Thursday, November 22, 2018

Moderato Cantabile


  • დიდი ხანი არაა, რაც მშობელი გავხდი და უნებურად დედაზე მეფიქრება, იმ გზაზე, რაც გამოიარა. რატომღაც, სკოლის პირველი წლები მაგონდება, როცა, კომუნისტური ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ბინაში გადაგვიყვანეს. ტიპური დასახლება იყო, ერთნაირი კორპუსებით. ეზოში მარტო არ გვიშვებდა, თვითონ ჩამოგვყვებოდა, ხელში გასაღები ეჭირა, თან ღრმა ფიქრებში იყო, თან ჩვენ გვმწყემსავდა. მაშინდელი  თამაში აქეთ-იქეთ ბორიალი და გარემოს თვალიერება იყო. გაუცნობიერებლად ვამჩნევდი, რომ რაღაც ბოლომდე დაუმთავრებელი იყო. ეზოში სულ ვპოულობდით რაღაც ტექნიკურ ნარჩენებს, სატვირთო მანქანების ნაწილებს, ზამბარებს, ან სამშენებლო მასალას. არავისი არ იყო, უბრალოდ ეყარა. დაუმთავრებელი საქმის, არათანმიმდევრულობის და დაუდევრობის ქვეყანა იყო და მერე კიდევ დიდხანს იქნებოდა. დედა მარტო იყო ორ პატარა შვილთან ერთად, იმ ნაცრისფერ უბანში, ღრმა კომუნისტურ ყოველდღიურობაში, უხმო ბრძოლაში. ვერსად გავურბივარ ამის გააზრების სიმძიმეს. ვერც ვერაფრით ვშველი. 
  • ნინომ შალვა ამონაშვილის ლექცია მომასმენინა ბავშვების აღზრდაზე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის რჩევებს მივყვები არაეგოისტური აღზრდის, თანასწორობის და არათითისდაქნევის მიდგომის შესახებ. ახლა ისევ საკუთარ თავს ვევაჭრები, რომ ცოტა გამონაკლისი მაინც გამოვტყუო და ათი პროცენტი მაინც შევაყვარო იმის, რაც მე მიყვარს. უკვე მიხარია, როცა ასეთ მისწრაფებებს ავლენს. იმ დღეს აივანზე ვიდექით. ჩიტების გუნდმა გადაიფრინა. ჯერ წრეს არტყამდნენ. სანდრა ყურადღებით ადევნებდა თვალს. მერე უცებ მათ ჩრდილს შეხედა მდელოზე. ეს აშკარად ჩემი ხასიათის ანარეკლი იყო და ეგოისტურად მესიამოვნა.
  • როცა ყოფით რაღაცებზე ვსაუბრობთ, ჩემს მეგობრებს სულ შევჩივი, რომ 90-იანებმა ძალიან მძიმე დაღი დამასვა. სულ მეშინია, რომ მაშინდელივით უცებ ყველაფერი არ გაქრეს. ათი წლის წინ, როცა ინტერნაციონალურ საზოგადოებაში ვიყავი, სხვა სტუდენტების მშვიდ და დალაგებულ ცნობიერებას ვაკვირდებოდი. ისინი არაფერში საფრთხეს არ ხედავდნენ. მარტო მე და პალესტინელი გოგო, სირინი ვგავდით ერთმანეთს, ომის შუაგულში მყოფი მცირე ერების შვილები.
  • განახლების განცდა მიყვარს და შევხარი მის ყველა გამოვლინებას. მგონია, რომ ისეთი რუტინული საქმეები, როგორიც აბაზანიდან ახალი კანით ამოსვლა, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა, ახალი კვირის დაწყება და და დილით ახალი დღის გაცნობიერებაა, დიდი დასაწყისი, შანსი და საჩუქარია. ხელახლა გვიყვარდება და გვინდება სიცოცხლე, გვგონია, რომ საკუთარი თავის ახალი და უკეთესი ვერსია ვართ. უძღებ შვილსაც ხომ ახალი ტანსაცმელი უბოძეს, როცა სახლში დაბრუნდა. ის გამოცდილება, რაც მანამდე გამოიარა, ახლის საფუძველი გახდა. რა კარგია, რომ ის "დანაყოფები", რაც ცხოვრებას აქვს, ითვალისწინებს მუდმივი უკეთესობის სურვილს, რაც ადამიანს აქვს და რაც, როგორც ამტკიცებენ, ოდესღაც სამოთხეში ცხოვრების გენეტიკური მეხსიერების ანარეკლია. ერთ ფილმად მიღირს ის კადრები, როცა გმირი ღრმა განცდებიდან გამოსვლას ამჯობინებს, ცრემლიან ხელსახოცებს გადაყრის, დაჭმუჭნილ საწოლს მიატოვებს, თმას დაივარცხნის, ფეხსაცმელს გააპრიალებს და სახლიდან თავაწეული გავა.

