Showing posts with label საღამო. Show all posts
Showing posts with label საღამო. Show all posts

Wednesday, September 2, 2020

საღამო სოფლად


 

გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,

გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,

ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,

მთების შეღამებით მონაიავები.

ყელი მელანდება გადასაკონელი...

რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.

გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი

და გზას ენაზება შუქი დამავალი.

მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს,

შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი.

ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:

მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.

(გალაკტიონი. 1915)

ზაფხულის დღეების დინამიკას ჩვენი გოგო მართავდა. განრიგი და მარშრუტები მის ირგვლივ ტრიალებდა. მასთან ერთად ჩვენც სიხარულით მივეახლეთ ნაცნობ და საყვარელ ადგილებს. 

საღამოებს განსაკუთრებით ველოდი, რომ სოფელში გამესეირნა. მთელი დღის ნარბენი ფეხები მტკიოდა, სამაგიეროდ, ამერიკული გამოთქმით, თავი მქონდა ღრუბლებში. მივიჩქაროდი ნიავთან, მოშრიალე ხეებთან, ჩამუქებულ მთებთან და დაღამებასთან შესახვედრად. ზუსტად ისე ღამდებოდა, როგორც გალას ამ ლექსში. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა, რომ ცოცხალი და მთელი სხეული გვაქვს, რომ ისევ გვინდა, შევიგრძნოთ სილამაზე, გვიხაროდეს და გვჯეროდეს მომავლის უკეთესობის.

Friday, March 21, 2014

როგორ მოვუაროთ იადონს



ცხოვრების პატარა სიამოვნებები

  • მოღუშულ ამინდში მიდიხარ სამსახურში, ისე რა გამოპრანჭული; ანუ, გაცვია დაბლებზე, შარვალი და რამე მოხერხებული ზედა. მაკიაჟზე და სამკაულებზე გეტყობა, რომ დილით არაფრის თავი არ გქონდა. ყავას სვამ და მაინც გეძინება. დღის ბოლო ახლოვდება და გიხარია, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გქონდა, სახლში მიხვალ და დაღლილობას "ჩამოირეცხავ".
  • აღებ აივნის კარს. ზამთარს შეჩვეული ელოდები ცივი ჰაერის შემოჭრას და წინასწარ იბუზები. ამ დროს ოთახი თბილი ჰაერით ივსება და სიამოვნებისგან გაჟრჟოლებს.
  • ჯერ არ დაგისრულებია წიგნის კითხვა, ან შუა ფილმზე ხარ და უკვე ზუსტად იცი, რომ შეგიყვარდა.
  • მოგზაურობიდან ბრუნდები. საღამოს უკვე ჩანთები ამოლაგებული გაქვს, ტანსაცმელი გარეცხილი და გაფენილი, დასარიგებელი საჩუქრები გადაწყობილი, სახლი დასუფთავებული, შხაპი მიღებული, ვახშამი მირთმეული. ფეხები გიბჟუის დაღლილობისგან, მაგრამ გიხარია: ლაქს ისვამ და ჩაის წრუპავ. შენს მეორეს ფოტოები შეყავს კომპში და ბოლომდე ჩატვირთვას ელოდები.
  • მეგობართან ხარ სტუმრად თბილისის ძველ, ჭადრებიან უბანში. აივანზე გადიხარ ისე, უმიზნოდ. ოთახიდან შენი მეგობარი გელაპარაკება. ეზოში ხედავ  მოსეირნე მოხუცს და აივნის თაროებზე შენი მეგობრის დედის მიერ მზრუნველად დალაგებულ  კარტოფილს და ბოსტნეულს; დედა ახლა შინ არ არის. გახსენდება მისი მორთმეულები, ამ სახლის საღამოები და თვალებით იმ ბოსტნეულს ეფერები.
  • სააღდგომოდ მიდიხარ დასავლეთში. თბილისში გეგონა, რომ ხეები ჯერ არ იყო შეფოთლილი. უკვე ტრასაზე ხედავ, რომ აქეთ გაზაფხულია. 
  • შენი მეორე გაჩვენებს თავის ბავშვობის ჩანაწერს. რვეულში ბიჭური კალიგრაფიით, გულმოდგინედ უწერია: "როგორ მოვუაროთ იადონს".
  • ზიხარ და უყურებ, როგორ ასხამს დედა ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს. ელოდები, როდის მორჩება, რომ თასი გალოკო.
  • ამთავრებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო "ტკივილი" უნდა აიტანო: ხვალიდან შვებულებაში გადიხარ და სადღაც მიემგზავრები. მუშაობისას ჩერდები, თვალი გიშტერდება და წარმოიდგენ იმ მოგზაურობას. მერე უცებ გონს მოეგები და აგრძელებ.
  • სტუმრად გყავს საყვარელი მეგობარი. შენთან შეციებული და დაღლილი მოდის. კარგად ავახშმებ, ცხელ შხაპს მიაღებინებ, შენს პიჟამოს და ხალათს აცმევ, თავის ოთახში შეიყვან ახლადდაგებულ ლოგინთან, ჩაის მიუტან, იქვე მიუჯდები და ჰყვებით ახალ და ძველ, ათასჯერ მოყოლილ ამბებს.
  • კვირა დილას წირვიდან ბრუნდები. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ფიქრობ ცხელ ყავაზე და საღამოს დაგეგმილ წასვლაზე.
  • ქარიან ამინდში გაჩერებაზე ხედავ ნაცნობს, მანქანაში ჩაისვამ თბილად, თავის ჩანთებიანად და ადგილზე მიიყვან.
  • მეგობრები უსასრულოდ იცინით ერთმანეთის სისულელეებზე.

Wednesday, June 20, 2012

გულფია და ალბერგი

მიყვარს სიტყვების მუსიკალური ჟღერადობის მიხედვით გამორჩევა და "დაგემოვნება". ბავშვობაში ბლოკნოტში ვიწერდი სიტყვებს, რომელთაც შემდეგ წარმოთქმისას "გემოს ვატანდი". "გულფიაც" ასე შევიყვარე. ლაშამ გამახსენა: კარლსონი და ბიჭუნა ერთ ეპიზოდში სახურავზე ფრენისას ბავშვის ტირილს გაიგონებენ, სახლში შეფრინდებიან და პატარა გოგონას ნახავენ, რომელზეც კარლსონი დარწმუნებით იტყვის, გულფია ჰქვიაო. ძალიან მიყვარს ასეთი ტიპის იუმორი. ჯერ ის, რომ ეს ნაზი აზიური სახელი რატომღაც შვედ ბავშვს უნდა რქმეოდა და მერე ისიც, რომ კარლსონის მიხედვით, ბავშვების უმრავლესობას გულფიას არქმევენ, ლეკვებს კი - ალბერგს.

ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე კარლსონის მაშინდელი გამოცემის შავ-თეთრ ილუსტრაციებს, პატარა გულფიას და ფუმფულა ლეკვს. მიხარია, როცა ლაშას ის რომელიმე დეტალი ახსოვს ჩვენი ბავშვობის ინტელექტუალური "მენიუდან", რაც მე არ მახსოვდა, ან პირიქით.

შუა კვირის მშვიდი საღამოა. იწვიმა, მერე ცისარტყელა გამოჩნდა, ახლა გრილი ნიავი ფარდას არხევს. სწორედ ის დროა, ერთმანეთს რომ "გემრიელი" სიტყვებით მიმართო და სიამოვნებით წარმოიდგინო, კიდევ რამდენ გულფიას და ალბერგს აღმოაჩენთ ერთად...