ჩვენს ოფისს უკანა ეზოს მხრიდან სკოლა ესაზღვრება. იმ დღეს ფანჯრის მწმენდავების დანახვაზე ბავშვები ძალიან გახალისდნენ. პატარა გოგოები ღია ფანჯრებს მოაწყდნენ: "კაცი!" "კა-ცი!" "გამარჯობათ!" "როგორ ბრძანდებით?" "ჩვენი სკოლის ფანჯრებიც გაწმინდეთ, რა!"
Showing posts with label life as i see it. Show all posts
Showing posts with label life as i see it. Show all posts
Saturday, May 10, 2014
Thursday, January 23, 2014
წრიალისა და მოკითხვებისა
როგორ იქცევა ჩვენი ხალხი სხვადასხვა შეხვედრაზე, გამოფენაზე, ღონისძიებაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე? ძალიან სასაცილოდ. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და არ მინდა, ჩემი ჩანაწერი ისე გაიგოთ, თითქოს ყველაფერს ვემიჯნებოდე. მეც ისევე ვგავარ და განვსხვავდები უმრავლესობისგან, როგორც ამ პოსტის ყველა მკითხველი.
- ოცი წუთით დაგვიანება და სრულიად მშვიდი სახით მოსვლა ნორმალურია. ყველაფერი რომ გვიან იწყება, დიდი ხანია მივეჩვიეთ. გგონია, დარბაზი არ შეივსება, მაგრამ ყველა ბოლო წუთში, ან (ისედაც გვიან) დაწყებისას შემოფუთფუთდება და დაიწყებს ადგილების ძებნას.
- კარი იღება, შემოდიან და როგორ გგონიათ, საითაა მიმართული მათი მზერა? სცენისკენ არა, აუდიტორიისკენ. თვალების ცეცებით ეძებენ ნაცნობებს. იწყება ერთმანეთის მოკითხვა, გადაძახილი, გაბმული ზუზუნი და ხშირ შემთხვევაში, ღონისძიების დასრულებამდე არ წყდება.
- ცალკე ფენომენია ავტონომიური კუნძულები. დგანან, ეწევიან, საუბრობენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რის/ვის გამოც შეიკრიბნენ.
Thursday, November 21, 2013
Blink of an Eye [მინიატურები]
* * *
ზამთრის საღამოა.
მე და ზაზა სახლში ვართ. დედა ჩვენთვის ვალინკების საყიდლადაა წასული. საღამოს ბრუნდება.
შემოდის სიცივისგან სახეაწითლებული. ვგიჟდები იმ სიცივის სუნზე, რომელიც სახეზე ასდის.
არ ვაცლი პალტოს დაკიდებას, არც ქოლგას ვართმევ; გიჟივით ვკოცნი და ვეხუტები.
* * *
პატარა ვარ, ბაღის
ასაკის. დედაჩემს ბავშვთა პოლიკლინიკაში მივყავარ. მარმარილოს კიბეებით ავდივართ ფართო,
ძალიან ფართო ჰოლში. მინდა, ეს კიბეები არ დამთავრდეს. თან მომწონს, რომ დაბალი საფეხურებია,
თითქმის არც იგრძნობა, რომ ზემოთ აბიჯებ. კედელზე ყბაშეხვეული ძაღლის ნახატი კიდია:
„ბობიკას კბილები ატკივდა.“ სანამ ექიმის კაბინეტამდე მივალთ, შიშისგან მაკანკალებს.
მეშინია ასია ექიმის, მისი სახის გამომეტყველების, ყელში რომ უნდა ჩაგხედოს, იმ რკინის
ინსტრუმენტის. სხვა დროს, ქუჩაში რომ გვხვდება, კარაკულის ქუდით და რედიკულით, მაშინაც
მეშინია.
ქარიანი დილაა.
ვწევარ, თვალებს ძალით ვხუჭავ. საშინლად მეზარება ადგომა და ლექციებზე წასვლა. ეზოდან
გიული დეიდა იძახის: დათომ დარეკა, დღეს „ხარისხის სახლში“ ინგლისელებთან გასაუბრებაზე
უნდა მიხვიდეო.
Sunday, October 6, 2013
ქალაქის შუქები
ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ?
კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.
ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.
ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები.
სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის.
Sunday, September 8, 2013
სექტემბრის დილები
ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?
Tuesday, June 18, 2013
MODERATO
ბლოგი მიტოვებულივით მყავდა. ჯერ აღდგომა იყო და შვებულება ავიღე, მერე ჩემი დაბადების დღე, მერე სამსახურის საქმეები გადაება და დრომ მალე ჩაიქროლა (ნეტა, ნელა როდის გადიოდა?). "მყავდა" დამიწერია. კარგია, ალბათ, ცოცხალი რომაა, იმიტომ.
ერთ ბანალურ რაღაცაზე მინდა დავწერო. ეს ამბავი ძალიან მასევდიანებს და იქნებ, ამით ცოტა შემიმსუბუქდეს, ან კარგი აზრები მოვისმინო. მოკლედ, ისაა, შენ რომ ვინმეს სიკეთეს სთავაზობ და ის რომ არ იღებს, ან იღებს, მაგრამ სხვათაშორის და ამ დროს რომ თავს ისე გრძნობ, "ვ დურაკახ".
