Sunday, September 8, 2013

სექტემბრის დილები


ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?

ზაფხული რომ მთავრდება, კიდევ იმით ვხვდები, უცხოეთიდან ჩამოსული ახლობლები რომ მიემგზავრებიან. ასე მგონია, თან მიაქვთ მთელი სეზონი, გრძელი დღეები და ძლივს აგრილებული საღამოები. გუშინ ჩემი დეიდაშვილი გავაცილეთ და გული ჩამწყდა. ის ფიქრებით ნახევრად იქეთ იყო: შვილის სკოლა, სამსახური, სახლში დაგროვილი საქმე... მე დამრჩა ახლობლების წასვლის სიცარიელე და ჩემი ყველაზე საყვარელი სეზონის მოლოდინი. დღეს დილით, წირვის დროს, ლაშა ამბობდა, ზუსტად ისეთი მზე და ქარია, როგორც შარშან სტოკჰოლმშიო. ბალტიის ზღვიდან უცებ მოვარდნილმა ციკლონმა მთლად სახლში მოგვიტანა ჩრდილოეთის ჯერარდაზამთრებული ჰაერის ცინცხალი სიგრილე და ჩვენი შარშანდელი მოგზაურობა გაგვახსენა. 

ეს სიმღერა პირველად რომ მოვისმინე, უნებურად ვთქვი, სექტემბრის დილასავითაა-მეთქი. ინტროს ნაწილში მელოდიის ხაზი კარდიოგრამასავით მიჰყვება ჩემს განცდებს.

მადლობა ღმერთს ოთხი სეზონისთვის. მადლობა ადამიანებისთვის. მადლობა ენის და მუსიკისთვის. 

The Virgin Suicides, house at dawn

14 comments:

  1. პოსტი რამდენიმე დღის წინ წავიკითხე და გაღიმებულმა დავტოვე აქაურობა. მერე გვქონდა სუსხიანი დილები და დღეს, მზემ რომ გამოანათა, გამახსენდა ათინათებიანი ფოტო ამ პოსტიდან. ჰოდა, დავბრუნდი...
    მეც მიყვარს სექტემბრის დილები. ასე ოქტომბრის 20 რიცხვამდე შემოდგომა ძალიან მხიბლავს, ვიდრე სწორედ ეს მზიანი დილები და თბილი დღეები გვაქვს ხოლმე. იმედი მაქვს, წელს გავიგრძელდება თბილი სეზონი:)
    სიმღერის ინტრო მართლაც სექტემბრის დილას ჰგავს <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი, არ ვიცი, რა გითხრა ამ კომენტარისთვის... სულ მინდა, ვიკითხო... და რა კარგია, რომ შენც ჩემსავით "ხედავ" იმ მელოდიას! :)
      მეც იმედი მაქვს, რომ კარგი შემოდგომა გვექნება.

      Delete
  2. თინიტა <3
    შენი პოსტები იწვევს ჩემს კომენტარებს, სულ მგონია, რომ კიდევ კარგად ვერ გამოვხატავ ხოლმე

    ReplyDelete
  3. რა სევდიანი ფილმია, საშინლად, რომ დაფიქრდე, მაგრამ თან რა ლამაზი, დიდი ხანია მსგავსი ფილმები აღარ გამოსულა, მგონი და სოფია კოპოლამ სულ შეწყვიტა მუშაობა თუ სად არის? :/

    ზაფხულის დამთავრებაც ყოველთვის მასევდიანებს, ბავშვობაში უფრო მეტად, ახლა იმდენად აღარ. დედას სოფლიდან რომ მივყავდი თბილისში სკოლისთვის, ისე ვტიროდი ხოლმე რამდენიმე ღამე, დედაჩემსაც გული უჩუყდებოდა და თან სწყინდა, ნუთუ ჩემთან დაბრუნებას სოფელში, დეიდასთან და უამრავ ნათესავთან, არდადეგები გირჩევნიაო. დედას არაფერი მერჩივნა, მაგრამ სოფელში ისე ლაღად ვგრძნობდი თავს და თბილისი კიდევ დეპრესიაში მაგდებდა, რამდენადაც დეპრესია შეიძლება დაარქვა 8–10 წლის ბავშვის ზაფხულის მონატრებას და სკოლის არსიყვარულს :)))

    მადლობა, ასეთ პოსტებს რომ დაწერ ხოლმე და მერე მკითხველებს ბავშვობაში გვაბრუნებ რაღაც დოზით...

