Showing posts with label ჩვენ. Show all posts
Showing posts with label ჩვენ. Show all posts

Thursday, April 18, 2024

დედა იცინის

 



კვირაში ერთხელ მენტალური არითმეტიკის სკოლაში დავდივართ. ბაღიდან გამოვიყვან, სნექებს მოიმარაგებს და ჯგუფელებს ეგებება. ხშირად სამუშაო მიმაქვს, გვერდით ოთახში მოვეწყობი ფანჯარასთან და გაკვეთილის დროს რაღაცებს ვილევ, ზოგჯერ ქუჩის ქაოსს ვუყურებ და თავს მყუდროდ ვგრძნობ, განსაკუთრებით ცივ ამინდში. იმ დროს მარტო ჩვენი ჯგუფი მეცადინეობს, სკოლაში ჩვენს გარდა არავინაა, მშობლები წყნარად საუბრობენ (ხშირად მეც ვერთვები), ჩვენი ნივთები ერთად აწყვია, ოთახიდან მასწავლებლის და ბავშვების ხმები ისმის. შესვენებაზე ბავშვები გამოეფინებიან, დარბიან, კისკისებენ, სუსნაობენ, თამაშობენ. მერე მასწავლებელი ისევ კლასში აბრუნებს, იქაურობა წყნარდება, ბავშვებისთვის მომარჯვებულ ნივთებს ვალაგებთ და საუბარს ვაგრძელებთ. ამ რუტინას ძალიან შევეჩვიე და ყოველ კვირას ველი. 

დღეს გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა: "სანდრა წერდა, უცებ თავი ასწია და თქვა: გვერდით ოთახში ჩემი დედა იცინისო." 

ამ სიტყვებს ისეთი მაკურნებელი ეფექტი ჰქონდა, როგორიც ყველა დაღლილ მშობელს სჭირდება, განსაკუთრებით დატვირთულ კვირის დღეებში. შვებისმომგვრელია, რომ ბავშვი ცხოვრებას ასე აღიქვამს. პატარა, კეთილგანწყობილ სივრცეში ახალ ცოდნას იღებს, უხარია და სიამოვნებს თანატოლებთან ურთიერთობა, გვერდით ოთახში დედა ელოდება. მერე ერთად გაუყვებიან ქაოტურ ქუჩას, უსწორმასწოროდ დაყენებულ მანქანებს, გამქრალ ტროტუარს, ბევრს ილაპარაკებენ, წაიკითხავენ წარწერებს და სულ მალე სახლში ავლენ. 

სულ 6 წლისაა და დიდი ადამიანივით იცის ხოლმე წარსულის პატარა ეპიზოდების გახსენება, დეტალების აღწერა, ისეთი მომენტების, როცა თავს ბედნიერად გრძნობდა. მინდა, ეს დღეც დაამახსოვრდეს. მინდა, დიდობაშიც ისე იგრძნოს  თავი, როგორც დღეს, როცა გვერდით ოთახიდან დედის სიცილი ესმოდა.

Saturday, September 24, 2022

შაბათი, 24 სექტემბერი

 გრილი, ღრუბლიანი დღე იყო, აქა-იქ ცრიდა. მყუდრო შემოდგომას გვპირდებოდა, ბევრ სეირნობას და სიცილს.








სახლში დავბრუნდით და ხაჭოს ნამცხვარი გამოვაცხვეთ, სანდრას თქმით "პეჩუნია".

Monday, December 9, 2019

ნისლში და ქარში

photo by: Daniel J. Schwarz
სამსახურში ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხის კენწეროები და ცის პატარა ნაწილი ჩანს. ღრუბლიან დღეებში ცაზე ხანდახან უცხო ფრინველები გადაიფრენენ ხოლმე გუნდებად. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც მაოცებს. თავიანთი ცხოვრება აქვთ, სხვა რეალობაში არიან, თან ჩვენი თვალსაწიერის ფარგლებში. აქ საცხობები და წვენების ფარდულებია, გათბობის მილები, გამომშრალი კანი, ინკასაციის მანქანები. ისინი ფრენენ, ცა და სივრცეები აქვთ.

