Showing posts with label მზე. Show all posts
Showing posts with label მზე. Show all posts

Sunday, August 17, 2014

This Month's Instagram


ხედი საირმისა; იქ შემოდგომა იყო, ნაწვიმარი ტყე და ანას ამბები. ანა დამოუკიდებელი ახალგაზრდა ქალია, ისეთი პერიოდი აქვს, პროფესიის არჩევანზე რომ ფიქრობენ, ბრწყინვალე გონების პატრონი, შრომისმოყვარე, კარგად აღზრდილი, თან ბავშვურად საყვარელი და ლამაზი.
ხედი ჩვენი სასტუმროს აივნიდან. ჩვენი და კახას აივნებს პატარა ტიხარი ჰყოფდა. დილით ერთმანეთს შევძახებდით და საუზმეზე ჩავდიოდით.
ასე ღამდებოდა საირმეში. მთვარე ნელა, მაგრამ გაბედულად ამობრდღვიალდებოდა მთის წვერიდან. 
უძველესი ქალაქი - ვანი. ხედი ახვლედიანების გორიდან.

Saturday, August 17, 2013

AKDENIZ

მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი. 

დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.

Wednesday, November 7, 2012

...Nada Como el Sol/Nothing Like the Sun...

რამდენიმე წლის წინანდელი დღე მინდა გავაცოცხლო. ეს ახლა იმიტომ მომინდა, რომ უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა, შესვენებაზე რომ გავდივარ, მცხელა. ასეთი სითბო ყვითელ ფოთლებთან ცოტა შეუსაბამოა. ჰოდა, მზეზე დავფიქრდი. რამდენი გვაქვს, ზაფხულში გვბეზრდება, თუ შემოდგომა მზით ჩამტკბარი და ჩაშაქრულია, წვიმა გვენატრება. თუ ზამთარი გაიწელა, მზეს ვნატრობთ. მოკლედ, нам не угодишь!

იმ დღეს ჩახჩახა მზიანი დილა იყო.  ნიდერლანდებში წლის უმეტეს პერიოდში წვიმს, ამიტომ მზიანი ამინდი ნამდვილი მოვლენაა. ასეთ დღეებში ხალხს სახეზე სიხარული ეფინება. გამოდიან, კაფეებში სხდებიან, მოხდენილ სხეულებზე თეთრ ჯინსებს იცვამენ, ბევრს სეირნობენ, მოკლედ, ნეტარებენ. იმ დღეს პირველი ლექცია "ოპერაციების მართვა" მქონდა. ეს საგანი დიდად არ მიყვარდა, უბრალოდ ლექტორი მყავდა ძალიან პოზიტიური და ცნობისმოყვარე. ჰოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა პრეზენტაციის ზუსტად შვიდ წუთში ჩატევას, როგორც ამას ლექტორი მოითხოვდა. ფიქრი ერთმა სცენამ შემაწყვეტინა: საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი თავისი სახლის წინ იდგა. პრაქტიკულად ეცვა: ბოტები, ჯინსი, ქურთუკი. სახლიდან გამოსული მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. საცაა, ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახურისკენ გასწევდა. ოღონდ, იმწუთას არსად ჩქარობდა: თვალები დაეხუჭა, ხელები ფართოდ გაეშალა და სახე მზისთვის მიეშვირა. იდგა და იმუხტებოდა სინათლით, ახალი, თბილი სხივებით. როცა შემნიშნა, გამიღიმა, ოღონდ ადგილიდან არ დაძრულა.