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ ფილმისთვის მცირე ბიუჯეტი ჰქონდა და სულ თავის ბიძაშვილებს იღებდა მეორეხარისხოვან როლებში! :) განსხვავებული ესთეტიკის გამო მომწონს მეც (და საუნდტრეკის.

      ძალიან კარგია, მერე შვილს მოუყვები შენს ზაფხულებზე... ჰო?

      მადლობა თქვენ, ლეიდიზ! :)

      Delete
  4. უი ეს რა კარგი ბლოგი აღმოვაჩინე. ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება, აი ისეთი. არ ვიცი ახლა ჩემი ეს კომენტარი როგორ ჟღერს, მაგრამ რა კარგია, როდესაც ჰუმკა ასეთი ახლობელი ადამიანია ჩემთვის და უცებ აღმოჩნდება, რომ მისი მეუღლეც ბლოგერია. რაღაცნაირი სასიამოვნო შეგრძნებაა. მე და ლაშა ერთმანეთს 2007 წლიდან ვიცნობთ. ერთად კუს ტბაზე დაგვილევია, პური გვიჭამია, ჩვენი ბლოგები წლებია მეგობრობენ. რომ დაქორწინდა, ისე გამიხარდა <3
    რა კარგი სიმღერაა. რომ უნდა ჩამოჯდე ვერანდაზე და ჰორიზონტს უყურო.

    კოპოლას ეგ ფილმი კი არასოდეს მბეზრდება. ყველა და ყველაფერი მიყვარს მაგ ფილმში <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეით, ძალიან მიხარია! დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს ლაშას მეგობრები. ასე მგონია, ჩემი ახლობლებიც არიან. ჩვენ ლისი უფრო ახლოს გვაქვს, იქნებ შემოგვიერთდე, სანამ აცივდება. :)

      Delete
    2. ბლოგერი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :)

      Delete
    3. ეჰ, დიდი სიამოვნებით.
      მაგრამ ორ დღეში ანუ სამშაბათს 4 სიბრძნის კბილს ვიღებ. ოთხივეს ერთად. ხოდა შემდეგ მოდის 1 კვირიანი რეაბილიტაცია :( სიცხეები, ყბების შესიებები და ცუდი დღეები :/

      შენც ბლოგერობას რაც შეეხება, არაფერი ხმამაღალი. ძალიან კარგად წერ. ამ ჩემი კბილების და სამსხურში ხშირი დაღლილობის გამო ვერ ჩვუჯექი შენს პოსტებს. თან ეს მორიგეობები ხო საშინელებაა. ვერ ვიტან საკუთარ სამსახურს და წამოსვლა მინდა. PR-ს მინდა ხელი მოვკიდო.

      Delete
    4. ნუ "ხელი მოვკიდო" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. უფრო სწორი ფრაზაა "მინდა პრ-ში გადავინაცვლო ნელნელა", თუმცა ან მოვახერხებ, ან ვერა. არავინ მე არ მყავს მანდ და განათლებაც სხვა სპეციალობით მაქვს. ნუ მოკლედ. problems, problems, problems.

      Delete
    5. Good luck!!! ახლა კარგი საშუალებებია და რეაბილიტაცია მალე და იოლად გაივლის. რაც გაწუხებს, მოიშორებ და ესაა მთავარი.

      :) შეძლებ ყველაფერს. ჯერ ალბათ კურსებს გაივლი და მერე თვითონ გამოჩნდება. თავს შესძახე, იოლად და კარგად გამომივა-თქო.

      Delete
    6. ხო იმედია. მთავარია მოვიშორო და ჯანდაბას სიცხეები.

      კი რა თქმა უნდა. ერთი ტრეინინგი უკვე გავლილი მაქვს და 2014 წელს 3 თვიან კურსებზე უნდა ვიარო უეჭველი. ხოდა იმედია გამიმართლებს.

      Delete
  5. ეს ფილმი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფილმი... სწორედ მაგ განსხვავებული ესთეტიკის და playground love-ის გამო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც, ზუსტად ამის გამო! :)

      Delete