Tuesday, October 23, 2018

შინ თბილად შემოდგომისას



ახლა ჩემი სულის სეზონი დგას. საკუთარი თავის სიღრმეებში ყოფნას ყველაზე კომფორტულს ხდის. საიდანღაც დაბრუნების და საკუთარ სივრცეში მყუდროდ და უსაფრთხოდ ყოფნის განცდას მიმძაფრებს.  წიგნის ჩანიშნული გვერდივითაა, მიუბრუნდები, გადაშლი და იქვეა. შენთვის.


ჩემი სულის ყვავილი იზრდება და კიდევ უფრო მშვენდება. გავალთ ხოლმე სასეირნოდ. მის ეტლს იქ ვაჩერებ, სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია. მერე ამოვიყვან, ჩემს შარფს შემოვახვევ, ხეებთან მიმყავს. ფოთლებს უყურებს, ხელში ატრიალებს, ჭმუჭნის. ძირს დაყრილ ფოთლებს აკვირდება, ჩვენს ჩრდილებს აყოლებს თვალს. დაბალ ხმაზე ვუმღერი. ერთხელ მოსმენილ მელოდიასაც ცნობს და იღიმება. მოსაღამოვდება. ქუჩის ფანრები ინთება. შუქს დიდხანს უყურებს. ხელები და ლოყები უცივდება. ხეებზე ჩიტები სხდებიან და ერთმანეთს რაღაცას ეძახიან. სანდრას ძალიან ართობს მათი თამაში. ხმას გაიგონებს და შემომხედავს. ამ დროს მგონია, რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში ვართ. თითქოს შემოდგომა მთელი მისი ჯადოსნურობით მან გამოიგონა და ყოველ წელს აცოცხლებს თავის წივწივა ჩიტებს, გათენების შუქს, წაბლს და ზღარბებს ტყეში. ათი თვის გოგონა ამ ჯადოსნურ ზღაპარში სრული შეგნებით მონაწილეობს. ნიავის ყოველ შემობერვაზე სიხარულით შეჰყვირებს და უცინის მოქანავე ტოტებს და ჰაერში მოტრიალე ფოთლებს. სახლში მივალთ და ანუშკა ამ ფოტოს გვიგზავნის, თითქოს ჩემს გულს აკლდეს სიყვარულით გადავსება:

Saturday, March 24, 2018

მაიკო

Tristeza não tem fim.
Felicidade sim.
ბედნიერებას ბოლო აქვს, სევდას - არა.
(ბრაზილიური სიმღერიდან)




არ ვიცი, უდიდეს ტკივილზე როგორ  ვწერო. როგორ გამოვხატო, თუნდაც ჩემს მშობლიურ ენაზე, მაიკო ჩემთვის რას ნიშნავდა.

ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება მას უკავშირდება. ბლოგზე წარსულის შესახებ ყველა პოსტში მაიკოა. სხვაგვარად არც შეიძლება, ჩემი ცხოვრების იმხელა ნაწილი იყო. 

იყო და აღარ არის.

მთელი წელი არდადეგებს ველოდებოდი. არდადეგები სოხუმში მასთან ერთად ყოფნას ნიშნავდა. მის ოთახში, უამრავ ჩემთვის ლამაზ და მიმზიდველ ნივთს შორის მეძინა. დილით მის გვერდით ვიღვიძებდი. მისი ფოტოების ალბომი ზეპირად  ვიცოდი. ასევე ზედმიწევნით ვიცნობდი მის მეგობრებს. მას ვბაძავდი ყველაფერში. მისი ყველაფერი უპირობოდ მომწონდა. მას ეცვა, ის ამბობდა, ის აკეთებდა, მას მოსწონდა, ის უკრავდა - ე.ი. კარგი იყო და პირდაპირ გადმომქონდა. ლამაზად ჩამაცმევდა, სულ თავის ტანსაცმელს, და სოხუმის მთავარ პროსპექტზე მასეირნებდა. აღარ იცოდა, რა ეყიდა, ყველაფერს მთავაზობდა. მისი ტანსაცმლით სიარული დიდი ბედნიერება იყო. სკოლაში ამაყად ვატარებდი მის ნაჩუქარ ახალ ჩანთას, ფეხსაცმელს, წინდას, კაბას. სტუდენტი გავხდი და პირველ სექტემბერს მისი კაბა მეცვა, კოპლებიანი. ყურები მან გამიხვრიტა, როცა სკოლა დავამთავრე და თავისი ოქროს საყურეები გამიკეთა. მის კლასელებთან ერთად მასეირნებდა სოხუმის სანაპიროზე, დავყავდი ლამაზ კაფეებში, სალონში თმის შესაჭრელად, სტუმრად მის მეგობრებთან. როცა დეიდას დედა და ზაზა სასეირნოდ მიჰყავდა ბოტანიკურ ბაღში ან აფხაზეთის სხვა საოცარ ადგილას, მე არ მივყვებოდი, მაიკოსთან ვრჩებოდი სახლში. მოდიოდნენ მისი მეგობრები, ეზოში, ქვის დიდ მაგიდასთან სხდებოდნენ, ყავას და კოქტეილებს სვამდნენ. მეც მათთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს.