Showing posts with label ძმა. Show all posts
Showing posts with label ძმა. Show all posts

Saturday, December 3, 2016

"ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს"

- ინსტაგრამზე ერთი საოცარი მელიას გვერდს ავედევნე. ამ მელიაზე ნაცნობი ბლოგერი ჰყვებოდა. National Geographic-ის ფოტოებში სულ მელიებს ვეძებ და ხარბად ვათვალიერებ. სრულყოფილად ლამაზები არიან. მგონია, ლაპარაკი იციან და როცა ჩვენ გვძინავს, მაშინ უყვებიან ერთმანეთს გაყინული მდინარეების ქვეშ გარინდულ თევზებზე და ტყის ნისლებზე. ჩემს საყვარელ მოთხრობაში - Macaroon ერიკას მელიას სოროში სძინავს. ერიკას გულისთვის მელია ძაღლებთან სასტიკ ბრძოლაშიც კი ებმება. ძაღლები მის ბეწვს გლეჯენ და თათს სტკენენ. კიდევ კარგი, ერიკა სახლიდან წამოღებული მოხარშული დედლით მაინც მოასწრებს მის გამასპინძლებას. ალბათ, ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს მეგობარი მელია, რომელიც, თუ მთლად სახლში არა, მახლობელ ტყეში მაინც იცხოვრებს, მშობლებზე გაბრაზებულ და სახლიდან გამოქცეულ ბავშვს თავის სოროში თბილად დააძინებს და მისი გულისთვის არც ძაღლების ხროვას შეეპუება. 

წყარო: https://www.pinterest.com/tikonadiradze/red-fox-perfection/ 
- მელიას შემდეგ ზღარბის პატრონი გამომეხმაურა, ჩვენც მოგვიწონეო.

- ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი, იმას ხშირად ვიხსენებდი ხოლმე. გონებაში "გამოვიძახებდი" და ხელახლა გავატარებდი, მაგალითად, მაშინ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდი. ერთი ასეთი ოცნება მქონდა: სახლში მისულს მამაჩემი დამხვედროდა. ერთხელ გიუნას ვეუბნებოდი (ჩემსავით მამის დამკარგავს), გულის ერთი ნაწილი სულ ცივი და ცარიელია, წლებთან ერთად არაფერი შველის-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა. ამ დროს ერთმანეთს არ ვუყურებდით, შესვენებაზე გარეთ ვიყავით გასული და ზამთრის მუშტაიდში მივსეირნობდით, გამოშიგნულ სათამაშო მატარებლებს შორის.

- ირაციონალური შიშების ადამიანი ვარ. სულ ასე ვიყავი, არსებულის და არარსებულის - ყველაფრის მეშინოდა. როცა კითხვაში ღამეებს ვათენებდი, ან გამოცდისთვის გვიანობამდე ვიჯექი, მაცივრის ხმა მამხნევებდა. ძველი, საბჭოთა მაცივარი იყო და ხმაურით მუშაობდა. მეგონა, სახლში კიდევ ვიღაცას ეღვიძა. ერთხელ დედამ დაიჩივლა, რამხელა ხმა აქვს ამ მაცივარსო. მე წამომცდა, უი, რას ამბობ, ეგ იმედია სახლში-მეთქი. ასე გავეცი ჩემი მშიშრობა. როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, არაფრით სადარბაზოში მარტო არ შევიდოდი. სულ ჩემს ძმას ვურეკავდი, რომ ჩამოსულიყო და ავეყვანე. ჩემი მაშინდელი მეგობარი ამაზე ვერელი გოგოების გაწელილი მანერით ამბობდა: "ზაზას დაურეკე." ახლა ვფიქრობ, რა ნორჩი ვყოფილვარ, რომ იმ შიშებზე, ახლა რომ ყოველდღე თვალებში ვუყურებ, წარმოდგენა არ მქონდა.

Sunday, October 25, 2015

"შემოდგომის ფრაგმენტი"



"და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები."

