- პატარა რომ იყო, ქერა, ბუმბულა თმა და დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა. ლამაზი, თეთრი, ღუნღულა ბავშვი იყო. მშობლების თვალების ფერი რომ არ გამომყვა, ამაზე დღემდე ვბრაზობ. ამ დროს ზაზას არაფრად არ მიაჩნია თავისი ცისფერი თვალები.
- ამ ფაქტს ჩემს საწინააღდეგოდ იყენებდა, როცა იგონებდა ამბავს, როგორ დამტოვეს ციგნებმა ჩვენი სახლის კართან, როგორ შევეცოდე დედამისს და შვილად ამიყვანა. მე კონტრარგუმენტებს ვუგონებდი. მერე თვითონვე გვჯეროდა ჩვენი სიტყვების და ხელჩართულ ჩხუბში გადავდიოდით.
- პატარაობაში იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, დედასაც კი არ ესმოდა მისი. ერთადერთი თარჯიმანი მე ვიყავი. ეს დედას მოყოლილიდან ვიცი, თავად არ მახსოვს, იმდენად პატარები ვიყავით. ბაღში, სახლში თუ ეზოში, ზაზას საუბრის ინტერპრეტაციისთვის ჩემი მოყვანა უხდებოდათ. მისი საფირმო ლექსი იყო "ლურჯი ველოსიპედი" (ახალი და კრიალა, მოგიტანეს საჩუქრად, დასამტვრევად კი არა... ყველაფერს რომ აფუჭებ, განა გასახარია? სათამაშო რად გინდა, თუ არ მოგიხმარია.), რომელსაც თავის ენაზე ძალიან სასაცილოდ ჰყვებოდა.
- მისი საყვარელი საქმიანობა იყო ტრანსპორტის რეგულირება. აიღებდა დაკეცილ ქოლგას და საგზაო პოლიციელის მოქმედებებს ასრულებდა. მგონი, სასტვენიც ჰქონდა. თვითონ კაბრიოლეტის ტიპის, პედლებიანი ნამდვილი მანქანა ჰქონდა. მე და დედა ბენზინის კომპანიაში ვმუშაობდით. გადმოვიდოდა საქმიანად მანქანიდან და ჩვენთან ბენზინის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
|
კიროვის ქუჩაზე, ჩვენი სახლის ეზოში |
- შუა თითზე ახლაც აქვს შრამი. ის თითი მე გავუჭერი დანით, ერთ-ერთი ხმალაობისას. ზაფხულის არდადეგები იყო და ენერგია გვქონდა მოძალებული.
- ბავშვობის ავად გახდომები: ზაზა ბურახს მოისურვებდა. მაშინ ქუჩაში ჰყიდდნენ დიდი კასრიდან. ქილა უნდა მიგეტანა და გაგივსებდნენ. ზაზას რიტუალი ეს იყო: დედას ეტყოდა, კვასს ხომ მომიტანო. ერთხელ მე ვიწექი და დედამ უსაყვედურა, ბალიში რატომ არ გაუსწორეო. ზაზამ უცებ უთხრა, ასე ურჩევნიაო. მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ პასუხზე.
- პატარაობაში მისი საყვარელი სიმღერები იყო რობერტ ბარძიმაშვილის "გულმართალი კაცი მიყვარს" და "75"-ის "რატომ გამირბიხარ, რატომ მემალები".
- ვინც ზაზას იცნობთ, გეცოდინებათ, როგორ უყვარს ფეხბურთი. ბავშვობიდან ასე იყო. გაზეთ "სარბიელის" ყველა ნომერი ჰქონდა. სახლში მიმოდიოდა და ხმამაღლა იმეორებდა სტატიების ენამახვილურ სათაურებს. ქუთაისში, მოედანზე პრესის პატარა მაღაზია იყო. იქ რომ შევიდოდით, მე გაზეთების სუნით ვბრუვდებოდი, ზაზა კი დედასთან მივიდოდა და ჩუმად ეტყოდა, "სარბიელის" ყიდვა არ დაგავიწყდესო. მისი საყვარელი გუნდია მადრიდის "რეალი" (რა ნეიტრალურად ვთქვი). როცა ჩემთან ჩამოვიდა ჰოლანდიაში, რამდენიმე დღით მადრიდში წავედით, ძირითადად "რეალის" გამო. მუზეუმში თვითონ მიწევდა გიდობას, ყველაფერი ზეპირად იცოდა: თარიღები, ადამიანები, ბიოგრაფიები. პირველად, მეტროს ამოსასვლელიდან სანტიაგო ბერნაბეუ რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა: უბედნიერესი იყო.
|
ჩემს ჩათვლის წიგნაკში ასეთი წარწერა გაჩნდა. |
- ერთხელ, ბებოსთან მივდიოდით ჭოგნარში. მე: დედიკო, როცა მივალთ, ბებოს თხოვე, ბაჟე გამიკეთოს. ზაზა: დედიკო, ბებოს უთხარი, ჭური მოხადოს. (ამას რომ ამბობდა, მაშინ გამართულად ლაპარაკიც არ იცოდა)
- მისი სიმპათია იყო მოცეკვავე იამზე დოლაბერიძე. ამბობდა, რომ გავიზრდები, ცოლად უნდა მოვიყვანოო.
