Showing posts with label სადგური. Show all posts
Showing posts with label სადგური. Show all posts

Wednesday, April 23, 2014

Christ is Risen!

აღდგომას და ქუთაისში წასვლას მთელი წელი ველოდები. როცა უღელტეხილს გადავივლით და იმერეთის სოფლები იწყება, გული სიხარულით მიცემს. ყველაფერს ვეფერები: სოფლების სახელწოდებებს, გვარებს, მწვანე ეზოებს და უბრალო სახლებს. იმ მხარეში ჩემთვის სხვა ჰაერი და ფერებია. 

გაოცებული ვარ, როგორ აქვს ღმერთს ჩვენთვის აწყობილი სიხარულების მთელი ბუკეტი: დღესასწაულის მოლოდინი, მისი მოახლოების მღელვარება, შუაღამით ეკლესიის საზეიმო ზარი და ერთბაშად გადმომსკდარი სიხარულის ცრემლები, ნაწვიმარი, ახალი ჰაერი და სულ ახალი სიმწვანე, ნამარხულევზე გემოების ხელახალი აღმოჩენა, ბევრ მოყვარულ ადამიანთან ჩახუტება და მიცვალებულების გახსენება, რაღაცის დასრულება და რაღაც დიდსა და ახალში ახალი ძალით შებიჯება.

სააღდგომო ლიტურგია ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წინამძღვარი - დეკანოზი ალექსი სინაურიძე.

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Tuesday, August 21, 2012

სამხრეთული ინტერიერები

ამასწინათ კიდევ ერთხელ ვნახე Central do Brasil, წლების შემდეგ, ახლა უკვე ლაშასთან ერთად.  იდეა, რომ ყველა მამასთან მივდივართ და მისკენ სავალ გზაზე გვეძლევა ბევრი შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ, და ამ იდეის გადმოცემის ფორმა ერთნაირად მომწონს და მაღელვებს... ფილმის მეორედ ნახვისას სადგურის და მთავარი პერსონაჟის ბინის ინტერიერებს მივაქციე ყურადღება, მერე გამახსენდა სტუმრად ყოფნისას, ფოტოგამოფენებზე და ფილმებში ნანახი სხვა სამხრეთული ინტერიერები  და მომინდა, მათთვის ჩანაწერი მიმეძღვნა.

სადგურზე, სადაც ფერნანდა მონტენეგროს გმირი მუშაობს, ყოფის სისასტიკეში, სიცხეში, მატარებლის ქშენაში, მტვერსა და ჭუჭყში, სიღატაკეს შეჭიდებულ, შეწუხებულ მგზავრთა სიმრავლეში, სავაჭრო დახლებს, გადავსებულ სანაგვე ურნებსა და წვრილ კრიმინალებს შორის სულ რამდენიმე წამით ჩანს ნიშა ღვთისმშობლის ქანდაკებით და სანთლებით. მის ბინაშიც საინტერესო გარემოა: სივიწროვე და სიღარიბე, კიტჩური აქსესუარები, გახუნებული კედლების თბილი ფერები, ძველი ავეჯით კოხტად გაწყობილი ოთახები, მეზობელი ქალის კამპანიაში გატარებული საღამოები.