სექტემბერი სულ ზაფხულივითაა და მერე იმ ორ თვეს ვეჭიდები, ვანელებ, არ ვუშვებ. ჩემი ტელეფონის ამინდის აპლიკაცია მეუბნება, რომ უკვე 7-ის ნახევარზე კი არა, 6-ზე ღამდება. ადრე ნანუკამ ეს ფილმი მირჩია. საუნდად ვივალდის კონცერტის ერთი ნაწილი ჰქონდა. აქაა, ჰოლანდიელები უკრავენ. 4:40 წუთიდან რომ იწყება, ის თემა ჩემნაირ მელანქოლიკებს ეძღვნება. მითვლის, მითვლის, მეუბნება, აი, დღე შემოკლდა და როცა იქნება, შემოდგომაც მიილევაო. 

"იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ... ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა."


წინა ღამით ნანახ სიზმარს მიყვებოდა. ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ და ყვიროდნენ: "ვისი სული გსურს".
"სხვისთვის უხილავ-ფარულს მე რად გელოდი ასე."




სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია, იქ შევყოფ ხოლმე თავს. ვარ ცოტა ხანს ასე დედოფალივით, მახურავს ყველაზე ლამაზი გვირგვინი, მერე გამოვდივარ დედოფლობიდან, დავდივარ და დავდევ სველი ნეშოს და კვამლის სუნს.

მე და ზაზა ვთამაშობდით ხოლმე ასოციაციობანას, ოღონდ ასე ვამბობდით, ამ სიტყვაზე რა მოგეჩვენებაო. სიტყვა "ოქტომბერზე" სულ მამაჩემი მეჩვენება. ოქტომბერში დაიბადა. ასე მგონია, სიტყვაც ჩალისფრად წერია. როგორც დედასგან ვიცი, ხორბლისფერი თმა ჰქონდა. ვცდილობ, წარმოვიდგინო ის ოქტომბერი, როცა დაიბადა, ომგამოვლილი და უთქმელი ადამიანების გარემოცვაში, ნელ მზეში, ოქროსფერ შუქში და ჩალისფერ ფოთლებში. 

გრიპიდან გამოვძვერი, ან ვერა. შარფის მჩუქებელმა ნანუკამ იცოდა, რომ მისი აქ ყოფნიდან ერთ თვეში ხეებიც ზუსტად იმ ფერებით მოირთვებოდნენ. 
" და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა."

Tuesday, January 20, 2015

არგაბედო, ნუიზამ, გრცხვენოდეს

- მე და ზაზას ბავშვობაში გვიხაროდა, როცა სოფლის გზაზე ურემი ჩამოივლიდა. ჩვენთან ახლოს ორი მეურმე ცხოვრობდა: ილუშა და ვასილი. სიხარულისგან აღარ ვიყავით, როცა რომელიმე ურმით გაივლიდა. ჭიშკარზე ავძვრებოდით და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, გაფაციცებული ვუყურებდით. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს: რაღაც მისტიკური აგებულება ჰქონდა, ხის თვლები, სატვირთო ადგილზე დაყრილი ჩალისღერები და მოძრაობის სიჩქარე. ქუთაისში ჩვენი ბინა რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს იყო. (ძალიან "ჭკვიანურად" ჰქონდათ კომუნისტებს ქალაქის ის უბანი დაგემილი.) თავიდან ძალიან გვაწუხებდა მატარებლის ხმა, განსაკუთრებით ღამით. მერე კი მივეჩვიეთ ჯერ კივილს და მერე დაგან-დაგანს. სამაგიეროდ, ჩვენთან სტუმრად მოსული ბავშვები გიჟდებოდნენ მატარებელზე: როგორც კი ხმას გაიგონებდნენ, მატარებელიო და მიაწყდებოდნენ ფანჯარას. ზღვაზე ყოფნა ჩვენთვის როგორი ნეტარებაა. მთელი წელი ველოდებით ზღვაზე წასვლას, ვაკვირდებით, პირველად როდის გამოჩნდება გზიდან, ჩემი ქობულეთელი მამიდაშვილი კი სერიოზულად ამბობდა, ვერ გამიგია, ზღვის გულისთვის როგორ ჩამოდის ამდენი ხალხი აქ, ზღვაა, დიდი ამბავიო.


