Thursday, November 29, 2012

ბებული

როცა ქალბატონ დონარას შესახებ დავწერე, სოფიმ და ქეთიმ მთხოვეს, სხვა გამორჩეული ადამიანებიც გაგვაცანიო. ლაშამ მითხრა, მოდი, ბებულიზე დაწერეო. იოლი არ იქნება უახლოეს ადამიანზე დაწერა, თუმცა ეს ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი და დღიურებში ვწერდი, რომ ბებოზე ფილმს გადავიღებდი.

თამარა ბებო ჩემს ცნობიერებაში თითქმის დაბადებიდან გაჩნდა. როცა ქუთაისში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ორ პატარასთან მარტო დარჩენილ დედაჩემს ეხმარებოდა. სულ დატვირთული ჩამოდიოდა, თავის მოწეულ პროდუქტებს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულსაც აუცილებლად დაამატებდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ   ჩავდიოდით მასთან. ჩემი სოფელი ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. ზაფხულობით ხშირად ვიყავით ბებოსთან. დედა ხანდახან სამსახურშიც იქედან დადიოდა. ღამეები იყო ხოლმე საოცარი. ასწლოვანი ძელქვის ქვეშ მაგიდასთან ვჯდებოდი, ბავშვურ-რომანტიკულ-ფილოსოფიური ფიქრებით დატვირთული. კიდევ დაღამება მიყვარდა განსაკუთრებით. მეზობლების ეზოებიდან ისმოდა, როგორ აბინავებდნენ შინ დაბრუნებულ საქონელს, როგორ დგამდნენ ძირს ალუმინის ვედროებს, აჭრიალებდნენ ჭიშკარს. მერე ფეხზე იხდიდნენ და სახლში შედიოდნენ. იქედან ხმამაღლა ჩართული ტელევიზორების ხმები გამოდიოდა. ასეთ ბანგიან შეღამების დროს მე და ჩემი ძმა ეზოში ვტრიალებდით ხოლმე, ხელები განზე გვქონდა გაშლილი და ზემოთ ვიყურებოდით. იქამდე ვტრიალებდით, სანამ თავბრუ არ დაგვეხვეოდა და ბალახზე არ დავეცემოდით. ამ დროს ცას ვუყურებდით, რომელიც ჩვენს თავზე სწრაფად ტრიალებდა.

როცა თბილისში წამოვედით, ბებული სევდიანად ამბობდა, ვერ  ვიტან, როცა ავტობუსი ჩამოივლის; ვიცი, რომ თქვენ არ ჩამოხვალთო. ახლა ჩვენთან ზამთრობით რჩება, სამივე შვილთან, რიგრიგობით. სააღდგომოდ ისევ სახლში მიდის, რომელიც ქვეყანას ურჩევნია. უბედნიერესია, როცა მასთან ჩავდივართ, თუ თან მეგობრები გვახლავს, მაშინ სულ ბრწყინავს. ახალგაზრდებთან ყოფნა ძალიან უყვარს. ხელად გაამზადებს სადილს,  სუფრაზე ღვინოს შემოდგამს და დაჯდება. სუფრა სიმღერის გარეშე ვერ წარმოუდგენია: წამოიწყებს და სტუმრებს აიყოლიებს. შარშან ლაშას ნამღერი მოვასმენინე აიფოდით. საკუთარ სიმღერას ასრულებდა. სახე გაუნათდა. მთელი დღე ამბობდა, როგორ ვისიამოვნეო. სანამ ჩვენთან ჩამოვა, სულ მენატრება და მახსენდება, როგორ მიგზავნიდა მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, თავის ეზოში გაზრდილ ვარდებს.

