რამდენიმე წლის წინანდელი დღე მინდა გავაცოცხლო. ეს ახლა იმიტომ მომინდა, რომ უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა, შესვენებაზე რომ გავდივარ, მცხელა. ასეთი სითბო ყვითელ ფოთლებთან ცოტა შეუსაბამოა. ჰოდა, მზეზე დავფიქრდი. რამდენი გვაქვს, ზაფხულში გვბეზრდება, თუ შემოდგომა მზით ჩამტკბარი და ჩაშაქრულია, წვიმა გვენატრება. თუ ზამთარი გაიწელა, მზეს ვნატრობთ. მოკლედ, нам не угодишь!
იმ დღეს ჩახჩახა მზიანი დილა იყო. ნიდერლანდებში წლის უმეტეს პერიოდში წვიმს, ამიტომ მზიანი ამინდი ნამდვილი მოვლენაა. ასეთ დღეებში ხალხს სახეზე სიხარული ეფინება. გამოდიან, კაფეებში სხდებიან, მოხდენილ სხეულებზე თეთრ ჯინსებს იცვამენ, ბევრს სეირნობენ, მოკლედ, ნეტარებენ. იმ დღეს პირველი ლექცია "ოპერაციების მართვა" მქონდა. ეს საგანი დიდად არ მიყვარდა, უბრალოდ ლექტორი მყავდა ძალიან პოზიტიური და ცნობისმოყვარე. ჰოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა პრეზენტაციის ზუსტად შვიდ წუთში ჩატევას, როგორც ამას ლექტორი მოითხოვდა. ფიქრი ერთმა სცენამ შემაწყვეტინა: საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი თავისი სახლის წინ იდგა. პრაქტიკულად ეცვა: ბოტები, ჯინსი, ქურთუკი. სახლიდან გამოსული მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. საცაა, ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახურისკენ გასწევდა. ოღონდ, იმწუთას არსად ჩქარობდა: თვალები დაეხუჭა, ხელები ფართოდ გაეშალა და სახე მზისთვის მიეშვირა. იდგა და იმუხტებოდა სინათლით, ახალი, თბილი სხივებით. როცა შემნიშნა, გამიღიმა, ოღონდ ადგილიდან არ დაძრულა.