Thursday, April 18, 2013

Blue Melody

სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე").  ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.


ამ მოთხრობის შთაგონება მწერლისთვის ბესი სმიტის ცხოვრება ყოფილა. ბესი ტენესის ჩატანუგაში დაიბადა და ჩატანუგას მატარებლის რიტმებივით სვინგავდა. ობლობასა და გაჭირვებაში გაიზარდა, მერე უცებ ცნობილი მომღერალი გახდა, კონცერტებზე საკუთარი მატარებლით დადიოდა და ნაირ–ნაირ სასიყვარულო თავგადასავლებში იყო გახვეული. მისი სიკვდილის მიზეზი ავარია გახდა. სერიოზულად დაშავდა, მაგრამ არა სასიკვდილოდ. ამბობდნენ, "whites only" ("მხოლოდ თეთრი რასის ადამიანებისთვის") საავადმყოფომ არ მიიღო და სიკვდილი ამან დააჩქარაო. "სევდიან სიმღერაში" ლიდა–ლუიზა ჯონსი ბრმა ნაწლავის შეტევით კვდება, არცერთი საავადმყოფო არ იღებს და გზაში იღუპება, ტკივილისგან დამუნჯებული. ორივე ხელი თავის გამხდარ მუცელზე უდევს. 



ლიდა–ლუიზას სიკვდილამდე საოცრად იდილიური ეპიზოდია პიკნიკი, რომელსაც სულ ნელა ვკითხულობ, მენანება წინადადებების დასრულება. ფეგი და რედფორდი, ზეემოციური თინეიჯერები, ინტუიტიურად რომ ამყარებენ ჰარმონიას გარესამყაროსთან ერთმანეთის და შავი ჩარლზის კლუბის აღმოჩენით; ლიდა–ლუიზა, რომელმაც სადღაც ტურნეში დატოვა თავისი ბუნდოვანი კაცი და ყველა სიმღერას გულში მას უძღვნის; და შავი ჩარლზი, დიდი, მოსიყვარულე გულით, კოჭებთან მოკლე შარვლით და კოტიტა თითებით. შვილები არ ჰყავს, მაგრამ თავიდან ბოლომდე მშობელია, მთელი ღამის ნათევი გაღვიძებაზე რომ არ დაიწუწუნებს და ბავშვებს ლორსაც შეუწვავს.

სულერთია, მართლა ცხოვრობდნენ, თუ მწერალმა გამოიგონა, ბლუზის მომღერალი ქალები მაინც ყოველთვის მეტაფიზიკურად რომანტიკულები იქნებიან. ყოველთვის ეყოლებათ შეყვარებული, რომელმაც მიატოვა, მამა, რომელიც არასდროს უნახავთ, დედა, რომელიც კარგ მანერებს ასწავლიდათ და რომელსაც ღრმა სიბერეში შეუქმნიან კომფორტს... ექნებათ ჩამოკონკილი, ქუჩაში გატარებული ბავშვობა, თავგადასავლებიანი ახალგაზრდობა, ნათხოვარი ფეხსაცმლით კლუბში გამოსვლა, აღიარება და თავბრუდამხვევი კარიერა, ბევრი კაბა, სიგარა, პარიკი, ვისკი და კარტი მატარებლის კუპეში... სულშიჩამწვდომი ხმა, რომელიც მთელი მთელი აფრიკის მისტიკურ სევდას იტევს და წლების შემდეგ დაფხაჭნილი ფირფიტიდანაც იცნობა... და ბევრი მსმენელი: ყმაწვილობაში შესული სკოლის მოსწავლე გოგონები, ფეხებზე ხელებშემოჭდობილი იატაკზე რომ სხედან და მუხლებზე წინა კბილების კვალი ემჩნევათ, მუსიკას გაუცნობიერებელი და ერთბაშად მომსკდარი გრძნობით უსმენენ და ერთი სული აქვთ, გემოზე აღრიალდნენ.

