Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  


მარცხენა მხარეს მანიკურის და კიდევ ჩემთვის გაუგებარი და სავარაუდოდ მტკივნეული პროცედურების ოთახი იყო, სადაც არასდროს ვყოფილვარ, მარჯვნივ კი თმის განყოფილება იყო, დიდი და გრძელი ოთახი, ცალ მხარეს მინის კედლით, საიდანაც ქალაქის ცენტრალური პარკი, ე.წ. "ბაღის კიდე" მოჩანდა. ამ ოთახში სულ ფუსფუსი იყო და თმის გამაღიავებლის და საღებავის სუნი იდგა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალების, დახურული ზონა იყო და იქ კაცის შესვლა არ შეიძლებოდა. ზოგი ქალი წელსზემოთ ნახევრადჩაცმული დადიოდა, როცა თმა სველი, ან შეღებილი ჰქონდა. დიდი ოთახიდან თავის დასაბან ოთახში გადიოდი, რომელიც რაღაც იდუმალი მეჩვენებოდა, ალბათ კედლის ფერის და განათების გამო. ამ ოთახში ბევრი აბაზანა და ონკანი იყო. კედლებზე ხელით დაწერილი რაღაც მითითებები იყო გაკრული. წინ უნდა გადახრილიყავი მთელი ტანით და თავი ისე დაგებანა.

ბავშვობაში გამოხატულად პრანჭია არ ვიყავი, პირიქით, ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულ ბავშვად მთვლიდნენ, მაგრამ, სალონი და მსგავსი ამბები მაინც უზომოდ მიზიდავდა. სკოლაში ბაფთების გაკეთებას გვაძალებდნენ. ვერ ვიტანდი ბაფთებს. იმ დროს რომ ტელევიზორში საბავშვო კონცერტებს გადმოსცემდნენ რუსეთის არხიდან, იქ ეკეთათ ხოლმე გუნდის მომღერალ გოგონებს უზარმაზარი ბაფთები წყვილად. მიზეზი რომ მქონოდა, ბაფთა არ მიკეთდება–თქო, ამიტომ თმას მოკლედ ვაკრეჭინებდი. მრგვალი ფორმის ვარცხნილობა მქონდა, ფრანგი მომღერლის, მირეი მატიეს მსგავსი. პარიკმახერს მადლენა ერქვა, ძალიან სიმპათიური და ღიმილიანი ქალი იყო, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა და მუქი თმა. მერე ისრაელში წავიდა. მადლენას მერე სოხუმში ვიკეთებდი ხოლმე ვარცხნილობებს ზაფხულობით, მაგრამ ეს სხვა ამბავია...




ახლა "ჰიგიენის" ადგილას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისია. მფლობელი ჩემი კლასელია. კარგია, რომ იქ ის ხალხი იმუშავებს, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს, ადრე იმ შენობაში რა ხდებოდა.

მადლობა ზემოხსენებულ ჯენტლმენს ფოტოს მოწოდებისთვის.
ისტორიული ფოტოა, მალე აქაურობა  სრულად შეიცვლება.

20 comments:

  1. თინიტა, ისე კარგად იცი თხრობა! თან ისეთ ცხოვრებისეულ მომენტებს იხსენებ, რომ მკითხველსაც თავის წარსულში აბრუნებ :) მე მაგალითად, ჩვენი ქუჩის სალონი გამახსენე, იქაც მსგავსი ფუსფუსი იყო ხოლმე, მაგრამ ჩემთან დაკავშირებით ერთი ცრემლებიანი ამბავი მახსოვს: რაღაც პერიოდი მოკლე თმა მქონდა – ბაღის ბოლო ჯგუფიდან ალბათ მეორე-მესამე კლასამდე. უკვე სკოლაში დავდიოდი და ერთ დღეს თმის შესაჭრელად წამიყვანა დედამ იმ სალონში. ზომაზე მეტად დამიმოკლეს თმა და მთელი საღამო მოვკვდი ტირილით, სკოლაში წასვლას ვაპროტესტებდი, არ მომწონდა :)

    რა საოცარი ფოტოები დაურთე პოსტს, ბავშვობა გამახსენა, მგონი მარცხენა მოდელი მეცნობა ძალიან :) მგონი სხვა ფოტოებზეც მინახავს, პატარა რომ ვიყავი, მარჯვენა მოდელის ვარცხნილობა მომწონდა ქალებზე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ქეთი, უზომოდ მიხარია შენს ამბებს რომ მიყვები. წარმომიდგენია, როგორ განიცდიდი :)) მერე ალბათ შეეჩვიე ან მალე გაგეზარდა. ის მოდელი ბრუკ შილდსს გავს, შეიძლება ის არის.
      მე იცი ვინ მომწონდა? ცისფერ მთებში ვაჟა ზაზაევიჩის მდივანი როა თინა :)))) ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა, თან გვერდულად რომ ჰქონდა თმა შეკრული ის მომწონდა :)))

      Delete
    2. თინიტა :*

      ჰო, პირველ დღეებში ძალიან :)) მართლაც ჰგავს ბრუკ შილდსს, ბავშვობაში მომწონდა ეგ მსახიობი :)
      აუ, ეგ მდივანი მეც მომწონდა და გვერდზე შეკრული თმა დღემდე მომწონს, ასე მგონია ყველას უხდება :)

      Delete
  2. მე მახსოვს ქუთაისის ცენტრალურ უბანში განლაგებული "ჰიგიენა". ბავშვობაში რამდენჯერმე ბიცოლაჩემს გავყევი, თმების შესაჭრელად. როცა დავიწყე შენი ბლოგის კითხვა, თიკო,ისე გაქვს აღწერილი, რომ საპარიკმახეროს საღებავის სუნიც კი გამახსენდა და ვიგრძენი. და ის ერთი კედელიც გამახსენდა, სულ მინებში, რაღაც ღია მწვანე ფერის გამჭვირვალე ფარდებით, ბაღის კიდეზე რომ გადიოდა და კიდევ წელსზევით ნახევრად შიშველი, ძირითადად ჩასუქებული ქალები :D :D :D
    მაგ სალონთან ერთი არც თუ სასიამოვნო მოგონებაც მაკავშირებს: ყურების გასახვრეტად წამიყვანეს ერთხელ უკვე საკმაოდ ზრდასრულ ასაკში,18 წლის ვიყავი. ძალიან მეშინოდა ნემსების და სამედიცინო ატრიბუტიკის და ატირებული გამოვვარდი შენობიდან. იმის მერე, როცა ჩავუვლიდი "ჰიგიენას" უსიამოვნი განცდა მეუფლებოდა :D უკვე მოგვიანებით მახსოვს იქვე, ეროვნული ბანკის შენობასთან ახლოს ერთი მომცრო ზომის სალონი გახსნეს, საკუთარი სახლის პირველ სართულზე და ის სალონი მერე კონკურენციას უწევდა "ჰიგიენას".
    თიკო, შენს ბლოგს რომ ვკითხულობდი, რაღაც ისეთი ნოსტალგიის გრძნობა გამიჩნდა "კომუნისტური" პერიოდის მიმართ. ჩვენს ტაქსის მძღოლებს დავესესხები და "არ გვინდოდა კაი ცხოვრება, ხო???" :D ხომ რამდენი ნაკლი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ იმის შემდეგ ქვეყანა სულ ქარტეხილებში და შფოთვაშია, და მაშინდელი პერიოდიდან, რასაც ჩემი ბავშვობა დაემთხვა, მახსოვს მშვიდი სახეები, რამდენიმე წლით ადრე დაწყობილი გეგმები... პარიკმახერებს და "მანიკურშებსაც" კი მშვიდი სახეები ჰქონდათ და არ ლაპარაკობდნენ, როგორ უდევთ სამი დიპლომი სახლში და თვითონ მშიერი შვილების, ავადმყოფი მშობლების და ბანკის ვალების დასაფარად პარიკმახერებად და მანიკურშებად მუშაობენ.... ნანა

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც გვიან გავიხვრიტე ყურები :) როგორ დაემთხვა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს.
      მართალია, მაშინ არ ღელავდნენ უმუშევრობას და უხელფასობას. არც საკვები იყო "საშიში"...
      :*

      Delete
    2. რა კარგი კომენტარია, მიხარია, გონებაგახსნილი ადამიანები რომ ისევ არსებობენ.
      სიმშვიდე იყო ადრე ნამდვილად და ხალხს არაფრის ეშინოდა.

