Sunday, February 24, 2013

Gloomy February Afternoon

ახლა ისეთი დღეები დგას, ყველა რომ იძახის, ზამთარი გაიწელაო, შესვენებიდან რომ მობრუნდებიან და - გვეჩვენება, თუ ქუჩაში მართლა გაზაფხულის სუნიაო. დღევანდელი ამინდი გვიანი შემოდგომისას უფრო გავდა, ვიდრე ზამთრის და გაზაფხულის გასაყარისას. ადრე სულ ვაკვირდებოდი და გონებაში "ვიწერდი" თებერვლის ბოლო დღეების ამინდებს: ნაცრისფერ, მშრალ და ჩუმ დღეებს, ისეთ ჩუმს, მარტო ფერების და პირველი კვირტების შემოჭრის მოლოდინს რომ შეიძლება ნიშნავდეს. სისველის და სიცივის მიუხედავად, მე და ლაშამ დღეს ბევრი ვიხეტიალეთ, ნისლში ჩაფლული სოფლის სახლები ვათვალიერეთ, ფეხით ვისეირნეთ... 

(ეს და მომდევნო: "ინსტაგრამის" მზამზარეული ინსტრუმენტებით  დამუშავებული)






ეს ჩანაწერი ალბათ აქ უნდა დამთავრებულიყო. უნდა მეთქვა, რომ მზად ვარ ახალი სამუშაო კვირისთვის და რომ გაზაფხულიც მალე მოვა... სხვა ჩანაფიქრი რომ არ მქონოდა. შევეცდები, ეს "გლუმი" თებერვლის დღე ჩემს ერთ ახირებაზე მოყოლით გავამხიარულო.

დიდი ხანია, ფრჩხილის ლაქის მანიით ვარ შეპყრობილი. წლების წინ ერთ პატივცემულ ამერიკელთან, ფინანსურ ექსპერტთან ვმუშაობდი. მისი ქალიშვილი ჩემზე ცოტათი უფროსი იყო, ამიტომ მისთვის კარგად იყო ცნობილი, მაგალითად, bad hair day (აი ის, დილით რომ გაიღვიძებ და თმა ცუდად გაქვს) და მსგავსი ამბები. იმ ზაფხულს მთლად გარეკილი მქონდა: ხელ-ფეხზე ყოველდღე ვიცვლიდი ლაქის ფერს. დილით მივიდოდი და ჩემი უფროსი მეტყოდა: oh, it's a new color again! ("ოჰ! ისევ ახალი ფერი!") და ჩუმად ჩაიცინებდა. ერთ დღეს, ეტყობა, ფერი არ მოეწონა და ცბიერი ღიმილით მკითხა: did you run out of colors? ("შენ რა, ფერები გამოგელია?") წლებთან ერთად პროგრესი არ განმიცდია. ისევ ვეძებ ახალ, შთამაგონებელ ფერებს, ზოგჯერ ერთმანეთს ვურევ და ახალი ფერები გამომყავს. ყველა სამსახურში ცნობილი ვიყავი ამ "ალქიმიკოსობით". შეკვეთებსაც ვიღებდი. ფერებს ხასიათის მიხედვით ვიცვლი ყოველ 2-3 დღეში. თუ ოდნავ გაიცრიცა, მაშინვე ვიშორებ. ხანდახან ულაქოდაც ვძლებ. ფრჩხილებს "ვასვენებ", სამკურნალო ზეთებს ვისვამ. მყავს საყვარელი მემანიკურე მაია, ჩემს მიერ ნეშამად წოდებული, რომელიც არნახულად ზრუნავს ჩემს ფრჩხილებზე. მან მასწავლა ნუნების დარბილების და კვების ხერხი: ჩვეულებრივი სააფთიაქო გლიცერინის შეზელა, ყოველ მეორე დღეს მაინც, სასურველია, დაწოლის წინ. ნეშამასაც შემსავით უყვარს ფრჩხილის ოთხკუთხედი ფორმა. 