ხელოვნებაში სულ ასეთ ადგილებს ვეძებ, ცნობიერებიდან გამოტანილს, სიზმრებში შერეულ მოგონებებს. დღეს თამუნას ძველი წერილები გადავიკითხე. მადლიერი ვარ ამდენი წლის მეგობრობის და იმ ამბების, რაზეც მაშინ მწერდა, იმ რეალობის, რომელშიც იყო და იმ განცდების, რასაც მისი გარემო იწვევდა. ლაშა ადრეც და ახლაც ხშირად მიყვება თავისი ბავშვობის ფანტაზიებზე, წიგნების და ფილმების შთაბეჭდილებებზე და იმაზე, თუ რად გარდაისახა ისინი მის ცნობიერებაში. ეს დიდი საიდუმლოს განდობად მიმაჩნია და მზად ვარ, უსასრულოდ ვისმინო.

ახლა ზამთრისპირის ბურუსში ვდგავარ. თოვლიანი კადრები მახსენდება "ნატვრის ხიდან", თეთრი სიჩუმის და სიტყვები, როგორც კარლო კაჭარავას ნახატებზეა, გამოსახულებასთან ერთად: "ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში." ინგლისურ ბაღებში მინდა ვიარო  და ვნახო, როგორ ჩააყუჩებს და მიაძინებს ყველა საწუხარს, ძველსა და ახალს. მერე "სარკეში" გავჩერდები, ტარკოვსკის მამის ლექსებს მოვისმენ, ამ სოფელში ნიავის ხმას... ალბათ სხვა ადამიანების შექმნილ ხატებთან ზიარებაა, რაც უმძიმეს ადამიანურ განცდებსაც კი ყველაზე ასატანს ხდის.


Saturday, December 23, 2017

პაწაწინა იადონი და ვარდის კონა



აქამდე სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. მერე, ერთ დღეს გადაწყვიტა, ჩვენთან მოსულიყო და უსასრულო ბედიერება მოენიჭებინა. ეს 11 დეკემბერს მოხდა. 

როცა ვუმღერი, ხმა მიწყდება. ჩემს ცნობიერებას ისევ ახსოვს ის დრო, ყველა სიმღერას რომ მას ვუნახავდი და წარმოვიდგენდი, როგორ მომისმენდა. ალბათ, გამივლის.

ის დრო უჩვეულოდ მეჩვენება, როცა მუცელში მყავდა. უჩვეულოდ და ტკბილად. როგორც შესანახად მობარებულ დიდ განძს, ისე ვატარებდი და რომ ეთქვათ, მეტხანსაც მეყოლებოდა. უჩვეულო ისაა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ისე ცხადად, როგორც ახლა და სხვაგვარად მიყვარდა.

ჩვენი საწოლი ოთახის ფანჯრიდან ქალაქის სკვერი ჩანს, სადღესასწაულო ნათურებით მორთული. ღამეები სანდრასავით მშვიდი და მყუდროა. ოთახში თბილა, დეკემბრის ღამეს საშობაო ნათურები ანათებენ. ჩემი გოგო მშვიდად სუნთქავს ჩემს გვერდით.

დღეს ალექსანდრას მამა რეზო გაბრიაძის მოთხრობებს უკითხავდა ძველ ქუთაისზე და შობის სასწაულებზე. თითქოს იმაზე დიდი სასწაული არსებობდეს, ვიდრე თვითონაა.

ნოემბერი. მოლოდინში.




Saturday, December 3, 2016

"ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს"

- ინსტაგრამზე ერთი საოცარი მელიას გვერდს ავედევნე. ამ მელიაზე ნაცნობი ბლოგერი ჰყვებოდა. National Geographic-ის ფოტოებში სულ მელიებს ვეძებ და ხარბად ვათვალიერებ. სრულყოფილად ლამაზები არიან. მგონია, ლაპარაკი იციან და როცა ჩვენ გვძინავს, მაშინ უყვებიან ერთმანეთს გაყინული მდინარეების ქვეშ გარინდულ თევზებზე და ტყის ნისლებზე. ჩემს საყვარელ მოთხრობაში - Macaroon ერიკას მელიას სოროში სძინავს. ერიკას გულისთვის მელია ძაღლებთან სასტიკ ბრძოლაშიც კი ებმება. ძაღლები მის ბეწვს გლეჯენ და თათს სტკენენ. კიდევ კარგი, ერიკა სახლიდან წამოღებული მოხარშული დედლით მაინც მოასწრებს მის გამასპინძლებას. ალბათ, ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს მეგობარი მელია, რომელიც, თუ მთლად სახლში არა, მახლობელ ტყეში მაინც იცხოვრებს, მშობლებზე გაბრაზებულ და სახლიდან გამოქცეულ ბავშვს თავის სოროში თბილად დააძინებს და მისი გულისთვის არც ძაღლების ხროვას შეეპუება. 

