Wednesday, December 29, 2021

Tinano - აქსესუარის თანამედროვე ხელოვნება

ამასწინათ ვანის მუზეუმი მოვინახულე. მის შემდეგ სულ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანს შექმნის უნარი მისცა, რითაც ყველაზე დიდი თავისუფლება მიანიჭა. ამ ნაჩუქარი უნარის წყალობით, ჩვეულებრივ დაბადებულს, ბიოლოგიურ ადამიანს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მასზე დიდხანს იარსებებს და სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებს სიხარულს მოუტანს. თუ ნივთს პრაქტიკული დანიშნულება აქვს - ცხოვრებას გაუადვილებს. ამიტომაა ჩემთვის ძალიან ემოციური ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდის ნიმუშების გაცნობა: საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამყაროს მასშტაბურად აღიქვამდნენ, გემოვნება, თემების არჩევანი და ფანტაზია ცოდნის შესაბამისი ჰქონდათ.

ძველ ხელოვანებს ნამდვილად გაუხარდებოდათ, თუ გაიგებდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ, დაჩქარებულ და ქაოტურ დროში ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

ჩემი ბლოგის სტუმარი თინანო კალანდაძეა. ის დასავლეთ საქართველოში დაიბადა, სადაც მიწა რბილია, ზღვა კი ახლოსაა, რომელიც ამ მხარეს დიდ ისტორიასთან, ბერძნულ და რომაულ კულტურებთან აკავშირებს. ეს კავშირი ბევრ რამეში ვლინდება, პირველ რიგში კი ადამიანების უნარში, ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ.  როცა თინანოს შემოქმედების ნიმუშები გავიცანი, სწორედ ეს დავინახე: შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნივთად გარდაქმნის ნიჭი. თინანო ბუნებრივი ტყავისგან ქმნის სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს: მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ზურგჩანთებს, მობილურის აქსესუარებს, საფულეებს, ლეპტოპის ქეისებს.

ცნობილი ფილმის, ეშმაკს აცვია პრადას“ პერსონაჟი ამბობს: „აქსესუარი იკონოგრაფიის ნიმუშია, რომელიც ინდივიდის თვითმყოფადობის გამოსახატად გამოიყენება.“ ჩემთვის ჩანთა ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ჩაცმულობის წამყვანი ნაწილია. ამიტომ, თინანო სასიხარულო და იმედისმომცემი აღმოჩენაა. მისი კონტურები ფაქიზია, ფერები კი ისეთია, სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებს.

ცნობილ მიზეზთა გამო, ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერე. წინასადღესასწაულოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი შეკვეთა აქვს, მაგრამ ჩემს კითხვებზე საპასუხოდ დრო მაინც გამოძებნა. თინანოს თავის საქმიანობაზე, შემდეგ კი საკუთარ სტილზე ვესაუბრე.

მოგვიყევით თქვენს ბავშვობის წლებზე, სტუდენტობაზე. როგორ მიხვედით პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?

ბავშობის წლები  გურიას უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. პროფესიის არჩევაზე დედის ფაქტორმა იმოქმედა. დედა მხატვარია, გამორჩეული ხედვა აქვს, რაც ჩაცმულობაშიც გამოიხატება. მისგან მიღებულმა შთაგონებამ ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადამიაში სწავლა. ასეც მოხდა.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი „თინანო“ არსებობს?

ჩემი ბრენდი 2016 წელს შეიქმნა.

რა იყო თქვენი მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?

ბრენდის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა: ეს თავისთავად მოხდა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც და გამოცდილებაც.

როცა შეკვეთაზე ვმუშაობ, პირველ რიგში ვფიქრობ, ისეთი ნივთი შევქმნა, რომელიც მე მომეწონება და სიამოვნებით გამოვიყენებ. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხარისხია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანებია სიმარტივე და ფერთა სასიამოვნო კომბინაცია.

თქვენი აზრით, ყველა ბიზნესი უნდა გაიზარდოს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოგება, თუ მცირე მასშტაბითაც შესაძლებელია შედეგის მიღება?

ახლა კომფორტის ზონაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. თუ ჩემი საქმის დიდ ბიზნესად ქცევას გადავწყვეტ, ამ სიმყუდროვის დარღვევა მომიწევს.

ვინ მიგაჩნიათ თქვენს მასწავლებლად და რა რჩევა მოგცათ, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად გამოგადგათ?

ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ჩემი პირველი კურსის ლექტორი ნინო ქვრივიშვილია, რომელმაც  კომპოზიცია და ფერების შეგრძნება მასწავლა.