ჰოდა, არ ვიცი, რა უფრო მიყვარს და მიზიდავს ამ მოთხრობაში: რედფორდის და ფეგის ურთიერთობა, შავ ჩარლზთან მათი სტუმრობა, ლიდა–ლუიზას ისტორია თუ ის საშინელი რეალობა, რედფორდს დიდობაში ერთხელაც რომ არ მოუსმენია ლიდა–ლუიზას ფირფიტისთვის, ფეგის რომ შემთხვევით გადააწყდა სასტუმროს ფოიეში მატერიალისტ ქმართან ერთად, რომ შეპირდა, დაგირეკავო და არ დაურეკავს. მერე რომ მოუსმინა და ფირფიტა ისე იყო დაფხაჭნილი, ვერც იფიქრებდი, ლიდა–ლუიზა თუ მღეროდა. მოთხრობაც ამ სიტყვებით მთავრდება და როცა ვკითხულობ, საშინლად მეწურება გული.

დრო უცნაურია. ყველაფერი თან მიაქვს, კარგიც და ცუდიც. რასიზმის ეპოქა დასრულდა, ფეგი და რედფორდი დიდი ხანია, ბავშვები აღარ არიან და აღარც იმ პატარა ქალაქში ცხოვრობენ, ლიდა–ლუიზა არც სიცოცხლეში იყო დიდად ბედნიერი და სიკვდილითაც ადამიანების გულქვაობის გამო მოკვდა. თუმცა,  არა, ყველაფერი არ მიაქვს: მისი ხმა ფირფიტებზე შემორჩა, იმ მოგონებებივით, რომელსაც ადამიანი დიდობაში თავად წყვეტს, რამხელა მნიშვნელობა მიანიჭოს. რედფორდი ამ ამბავს ომში იხსენებს, სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფეხებმოყინულ ჯარისკაცებს უყვება. ალბათ ფეგისაც ზოგჯერ ძალიან უნდა, რედფორდს დაურეკოს და სთხოვოს, იქნებ ლიდა–ლუიზას ფირფიტა მათხოვოო.


Nobody Good Around (მოთხრობის ქართულ თარგმანში: "არავის ვუყვარვარ, არავინ მიბრალებს") ფეგი და რედფორდი ამ სიმღერის შესრულებას სთხოვდნენ ლიდა-ლუიზას.



იგივე სიმღერა ერიკ კლეპტონის ინტერპრეტაციით.

8 comments:

  1. „ბლუზია, როცა კარგი ადამიანი ცუდადაა“ - ამას ამბობს ერთუ ბებერი ბლუზმენი ფილმში „გზაჯვარედინი“. ხოდა ეს ისტორია, - სელინჯერის და საერთოდ, ბესი სმიტის, ამის დადასტურებაა. :)

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ...

    "სულშიჩამწვდომი ხმა, რომელიც მთელი მთელი აფრიკის მისტიკურ სევდას იტევს" - რამდენი ხანია ამ ფრაზის ამოთქმა მინდა და ვერ ჩამოვაყალიბე :)

    Jay McShann-ის მაგარი ალბომი მაქვს, ვიცი, რომ მოგეწონება. მომწერე და მოგაწვდი როგორმე.

    ReplyDelete
    Replies
    1. http://kokinia.blogspot.com/2012/11/dee-dee-bridgewater-lady-sings-blues_22.html similar :) ნანახი გექნება.

      მადლობელი :) დროფბოქსით ვცადოთ მერე, ოკ?

      Delete
  3. ამის მერე კიდევ სოციალიზმს დასცინებს ამერიკა ხო? ევროპაში მეორე მსოფლიო ომი უკვე დამთავრებული იყო და იქ ადამიანებს ჯერ კიდევ კანის ფერის მიხედვით იღებდნენ საავადმყოფოებსა თუ სხვა ადგილებში.
    სელინჯერს ხომ მწერალი არ ჯობია ამქვეყნად.

    (თემის გარეთ: გუგლ+_ის პროფილზე რა კარგი სურათი გიყენია, "ჩემი საყვარელი ნერდების" სრული ანტიპოდი :) )

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი <3 ნერდი კი არა პეპი ხარ შენ, ჟღალთმიანი და მხიარული :)

      Delete
  4. "whites only" საავადმყოფო :)
    არ ვიცი ეს მოთხრობა და მომინდა წაკითხვა

    ReplyDelete
    Replies
    1. სმაილი შემეშალა :(

      Delete
    2. :))) araushavs. shens samsaxurshi iqneba is gamocema, 1969 wlis.

      Delete