წყარო: https://www.pinterest.com/tikonadiradze/red-fox-perfection/ 
- მელიას შემდეგ ზღარბის პატრონი გამომეხმაურა, ჩვენც მოგვიწონეო.

- ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი, იმას ხშირად ვიხსენებდი ხოლმე. გონებაში "გამოვიძახებდი" და ხელახლა გავატარებდი, მაგალითად, მაშინ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდი. ერთი ასეთი ოცნება მქონდა: სახლში მისულს მამაჩემი დამხვედროდა. ერთხელ გიუნას ვეუბნებოდი (ჩემსავით მამის დამკარგავს), გულის ერთი ნაწილი სულ ცივი და ცარიელია, წლებთან ერთად არაფერი შველის-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა. ამ დროს ერთმანეთს არ ვუყურებდით, შესვენებაზე გარეთ ვიყავით გასული და ზამთრის მუშტაიდში მივსეირნობდით, გამოშიგნულ სათამაშო მატარებლებს შორის.

- ირაციონალური შიშების ადამიანი ვარ. სულ ასე ვიყავი, არსებულის და არარსებულის - ყველაფრის მეშინოდა. როცა კითხვაში ღამეებს ვათენებდი, ან გამოცდისთვის გვიანობამდე ვიჯექი, მაცივრის ხმა მამხნევებდა. ძველი, საბჭოთა მაცივარი იყო და ხმაურით მუშაობდა. მეგონა, სახლში კიდევ ვიღაცას ეღვიძა. ერთხელ დედამ დაიჩივლა, რამხელა ხმა აქვს ამ მაცივარსო. მე წამომცდა, უი, რას ამბობ, ეგ იმედია სახლში-მეთქი. ასე გავეცი ჩემი მშიშრობა. როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, არაფრით სადარბაზოში მარტო არ შევიდოდი. სულ ჩემს ძმას ვურეკავდი, რომ ჩამოსულიყო და ავეყვანე. ჩემი მაშინდელი მეგობარი ამაზე ვერელი გოგოების გაწელილი მანერით ამბობდა: "ზაზას დაურეკე." ახლა ვფიქრობ, რა ნორჩი ვყოფილვარ, რომ იმ შიშებზე, ახლა რომ ყოველდღე თვალებში ვუყურებ, წარმოდგენა არ მქონდა.

Sunday, November 6, 2016

შემოდგომის დღე

შემოდგომის ამ დღეს გვიან გაღვიძებულები სახლიდანაც გვიან გავედით, თუმცა, მაინც მოვასწარით: ორი ერთმანეთზე საინტერესო გამოფენის ნახვა, სადილი საყვარელ კაფეში, ყავა ნელ მზეში და შემდეგ ბუნებაში დიდხანს სეირნობა.

მე და შემოდგომა ლაშას თვალით:




                                       "პოემას უვრცესს დაერქმევა ალვა და სურო"

Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.

Monday, March 21, 2016

როცა აყვავდა ნუში

ამ ქარიან დღეებში, სამსახურის დაძაბულ სიტუაციაში გამახსენდა ჩემი დეიდაშვილის, მაიკოს ნაჩუქარი ბრასლეტი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ერთხელ ისე სულელურად, შემთხვევით გამიტყდა. განიერი იყო და სპილოები გქონდა ამოტვიფრული, - მწკრივად მიდიოდნენ, - თვითონაც სპილოსძვლისფერი იყო. ერთ ფოტოზე უნდა იყოს შემორჩენილი. სოხუმში ვარ, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ასაკისთვის შეუფერებლად მაღალი. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა ბლოკნოტებში ნაწყვეტების და ლექსების ამოწერა. როცა ბლოკნოტი შეივსებოდა, ახალში გადამქონდა ის აზრები, რომლებიც ძალიან მომწონდა. მაშინ სულიერ ტკივილებზე ვწერდი. ახლა მეცინება: ნეტა, მაშინ რა მეგონა ტკივილი? რა ვიცოდი, რომ ძნელი, ძნელი ცვლილებების შუაგულში გაივლიდა წესით ყველაზე მხიარული წლები. ბოლომდე არც ახლა ვიცი, როგორ ადამიანად მაქცია იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე, ან ნაკლები ტრაგიზმის პირობებში როგორ განვვითარდებოდი.