მაინტერესებდა, როგორ შევეგუებოდი შავს. ხანდახან მინდება, წავისვამ და ერთ დღეზე მეტად ვერ  ვატარებ.


რამდენიმე ნიმუში
ჩემი გამოყვანილი ფერების გაჩუქების გარდა, მიყვარს სხვებისთვის მანიკურის გაკეთებაც. ადრე ჩემთან სტუმრად მოსულ ნათესავ-მეგობრებს ვეცემოდი ხოლმე და ჩემს გემოზე გავუქლიბავდი ფრჩხილებს, მერე ლაქს ვუსვამდი. დედაჩემს მაინცდამაინც არ მოსწონს ოთხკუთხედი ფორმა და მთხოვს ხოლმე, ძალიან არ გადამიბელოო. :) ლაშა ნამდვილ ტერორში მყავს. ადრე თავად იწესრიგებდა ფრჩხილებს. ახლა ეს საქმე მე ვითავე, ისე, რომ არჩევანიც არ დავუტოვე. საწყალს სულაც არ მოსწონს ქლიბის ხმა და შეხება და დიდი მოთმინებით ელოდება, როდის შევასრულებ ესთეტიკის და სიმეტრიის ზეგარდმო მიზნებს.

ჩვენ

სამსახურში საიდუმლო "მანიკურის კლუბი" გვაქვს: ჩემს უჯრაში მოთავსებული ლაქების პალიტრა შესვენების საათებს ელოდება, რომ რამდენიმე ქალის ლამაზი თითები კიდევ უფრო დაამშვენოს. მოკლე და ოთხკუთხედი  ფრჩხილების პროპაგანდა კლუბის წევრებს შორის შედეგიანი აღმოჩნდა. ამ თემაზე საუბრისას არ შემიძლია, არ ვახსენო ლაშას დისშვილი, 4 წლის ანასტასია. როცა ჩვენთან მოდის, ჯერ დამხედავს, რა ფერი მისვია. მერე იმ უჯრას გამოაღებს, სადაც ლაქები მიწყვია, ფერს აირჩევს და წასმას მთხოვს. წასმის დროს თითები გაშლილი უწყვია. ცერა თითის დრო რომ მოვა, დიდი ქალივით შემოატრიალებს, თანაც ისე, რომ სხვა თითები უძრავად აქვს. გაშრობასაც დიდი ქალივით აცდის. 

ეს ფერი ზაფხულს და მუქ კანს უფრო მოუხდება. შევინახავ.

დღევანდელი ფრენჩი.
თვითმარქვია მემანიკურე-ალქიმიკოსის კვირა დასრულდა. ვნახოთ, რა ფერებს შეგვმატებს მომავალი.

12 comments:

  1. მეგობარს მიტერორებ? :))) შემომიარე ხოლმე, ჩემს უჯრაშიც მოიპოვება მხიარული ფერები ^_^

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰაჰაჰაჰა :))))
      რა კარგია, ჩემნაირი რომ ვიპოვე! მოვფრინავ!

      Delete
  2. როგორ მიყვარს ჩვენი საიდუმლო კლუბი:)))

    ReplyDelete
  3. გუშინ საღამოს უნდა წამეკითხა ეს ბლოგი. ორშაბათს დილით ისე მოდუნება და სხვა თემაზე გადართვა, როგორც ამ ბლოგმა მომადუნა, არ შეიძლება :) ეხლა ჩემს ფრჩხილებს დავყურებ და სულ არ მადარდებს, რომ საქართველოში უძრავი ქონება სახელმწიფომ სიმბოლურ 1 ლარად გადასცა ვიღაცეებს :D
    ფრჩხილების ფორმას რაც შეეხება, ქალბატონი ნათელას კლუბის წევრი ვარ მე! მომრგვალებული ფორმა უფრო მომწონს :) სხვადასხვა ფერები მეც ძალიან მიზიდავს და უნდა გესტუმრო ერთ დღეს, მეც იმ ხალხის რიგებში რომ აღმოვჩნდე, თიკო აქიმიკოსი რომ მანიკურს უკეთებს :)
    N.L.