იოლი ცხოვრება არ ჰქონია, მაგრამ ყველაფერი შეძლო. სახლი, შვილები, მეურნეობა, საზოგადოებრივი მოვალეობა, გაჭირვებასთან ბრძოლა, ადამიანებზე ზრუნვა და შრომა, შრომა, შრომა. ასე იცხოვრა. დედაჩემს ეუბნებოდა, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა, ხმამაღლა ვმღეროდიო. ყოველთვის ასეთი იყო. თავის მეგობრებთან დროსტარებას არათუ აკლდებოდა, თვითონ იყო ინიციატორი. უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. შესანიშნავად ამზადებდა. სოფელში მის გარეშე არ ჩაივლიდა ქორწილი და სხვა ლხინის სუფრა. მას ამზადებინებდნენ ხაჭაპურს, საცივს და ა.შ. 

როგორც ჭეშმარიტი იმერელი, განსაკუთრებულად გამოხატავს სტუმრის მოსვლის სიხარულს, თუნდაც ის სტუმარი მეზობელი იყოს, რომელსაც ყოველდღე ნახულობს. როცა მასთან ვარ, მეტყვის ხოლმე, მიდი, ბებო, მიეგებეო. ჩვენი ეზო იმხელაა, ლამის ათი წუთი უნდა ჭიშკრამდე მისვლას. გაცილებაც, მისი წესით, ბოლომდე უნდა, დახვეწილი იმერული საუბრის თანხლებით. მასთან მეგობრები სასაუბროდ, გულის მოსაოხებლად, საიდუმლოს გასანდობად მიდიან. ახალგაზრდები უყვებიან თავიანთ სასიყვარულო ამბებს.

ამას წინათ, წიგნში ჩადებული წერილი ვიპოვე, ბებოს ხელით დაწერილი, არ ვიცი, რამდენი წლის წინ. "თიკო, მე ეზოში მივდივარ სასუქის მისაცემად. ამოვალ მალე." ის დილა მახსოვს, როცა ეს წერილი ვიპოვე. მე გვიანობამდე მეძინა. როცა გავიღვიძე და ქვემოთ ჩავედი, უკვე სამზარეულოში ტრიალებდა, ჩემთვის რძე და ხაჭაპური მზად ჰქონდა, წერილი კი მაგიდაზე იდო. მაშინ შევინახე.

კიდევ ერთი წერილი მახსოვს. 90-იანებში მეზობელს გამოატანა ჩვენთან ქუთაისში: "ნათელა, ორშაბათს ჩამოვა ვაჟიკო და ჩამოიტანს შეშას, 20 ლარად." იქედან გაუკეთა ორგანიზება ჩვენი შეშით მომარაგებას! მაშინ დიდი ბედნიერება იყო, თუ აივანი დაჩეხილი ხმელი შეშით გქონდა სავსე. 

ბებოს განსაკუთრებული სტილის გრძნობა აქვს. მეგობრები ეკითხებოდნენ რჩევას შპალერის, ფარდის, გადასაფარებლის შესახებ. ყოველთვის კოხტად იცვამდა. ახლაც კარგად ახერხებს სახის და თმის მოვლას. როცა ჭაზე ან მეზობელთან მივდიოდი, შემამოწმებდა, როგორ მეცვა და მთხოვდა, ბებო, თმა გადაივარცხნე და ისე გადიო. :) უფრო დიდობაშიც, ჩემს ჩაცმულობას ზუსტ შეფასებას მისცემდა, ზუსტად მეტყოდა, რომელი ფერი ან ტანსაცმელი მიხდებოდა. თუ მაკიაჟი ზედმეტი მოეჩვენებოდა, მეტყოდა, უჰ, ბებია, მაგი მეიცილე, ბრუციანს გავხარო. :) ბედნიერია, როცა ახალ სამოსს ვიძენ. დააკვირდება, შემიფასებს და დამლოცავს. ძალიან უყვარს, როცა ადამიანი გამართული დადის და კარგი მიხვრა-მოხვრა აქვს. ერთხელ მითხრა, ბებია, მოხდენილად უნდა გააკეთო საქმე, თორემ შენზე იტყვიან, ერთი აშენებული გოგოაო. :) (აშენებული - იმერ.: მაღალი და მოუქნელი/გაშეშებული.)