- ვიოლინოზე დადიოდა, არც მთლად ხალისით. დედა ეუბნებოდა, დაკვრა რომ გეცოდინება, კარგია, როცა ჯარი მოგიწევს, იქ ორკესტრში აგიყვანენ და იოლად გაივლიო. (აჰ! საბჭოთა ჯარი!) სანამ პატარა იყო, შავი ხავერდის ბალიშს მიიმაგრებდა ყელზე და ვიოლინოს ისე დაიჭერდა, უფრო დიდობაში თვითონ ინსტრუმენტს ამაგრებდა სპეციალურ სანიკაპეს. ძალიან საყვარელი მასწავლებელი ჰყავდა. ზაზას თხუნელა შეარქვა. გაშლილი, ტალღოვანი თმა ჰქონდა და თვალებზე უხვად ხმარობდა მაკიაჟს. ქუთაისის ოპერის ორკესტრში უკრავდა. სანამ ზაზა ეტიუდებს იყო შეჭიდებული, მისი მასწავლებელი დედაჩემს წვრილად უყვებოდა თავის პირად ამბებს.
- იმ პერიოდში მე და ზაზა დუეტს ვუკრავდით, ბეთჰოვენის "ზაზუნას."
- ძალიან მენატრება მისი სკოლის ლურჯი ფორმა, ოქროსფერი ღილებით და სამხრეებით. დილით თმის დავარცხნა სულ ავიწყდებოდა და სასაცილოდ აჩეჩილი გარბოდა სკოლაში. ახლა თმა თითქმის აღარ აქვს და ამას ისე განიცდის, თითქოს პირველი და უკანასკნელია. ამიტომ, სულ ქუდებით დადის. დიანიტამ ეკვადორიდან გამოუგზავნა ჭილის კეპი, კუბელი მომღერალი იბრაჰიმ ფერერი ხმარობდა ასეთებს.
- დიდი მიწისძვრა რომ იყო, ყველა ეზოში გარბოდა, მე ზაზას კლასისკენ გავიქეცი... საოცრად კარგი კლასელები ჰყავს. ახლაც სულ ერთად არიან. მათგან მეც ბევრი სიკეთე მახსოვს და მიხარია, რომ ასეთები არიან.
|
ათენი, 2011 |
- ზაზას იუმორი ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს. ბავშვობიდან იგონებს ათას მაიმუნობას. ახლა, დიდობაში, ძალიან თავშეკავებული, სერიოზული ადამიანია, ახლობლებშიც გარკვეულ რიდს იწვევს. ამიტომ, მისგან იუმორის ასეთ უნიკალურ ნიმუშებს არავინ მოელის. როცა ხუმრობს, სახე მაშინაც სერიოზული აქვს. ერთხელ, სამგზავრო ჩანთების მაღაზიაში კონსულტანტი გვერდზე გაიყვანა: საზღვრის გადაკვეთას ვაპირებ არალეგალურად და ეს ჩანთა გამიძლებსო? გოგონა დაიბნა: მმმმ, საერთოდ, ესენი ძალიან გამძლე ჩანთებიაო... ფეხსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტს სრულიად სერიოზულად უთხრა: ამ ახალ ფეხსაცმელს ჩავიცვამ, ძველს კი დაგიტოვებთ, იქნებ გამიყიდოთო. გოგონამ კატეგორიულად განუცხადა, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდებაო. მაიკო, ჩვენი დეიდაშვილი, ჩვენზე რამდენიმე წლით უფროსია. როცა სკოლაში დავდიოდით, მაიკო სტუდენტი იყო. ერთხელ თავმომწონედ გავიდა სახლიდან, გაპრანჭული, ახალი ტყავის პიჯაკით. მეზობლების ბირჟას ჩაუარა, ჯიბეებში ხელი ჩაიყო და... ხახვის ნაფრცქვენებით ჰქონდა სავსე. ერთხელ, ბორშის თეფშში კოვზი ამოურია და კოვზს ხამსა ამოჰყვა. (ზაზამ იცოდა, რომ მაიკოს ხამსა ეზიზღებოდა) მისი უნივერსიტეტის რვეულში პარალელურად გაჩნდა წარწერები: მაია ხამსია. ჰოლანდიაში სუპერმარკეტის მოლარეს ჰკითხა, ეს ვაშლი გორისააო? მან მშვიდად უპასუხა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ვაშლიაო.
|
მადრიდი, სიბელესის მოედანი. 2008. აქ ზეიმობს "რეალი" გამარჯვებას. |
- როცა წამოვიზარდეთ და ჩემი დაცვა დაიწყო, მეუცხოვებოდა და არასერიოზულად მიმაჩნდა, ის ხომ ჩემი უმცროსი ძმა იყო! ჩვენს სართულზე სტუდენტები ცხოვრობდნენ ქირით. მათი სტუმრები ხშირად შეცდომით ჩვენს კარზე აკაკუნებდნენ. ზაზა კაცურად გამოვიდოდა, მე და მაიკოს გვეტყოდა, შინ შედითო და თვითონ გასცემდა პასუხს.
