გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.
ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და გზას ენაზება შუქი დამავალი.
მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს,
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი.
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.
(გალაკტიონი. 1915)
ზაფხულის დღეების დინამიკას ჩვენი გოგო მართავდა. განრიგი და მარშრუტები მის ირგვლივ ტრიალებდა. მასთან ერთად ჩვენც სიხარულით მივეახლეთ ნაცნობ და საყვარელ ადგილებს.
საღამოებს განსაკუთრებით ველოდი, რომ სოფელში გამესეირნა. მთელი დღის ნარბენი ფეხები მტკიოდა, სამაგიეროდ, ამერიკული გამოთქმით, თავი მქონდა ღრუბლებში. მივიჩქაროდი ნიავთან, მოშრიალე ხეებთან, ჩამუქებულ მთებთან და დაღამებასთან შესახვედრად. ზუსტად ისე ღამდებოდა, როგორც გალას ამ ლექსში. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა, რომ ცოცხალი და მთელი სხეული გვაქვს, რომ ისევ გვინდა, შევიგრძნოთ სილამაზე, გვიხაროდეს და გვჯეროდეს მომავლის უკეთესობის.
სახარებისეული გადმოცემებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია მაცხოვრის მიერ ლუკა მახარებლის და კლეოპას დამგზავრება. ვცდილობ, წარმოვიდგინო აღდგომის დღეს, საღამოს, გზაზე მიმავალი ორი დამწუხრებული ადამიანი, რომლებიც თავიანთი მოძღვრის ვნებასა და სიკვდილს გლოვობდნენ. მაშინ თვით უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მათ და გამოელაპარაკა. მოწაფეებმა ის ვერ იცნეს, მაგრამ სიამოვნებით უსმენდნენ. მოგვიანებით, როცა ქრისტემ მათი ვახშამი აკურთხა, მოწაფეები მიხვდნენ, რომ მათ წინ იესო იდგა.
ხშირად მიყვარს ამ სცენის წარმოდგენა, ქრისტეს გზაზე დამგზავრების. ახლო თუ შორ გზაზე, გულში ვთხოვ, დაგვემგზავროს, თან ვღელავ, რადგან მგონია, რომ მარტო ამ სიტყვების, ამ მოხმობის ჯადოსნურობა გვეყოფა დამცავ ფარად. ("ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანამავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა...")
ამ გადმოცემით ქრისტემ ჯაჭვი მოგვცა, რომელსაც, როცა დაგვჭირდება, მაშინ ჩავეჭიდებით. ჩვენ, დაბადებული და მოკვდავი ადამიანები, მის მიერ უფლებამოსილი ვართ, მოვიხმოთ და ვთხოვოთ, დაგვემგზავროს თვით ის, სამყაროს შემქმნელი. გაოცებული და მადლიერი ვარ ამ ამბით.
ჩემო საყვარელო მეგობრებო, სადაც არ უნდა მივდიოდეთ, მუდამ ქრისტე იყოს ჩვენი მეგზური, როგორც აღდგომის დღის იმ საღამოს, ემმაუს სოფელში.
ჩემთვის მთას სულ სხვა ენერგია მოაქვს, ყველაზე მეტად მიყვარს მთაში დასვენება, ხმები, რომლებიც მხოლოდ იქ გესმის, მაგიურია!
ReplyDeleteვფიქრობ რომ ზაფხულის დღეები არ უნდა სრულდებოდეს, ძალიან სუბიექტური ვარ მაგრამ რა ვქნა... :)
გალაქტიონის ერთი ლექსი მიყვარს ძალიან, არაა ძალიან ცნობილი:
"სანამ წვიმა გადივლიდეს -
გზები გამშრალდებოდეს -
ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს,
რომ ბურუსში ჩნდებოდეს.
თითქო სული სადმე ვლიდეს
და გულს ცეცხლი დებოდეს,
სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს"
იცი, მჯერა რომ თუ გონებით კეთილ ფიქრებს ატარებ და გულით სიყვარულს, ქრისტე შენთანაა, ყველგან და ყოველთვის...
ვარდის კოკორს ჩემგან კოცნები :*
ძალიან მიყვარს იმ ადგილების წარმოდგენა, სადაც ვიყავი და უკვე მენატრება. თან მთაში რომ შემოდგომა უფრო ადრე დგება...
ReplyDeleteესეც დავაყოლოთ:
დაღამდება ტყეში ოდეს..
დაღამდება ტყეში ოდეს,
ქარი ფოთლებს აურევს.
იმ მდინარის გეშინოდეს,
რომელიც არ ხმაურობს.
მას ფოთლები აოქროვებს,
ვით ყვავილი ნაოშებს,
წვეთ-წვეთობით წყალს აგროვებს,
ნიაღვრებად გაუშვებს.
დაიძვრება გზა ზვირთული,
როგორც მძიმე ხეხილი -
ნაყოფებით დატვირთული,
ქარით გადაზნექილი.
შენც ბევრი ჩაეხუტე შენს ჭიკჭიკას! <3