ახლაც საოცრად დამოუკიდებელია და იმას ფიქრობს, სხვას რით დაეხმაროს და ასიამოვნოს. უკვე ჩამოვიდა საზამთროდ; დატვირთული, როგორც ყოველთვის. მისი საჩუქრების ადრესატებს ჩემი ოჯახიც დაემატა. დღეს გამომატანა: ქათამი, მჭადის ფქვილი, ტკბილი კვერი, ტყლაპი, რომელიც ჩემთვის დაამზადა, კვახი, მსხლის ჯემი და ტყემლის მურაბა. ვენახის ბოლოს რომ ტკბილი ტყემალი დგას, იმისგან მოვხარშეო. წარმოვიდგინე, როგორ მიდიოდა ტყემლის დასაკრეფად ვენახის ბოლოში. 

გაისად, შუა ივლისში, ბებული 90 წლის გახდება.

ბებულის ეზო გაზაფხულზე, საპოვნელებიანი. ძელქვა ჯერ არ არის შეფოთლილი.

ბებული 



27 comments:

  1. ასე მაგრები არიან ქალები, მეინელებენ ქმრებს ადრე და მერე შეჰხარიან ცხოვრებას, ღმერთმა დიდი ხანი მისცეს შენს თამარა ბებოს! სხვათა შორის ბებიაჩემსაც თამარა ჰქვია, 89 წლის გახდება აპრილში და ვგრძნობ, რომ მათთვის ასაკი გაახალგაზრდავდა... ყოჩაღ თიკო, კარგად აბამ მკითხველს განცდებში; წარსულის ბავშვური სილაღე ნამდვილად მომანატრე, კითხვისას იმერეთის სუნი მცემდა და მეც თავბრუდასხმულს მინდოდა გავშხლართულიყავი მიწაზე, რომ მეყურებინა ვარსკვლავებით მოჭექილი ცისთვის...

    ReplyDelete
    Replies
    1. იმერეთი ელის თავის შვილს!

      Delete
    2. "მეინელებენ ქმრებს ადრე და მერე შეჰხარიან ცხოვრებას" :D :D :D :D
      ძალიან ბევრი ვიცინე. იმერული იუმორის ერთ-ერთი მარგალიტია! :D

      Delete
  2. ასე მაგრები არიან ქალები, მეინელებენ ქმრებს ადრე და მერე შეჰხარიან ცხოვრებას, ღმერთმა დიდი ხანი მისცეს შენს თამარა ბებოს! სხვათა შორის ბებიაჩემსაც თამარა ჰქვია, 89 წლის გახდება აპრილში და ვგრძნობ, რომ მათთვის ასაკი გაახალგაზრდავდა... ყოჩაღ თიკო, კარგად აბამ მკითხველს განცდებში; წარსულის ბავშვური სილაღე ნამდვილად მომანატრე, კითხვისას იმერეთის სუნი მცემდა და მეც თავბრუდასხმულს მინდოდა გავშხლართულიყავი მიწაზე, რომ მეყურებინა ვარსკვლავებით მოჭექილი ცისთვის...

    ReplyDelete
  3. რა თბილია, არ მინდოდა დამთავრებულიყო. სიამოვნებით წავიკითხავდი მთელ წიგნს შენს ბავშვობასა და ბებულიზე :)
    იმდენი რამე მინდა დავწერო და არ ვიცი, საიდან დავიწყო.
    ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ბებული და ჯანმრთელობა მისცეს. ძალიან მიყვარს ასეთი სიცოცხლით სავსე მოხუცები, ბევრ ახალგაზრდაზე სხარტები და ხალისიანები რომ არიან. მინდა, მეც ასეთი ბებია ვიყო.

    ReplyDelete
  4. მაგარია, მეც მომინდა თავბრუდასხმული დავეხეთქო იმერეთის მინდვრებში და ისე გაშხლართული ვუყურო ვარსკვლავებით მოჭექილ ზაფხულის ცას. კითხვისას მცემდა ბავშვური წარსულის გემრიელი სუნი! ღმერთმა კიდევ დიდი ხანი შეჰმატოს შენს მადლიან თამარა ბებოს!

