მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი.
დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.
თურქეთში ადრეც ვისვენებდი და ახლა, როცა ადრე ნანახ ადგილებში მოვხვდებოდი, ძალაუნებურად წინა სურათს ვადარებდი. გვალვების მიუხედავად, მთელი ქვეყანა აყვავებულ ბაღნარად უქცევიათ. ძალიან მინდა და იმედი მაქვს, რომ ყველა ტბას და ჩანჩქერს ჩვენც ლეგენდად ვაქცევთ და ისეთ ტურისტულ ჯგუფებს მივიღებთ, როგორიც "ბრილიანტოვაია რუკაშია" და ამბებსაც იმ გიდივით მხატვრულად მოვუყვებით. იქ ყველას სიყვარულით და თანაგრძნობით ვუყურებდი და გულში ვნატრობდი, რომ ყველა მეწვრილმანეს, დამწყებ პროფესიონალს და მეურნეს გაუმართლოს და საქმეები კარგად მისდიოდეს.
თურქი ხალხი მარტო შრომისმოყვარეობის გამო არ მიყვარს. ჩემზე ძალიან მოქმედებს ის, რომ გიჟდებიან თავიანთ ქვეყანაზე, დროშაზე და ჯარზე. ათათურქს მოიხსენიებენ, როგორც "მუსტაფა ქემალს", ანუ ვიღაც ლიდერს კი არა, არამედ ახლობელს, ოჯახის წევრს, სათაყვანებელ ადამიანს. იქ ყოფნისას "უმანკოების მუზეუმს" ვკითხულობდი. იმდენი მსგავსება აღმოვაჩინე ჩვენს ხალხებს შორის, რომ თითქმის ყველა გვერდზე ვჩერდებოდი, ვფიქრობდი, ან ლაშას ვუზიარებდი. ფამუქისთვის წერილის მიწერაც კი მომინდა, სადაც ვეტყოდი, მადლობა, რომ საქართველოზე დაწერე-მეთქი. ვისაც ეს რომანი წაუკითხავს და ალბათ ჩემსავით უძალიანესად შეუყვარდა, ემახსოვრება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნივთებს, როგორც საყვარელი ადამიანის მოგონებას. იქ ყოფნისას მეც გავმდიდრდი ამ ცოდნით და გამაბედნიერა იმ ფიქრმა, რომ ასეთი ნივთები თან მქონდა: ჩემი ძმის ნაჩუქარი საყურეები, ჩემი მეგობრების - მაიკოს და ლიკას ნაჩუქარი პირსახოცი წარწერით "drink beer", ჩემი დეიდაშვილის, მაიკოს ნაჩუქარი სათვალე და დიანიტას ნაჩუქარი ჭილის პანამა. მეგონა, რომ ისინიც ჩემთან ერთად ისვენებდნენ.
Akdeniz "თეთრ ზღვას" ნიშნავს. დილის ხუთ-ექვს საათზე ხმელთაშუა ზღვა თურმე სულ თეთრია, მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო. ზღვის ტანსაცმელი: შორტები, პლაჟის პირსახოცები და პარეოები უკვე გავრეცხე და შესანახად გავამზადე. როცა ვკეცავდი, ზღვის სუნი ვიგრძენი. არ ვიგონებ, მართლა ასე იყო. სხვა ხორციან, წვნიან ამბებს სულ მალე ლაშას ბლოგზე წაიკითხავთ. ახლა რამდენიმე ფოტო:
აქ ზღვა ცოტა დახრილია, იმედია, მომიტევებთ! :))) |
იდილია |
ანტალიაში ხეტიალისას |
პლაჟზედ |
ჩემი ყველაზე საყვარელი ფერი |
ნავახშმევს ან ვახშმის მოლოდინში. უკან ზღვა მკრთალად ჩანს. |
იახტა "გალეონით" სეირნობისას |
ზღვაი, მთაი და მზეი ერთად. აი, ასეთი ოსტატი ვარ ფოტოხელოვნებაში! :))) |
თიკო, რა კარგ ადგილას დაგისვენიათ და რაც მთავარია, ინტერნეტის გარეშე. მეც ეგ მგონია ნამდვილი დასვენება. ძალიან ლამაზი ფოტოები და ძალიან კარგი ხარ :* კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, ეს ვარცხნილობა ძალიან გიხდება:)
ReplyDelete:* ქეთი!
