Showing posts with label დედა. Show all posts
Showing posts with label დედა. Show all posts

Thursday, November 22, 2018

Moderato Cantabile


  • დიდი ხანი არაა, რაც მშობელი გავხდი და უნებურად დედაზე მეფიქრება, იმ გზაზე, რაც გამოიარა. რატომღაც, სკოლის პირველი წლები მაგონდება, როცა, კომუნისტური ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ბინაში გადაგვიყვანეს. ტიპური დასახლება იყო, ერთნაირი კორპუსებით. ეზოში მარტო არ გვიშვებდა, თვითონ ჩამოგვყვებოდა, ხელში გასაღები ეჭირა, თან ღრმა ფიქრებში იყო, თან ჩვენ გვმწყემსავდა. მაშინდელი  თამაში აქეთ-იქეთ ბორიალი და გარემოს თვალიერება იყო. გაუცნობიერებლად ვამჩნევდი, რომ რაღაც ბოლომდე დაუმთავრებელი იყო. ეზოში სულ ვპოულობდით რაღაც ტექნიკურ ნარჩენებს, სატვირთო მანქანების ნაწილებს, ზამბარებს, ან სამშენებლო მასალას. არავისი არ იყო, უბრალოდ ეყარა. დაუმთავრებელი საქმის, არათანმიმდევრულობის და დაუდევრობის ქვეყანა იყო და მერე კიდევ დიდხანს იქნებოდა. დედა მარტო იყო ორ პატარა შვილთან ერთად, იმ ნაცრისფერ უბანში, ღრმა კომუნისტურ ყოველდღიურობაში, უხმო ბრძოლაში. ვერსად გავურბივარ ამის გააზრების სიმძიმეს. ვერც ვერაფრით ვშველი. 
  • ნინომ შალვა ამონაშვილის ლექცია მომასმენინა ბავშვების აღზრდაზე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის რჩევებს მივყვები არაეგოისტური აღზრდის, თანასწორობის და არათითისდაქნევის მიდგომის შესახებ. ახლა ისევ საკუთარ თავს ვევაჭრები, რომ ცოტა გამონაკლისი მაინც გამოვტყუო და ათი პროცენტი მაინც შევაყვარო იმის, რაც მე მიყვარს. უკვე მიხარია, როცა ასეთ მისწრაფებებს ავლენს. იმ დღეს აივანზე ვიდექით. ჩიტების გუნდმა გადაიფრინა. ჯერ წრეს არტყამდნენ. სანდრა ყურადღებით ადევნებდა თვალს. მერე უცებ მათ ჩრდილს შეხედა მდელოზე. ეს აშკარად ჩემი ხასიათის ანარეკლი იყო და ეგოისტურად მესიამოვნა.
  • როცა ყოფით რაღაცებზე ვსაუბრობთ, ჩემს მეგობრებს სულ შევჩივი, რომ 90-იანებმა ძალიან მძიმე დაღი დამასვა. სულ მეშინია, რომ მაშინდელივით უცებ ყველაფერი არ გაქრეს. ათი წლის წინ, როცა ინტერნაციონალურ საზოგადოებაში ვიყავი, სხვა სტუდენტების მშვიდ და დალაგებულ ცნობიერებას ვაკვირდებოდი. ისინი არაფერში საფრთხეს არ ხედავდნენ. მარტო მე და პალესტინელი გოგო, სირინი ვგავდით ერთმანეთს, ომის შუაგულში მყოფი მცირე ერების შვილები.
  • განახლების განცდა მიყვარს და შევხარი მის ყველა გამოვლინებას. მგონია, რომ ისეთი რუტინული საქმეები, როგორიც აბაზანიდან ახალი კანით ამოსვლა, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა, ახალი კვირის დაწყება და და დილით ახალი დღის გაცნობიერებაა, დიდი დასაწყისი, შანსი და საჩუქარია. ხელახლა გვიყვარდება და გვინდება სიცოცხლე, გვგონია, რომ საკუთარი თავის ახალი და უკეთესი ვერსია ვართ. უძღებ შვილსაც ხომ ახალი ტანსაცმელი უბოძეს, როცა სახლში დაბრუნდა. ის გამოცდილება, რაც მანამდე გამოიარა, ახლის საფუძველი გახდა. რა კარგია, რომ ის "დანაყოფები", რაც ცხოვრებას აქვს, ითვალისწინებს მუდმივი უკეთესობის სურვილს, რაც ადამიანს აქვს და რაც, როგორც ამტკიცებენ, ოდესღაც სამოთხეში ცხოვრების გენეტიკური მეხსიერების ანარეკლია. ერთ ფილმად მიღირს ის კადრები, როცა გმირი ღრმა განცდებიდან გამოსვლას ამჯობინებს, ცრემლიან ხელსახოცებს გადაყრის, დაჭმუჭნილ საწოლს მიატოვებს, თმას დაივარცხნის, ფეხსაცმელს გააპრიალებს და სახლიდან თავაწეული გავა.