- ღარიბი ქვეყნები ვგიჟდებით ყველაფერ მდიდრულზე. გვიყვარს სიტყვები: უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე, უძველესი, გრანდიოზული, პრესტიჟული. სასტუმროებს და კაფეებს არქმევენ "პრესტიჟს." "ბათუთაქუარი" ერქვას, არ ჯობია?

- როცა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი, ნათარგმნ ტექსტებში ხშირად მხვდებოდა სიტყვა "მიაბარეს". მაგალითად, "მშობლებმა 12 წლის ვიქტორი პანსიონში/გიმნაზიაში მიაბარეს." ამ სიტყვაზე ახლაც ისეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს ვინმეს მოიშორებ და სადმე მიაბარებ, ვინმეს მიანდობ მის თავს.

- ერთხელ ზაზამ ვიღაც კაცს ქუჩაში საათი ჰკითხა. იმან ხელი აუქნია, - "ადრეა ჯერ" და გზა გააგრძელა.


- ჩემს თანამშრომელს, მძღოლს ვეუბნები, ამ მისამართზე ცხოვრობს ჩვენი მარკეტინგული კამპანიის გმირი. იქნებ, მიაკითხო და ფოტოსესიაზე მოიყვანო. თურმე, ანერვიულდა, დაიწყო კითხვა, ვინაა, რა გმირობა ჩაიდინა, რატომაა გმირი? ვაიმე, გმირთან მაგზავნიან სახლში და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

-  ვერაფრით ამიხსნია ტუალეტში წიგნის კითხვის ფენომენი. დღემდე მისტიკაა ჩემთვის. კაცების ნოუჰაუა.

- სცენა ქუთაისის სახაჭაპურეში: ფეხზე დგომის მაგიდები, სკოლის ჩანთები კაუჭებზე ჩამოკიდებული. შევექცევით ფენოვან ხაჭაპურს. ნათია ბიბილეიშვილი ჩვენს შორის ყველაზე გამხდარია. ნელა ჭამს და ის ზარალდება ყველაზე მეტად. როცა ჩვენსას მოვრჩებით, მის ხაჭაპურზე გადავდივართ.

- პატარები რომ ვიყავით, ჩემი ძმა მარწმუნებდა, "პაექრობა" კაცის სახელიაო. კიდევ, გუდასტვირს სინამდვილეში "გუდასული" ჰქვია და ბადმინტონს - "ბადგიბურთიო". მეც ვეთანხმებოდი.

Tuesday, December 30, 2014

ABOUT FORD

ამასწინათ ვფიქრობდი ცხოვრების კიდევ ერთ სიმართლეზე: როგორ ზედმიწევნით ვემგვანებით მშობლებს და გარკვეულ ასაკში როგორ "ვიმეორებთ" მათ. ასეთი მსგავსება მხოლოდ ღვთის წყალობად უნდა ჩაითვალოს და ამის გაფიქრება ყოველთვის მადლიერების გრძნობით მავსებს. 

ამ თემაზე უფროსები ხშირად მსჯელობენ და მათი მოსმენაც მიყვარს. მშობლების და შვილების ბიოლოგიური, გენეტიკური და ფიზიკური მთლიანობა დიდი ფენომენი და საიდუმლოა. 

როცა მამა დავკარგეთ, ისეთი პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს. მას ბევრი რამით ვგავარ, დედასგან ვიცი. პირველ რიგში, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, ხასიათის შტრიხებით, კონკრეტული საკვების და საყოფაცხოვრებო ნივთის არჩევანით... სკოლაში სწავლის დროს, ერთ წელს, კალიგრაფია უეცრად შემეცვალა და ზუსტად ისე ვწერ, როგორც ის წერდა. პროფესიით არცერთი შვილი არ დავემგვანეთ, ინჟინერ-გამომგონებელი იყო.