- მაშინაც და მერეც მაოცებდა სწავლის და მუშაობის უნარებით. ყოველგვარი ღელვის გარეშე, მშვიდად გადიოდა გამოცდებზე. მეხსიერების და ანალიტიკური უნარის წყალობით, სულ წარმატებით აბარებდა. ერთხელ, რაღაც საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებდა. უზღვავი მასალა ჰქონდა მოსამზადებელი. უმაღლესი ქულა აიღო. მეცადინეობდა წამოწოლილი, ცალი თვალით მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდა. ახლაც, როგორც იურისტს, არ უყვარს, როცა რაიმე ინფორმაციას არგუმენტების და დაზუსტების გარეშე ვაწვდი. ისეთ კითხვას დამისვამს, ვიბნევი.
- ლიცეუმში ისტორიის და რელიგიის მასწავლებლები მოსწონდა. იურისტობაც იმ წლებში გადაწყვიტა. სწავლობდა ქართულ საბრძოლო ხელოვნებას - ხრიდოლს. ცოტა ხანი, დაბალ კლასებში, კალათბურთზეც დადიოდა.
- პრესა რომ უყვარდა, ზემოთაც ვთქვი. ერთი პერიოდი ხშირად იმეორებდა სიტყვებს "რამბალ-კოშეს სათამაშოები". როგორც მერე გაირკვა, ეს ლაშას სტატიის სათაური იყო. ჩემდა სამარცხვინოდ, თავის დროზე ლაშას სვეტი ("ლონგოს სვეტი" გაზეთ "ახალ ვერსიაში") არ ვიცოდი, ზაზა კი კითხულობდა.
- ბოლო დროს სულ იმაზე ვეჩხუბები, რომ ბევრს ეწევა, ცოტას ლაპარაკობს და ცოტა ძინავს.
არ ვიცი, რამდენად დავხატე ზაზას ხასიათი ამ პოსტში. თავად მიკვირს, ამდენიც რომ დავწერე ჩემს ძმაზე, რომელიც იგივე მე ვარ, ჩემი გაგრძელებაა. ძალიან ძნელია დედამამიშვილზე პათეტიკის გარეშე რამე დაწერო. გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და ამ პოსტით(აც) მინდოდა მიმელოცა. სამსახურის გამო იმდენად მოუცლელია, ხშირად ჩვენი კომუნიკაცია იმეილით ან გუგლ ჩეტით შემოიფარგლება. როცა ერთად ვართ, მისი საუბრიდან ვხვდები, რა კარგი კოლეგები ჰყავს და როგორი დატვირთული, საინტერესო პროფესიული ცხოვრება აქვს. მინდა, ძალიან ბედნიერი იყოს.
|
ამსტერდამი, 2008 |
|
Plaza Mayor, Madrid |
ვისკი რომ უყვარს ყინულით, გამოგრჩასავით. :))
ReplyDeleteსწორია! გამომრჩა და კარგია, რომ დაამატე :)
Deleteთიკო რა კარგი ნათქვამია ,, ჩემი გაგრძელებაა " , ალბათ ჩემი ძმაც ჩემი გაგრძელებაა ან მე ვარ მისი გაგრძელება.
ReplyDeleteერთ დღესაც ბაბუას მამა წამოსულა ჭოგნარიდან და საფიჩხიაზე დასახლებულა, მერე გული წყდებოდათ, სოფელი რომ აღარ ქონდათ.
ბედნიერება გქონოდეთ მუდამ .
მადლობა, ირი! :)
Deleteრა თქმა უნდა ასეა და რა სიმდიდრეა დედმამიშვილი, არა?
რა კარგი ამბავი მითხარი, თითქმის ნათესავები გამოვდივართ! :)
ალბათ დედმამისშვილზე საყვარელი და ახლობელი არ შეიძლება ვინმე იყოს :) ბედნიერი კაცი იყოს ზაზა სულ :) გილოცავ მის დაბადების დღეს :)
ReplyDeleteმადლობა, ელიზა! :* ამინ.
Deleteერთ ოჯახში გაზრდილი მე და ჩემი ძმა, თანაც ასაკით თითქმის თანატოლები, ორი ყველაზე განსხვავებული ადამიანი ვართ, ალბათ, დედამიწის ზურგზე, თუმცა მასზე მეტად ან მისნაირად არავინ მიყვარს :)
ReplyDeleteრა საოცარია, არა? ერთი მშობლების შვილები როგორი განსხვავებულები არიან. :) თან საინტერესო. მადლობა კომენტარისთვის და მოკითხვა ძამიკოს :)
Deleteგული მიჩუყდება ხოლმე, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანებისადმი მიძღვნილ პოსტებს ვკითხულობ და ეს მათ შორის ალბათ საუკეთესო იყო, დიდი სიყვარულით დაწერილი... ბედნიერებას გისურვებთ შენ და შენს ძამიკოს:)
ReplyDeleteდიდი მადლობა, ქეთი! :)
Delete