უცნაური სიტუაციაა. სიკეთის მკეთებელი, რომელსაც მართლა უნდა, მეორე ადამიანი გაახაროს, ბრიყვი და მოცლილი გამოდის. მისი ყურადღება არ სჭირდებათ. მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება, ან პირდაპირი უარი. ის მეორე არის "ქულ", პრაგმატული, თავაღერილი, დროის განმკარგავი. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა შენი ზრუნვა "ზედმეტი"? როგორ უნდა დაიცვა ზომიერება ადამიანებთან ურთიერთობისას? არ ვიცი.
Wednesday, March 6, 2013
ცარიელი შენობების სევდა
ადრეულ სკოლის ასაკში ცარიელი შენობების მეშინოდა. მერე მივხვდი, რომ ეს შიში კი არა, უფრო იმის წუხილი იყო, რომ ისინი ძალიან სევდიანი მეჩვენებოდა უადამიანებოდ. ერთხელ, ჩემი სკოლის შენობასთან საღამოხანს ჩავლა მომიხდა. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ის ქუჩაც (ქალაქის ისტორიულ ნაწილშია, აღდგენილ–გალამაზებული), წელიწადის ყველა დროს ჰარმონიული და პოზიტიური იყო, სიძველის სიტკბოთი სავსე. იმ წიგნებში, მაშინ რომ ვკითხულობდი, ყველა ბავშვი რომელიმე წმინდანის სახელობის სკოლაში ან გიმნაზიაში სწავლობდა, რასაც ყოველთვის ვნატრობდი და ამიხდა კიდეც: ეროვნული მოძრაობის პერიოდში სკოლამ ძველი, საუკუნის წინანდელი სახელი დაიბრუნა. ახლა ქუჩაც და სკოლაც წმინდა ნინოს სახელს ატარებს. ჰოდა, იმ საღამოს, სკოლასთან რომ ჩავიარე, შენობას გავხედე და უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა: წარმოვიდგინე ჩაბნელებული დერეფნები, უბავშვებოდ, უხმაუროდ, მდუმარე, ცარიელი საკლასო ოთახები. მერე "თავს ვიწვალებდი" იმის წარმოდგენით, რა სევდიანი იქნებოდა ყველაზე ხალხმრავალი შენობები, მაგალითად, ცირკის არენა, თეატრის ან სპორტული დარბაზი, მოქალაქეთა მომსახურების დაწესებულებები ღამით, ნახევრადგანათებული და მდუმარე.
Sunday, January 20, 2013
"დაიძინეთ, პატარებო, კმარა!"
ჩემი დეიდაშვილი - თეა და მე თანატოლები ვართ. როცა სოხუმიდან არდადეგებზე ქუთაისში ჩამოდიოდა, ხშირად ვთამაშობდით ერთად. დალის ბიბლიოთეკაში, იატაკზე მოვაწყობდით "სახლს". ჩვენთვის ვსულელობდით: ხან ინდოეთში ვმოგზაურობდით და ხან დავდიოდით, ვითომ ბინა უნდა გვექირავა. ადრე მშობლებმა იცოდნენ, როცა სტუმრები ჰყავდათ, ბავშვს დააყენებდნენ და ლექსებს ათქმევინებდნენ, ან ამღერებდნენ. თეა ერთ სიმღერას მღეროდა ხშირად; მონდომებით, ყელმოღერებული, ცხვირში სულ გაგუდული იყო: "ლაჟვარდ ცაზე დაფარფატებს მთვარე, (....) დაიძინეთ, პატარებო, კმარა! არ იქნება ომი, არა, არა!"
სოხუმში დედ-მამასთან ერთად კოპწია ბინაში ცხოვრობდა, "ნოვი რაიონში". სულ ახალი კორპუსები და კაფეები იყო მის უბანში. ცეკვაზე დადიოდა, ზღვაზე - არა. ერთხელ დიდი ნათლობა გადაიხადეს. მთელი დელეგაცია ჩავედით. მახსოვს ძველი, დალხინებული ცხოვრების ხიბლი, ინტერნაციონალური საზოგადოება და მუსიკოსების ჯგუფი, რომელიც რუსულ და აფხაზურ სიმღერებს ასრულებდა.
Saturday, December 1, 2012
მოდისტა და სხვები
ამონარიდი ჩემი მეგობრის, ნანას ელექტრონული წერილიდან. რასაკვირველია, მისი თანხმობით ვაქვეყნებ.