დედაჩემთან მსგავსებას სულ უფრო მეტად ვგრძნობ ასაკის მატებასთან ერთად. ლაშა მეუბნება, ხმით იმდენად გავხარ, ხანდახან მგონია, ტელეფონით დედა მელაპარაკებაო.

დედისგან გამომყვა სქელი, მძიმე თმა. სტუდენტობის ფოტოებზე 70-იანების სტილის ვარცხნილობები აქვს, რაც ძალიან მომწონს.

ჩაცმის სტილი. ბავშვობის წლებიდან დედა შავებში ჩაცმული და მოწყენილი მახსოვს. ამას გაუცნობიერებლად ვაპროტესტებდი და ვთხოვდი, წაესვა წითელი პომადა და ლაქი... ყოველთვის ერთნაირი რამეები არ მოგვწონდა. მოთმინებით იტანდა ჩემს თინეიჯერულ ხუშტურებს. მაშინაც და ახლაც, როცა ტელევიზიით ან ჟურნალში რამე საინტერესოს ნახავს, აუცილებლად დამახვედრებს ამბავს: აი, თიკო, (ჟურნალისტს, მსახიობს და ა.შ.) ასე და ასე ეცვა. ამ დროს უზომოდ საყვარელია. როცა რაიმე "საჭიროს" ვყიდულობ, წამახალისებს, კარგია, ასეთი რამდენიმე უნდა გქონდესო. ახლა ვხვდები, რომ ჩვენს გემოვნებას კარგად გამოხატავს შემოდგომის ჩაცმულობა: ლამაზი ვარცხნილობა, მუხლამდე პალტო, მოხერხებული შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი; ელეგანტური და თან პრაქტიკული. მწვანე მისი საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად უხდება, - კარგად ეხამება თვალის ფერს.

ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი 80-იანების სტილის ქლაჩი, მუქი მწვანე ზამშის ქუსლიანი ფეხსაცმელი (ზემოდან თავისივე პატარა ყვავილის დეტალი ჰქონდა დამაგრებული) და სირმებიანი ბლუზკა.  შემდეგი წლები უფრო ნათელი იყო: შავი აღარ ეცვა, სამსახურში ძალიან დაკავებული იყო და უზომოდ მიხაროდა, როცა ახალ კაბას ან პიჯაკს ყიდულობდა. მაშინდელი: ახალგაზრდა, აქტიური, ელეგანტური და ბევრი საქმის მომსწრები დედა ღრმად მყავს ჩაბეჭდილი ცნობიერებაში და ახლაც, 67 წლის დედაჩემი, ზუსტად ისეთი მგონია. ღამით რომ გამეღვიძებოდა, სახლში შუქი ენთო: დედა აუთოვებდა, ან მურაბას ხარშავდა და მეორე დღის საქმეებს ილევდა. 

Sunday, August 31, 2014

MY BRO


  • პატარა რომ იყო, ქერა, ბუმბულა  თმა და დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა. ლამაზი, თეთრი, ღუნღულა ბავშვი იყო. მშობლების თვალების ფერი რომ არ გამომყვა, ამაზე დღემდე ვბრაზობ. ამ დროს ზაზას არაფრად არ მიაჩნია თავისი ცისფერი თვალები.

