Friday, November 14, 2014

"მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა"

"მიდის ოპერა "ლაკმე"/ბუტაფორიის შეხლა!/განა ეს არის საქმე?/მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა." გალას ეს ლექსი დღეს რაღაც შემთხვევამ გამახსენა. 

რუსეთი უკრაინითაა დაკავებული და დროებით ჩვენთვის არ სცალია. კახა ბენდუქიძე ლონდონის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ტრანსგენდერი დანით აჩეხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქმრები ცოლებს კლავენ. ძალიან კარგი, ახია მაგათზეო, - ასეთებიც არიან, ბლომად. 

თითო დღე - თითო ბომბი ამბავი. პროტესტის ტალღა აზვირთდება და ჩაქრება, მორიგ ამბამდე, როგორც სტადიონზე - ორგანიზებულად დაწყობილი მაყურებელი. დღეს შემთხვევით ვნახეთ ჩემი ძველი, საყვარელი მეგობარი. ის ამბობდა ჩვენს საერთო ახლობლებზე, როგორი თაობაა და როგორ ცხოვრობსო. როგორ და ჩუმად, თმენით. მათი მთელი ცხოვრების ნაგროვები ცოდნა უკეთეს დროებას უცდის. ჩემი თაობა მთლიანად გაუგებრობაში გაიზარდა, ახლაც ვსხედვართ და ჩვენს თვალწინ, ბოლო ოცი წელია, მიდის ოპერა "ლაკმე"... დღის ბოლოს ჩემი საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრების წერილები მხვდება: მორიგ ბომბ ამბავზე მეკითხებიან, კარგად გამაგებინე, რა მოხდაო. "ბუტაფორიის შეხლა!" დღეს რომ ვნახე, ის მეგობარი ყველა სიკეთესთან ერთად კარგ ლექსებსაც წერდა, ერთი ბწკარი მახსოვს: "არავინ უშლის სიმღერას ყვავს."

დღეს ჩემს სხვა მეგობარს სულელური მიზეზით ევროპის ვიზა არ მისცეს. როგორი დამამცირებელია ჯერ უარი და მერე, როცა ვიზას გიწყალობებენ, ზუსტად იმდენი დღე, რამდენიც ვიზიტს სჭირდება. ლუპით უყურებენ ბილეთის ჯავშანზე მითითებულ დაბრუნების თარიღს. არცერთი ზედმეტი ყლუპი ჰაერი! არცერთი ზედმეტი თვალის შევლება დაგვილი ქუჩების და დაწყნარებული სახეებისთვის. 

დღეს მე და ლაშას ქორწინების 4 წლისთავი გვაქვს... ღამეა, ტყე გუგუნებს, ქარი ტოტებს ამტვრევს, წვიმს და ცივა. ჩვენ ქოხში ვართ შეყუჟული. ასეთია ჩვენი ყოფა ალეგორიულად. :) ამ დღეების თანამდევი სიმღერა: კიდევ ეს. დღევანდელობის სხვა აქტუალურ თემაზეა, მაგრამ მელოდია ისეთი ტკბილია! ფანჯრიდან რომ ზამთრის პეიზაჟს უყურებ, მაშინ უნდა უსმენდე.



ამ დღეებში ხშირად ვფურცლავ რეზო გაბრიაძის ნახატების კატალოგს. ხატავს გალას პორტრეტებს, (ახლა მისი დაბადების დღე მოდის და მიხარია, რომ ჩვენი ქორწინების თარიღთან ახლოსაა!) პუშკინს, Подмосковье-ს, ქუთაისის ყველაზე იდუმალ და ჯადოსნურ უბნებს. აქვს ციკლი "ტელმანის ქუჩა", "1905 წლის რევოლუციის ქუჩა." რუსულად და ინგლისურად გვიყვება, რომელ კუთხეში რა ნივთი დევს და ვის ეკუთვნოდა. ბლოგის ჰედერზე რეზოს ნახატი დავაყენე. ნახატს кислый город ჰქვია. არ ვიცი, სხვაგვარად როგორ გავექცე "ბუტაფორიის შეხლას" და როგორ აღმოვჩნდე სამხრეთული ტიპის ქალაქში, ძველი ქვის მორღვეული ღობეებით და ქუჩის წყნარი მოსახვევებით, ნათელი ადამიანების დატოვებული სევდით.

"დამშვიდობება" (ალბათ, ისაა: "საცაა, გავა მატარებელი...")

"გამარჯობა, გალაკტიონ!"
ფრიდა, ტელმანის ქუჩიდან...
два домика


ჩემო მეგობრებო, არ შემიძლია, მადლობა არ გითხრათ... თუ რამეს აქ ვაზიარებ და მოგწონთ, ყველაფერი თქვენ გეძღვნებათ. ამ საგიჟეთში, რაზეც ამ წერილში ვიწუწუნე, ამ ქარიშხალში, თქვენი ხელი მიჭირავს და მაგრად ვდგავარ.


16 comments:

  1. უი, გილოცავთ იუბილეს :* და გილოცავთ ერთმანეთს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ აწეწილ დროში

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა:* :* ძალიან საყვარელი ხარ.

      Delete
  2. გამიხარდა, რომ დაწერე ამ საგიჟეთზე, დღეს დავიწყე წერა ინგლისურად, პოსტის გამოქვეყნება მინდოდა ფბ-ზე. მერე დამირეკეს და კი გადამავიწყდა, კომპიუტერს რომ მივუჯექი, რაც დაწერილი მქონდა ისიც წავშალე... ვეღარ ამოვთქვი...
    პ.ს. გილოცავთ ქორწინების 4 წელს, კიდევ მრავალი წელი გაგეტარებინოთ შეხმატკბილებულად :*

    ReplyDelete
    Replies
    1. ხალხი რომ შეიცვალა და ა.შ. კიდევ აღარ გავაგრძელე :((( რა ვიცი...
      დიდი მადლობა, მოდეტიკო! :)))

      Delete
  3. თინი გილოცავ, ქორწინების ტკბილი წლისთავები გქონოდეთ სუულ.

    გაბრიაძის ნახატებზე გადავირიე, კარგი ,,თავშესაფარი" გიპოვია, იმდენად დამღლელია ყოველდღე ამდენი ნეგატიური ინფორმაცია, დიდი ესთეტიური სიამოვნება მივიღე .
    მადლობა შენ!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ირი! :)
      მიხარია, რომ მოგეწონა. საოცარი ხელოვანია და როგორ აქვს დანახული ჩვენი ქალაქი! ასეთი სათაურები აქვს " მატარებელი ქუთაისი იერუსალიმი", "მკერავის და გამომჭრელის ჩხუბი", "ნავთქურა", "ფანჯრების წმენდა პირველი მაისისთვის", "ლურჯი ბროწეული" და ა.შ. :)

      Delete
  4. რა მაგარი ჰედერია-თქო, პირველი ამის მოწერა მომინდა, როცა აქაურობას შევხედე. სანამ პოსტს წავიკითხავდი,არ ვიცოდი ვისი იყო. ძალიან კარგი ფერებია :)


    გილოცავთ შენ და ლაშას 4 წლის იუბილეს, კიდევ ბევრი წელი იყავით ერთად და ბედნიერად : ) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :)
      დიდი მადლობა, ნატალია! :)

      Delete
  5. chvenc sheni xeli gvichiravs Tinit, magrad gvichiravs... mikvarxar aseti lagi, tavisupali, gulitadi, lamazi kovelmxriv,chkviani da tbili, etc. etc.
    bevri tkbili iubileebi kidev shen da lashas, kidev ertxel gilocavt, Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. shen khar kvelaferi rac damicere da metic ! :) :* yes you are
      :* :* amin, madloba, tqventan ertad! :)

      Delete
  6. თიკო და ლაშა, გილოცავთ იუბილეს! ჩემთვის იმ იშვიათ, ძალიან საყვარელ წყვილებს შორის ხართ, ვისაც ვიცნობ (შორიდან თუ პირადად). ჰოდა, მუდამ ასეთი ერთმანეთის მოსიყვარულეები და ბედნიერები იყავით <3 :*


    გაბრიაძის ნახატები – არაჩვეულებრივი!

    ReplyDelete
    Replies
    1. შენც ჩვენთვის იშვიათი, ღრმა და გულისხმიერი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა! ნახატები მეც ისე მომწონს - ვერ ვშორდები.

      Delete
  7. თინათინ მოგესალმები, დიდი ხანია ვეძებ ბატონი რეზო გაბრიაძის ნახატების კატალოგს თუმცა ვერსად წავაწყდი, თქვენს ბლოგში კი ამ კატალოგზეა საუბარი და ხომ ვერ დამეხმარებით და მირჩევთ სად შეიძლება მოვიძიო ელექტრონული და ან მატერიალური სახით? დიდი მადლობა წინასწარ.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა, გიორგი. კატალოგი ჩემმა მეუღლემ გაბრიაძის თეატრის სალაროში შეიძინა. ელექტრონული ვერსია, არ ვიცი, არსებობს თუ არა.

      Delete
    2. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, რამდენჯერაც დავრეკე მანდ იმდენჯერ მითხრეს რომ არ არის, როგორც ჩანს უფრო ყურადღებით უნდა მოვიძიო :)

      Delete
    3. კატალოგი რუსეთშია დაბეჭდილი და სხვა სუვენირებთან ერთად იყიდებოდა 1014 წელს. თეატრი ხშირად დადის იქ გასტროლებზე და შეიძლება ჩამოტანა ... :)

      Delete