"1 საათზე ჩეხეთის საელჩოში ვიყავი ჩაწერილი, პასპორტის წამოსაღებად და ცოტა ადრე გამოვედი ოფისიდან, გზად მკერავთან უნდა გამევლო, გადასაკეთებლად მქონდა მიტანილი ქვედაბოლო. ეს მკერავი სომეხი ქალია, გაია. რუსთაველზე, ერთ-ერთ არკას თუ დაუკვირდები, სანამ "ანტრემდე" მიხვალ, არკის შესასვლელში აბრაა გამოკრული "მოდისტა". ეს აბრა გვაუწყებს, რომ მკერავი გაია აქვეა სულ ორ ნაბიჯშიო და თან უბრალოდ მკერავი კი არაა, მოდისტა არისო.:) გაიას მართლაც რომ ოქროს ხელი აქვს, ძალიან ხარისხიანად კერავს, და საფასურსაც შესაბამისს იღებს. სიმართლე რომ გითხრა, ძვირსაც კი იღებს. მაგრამ, იმდენად მოსახერხებელია იქვე რომაა და შედეგიც რომ იცი ნამდვილად ხარისხიანი იქნება, მიგვიჩვია მთელი ოფისი. მოვიტანთ რაიმეს მის გაკეთებულს და ვწუწუნებთ: "ამაში ამდენის მოთხოვნა რა უბედურებააო", მაგრამ არ გაივლის ცოტა ხანი და ისევ გაიასთან მივდივართ, თუ მკერავი გვჭირდება.
იტალიურ ეზოში აქვს "სამკერვალო" გაიას. სულ რაღაც ორი პატარა ოთახია. ეზოში უზარმაზარი ხე დგას, ჭადარი. ეხლა სულ გადაყვითლებულ - გადაოქროსფერებულია ჭადარიც და ეზოც. მივუკაკუნე კარებზე გაიას, მომესმა "zaxodite, otkrito". შევედი, გაიამ იქვე ელექტრო-გამაცხელებელზე რკინის ჩაიდანი შედგა. იცი, როგორი გამაცხელებელი აქვს, სპირალები რომ ანათებს წითლად. მერე მეორე ოთხში შემიძღვა, ჩემი ქვედაბოლო მოძებნა და მოისინჯე, აბა, როგორი გამოვიდაო. მართლაც, კარგად გამიკეთა. 18 ლარიო, მე 20 ლარიანი მქონდა და დამელოდე ერთი წუთითო, ხურდა არა მაქვს და დავახურდავებო. წავიდა.... მე ოთახის დათვალიერება დავიწყე და უცებ რა ვიგრძენი, იცი? დამცინებ ეხლა :D გაია მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახად მომეჩვენა მთელს მსოფლიოში. გარეთ ცრიდა, აქ კი წითლად ანათებდა სპირალიანი გამაცხელებელი, ჩაიდანი კიდე ზემოდან ქოთქოთებდა, გარშემო სხვადასხვა ფერის უამრავი ნაჭერი და ძაფები იყო და ძველთაძველი საკერავი მანქანა. ყველაფერი ისეთი პრიმიტიული იყო და თან ისეთ სიმყდროვეს ქმნიდა. არ მინდოდა არც ჩეხეთის საელჩოში წასვლა, მერე ოფისში დაბრუნება, საღამოს სალონში შერბენა მანიკურზე, მერე სახლში მოსვლა, სადაც გათბობაც ცენტრალურია, ჩაიდანიც თანამედროვე. ეს ყველაფერი ცივილიზაციის ისეთ გულისამრევ კომპონენტებად მომეჩვენა იმ წუთებში და ისე შემშურდა გაიას ამ ორი მოცუცქნული ოთახის, ჟანგიანი ჩაიდნით და ძალიან გასარეცხი ფარდებით.
Monday, October 29, 2012
Dreams to Remember
სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.
როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...
ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.
Tuesday, June 19, 2012
ყველგანაა
ვაკე–საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზა რომ გაიყვანეს, მარჯვენა მხარეს რამდენიმე სახლი გამოჩნდა. სიტყვა "ქოხმახი" უფრო ნაკლებად იწვევს სიბრალულს, ვიდრე ამ სახლების შეუთავსებლობა ირგვლივ მიმდინარე მშენებლობა–განახლებებთან. იმ მხარეს რომ გავიხედავდი, ყველაფერი მუქი იყო: ხის "აივნები", მიშენებული სათავსოების კარები, მიწაყრილები, სარეცხი და ერთ ადგილას დახვავებული რაღაც ნივთები. ადამიანები არ დამინახავს, ისედაც იოლად შემეძლო წარმომედგინა. ხანდახან სუსტი შუქი ჩანდა ფანჯრებიდან. ერთხელ, მორიგი ჩავლისას პატარა, ნაზი ხე დავინახე, იქვე, თავისთვის იდგა, ყვავილებით შეფიფქული. გავიფიქრე: "მათთანაც მოვიდა გაზაფხული".
ესტაკადებიან–ინფრასტრუქტურიანი კეთილდღეობა და პროგრესი გუგუნით მიიწევდა წინ. ბეტონის ახალ გზაზე ჯიპები, კუპერები და ოპელის ტაქსები პარალელურად, ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ. განაპირას დარჩენილ ხის ღარიბულ სახლებს ალბათ ოფიციალური მისამართი არა, მაგრამ თავისი პატარა გაზაფხული კი ჰქონდათ.
Subscribe to:
Posts (Atom)