Deleteმადლობა!
ra magaria tik, thanks for sharing:))*
ReplyDeleteუჰ, თურქეთზე ჩემი აზრი უკვე ყველამ იცის, მგონი და ადამიანებს აღარ შეუძლიათ :დ რა ვიცი, შური ჰქვია ამას, თუ ისტორიული ანტიპათია (ვცდილობ, მსუბუქი სიტყვები შევარჩიო), ნერვები მეშლება, რომ ასეთი შრომისმოყვარეები აღმოჩნდნენ და ქვეყანა ასე წინ წაწიეს. 90–იანი საქართველოდან გაზიდული ხე–ტყითა და სპილენძით აშენდნენ, რომ იტყვიან :/
ReplyDeleteბუნებრივია, მხოლოდ ეს არ ეყოფოდათ თავიანთი ხასიათი რომ არა, მაგრამ მე მაინც ვბრაზდები, ქართველები ამდენ ფულს რომ ხარჯავენ თურქეთში და მათ ბიუჯეტს ამდიდრებენ.
ახლა მეორე მომენტი, ვიცი, შენგან, როგორი სიტუაციებია ქართულ საზღვაო კურორტებზე და მეც წარმომიდგენია – პრანჭვა–გრეხა და სნობიზმი, თურქეთში კიდევ, ალბათ, ყველაფერი უფრო ბუნებრივი და სულიერად დამამშვიდებელია, როგორც შენი ფოტოებიდან ჩანს.
მიხარია, რომ კმაყოფილები ხართ დასვენებით.
ჰოდა, ოჰ, თიკო, რა ლამაზი ხარ!!! იშვიათად ვეუბნები ამას ადამიანებს, იმიტომ, რომ სილამაზე, რაც უნდა თქვან, ძალიან იშვიათი რამეა =))))) განსაკუთრებით ეს ვარცხნილობა ისეთია, ძალიან ცოტა ქალს თუ მოუხდება. და ეს ჭილის ქუდი კიდევ როგორ გიხდება!!!! დიანიტას ზუსტად უჩუქებია.
ლაშას პოსტს დაველოდები აუცილებლად.
პ.ს. ის სურათი მომეწონა ძალიან, სადაც ქუდი, სათვალე და წიგნია :) ვერაფრით მივედი ამ წიგნამდე და იქნებ ამ პოსტმა ამაღებინოს ხელში :)
სოფი, არ ვიცი რა ვთქვა... დიდი მადლობა! :) ეს ვარცხნილობა სწორედაც რომ საზაფხულოა. ზღვაზე სულ მიჭირდა თმის მოვლა და ახლა არა! :) დიდხანს რომ ვუნდებოდი გაშრობას, ახლა ამის პრობლემაც აღარ მაქვს. gamine style მოვირგე :)
ReplyDeleteმეც ეგ ვიგულისხმე, როცა ვთქვი, რომ ჩვენც ლეგენდებად უნდა ვაქციოთ ჩვენი ტბები და მდინარეები და ვატაროთ ტურისტები... ერთ დილით სტამბულში უთენია რომ მივადექით კაფეს ყავის დასალევად და ვიღაც კაცი რომ მის წინ გვიდა, ის აღმოჩნდა იმ კაფეს მფლობელი. მაშინ მივხვდით ამ ხალხის ამბავს... ასეა... თურქეთში ახლაც ბევრი ღარიბია. ისეც არაა, რომ არავის უჭირს. შრომა კი მართლა უყვართ.
ვიცი, სოფი, მოგეწონება ეს რომანი. გეგონება, იმ თბილისზე კითხულობ, "აბეზარაში" რომ აჩვენებენ: ვოლგები და საკომისიო მაღაზიაში მიღებული ხალათები.