Showing posts with label წიგნი. Show all posts
Showing posts with label წიგნი. Show all posts

Saturday, March 4, 2023

გაზაფხულის ძებნაში



ჩვენი საღამოს საკითხავებიდან ბოლო პერიოდში სანდრას "ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი" მოსწონს. ბაყაყუნა და გომბეშიკო მეგობრები არიან. ერთ მწვანე სოფელში მყუდრო, ლამაზ სახლებში ცხოვრობენ, საუზმეს ღია ფანჯარასთან მიირთმევენ, ერთმანეთს ყოველდღე სტუმრობენ, ერთად თამაშობენ, მდინარეში ბანაობენ, ფრანს უშვებენ. საღამოობით აივანზე სხდებიან, ვარსკვლავებს უყურებენ და ამბებს ჰყვებიან. 

ამ საღამოს გაზაფხულის ზღაპრის წაკითხვა მთხოვა. ამ ზღაპარში ბაყაყუნა და გომბეშიკო სოფელში სეირნობისას თავსხმა წვიმაში მოყვებიან. გასაშრობად ბაყაყუნას სახლს შეაფარებენ თავს, ცეცხლთან თბებიან, ჩაის და ნამცხვარს მიირთმევენ და საუბრობენ. ბაყაყუნა გომბეშიკოს უყვება, როგორ ეძებდა გაზაფხულს, რადგან, როცა პატარა იყო, მამამ უთხრა, შეიძლება ნაცრისფერი დღე იყოს, მაგრამ გაზაფხული ჰაერში ტრიალებდეს და მალე კარს მოგვადგესო. ბაყაყუნამ გაზაფხულის ძებნაში ბევრი იარა, მოიარა ტყეები და მდელოები, დაიქანცა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბოლოს, სიარულით დაღლილს გაუწვიმდა და ისევ სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. თავის ეზოში კი ბაღში მოფუსფუსე დედა და მამა დახვდნენ. მოლზე ყვავილები ამოსულიყო, ხეებზე კი ჩიტები ისხდნენ და ჭიკჭიკებდნენ. ასე მიაგნო ბაყაყუნამ გაზაფხულს. ამ ეპიზოდის ილუსტრაცია ასეთია (გუგლში ვერ ვიპოვე): დედა და მამა ბაღში ჩითილებთან დგანან და შინ დაბრუნებულ შვილს ხელს უქნევენ. 

სანდრას სიტყვებიდან მივხვდი, რომ ამ ეპიზოდის იდეამ და ემოციურმა ნაწილმა იმოქმედა მასზე ყველაზე მეტად. კითხვის დროს წიგნი დახრილი მიჭირავს, რომ თან სურათებს შეხედოს და ამბით ბოლომდე დატკბეს. 

მიკვირს ხოლმე, როგორ იცის ადამიანმა თავიდანვე, რაა მნიშვნელოვანი და რა სჭირდება: სამყაროში გასულს და თავგადასავლიდან შინ დაბრუნებულს მისი მთავარი დასაყრდენის, მშობლების ერთად ნახვა და მათთან ერთობის განცდა. მახსოვს, ჩემს ძმას სპეციალურად არ დაჰქონდა გასაღები, რომ საღამოს შინ დაბრუნებულს მისთვის დედას გაეღო კარი. სანდრაც, როცა სადმე ხალხმრავალ ადგილას ერთობა და თამაშობს, ყველაზე მხიარულ წუთებშიც კი თვალით მეძებს, რომ დარწმუნდეს, რომ იქ ვარ და ვუყურებ. გაზაფხულის პირველი კვირაა და თითქოს ამ ამბებმა სპეციალურად მოიყარა ერთად თავი.

[ინფორმაცია წიგნის შესახებ: Arnold Lobel, Frog and Toad. გამომცემლობა "ზოლიანი კატა" 2020. თარგმანი: ლელიკო და გია გოკიელების; რედაქტორი ანა ჭაბაშვილი; გამოიცა აშშ საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.]

ალბათ, ბაყაყუნას მამა ასეთ დღეებს გულისხმობდა, როცა შვილს გაზაფხულის მოახლოებას უხსნიდა. სანდრა ამბობდა, წვიმა გვეფერებაო, გუბეებში დააბოტებდა, ხეზე კოდალას აკვირდებოდა.