    ReplyDelete
  5. თიკო, საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში :)

    ReplyDelete
    Replies
    1. :* მადლობა, ძვირფასო!

      Delete
  6. სანამ საშუალება მომეცა ჩემი შთაბეჭდილებები დამეწერა "ბებულის" შესახებ, სხვებმა უკვე თქვეს ჩემი სათქმელი :) ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში შენი მონათხრობით, თუ ვიცოცხლე 90 წელი ეს სითბო თან გამყვება :) გოგონებმა აღნიშნეს ეს ზემოთ და მეც მინდა გავიმეორო, რომ მოვხუცდები, ზუსტად ასეთი ბებო მინდა ვიყო! :) სტილის შეგრძნება რომ აქვს შენს ბებოს, თიკო, ეს ბლოგზე დართულ სურათშიც ჩანს. გახამებული თეთრი პერანგის საყელო დასტურია იმისა, რომ ქალბატონი თამარა ნამდვილი იმერელი ქალბატონია :)კოპწიად მოვლილმა იმერულმა ეზომაც ისე მომხიბლა და ბავშვობის მოგონებები გამიღვიძა. ღმერთმა დიდხანს, დიდხანს გიცოცხლოთ თამარა ბებო!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი დიდი მადლობა! გადავცემ თქვენს კომპლიმენტებს და კეთილ სურვილებს! :)

      Delete
  7. მართლა რა კოხტაა.

    ReplyDelete
  8. გული ამიჩუყდა, იმდენი სითბოა ამ წერილში! ჯანმრთელი იყოს და კიდევ მრავალ წელს გაეხარებინოს თქვენი გულები! როგორი თბილები არიან ბებიები, შეუდარებლები. მადლობა, რომ დაწერე, თიკო. ისეთი ემოციებით დავიტვირთები ხოლმე შენს ბლოგზე... <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი <3 გადავცემ ბებოს შენს დალოცვას!

      Delete
  9. მშვენიერი ხეა მართლაც თუმცა ჩემი თხოვნის მიუხედავად მაინც მოაჭრა ბებომ ათწლეულების მანძილზე გაზრდილი შტო.

    ReplyDelete
  10. ბებომ იტირა... მოეწონა, ასეთი სითბოთი რომ წერ ბებულიზე... მერე, წარსული გაახსენდა, თავისი მოგონობები მოყვა ბებულიზე....მერე, მგონი შეშურდა კიდეც, ვაითუ, მის ”ბებულობაზე” ასე ვერავინ დაწეროს :-)მერე სიამაყე დავინახე... ძალიან დიდი.. ბებო-მასწავლებლის თვალებში. თიკო, მადლობას გიხდის იმისთვის, ასეთი რომ ხარ

    ReplyDelete
    Replies
    1. აკოცე ბებო-მასწავლებელს. ვინც მხვდება ქუთაისიდან, ყველა მის ამბავს მეკითხება!

      Delete
  11. dzalian kargi postia,madlob, chemi bebo gamaxsena, romelits titkmis am asakis iko rotsa gardaitsvala...imeretis sopelshi tsxovrobda isits.es iko adamiani romlis msgavsits arasdros shemxvedria,saotsrad girseuli,moxdenili, brdzeni da dzlieri.bevri sxva kargi tvisebats hkonda sheni bebos msgavsi. mouprtxildi bebos,sheetsade rom datkbe koveli mastan gatarebuli tsutit, aseti adamianebi agar ibadebian samtsuxarod...

    ReplyDelete
    Replies
    1. didi madloba! :) kargia, roca magalitis momcemi gvkavs da tan ojaxis cevri.

      Delete
  12. ძალიან ვისიამოვნე. როგორი მოწესრიგებული ადამიანია
    :)

    ReplyDelete
  13. დიდი მადლობა, ჩემო ზღარბუნიებო!

    ReplyDelete