ახლა ცრუ ღირებულებების ხანაში ვარ გადმოსროლილი. ჩემი ტრავმები მიძინებული მაქვს. უბრალოდ, ხშირად ვიხედები უკან, როცა რაღაცები თავისით ლაგდება და ცხადად მენახვება. სიბრალულის დრო არც მაქვს, რადგან სულ თავზე მემხობა დღევანდელი რეალობა, მრავალგვარი გამოვლინებით.

როცა ლანა ღოღობერიძემ ეს ფილმი გადაიღო, ხალხი შედარებით უბრალოდ ცხოვრობდა. კარგი იყო, ახალგაზრდებზე და სინდისზე რომ იღებდნენ ფილმებს. ეს ნაწყვეტი ლაშამ გამიკეთა. ჩემთვის სულ გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო იქნება. 




Monday, February 8, 2016

"საკვირველ არიან საქმენი შენნი"

  • დღეს ისე თოვდა, წვრილად, როგორც ჩემს საყვარელ ფილმებში: თან რომ ქარი ქრის და მისი მოქმედებით ფიფქების ნაწილი ისევ ზემოთ ადის და ტრიალებს. უქოლგოდ და უქუდოდ გავედი სასეირნოდ. არა, smooth jazz-ის თემა არ დამყვებოდა, ორშაბათის ქაოსმა გააქრო ჩემი განწყობა და მალევე მივბრუნდი უკან.
  • რამდენიმე დღის წინ წმ. ქსენია პეტერბურგელის ხსენების დღე იყო. ჩემმა ნაცნობმა უკრაინელმა მხატვარმა ოკსანა სტრატიჩუკმა საკუთარ თავს და ყველა ქსენიას დღე თავისი ნამუშევრით მიულოცა. ძალიან მომწონს, იმ დღეს ვერას ვეუბნებოდი, ჩემი ფიქრები მოუქსოვია-თქო.

Перше серпня. (პირველი აგვისტო)
 http://stratiychuk.com/ 
  • ვეხმიანები ლორდის  ყავის თემას: საქართველოში დაბრუნებამდე ჰოლანდიაში ორ დაქალთან ვიყავი შეხიზნული ერთი თვით. ელენა ყველაზე ადრე გადიოდა სახლიდან. სამზარეულოს მაგიდაზე ხის დაფაზე დადგმული ბიალეტი მხვდებოდა, ჯერ კიდევ თბილი ესპრესოთი. იმ რამდენიმე ყლუპს  ნეაპოლის ცხელ მზეში ვსვამდი. (Elena is a Napoletana :)
  • რაღაც ტექნიკური ჭები თუ შეგინიშნავთ ზოგ ქუჩაზე? ზემოდან ბეტონის თუ ცემენტის სქელი თავსახური აქვს და მის ქვეშიდან სულ წყლის გუგუნი ისმის. მის სიახლოვეს ნესტის მძაფრი სუნი დგას. ჩემს ქუჩაზეცაა ასეთი. ყოველ დილით მიხდება ჩავლა. ამ დროს სულ ქუთაისში მგონია თავი, ფოთის ქუჩაზე. იქ იყო ასეთი ჭა და კიდევ ძველი ხაოიანი კიბეები, რომლებზეც მამაჩემს ორსული დედაჩემი ფრთხილად ჩამოჰყავდა. ჩემს ქუჩაზე ჭასთან მართლა კიბეებია, ისეთი არა, ახლებური. სუნი და გუგუნი უცვლელად მხვდება და ყოველი ჩავლისას გულში ვამბობ: ფოთის ქუჩა.

Tuesday, November 24, 2015

გიორგობა. ქართლი.

"შარავანდედია ჩანგების
თუ დიადემაა განგების"

ზვიად გამსახურდია
"ქვაბთახევის ელეგია"

ასეთი დაგვხვდა ქვათახევის მონასტერი. სიჩუმისგან ყურებში ხმაური გვედგა.


ასეთ გზებზე ვიარეთ. შემოდგომაში. კვამლის სუნში. გზაზე ცხენიანი კაცი შეგვხვდა. სახლის წინ ჩამომჯდარი ბებოები. მე რეზო ინანიშვილის ქალები მახსენდებოდა. შაბათ-კვირას ავტობუსს ჩამოყოლილი შვილები დედებთან, კარტოფილის ჩაყრის დროს და გაბრიაძის მესკიელა ჩიტი წვიმიან დღეს.

Sunday, October 25, 2015

"შემოდგომის ფრაგმენტი"



"და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები."

სექტემბერი სულ ზაფხულივითაა და მერე იმ ორ თვეს ვეჭიდები, ვანელებ, არ ვუშვებ. ჩემი ტელეფონის ამინდის აპლიკაცია მეუბნება, რომ უკვე 7-ის ნახევარზე კი არა, 6-ზე ღამდება. ადრე ნანუკამ ეს ფილმი მირჩია. საუნდად ვივალდის კონცერტის ერთი ნაწილი ჰქონდა. აქაა, ჰოლანდიელები უკრავენ. 4:40 წუთიდან რომ იწყება, ის თემა ჩემნაირ მელანქოლიკებს ეძღვნება. მითვლის, მითვლის, მეუბნება, აი, დღე შემოკლდა და როცა იქნება, შემოდგომაც მიილევაო. 

"იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ... ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა."


წინა ღამით ნანახ სიზმარს მიყვებოდა. ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ და ყვიროდნენ: "ვისი სული გსურს".
"სხვისთვის უხილავ-ფარულს მე რად გელოდი ასე."




სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია, იქ შევყოფ ხოლმე თავს. ვარ ცოტა ხანს ასე დედოფალივით, მახურავს ყველაზე ლამაზი გვირგვინი, მერე გამოვდივარ დედოფლობიდან, დავდივარ და დავდევ სველი ნეშოს და კვამლის სუნს.

მე და ზაზა ვთამაშობდით ხოლმე ასოციაციობანას, ოღონდ ასე ვამბობდით, ამ სიტყვაზე რა მოგეჩვენებაო. სიტყვა "ოქტომბერზე" სულ მამაჩემი მეჩვენება. ოქტომბერში დაიბადა. ასე მგონია, სიტყვაც ჩალისფრად წერია. როგორც დედასგან ვიცი, ხორბლისფერი თმა ჰქონდა. ვცდილობ, წარმოვიდგინო ის ოქტომბერი, როცა დაიბადა, ომგამოვლილი და უთქმელი ადამიანების გარემოცვაში, ნელ მზეში, ოქროსფერ შუქში და ჩალისფერ ფოთლებში. 

გრიპიდან გამოვძვერი, ან ვერა. შარფის მჩუქებელმა ნანუკამ იცოდა, რომ მისი აქ ყოფნიდან ერთ თვეში ხეებიც ზუსტად იმ ფერებით მოირთვებოდნენ. 
" და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა."

Tuesday, September 8, 2015

ვარდებსა და გვირილებში

ეს ბულეთები წერტილებია...გონების. a mind-mapping exercise. 