Sunday, May 31, 2015

უსახელო ვარსკვლავი

ამ ცნობილ ფრაზას ხშირად ვიმეორებდი: „ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ, ხანდახან არც ვიცით ხოლმე“. ჩვენ საკუთარი ვარსკვლავიც გვაქვს, უსახელო. აღმოვაჩენთ და ვიცით, რომ იქ არის, თავისთვის, არცერთ ხელსაწყოში არ ჩანს. თავისი ორბიტიდან არასდროს უხვევს, თუმცა, ერთხელ შეიძლება სტუმრად მოვიდეს ჩვენს ქალაქში, მხოლოდ ერთი ღამით.

ჩემი ქალაქი ასეთია: მაისის, ჩრდილების, ეზოებიანი სახლების და იმ სახლების ღობეებიდან გადმოსული ვარდების. გასულ თვეში ხშირად ვფიქრობდი ამ ქალაქზე. საღამოს რომ ქუჩაში გაივლი და საკუთარი ფეხის ხმა გესმის. იმ ფილმმა, ზემოთ რომ ვახსენე, ძალიან მომაგონა, ბევრი რამით, პირველივე კადრიდან. ჩემს ქალაქშიც ცხოვრობს კომპოზიტორი, რომელსაც სიმფონია აქვს დაწერილი, ოღონდ არც ორკესტრი ჰყავს და მთავარი ინსტრუმენტიც აკლია. ამ სიმფონიის თემა ახლაც ჩამესმის და ძალიან უხდება ამ ქალაქის სიჩუმეს. როგორიც ჩემს წარმოსახვასა და ფოტოგრაფიულ მეხსიერებაშია, ისეთი იმ პოეტმა შექმნა, გასული საუკუნის დასაწყისში სახლში წერილებს რომ აგზავნიდა, გაზეთში ჩემი პირველი ლექსი დაბეჭდესო. მერე კი, წლების მერე, წერილებს უკლო და სახლიდან საყვედურებს სწერდნენ. სულ მისი სახეები და ფერები მაქვს გონებაში გამჯდარი. 

როცა მჭირდება და ხანდახან თავისთავად, მივდივარ ხოლმე ფიქრებით და ამ მუსიკით (აქაც ვარსკვლავებია), მაისის გოგო მაისის ქალაქში. ჩრდილებიან, ჩრდილებიან ქუჩებში. 

გოგოები თავიანთ ეზოებში კითხულობენ წიგნებს. სავახშმოდ რომ დაუძახებენ, წიგნში სანიშნედ ვარდს ჩადებენ. 

მამაჩემი ბოლო კლასშია,  მაღალი და ძალიან გამხდარია და სულ უკანა მერხთან ზის. მერე სოხუმში ისწავლის. ისევ გამხდარი იქნება და ვიწრო შარვლები ეცმება. 

ძველ ოჯახებში როიალი უდგათ დიდ ოთახში. როიალზე - ნოტები და ძველებური შანდალი. 

დეკემბერი ისეთი თბილია, პალტოებიც კი არ აცვიათ. 

ერთი ცნობილი პოეტური ორდენის წევრი (და ჩემი მოგვარე) ბედნიერია იმით, რომ ქალაქგარეთ სეირნობისას მეგობარ პოეტებს თავისი ახალი თარგმანი წაუკითხა და მათ ძალიან მოეწონათ. თბილი დეკემბრის იმ საღამოს საიდანღაც ქარი ამოვარდება და ფიფქებს მოაფენს. დიდხანს დგას ფანჯარასთან, მერე თავის ძაღლს დერეფნიდან შემოიყვანს, თბილად დაუგებს და თავის საწოლთან დააწვენს. 

ტელევიზიით გადმოსცემენ: ჩემი მეგობარი თამუნია ოფელიას მონოლოგს კითხულობს ინგლისურად. 

მარიკას ხისიატაკიან და წიგნებიან ოთახში შევდივარ. დაწოლილი ჯორჯ მაიკლის სიმღერას უსმენს. რაღაცას დარდობს, ჩემს მისვლას ვერ იგებს.