  • ამ ფაქტს ჩემს საწინააღდეგოდ იყენებდა, როცა იგონებდა ამბავს, როგორ დამტოვეს ციგნებმა ჩვენი სახლის კართან, როგორ შევეცოდე დედამისს და შვილად ამიყვანა. მე კონტრარგუმენტებს ვუგონებდი. მერე თვითონვე გვჯეროდა ჩვენი სიტყვების და ხელჩართულ ჩხუბში გადავდიოდით.
  • პატარაობაში იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, დედასაც კი არ ესმოდა მისი. ერთადერთი თარჯიმანი მე ვიყავი. ეს დედას მოყოლილიდან ვიცი, თავად არ მახსოვს, იმდენად პატარები ვიყავით. ბაღში, სახლში თუ ეზოში, ზაზას საუბრის ინტერპრეტაციისთვის ჩემი მოყვანა უხდებოდათ. მისი საფირმო ლექსი იყო "ლურჯი ველოსიპედი" (ახალი და კრიალა, მოგიტანეს საჩუქრად, დასამტვრევად კი არა... ყველაფერს რომ აფუჭებ, განა გასახარია? სათამაშო რად გინდა, თუ არ მოგიხმარია.), რომელსაც თავის ენაზე ძალიან სასაცილოდ ჰყვებოდა.
  • მისი საყვარელი საქმიანობა იყო ტრანსპორტის რეგულირება. აიღებდა დაკეცილ ქოლგას და საგზაო პოლიციელის მოქმედებებს ასრულებდა. მგონი, სასტვენიც ჰქონდა. თვითონ კაბრიოლეტის ტიპის, პედლებიანი ნამდვილი მანქანა ჰქონდა. მე და დედა ბენზინის კომპანიაში ვმუშაობდით. გადმოვიდოდა საქმიანად მანქანიდან და ჩვენთან ბენზინის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
კიროვის ქუჩაზე, ჩვენი სახლის ეზოში 

  • შუა თითზე ახლაც აქვს შრამი. ის თითი მე გავუჭერი დანით, ერთ-ერთი ხმალაობისას. ზაფხულის არდადეგები იყო და ენერგია გვქონდა მოძალებული.
  • ბავშვობის ავად გახდომები: ზაზა ბურახს მოისურვებდა. მაშინ ქუჩაში ჰყიდდნენ დიდი კასრიდან. ქილა უნდა მიგეტანა და გაგივსებდნენ. ზაზას რიტუალი ეს იყო: დედას ეტყოდა, კვასს ხომ მომიტანო. ერთხელ მე ვიწექი და დედამ უსაყვედურა, ბალიში რატომ არ გაუსწორეო. ზაზამ უცებ უთხრა, ასე ურჩევნიაო. მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ პასუხზე.
  • პატარაობაში მისი საყვარელი სიმღერები იყო რობერტ ბარძიმაშვილის "გულმართალი კაცი მიყვარს" და "75"-ის "რატომ გამირბიხარ, რატომ მემალები".
  • ვინც ზაზას იცნობთ, გეცოდინებათ, როგორ უყვარს ფეხბურთი. ბავშვობიდან ასე იყო. გაზეთ "სარბიელის" ყველა ნომერი ჰქონდა. სახლში მიმოდიოდა და ხმამაღლა იმეორებდა სტატიების ენამახვილურ სათაურებს. ქუთაისში, მოედანზე პრესის პატარა მაღაზია იყო. იქ რომ შევიდოდით, მე გაზეთების სუნით ვბრუვდებოდი, ზაზა კი დედასთან მივიდოდა და ჩუმად ეტყოდა, "სარბიელის" ყიდვა არ დაგავიწყდესო. მისი საყვარელი გუნდია მადრიდის "რეალი" (რა ნეიტრალურად ვთქვი). როცა ჩემთან ჩამოვიდა ჰოლანდიაში, რამდენიმე დღით მადრიდში წავედით, ძირითადად "რეალის" გამო. მუზეუმში თვითონ მიწევდა გიდობას, ყველაფერი ზეპირად იცოდა: თარიღები, ადამიანები, ბიოგრაფიები. პირველად, მეტროს ამოსასვლელიდან სანტიაგო ბერნაბეუ რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა: უბედნიერესი იყო.
ჩემს ჩათვლის წიგნაკში ასეთი წარწერა გაჩნდა.

Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის.