Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.


Cinema Paradiso; Alfredo and Toto.


Ghost World; Enid leaving town.

ერთხელ სოხუმში მივდიოდით "ელექტრიჩკით", ბებომ გაგვაცილა სადგურზე. მატარებლი რომ დაიძრა, ემოციები ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. დედაჩემს შეეშინდა. სხვა რა გზა მქონდა, სიმართლე ვუთხარი, ბებო მეცოდება, მარტო რომ დარჩა-მეთქი. იმის წარმოდგენაც ცუდად მხდიდა, რომ ის ბაქანზე მარტო დარჩა, რომ მარტო წავიდოდა სახლში, გზაში ჩვენზე იფიქრებდა და ინერვიულებდა, რას ვიზამდით და როგორ ჩავიდოდით.

Cinema Paradiso-ს ის ეპიზოდი, როცა ტოტო ქალაქ ჯანკალდოდან მიემგზავრება, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დამშვიდობების სცენაა მთელ კინოს ისტორიაში. მან მარტო ის იცის, რომ თვითონ უნდა შექმნას საკუთარი მომავალი, რომელიც იმ პატარა ქალაქში, "პარადიზოს" საპროექციო ჯიხურში არ ექნება. ალფრედო, შორიახლოს მდგომი, მდუმარე დედა და დაგვიანებული პადრე ადელფიო, პატარა ბაქანი, რომელსაც კამერა ნელ-ნელა შორდება... შეიძლება, გული გაგიჩერდეს.



ერთი მეგობარი მეუბნებოდა, როგორი ლაპარაკი იცი, რაღაცას ჩვენზე ვყვებით და უცებ მოაყოლებ წიგნის ან ფილმის ამბავს, თითქოს იმის გაგრძელება იყოსო. ჰოდა, ეს ჩანაწერიც ასეთი გამომივიდა. კიდევ კარგად მოვიქეცი, რომ "პარადიზოს" მუსიკა და ეს სცენა არ მიხსენებია, თავისი საუნდით. არც ეს ლექსი. ("მათთვის, ვინც მარტოა.")

რომელია თქვენი საყვარელი დამშვიდობების სცენები?

6 comments:

  1. განშორების არა, ნუ მიხსენებთ! :) რაც მე გამიცილებია ადამიანები და მეც მილიონჯერ გავუცილებივარ, საშინლად სტრესული მომენტია. მახსოვს, ბოლოს, 2010–ში რომ წამოვედი გერმანიაში, ესკალატორზე ვიდექი და ვუყურებდი დედაჩემს და ჩემს დეიდაშვილებს სრულიად გაშტერებული და ემოციებით ისეთი სავსე, რომ ლამის ვეღარაფერს ვგრძნობდი.

    ისე კი, მე შეხვედრის სცენები უფრო მიყვარს, მაგალითად, როგორც Love Actually–ში.
    აი იქ კი, ინიდი რომ მიდის და არ იცის, საით, ვისთან, სასწაულად მეკუმშება გული. მსოფლიოში ყველაზე სევდიანი დასასრულია Ghost World–ში.

    ReplyDelete
  2. ჰო, მეც ზუსტად ასე ვიცი. ისე ცუდად ვარ მაგ დროს. მირჩევნია, ვტიროდე.

    რა კარგი რამე გაიხსენე! :)

    ReplyDelete
  3. თინიტა, რა ემოციური თემა გაქვს არჩეული. ბავშვობიდან, განშორებას მეც ძალიან ემოციურად აღვიქვამდი. იქნებოდა ეს საყვარელ ადამიანებთან თუ საყვარელ ძაღლებთან. ეს უკანასკნელიც ძალიან მაღელვებდა და მეტირებოდა ხოლმე, როცა თბილისში მოვდიოდი და თვალის მოფარებამდე მომდევდნენ ან პროტესტის ნიშნად მებუტებოდნენ და იმალებოდნენ.
    მაგრამ ყველზე რთული, რა თქმა უნდა, ახლობლების სადმე გაცილება იყო. დღემდე არ მიყვარს აეროპორტი, ძალიან მტკივნეულია იქ დაშორება. ბავშვობაში დიდი სტრესი მივიღე, მახსოვს.
    იმდენად ვერ ვიტან ამ მომენტებს, რომ შინვე დამშვიდობება მირჩევნია ხოლმე.

    რა ემოციურია ეს ეპიზოდი ფილმიდან...

    ReplyDelete
  4. მე ბავშვობაში ისიც მიჭირდა, ვინმე რომ შორიდან რეკავდა, მასთან დალაპარაკება. რაღაცნაირად ვნერვიულობდი თუ უხერხულად ვიყავი. არ ვიცი, ამ თემაზე რატომ დავფიქრდი, ალბათ, ზაფხულის გამო. ამ დროს ვიღაც ჩამოდის, მერე ისევ მიდის... ძაღლებზე რა კარგად თქვი!... ენა რომ არ აქვთ, მაგრამ ყველაფერს რომ მიხვდები, რას გეუბნებიან.

    ReplyDelete
  5. "ჩვენ კიდო ქი ჩამოვალთ ბებია"

    მე ეს სცენა მხვდება ხოლმე გულზე. ზუსტად ასე იდგა ხოლმე ბებო, როცა ქალაქში გვაცილებდა არდადეგების შემდეგ.

    http://www.youtube.com/watch?v=f-M_DqqskEE

    ReplyDelete
  6. გამახსენდა! რა კარგი იყო. სჭირდებოდა ამ თემას. ჩემთვისაც ძალიან ნაცნობია ეს... მადლობა.

    ReplyDelete