ერთი ბიჭი ფირფიტას ყიდულობს, ამ ფირფიტის გარეკანზე მუსიკოსი ცაზე აბიჯებს, მისი ნაბიჯების ადგილას ვარსკვლავები (ისევ!) ჩნდება. შიდა ფურცელზე იმ დღეს ინიშნავს, რიცხვს და კიდევ, როგორი ამინდია. წლებიც მერეც იტყვის, რომ ის ყველაზე კარგი და ჯადოსნური გარეკანია. 

მარწყვს ხენდრო ჰქვია.

საქალაქთაშორისო ზარით რომ ძალიან ახლობელი რეკავს, მისი მონატრება უაზრობებს გალაპარაკებინებს და ყურმილს სასწრაფოდ გადასცემ სხვას. 

ლაშას ფოტოები. შაბათ-კვირის სეირნობებიდან.

Saturday, August 17, 2013

AKDENIZ

მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი. 

დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.

Thursday, April 18, 2013

Blue Melody

სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე").  ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.

Wednesday, August 1, 2012

Values? Anyone?


სხვადასხვა თაობებს რომ განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ, გასაკვირი არ იქნება. ისიც ცხადია, რომ რამდენიმე ძირეული ღირებულება ყველა ერის, კულტურის და თაობისთვის საერთო და მისაღებია. ჩემი მშობლების თაობისთვის წიგნიერება ყველაზე დიდი ღირებულება იყო. ახალგაზრდები თავშეყრისას აუცილებლად განიხილავდნენ ახალ ფილმს ან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს. ალბათ, ვინმე შემედავება, მაშინ ინტერნეტი და ინფორმაციის შეუზღუდავობა არ იყო და რაც ხელთ ჰქონდათ, იმას იხილავდნენო. ირაკლი ჩარკვიანის მსჯელობამ ("მშვიდი ცურვა") მისი  თაობის პრობლემების შესახებ დამანახა, რომ ინტელექტუალური განვითარებისკენ სწრაფვას გარკვეულწილად საბჭოთა კავშირში გამოკეტილობამაც  მისცა ბიძგი. ამჯერად ვითარება და მიზეზები დროებით დავივიწყოთ. ირაკლის და მასზე უფროსი თაობების მთავარი ინტერესი და ღირებულება ცოდნის შეძენა იყო. მოდურად ჩაცმა, გარეგნობაზე ზრუნვა, "ბოჰემური" ცხოვრების სტილი - დიახ, აინტერესებდათ, მაგრამ ცხოვრების მიზნად არ იხდიდნენ. მათთვის "გოიმი" უგემოვნოდ ჩაცმული კი არა, უწიგნური ადამიანი იყო.

ჩემს სტუდენტობას 90-იანებმა მოუსწრო, ასე რომ, ჩვენი ღირებულებათა სისტემის პირველი საფეხური ელემენტარული საჭიროებები იყო. ამის მიუხედავად, დიდი სივრცეების (არა მხოლოდ გეოგრაფიული) და განვითარებისკენ სწრაფვა მაინც გამძაფრებული გვქონდა.

ახლა კი, ყველაფერი პოზაა. (ეს სიტყვა გაგა ნახუცრიშვილს ვესესხე) პოზა და მარათონი: ახალი ფილმის ნახვა სხვებზე ადრე და მერე დასტატუსება, ვიღაცის კონცერტზე წასვლა და იქედან ტელეფონით "რეპორტაჟი", ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ჭკვიანი სახით ჯდომა, ავტორთან ფოტოს გადაღება და მერე წაკითხული ანოტაციის მიხედვით მსჯელობა. ახლა ყველა ესწრაფვის სადღაც ზედაპირზე (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია) დაწერილ რაღაც ცხოვრების სტილს, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია: ცხოვრებისგან მატერიალური მაქსიმუმის მიღების დაუძლეველი სურვილი, პროგრესის  და წარმატების დემონსტრირება ყველგან (პოზა+მარათონი=ბარსელონაში წასვლა, პიარის და ბუღალტერიის კურსების გავლა, ახალი მოდელის მანქანის ყიდვა და ..), ყველაფრის "აზრზე" ყოფნა (წყარო: სოციალური ქსელები, ჰა-ჰა, რაღაც სტატიები ინტერნეტში) და მთავარი: "ლუქი" და "ფეშენი".