებზე შენი მეგობრის დედის მიერ მზრუნველად დალაგებულ  კარტოფილს და ბოსტნეულს; დედა ახლა შინ არ არის. გახსენდება მისი მორთმეულები, ამ სახლის საღამოები და თვალებით იმ ბოსტნეულს ეფერები.
  • სააღდგომოდ მიდიხარ დასავლეთში. თბილისში გეგონა, რომ ხეები ჯერ არ იყო შეფოთლილი. უკვე ტრასაზე ხედავ, რომ აქეთ გაზაფხულია. 
  • შენი მეორე გაჩვენებს თავის ბავშვობის ჩანაწერს. რვეულში ბიჭური კალიგრაფიით, გულმოდგინედ უწერია: "როგორ მოვუაროთ იადონს".
  • ზიხარ და უყურებ, როგორ ასხამს დედა ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს. ელოდები, როდის მორჩება, რომ თასი გალოკო.
  • ამთავრებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო "ტკივილი" უნდა აიტანო: ხვალიდან შვებულებაში გადიხარ და სადღაც მიემგზავრები. მუშაობისას ჩერდები, თვალი გიშტერდება და წარმოიდგენ იმ მოგზაურობას. მერე უცებ გონს მოეგები და აგრძელებ.
  • სტუმრად გყავს საყვარელი მეგობარი. შენთან შეციებული და დაღლილი მოდის. კარგად ავახშმებ, ცხელ შხაპს მიაღებინებ, შენს პიჟამოს და ხალათს აცმევ, თავის ოთახში შეიყვან ახლადდაგებულ ლოგინთან, ჩაის მიუტან, იქვე მიუჯდები და ჰყვებით ახალ და ძველ, ათასჯერ მოყოლილ ამბებს.
  • კვირა დილას წირვიდან ბრუნდები. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ფიქრობ ცხელ ყავაზე და საღამოს დაგეგმილ წასვლაზე.
  • ქარიან ამინდში გაჩერებაზე ხედავ ნაცნობს, მანქანაში ჩაისვამ თბილად, თავის ჩანთებიანად და ადგილზე მიიყვან.
  • მეგობრები უსასრულოდ იცინით ერთმანეთის სისულელეებზე.

Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  

Thursday, September 27, 2012

Makeover Session at Estée Lauder's

Estée Lauder–ის მოტრფიალე 21 წლის ასაკში გავხდი, როცა შტატებში მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახის დედა, Marlene, თვითონ იყენებდა ამ ბრენდის პროდუქციას და მეც მანებივრებდა კოსმეტიკის ჩანთებით, ფრჩხილის ლაქებით (ლაქების მანია აქამდე მომყვა), სასინჯი სუნამოების ნაირსახეობით, პომადებით, თვალის ჩრდილებით, მაკიაჟის ფუნჯებით... როცა საქართველოში დავბრუნდი, იქედან ჩამოსულებს ჩემთვის სასაჩუქრე პაკეტებს ატანდა, რომლებშიც ისევ ვპოულობდი Estée Lauder–ის პროდუქციას... ინტერნეტის ერამდე ჟურნალებში ვკითხულობდი ესტეს კომპანიის ისტორიის შესახებ სტატიებს, ახლა კი ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ერთმანეთზე უკეთესი ახალი პროდუქტების შესახებ.  როცა სტოკჰოლმში სოფომ ერთ დიდ უნივერმაღში წამიყვანა, რასაკვირველია, დაუფიქრებლად მივაშურე "მშობლიურ"  Estée Lauder–ის განყოფილებას. კონსულტანტმა მკითხა, რაიმე კონკრეტულს თუ ეძებთო, დამსვა და დაიწყო...