      პოსტს რაც შეეხება, მე არ მიყვარდა საპარიკმახეროები (ახლა ყველა სალონს ეძახის, ვიცი :დ) და ტანჯვა იყო, თუ დედაჩემი ან მისი რომელიმე მეგობარი იქ წასვლას და ჩემს თან წაყვანას გადაწყვეტდა. განსაკუთრებით ერთი თანამშრომელი ჰყავდა დედას და ძალიან ვუყვარდი, ხშირად "მასეირნებდა" სალონში, თვითონ ფრჩხილებს იკეთებდა და მე კიდევ ლაქისა თუ აცეტონის და თმის საღებავების სუნებზე გული მერეოდა :დ მაგრამ ბოლოს რეზულტატი ძალიან მომწონდა, ისეთ ლამაზად უღებავდნენ ფრჩხილებს და მომწონდა იმ ქალთან ერთად სიარული :) პრინციპში, მაშინ მიმაჩნდა დიდ ქალად და სადღაც 28–30 წლის იყო, ესე იგი, სრულიად ახალგაზრდა და გაფურჩქვნის ჰასაკში =))

      რა კარგი რაღაცების დაწერა იცი ხოლმე, თინიტა, იმდენ რამეს მოაგონებ ადამიანს, მადლობა.

      Delete
    3. ჰაჰა "ისეთ ლამაზად" რამ დამაწერინა, უბრალოდ გვიანია და ძალიან მეძინება ეტყობა :დ

      Delete
    4. ყავა–სიგარეტი–"სემიჩკა"–ჭორაობა სიტუაციები მეც მაღიზიანებს. განუსაზღვრელი დროით რომ სხედან ხოლმე და თავისი ოჯახის ამბებს ჰყვებიან. დიდი "ნოუ" :))))) მეც მომწონს დაკვირვება, სხვას როგორ უღებავენ ფრჩხილებს. თმის შეჭრის პროცესსაც სიამოვნებით ვაკვირდები.

      :*

      Delete
  3. თინი, კომენტარი დამეკარგაა... რამ გაგახსენა ”ჰიგიენა”? არასოდეს ამოტივტივებულა ეგ მოგონება ჩემს გონებაში. ახლა, ამეშალა :-) დედაჩემიც მანდ დადიოდა. არ ვიცი, მართლა ამდენი ხანი სჭირდებოდა, თუ მე მეჩვენებოდა წუთები საათებად. არ მიყვარდა ”ჰიგიენა”! ძალიან სასაცილო, დიდი ზომის საშრობები გახსოვს? საკმაოდ დიდხანს ჰქონდა ხოლმე დედაჩემს შეყოფილი ბიგუდებიანი თავი... ამიტომ, იმ საშრობს ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი. ფოტოები არ მახსოვს... მაგრამ მაგ ვარცხნილობათაგან ყველა მქონია რაღაც ეტაპზე :-)

    ReplyDelete
    Replies
    1. ვიცინე გემრიელად! მე მქონდა შენი ფოტო, "აბბას" მაიკა გაცვია და თმა ისე გაქვს ზუსტად, როგორც მარჯვენა ფოტოზე. :)

      Delete
    2. მეც მეშინოდა იმ საშრობების!

      Delete
  4. au sagol tinita am postistvis, chems nostalgiashi zixar:-) ise damidga tvalcin am kalebis suratebi, mashindeli,bavshvobis pragmentuli mogonebebidan...dedachemi axlac higienas edzaxis adgils,principshi mec.
    axla kidev sanimushos gavixsenebdi:-) grdzeli bulochkebi rom ikideboda, zed daklaknili gvelivit shakriani lazurit:-) auh ra sabchouri situatsia supevda tan...
    ara ra aris ragats im drois mogonebebshi, ra patara ram gvaxarebda,tundac saaxalclo sachukrebis parkshi, nadzvisxestan rom arigebdnen erti monetis pormis shokoladi, ra gemrielad gvechveneboda...rogor tamashebs vtamashobdit bavshvebi? rezinobana, kinoobana da ase shemdeg. tanac sul garet vikavit da ara computers mijachvuli, rogorc xshirad axlandeli bavshvebi. rogor sheicvala mas shemdeg kvelaperi negatiuradac da amavdroulad positiurad...Nanuka(mec kutaiseli var carmoshobit)