წყარო: ermonia.blogspot.com
  • სექტემბერში ჩემდაუნებურად ბავშვობაში ვბრუნდები. ხელახლა განვიცდი ქუთაისის ცხელ ამინდებს, მოწყენილად ცხელ მზეს და სწავლის დაწყების გამო აფუსფუსებულ ქალაქს. ზონარებიანი დახურული ფეხსაცმელი, ზაფხულში რომ მიყიდეს,  უკვე მიჭერს. გაკვეთილების შემდეგ ალბათ პარკში (იქ ბაღი ჰქვია) წავალთ და დიდ შადრევანთან გადავიღებთ ფოტოს. ყველას თეთრი პერანგი გვეცმება.
  • ფანჯრიდან ვუყურებ მეზობლის ბავშვებს: ყოველ წელს, პირველ სექტემბერს, ჟაბოიანი თეთრი პერანგით და ხელში ტიტების თაიგულით მიდიან სკოლაში. ზოგი პირველად. ასეთ დროს თვალების სიმშრალე შეუსრულებელი ამოცანაა.
  • ერთი საკრალური მოგონება მაქვს, საამჟამო, სასექტემბრო:  პირველკლასელი ბავშვი ვარ, გათიშული. დილაა და სკოლაში უნდა წავიდე. ძველ სახლში ვართ, კიროვის ქუჩაზე. დედა დიდ ოთახში მასაუზმებს. წინა ღამით დააყენებს ჩაის, თერმოსში ცხლად ინახავს. დილით თერმოსიდან მისხამს გამზადებულს. ჩემს წინ კედელში ჩაშენებული ხის ბარია, მამას გაკეთებული. იმ დროისთვის ნოვატორული. ხაზის რადიოში ისმის სიმღერა -  "თეატრონის" "ვარდებსა და გვირილებში." ასეთი სიტყვებია: "ო, რად მიყვარხარ/ყვავილს გადარებ/და ყვავილებში/ობლად გატარებ/მზე ჩავა და მზის უბეში/ბადრი მთვარე გაჩერდება/მე წავალ და ჩემზე კარგი/სიმღერები დაგშვენდება." მადლიერი ვარ, რომ ეს სურათი ცხადად მახსოვს. კარადაში გადანახული სუსნივით "გამოვიღებ" ხოლმე. არ ილევა, არის და არის.
                                                       

Sunday, August 16, 2015

Blissful

  • ადრე დედამ წიგნი მაჩუქა რემბრანდტზე, გამოჩენილი ადამიანების სერიიდან. იქ ეწერა, ტყვიისფერ ცას ხატავდაო. ალბათ ასეთი იყო.

  • წლების წინ ვბრაზდებოდი, როცა ზღვაზე დასვენების დროს წვიმა შეგვესწრებოდა. ნანუკამ მითხრა, ასეთი ამინდიც შეგიყვარდებაო. მართალი იყო. 
  • ჩვენი სასტუმროს აივნიდან ვუყურებდით მთაზე აღმართულ დიდ ჯვარს. ვცხოვრობდით იქ, სადაც პირველ საუკუნეში პირველად იქადაგეს ქრისტიანობა. ვინც იქადაგა, იმის სახელობის ქუჩაზე. What more can you ask for?


  • ლაშა დანანებით ამბობს, უკრაინული ენა ძალიან ახლოსაა ძველსლავურთან და გაცილებით ლამაზად ჟღერს, ვიდრე რუსული, უბრალოდ ნაკლებად გავრცელებულიაო. Прощай, мій ангелок. ამ სიტყვებს ვიმეორებდით უკანა გზაზე. კონცერტი გვიან დაიწყო, მაგრამ ლოდინად ღირდა. ჩვენი და უკრაინის ამბების შემდეგ მათი მოსმენა ძალიან ემოციური იყო.

Wednesday, April 8, 2015

Friday, March 6, 2015

"What is this thing, of which I sing?"

მიყვარს ხეები. სადაც ხეს ვერ ვხედავ, თავს ცუდად ვგრძნობ. მინდა, სულ ვეხუტო და მადლობა ვუთხრა, შიშვლებიც რომ ლამაზები არიან, ცოცხლებიც და მკვდრებიც ჩვენ რომ გვემსახურებიან. სოხუმში ჩვენებს ჰქონდათ პირველი სართულის ოთახები სულ ხეში გაკეთებული. ისეთი სუნი იდგა! მიყვარს, როცა ვეხები ხის კედლებს, ავეჯს, ნივთებს. მამა აკეთებდა ხისგან ლამაზ ნივთებს, უმეტესობა გააჩუქა, უყვარდა სხვების გახარება. იოსებ დამწინდველი დურგალი იყო და ყრმა იესოს და მის ხორციელ ძმას, იაკობსაც შეასწავლა ეს საქმე. 

"წმინდა ოჯახი". თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. 
ბავშვობის დაბადების დღეები ალბათ აღარასდროს იქნება ისეთი. არც ტრუმენ კეპოტის მოთხრობებისნაირი და არც ისეთი, ჩვენ რომ გვქონდა. მეგონა, გლენ მედეიროსი ყველაზე კარგი ტიპი იყო და ის სიმღერაც, nothing's gonna change my love for you, ყველაზე თბილი და მელოდიური. რიჩარდ სენდერსონის რეპერტუარი (she loves me again) პიანინოზე გვქონდა აწყობილი და იდილიურად განათებულ ოთახებში ვუკრავდით. გული სავსე მქონდა მოლოდინით და მომავლის გაურკვევლობით, ვოცნებობდი რაღაც აღმატებულზე, ამ ოცნებისკენ კი თითქოს უცხოური მუსიკის ხიდით მივდიოდი.