    ReplyDelete
    Replies
    1. :)))) კარგი იყო, ნანიკო! გვიმსახურეთ!

      Delete
  4. როგორ მიყვარს ასეთი პოსტები, ადამიანური :)
    გიხდება ასეთი ფორმის ფრჩხილები ძალიან, მაგრამ შენ ისეთი გრძელი და ლამაზი თითები გქონია, პრინციპში, ყველანაირი ფორმა უნდა მოგიხდეს.

    ხომ იცი, მეც ფრჩხილების ლაქის მანია მჭირს, მაგრამ წინა კვირას ძალიან ბევრი საქმე მქონდა სამზარეულოში და შესაბამისად, ჩემი ფრჩხილები ამას შეეწირა.
    დღეს დავაპირე ყვითელი ლაქის წასმა, ყვითელი სვიტერი მეცვა და მოვრჩი თუ არა ცალ ხელზე წასმას, ბოთლი სასწაულად გამისხლტა ხელიდან და იატაკი მზისფრად შემიღება. ყოველთვის გამძლე მინებია ხოლმე და ეს კიდევ ისე ადვილად გატყდა, გამიკვირდა. ასე დავრჩი დღეს ლაქის გარეშე :დ

    ReplyDelete
  5. ვაიი, დიდი მადლობა, სოფი! :)
    ჩვენს დროში გრძელი ფრჩხილი ვერც წარმომიდგენია. ამასწინათ ის ფილმი ვნახე, the way we were, სადაც სპეციალურად, ახლო ხედით აჩვენებენ ბარბრა სტრეიზანდის გრძელ და წაწვეტებულ ფრჩხილებს. მაშინ მაგარი შიკი იყო, თან ისე იღებავდნენ, რომ ფრჩხილის ძირში რომ "ნახევარმთვარეა", შეუღებავს ტოვებდნენ.

    რა ლამაზი იქნებოდა სვიტრთან შეხამებული ყვითელი ლაქი! სასაცილო კურიოზი მოგსვლია, თუმცა იმ მომენტში, ალბათ გაბრაზდი და ნერვები მოგეშალა... იმედია, იატაკი გადარჩა...

    ერთი ტანზანიელი გოგო იყო ჩემ კურსზე, მარტო ცალ ხელზე იღებავდა ფრჩხილებს, მარცხენაზე, მარჯვენას ისე ტოვებდა იმიტომ, რომ იმ ხელით ჭამდა! :) :) :)

    ReplyDelete
  6. მე ოთხკუთხედ ფორმას ვერ ვეგუები, გვერდებში მოვიმრგვალებ ხოლმე, მაგრამ რაც მთავარია, ძირში ვიჭრი. არ მიყვარს გრძელი ფრჩხილები. ფერები – ბოლო დროს უფერულ ან კანისფერ მანიკურს ვისვამ, კიდევ წითელის ტონები მიყვარს. ფერებში დიდი ექსპერიმენტებით კი არ გამოვირჩევი :) მომეწონა შენი უჯრის ამბავი – ბევრი არჩევანით :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, გვერდებს მეც, უბრალოდ ზედა ნაწილს სწორად ვიქლიბავ. უფერულის და კანის ფერის ხასიათზე მეც ხშირად ვარ. წითელიც ძალიან მიყვარს, ყველა გამოვლინებით :) დღეს ისე შევიკავე თავი ივროშეს მაღაზიაში, რომ არ მეყიდა! ახალი ფერები მიუღიათ ...

      Delete
  7. თიკო, უსაყვარლესი პოსტია. არ ვიცი ისეთი სითბო გადმოვიდა მე და ლაშამ ვისეირნეთ და სახლები ვათვალიერეთ და სურათები გადავიღეთო რომ ვერ ავწერ. ვითომ და ჩვეულებრივი მოქმედებაა, მაგრამ ვერ ავღწერ, დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ შენს დაწერილში. პირველი სურათი ძალიან მომწეონა. ნისლში გახვეული ხეეები, ტბა <3 მეორე სურათიც- ხის ტოტები და ფოთლები ცის ფონზე, ნისლიანი დღის განწყობას გადმოსცემენ.
    მეორე ნაწილიიიიიით როგორ მოვიხიბლე. ლაკის მანია მჭირს, უფრო სწორედ მეგონა რომ მჭირდა სანამ არ წავიკითხე ეს პოსტი:) არ ვიცოდი თუ ალქიმიკოსი იყავი და ცალკე კლუბი გქონია:) ძალიან მომწონს შენი თითები და ოთხკუთხედი ფრჩხილის ფორმა. სამწუხაროდ მე ესეთი არ გამოდის, რაც არ უნდა ზევიდან სწორად გავიქლიბო, საბოლოოდ მაინც მომრგვალო ფორმას იძენს. ალბათ არასწორად ვაკეთებ რამეს.
    შენი ყველაზე საყვარელი ფერი რომელია?

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან-ძალიან მიხარია, თუ ის იგრძენი, რისი გადმოცემაც მინდოდა, ძალიან სასიხარულოა ჩემთვის!

      მადლობა! რა კარგია, თუ შენც გიყვარს ლაქები! გვერდები ხომ სწორად იზრდება, და თუ ისე დატოვებ და ირიბად არ გაიქლიბავ, მიიღებ perfect square shape-ს :) კუთხეებს წვეტიანს არ ვტოვებ, რა თქმა უნდა! :) ფერები ძალიან ბევრი მიყვარს. ერთადერთი ელექტრიკი ლურჯი არ მომიხდა. დანარჩენს ყველაფერს ვხმარობ. ზამთარში წითლის ტონები, შინდისფერი ცოტა ბანალური გახდა, მაგრამ მაინც აქტუალურია, ყავისფერის ტონალობებიც,მოკლედ, მუქს და ნეიტრალურს ვანაცვლებ. 2-3 დღეში მბეზრდება მკვეთრი ფერი და გადავდივარ კანისფერზე ან ფრენჩზე, მერე პირიქით და ასე. ზაფხულში უფრო ღია ფერებს ვიყენებ. ჩემთვისაც აუხსნელია, მაგრამ არის დღეები, როცა უფრო "აგრესიული" ფერი მინდა მესვას, ზოგჯერ კი პირიქით, მშვიდი. ORLY-ს აქვს კარგი გამა. როცა ვუყურებ სალონში რომ უწყვიათ თაროებზე, ვტკბები. :) დიდხანს ვეძებდი ვარდისფერის ერტ ტონალობას. "ორლის" აქვს და იცი, რა ჰქვია? prelude to a kiss. :))) ერთი მაქვს კიდევ OPI-ის სახელით I'll take the cake. :)))

      Garance Dore ს აქვს ერთი კარგი პოსტი ლაქებზე. ამბობს, არ მომწონს, როცა მუქ ფერს მოიშორებ და ფრჩხილები საშინელი შესახედიაო, თანაც ნიუიორკში ყოველ კუთხეში ნეილ სალონიაო, ანუ ყოველ ჯერზე ახალ მემანიკურესთან ხვდებიო. სულ მომისპეს ფრჩხილებიო, ამიტომ ახლა სულ ულაქოდ დავდივარო. ეტყობა, "შლიფოვკა" გაუკეთეს და დაუთხელეს ფრჩხილები.

      http://www.youtube.com/watch?v=Ekni_nFTIMg ამ ქალზე ვგიჟდები, ნახე, რა, როცა დრო გექნება! :)

      Delete