    ReplyDelete
    Replies
    1. :)
      სკოლის შემდეგ სანიმუშოში შესვლა რიტუალი იყო! :) ეგ ბულოჩკებიც მიყვარდა და ბუბლიკებიც! :) ეგ საჩუქრები მეც გამახსენდა ამასწინათ და შემეცოდა ჩვენი თაობა. :) როგორ გვიხაროდა, ნაძვისხეზე რომ წაგვიყვანდნენ და მერე იმ გამჭვირვალე პარკებს გვირიგებდნენ.ირისის კამფეტები იყო შიგ, მანდარინი და ეგ მონეტა შოკოლადები. ერთი ფოტო გვაქვს: მე და ჩემი ძმა ვდგავართ ნაძვისხის ქვეშ, ხელში გვიჭირავს ეგ პარკები, მე ბედნიერი სახით და ჩემი ძმა გაბუტული, რატომ ორი არ მომცესო. :))))) ახლანდელ ბავშვებს ყველაფერი იოლად აქვთ, არაფერზე ლოდინი და ნატვრა არ სჭირდებათ, შესაბამისად, ყველაფერი გაუბრალოვდა... და ჩვენ კიდე ეგ პარკები გვიხაროდა :)))

      Delete
    2. :-)))eg ra magari surati ikneba carmomidgenia:-) P.S, sxvata shoris shen dzvel postebs vkitxulobdi exla, agmovachine rom shenc mesame skoleli xar. sheni gvari ar vici,sheidzleba gicnob kidets:-) mgoni rom shen chemi dis toli unda iko daaxloebit, anu chemze ramdenime clit uprosi. ra magaria! gamexarda! Nanuka

      Delete
    3. https://plus.google.com/109569661710847764492/posts aq tu xar damamate :)

      what a glorious school it was, eh? :)

      Delete
    4. Gicani!!! ra magaria! ara piradad ar gicnob, maxsovs shen chemze didi ikavi, kovel shemtxvevashi mashin dzalian didad mechvenebodi:-) chven ar gvkonia piradi shexeba ertmanettan,tumca ert epizods gavixsenebdi.
      ertjer chem jgupeltan ertad videki ezoshi, shenze mimitita da mitxra, ai es turme dzalian nichieri da bejiti gogoao:-) ai xedav ra pozitiurad chamrchi mexsierebashi:-) mets verapers vixseneb samtsuxarod.
      mesame skolas rats sheexeba,ki dzalian done:-) skolaa, magram me uarkopiti ragatseebits chamrcha mexsierebashi. zogierti mascavlebeli,bavshvebis garcheva gamorcheva mati mshoblebis materialuri mdgomareobis mixedvit da zedmetad gatamamebuli, cxvirabzekili jgupelebi.es kvelaperi kvelas ar exeba ra tkma unda,bevri kargic maxsovs da vamakob rom am skolashi vscavlobdi.
      samcuxarod mxolod fb-ze var da ver giertdebi...albat momovalshi google+shits davregistrirdebi da aucileblad shegexmianebi,Nanuka

      Delete
    5. ah! sounds so familiar! I've been there. . . completely agree...
      tinatin.nadiradze@gmail.com aq momcere ra ok ?

      Delete
  5. მეც ვიცი ეს სალონი:) თუ არ ვცდები მერიის კუთხეში იყო. მეც ვყოფილვარ იქ დედასთან ერთად. :))))

    ReplyDelete
  6. ასე დაწესებულება სახელს ვერ ამართლებდეს, მეორე არ მინახავს.
    კომუნისტური ცინიზმით და უტიფრობით უწოდეს მას "ჰიგიენა".
    თმის საშრობიც ფაშისტების მიერ ებრაელებისთვის მოწყობილ გაზის კამერებს გავდა. პერიოდულად თავს თუ არ გამოყოფდი, გაიგუდებოდი.
    მეც მიმიყვანეს ერთხელ მანდ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და ამ ამბიდან სასიამოვნოდ მხოლოდ ის მახსენდება, რომ მაშინ თმები მქონდა.
    ყველა ამ ნეგატივს ისიც ემატებოდა, რომ იქ არ მუშაობდნენ ამ პროფესიის ნამდვილი ჯადოქრები, ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები,
    რაც, ბუნებრივია, აღნიშნული ორგანიზაციის კიდევ ერთ მინუსად უნდა ჩაითვალოს.
    მაპატიეთ, ძალიან აღელვებული ვარ, მაგრამ ამ თემაზე მშვიდად ვერ ვსაუბრობ.

    ReplyDelete