სამუელ მარშაკის "ფისოს სახლი" ჯერ ქართულად წავიკითხე, დედამ გვაჩუქა წიგნი მე და ზაზას. მერე თოჯინური ფილმი ვნახე. სულ ღამის სცენები იყო და ძალიან დრამატული მეჩვენებოდა. ქართულ ტექსტში კნუტების სავედრებელ სიტყვებში ასეთი სტრიქონი იყო: "გავთბებით და წავალთ." ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ ლაშასთვისაც საყვარელი მულტფილმი ყოფილა და მისი მუსიკა სმენით აუწყვია პიანინოზე.

Friday, January 30, 2015

Escuchando el Silencio

წავალთ ხოლმე ახლო სოფლებში და ვუსმენთ სიჩუმეს.
სიჩუმეს.
ქარის მხარეს გადახრილ ტოტებს.
გაყინულს და დაჭირხლულს.
ნისლს.
ნისლში გაფერმკრთალებულ მთების კონტურებს.
იმ დღის სიმღერას.
ერთმანეთს.


მექორწილეები ფოტოებს იღებდნენ. ველოსიპედით მოსეირნეებს სქელი ხელთათმანები ეცვათ. ჰორიზონტი გავდა მონალიზას პორტრეტის უკანა ფონს.


მეგონა, ამ კორდებზე რეზო ინანიშვილის მოთხრობის ბალანჩამოძენძილ, გამხდარ მელას უნდა ჩამოევლო.

Friday, November 14, 2014

"მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა"

"მიდის ოპერა "ლაკმე"/ბუტაფორიის შეხლა!/განა ეს არის საქმე?/მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა." გალას ეს ლექსი დღეს რაღაც შემთხვევამ გამახსენა. 

რუსეთი უკრაინითაა დაკავებული და დროებით ჩვენთვის არ სცალია. კახა ბენდუქიძე ლონდონის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ტრანსგენდერი დანით აჩეხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქმრები ცოლებს კლავენ. ძალიან კარგი, ახია მაგათზეო, - ასეთებიც არიან, ბლომად. 

თითო დღე - თითო ბომბი ამბავი. პროტესტის ტალღა აზვირთდება და ჩაქრება, მორიგ ამბამდე, როგორც სტადიონზე - ორგანიზებულად დაწყობილი მაყურებელი. დღეს შემთხვევით ვნახეთ ჩემი ძველი, საყვარელი მეგობარი. ის ამბობდა ჩვენს საერთო ახლობლებზე, როგორი თაობაა და როგორ ცხოვრობსო. როგორ და ჩუმად, თმენით. მათი მთელი ცხოვრების ნაგროვები ცოდნა უკეთეს დროებას უცდის. ჩემი თაობა მთლიანად გაუგებრობაში გაიზარდა, ახლაც ვსხედვართ და ჩვენს თვალწინ, ბოლო ოცი წელია, მიდის ოპერა "ლაკმე"... დღის ბოლოს ჩემი საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრების წერილები მხვდება: მორიგ ბომბ ამბავზე მეკითხებიან, კარგად გამაგებინე, რა მოხდაო. "ბუტაფორიის შეხლა!" დღეს რომ ვნახე, ის მეგობარი ყველა სიკეთესთან ერთად კარგ ლექსებსაც წერდა, ერთი ბწკარი მახსოვს: "არავინ უშლის სიმღერას ყვავს."

დღეს ჩემს სხვა მეგობარს სულელური მიზეზით ევროპის ვიზა არ მისცეს. როგორი დამამცირებელია ჯერ უარი და მერე, როცა ვიზას გიწყალობებენ, ზუსტად იმდენი დღე, რამდენიც ვიზიტს სჭირდება. ლუპით უყურებენ ბილეთის ჯავშანზე მითითებულ დაბრუნების თარიღს. არცერთი ზედმეტი ყლუპი ჰაერი! არცერთი ზედმეტი თვალის შევლება დაგვილი ქუჩების და დაწყნარებული სახეებისთვის.