Tuesday, October 23, 2018

შინ თბილად შემოდგომაზე



ახლა ჩემი სულის სეზონი დგას. საკუთარი თავის სიღრმეებში ყოფნას ყველაზე კომფორტულს ხდის. საიდანღაც დაბრუნების და საკუთარ სივრცეში მყუდროდ და უსაფრთხოდ ყოფნის განცდას მიმძაფრებს.  წიგნის ჩანიშნული გვერდივითაა, მიუბრუნდები, გადაშლი და იქვეა. შენთვის.


ჩემი სულის ყვავილი იზრდება და კიდევ უფრო მშვენდება. გავალთ ხოლმე სასეირნოდ. მის ეტლს იქ ვაჩერებ, სადაც ყველაზე მეტი ყვითელი ფოთოლია. მერე ამოვიყვან, ჩემს შარფს შემოვახვევ, ხეებთან მიმყავს. ფოთლებს უყურებს, ხელში ატრიალებს, ჭმუჭნის. ძირს დაყრილ ფოთლებს აკვირდება, ჩვენს ჩრდილებს აყოლებს თვალს. დაბალ ხმაზე ვუმღერი. ერთხელ მოსმენილ მელოდიასაც ცნობს და იღიმება. მოსაღამოვდება. ქუჩის ფანრები ინთება. შუქს დიდხანს უყურებს. ხელები და ლოყები უცივდება. ხეებზე ჩიტები სხდებიან და ერთმანეთს რაღაცას ეძახიან. სანდრას ძალიან ართობს მათი თამაში. ხმას გაიგონებს და შემომხედავს. ამ დროს მგონია, რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში ვართ. თითქოს შემოდგომა მთელი მისი ჯადოსნურობით მან გამოიგონა და ყოველ წელს აცოცხლებს თავის წივწივა ჩიტებს, გათენების შუქს, წაბლს და ზღარბებს ტყეში. ათი თვის გოგონა ამ ჯადოსნურ ზღაპარში სრული შეგნებით მონაწილეობს. ნიავის ყოველ შემობერვაზე სიხარულით შეჰყვირებს და უცინის მოქანავე ტოტებს და ჰაერში მოტრიალე ფოთლებს. სახლში მივალთ და ანუშკა ამ ფოტოს გვიგზავნის, თითქოს ჩემს გულს აკლდეს სიყვარულით გადავსება:

Monday, June 26, 2017

არადუ

pinterest; pascal campion.




- ახლა ზუსტად ის დროა, ცხელი შუადღით რომ ვიძინებდი, გამოღვიძებულს კი დედას დაყენებული მაწონი უნდა მეჭამა. სოფლის რძით აკეთებდა. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ იდგა მაწვნის ქილები სამზარეულოს მაგიდაზე, ტილოთი შეფუთული. იმ ზაფხულების მოგონების გასაცოცხლებლად საბავშვო წიგნების გადაკითხვაც დავიწყე.

- დოკუმენტურ ფილმში ახსენეს აფხაზეთის სოფელი არადუ. როცა სოხუმში ამ სახელწოდების ლიმონათით ვიჭყიპებოდით, უბრალოდ აფხაზური ჟღერადობის სიტყვად ვთვლიდი და არც მიკითხავს, რა იყო. ალბათ, მდინარე მეგონა. ორივეს დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, აფზახეთისაც და ბავშვობისაც.

- სალვა ან-ნუაიმის "თაფლის სამხილმა" კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენი საზოგადოების არაბულ სამყაროსთან მსგავსებაზე. დავრწმუნდი, რომ აკრძალვას საპირისპირო შედეგის გარდა არაფერი მოუტანია, მითუმეტეს, რომ ქალი ყველა დროსა და საზოგადოებაში საკმარისზე ჭკვიანია იმისთვის, რომ მის დასათრგუნად მოგონილი ყველა შეზღუდვა თავისსავე სასიკეთოდ შეატრიალოს. ბევრი წინა თაობის მშობლისგან მსმენია, რომ ქალიშვილის აღზრდა გარკვეულ ეტაპამდე უნდა მიეყვანათ, შემდეგ კი, მათივე სიტყვებით, "მას ვიღაც წაიყვანდა." ზოგ არაბულ ქვეყანაში თურმე მრუშობისთვის სვამდნენ ციხეში. მე ასე მოაზროვნე მშობლებით გავავსებდი ციხეებს. ახლა ფემინიზმზე ატეხილ გაცხარებულ კამათს ხშირად ვუყრუებ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვეგუები: განათლების უფლების შეზღუდვას. ქალის ვერც მშობელი და ვერც მისი მომავალი ოჯახი მის მაგივრად ვერ გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა განათლების მიღება და მუშაობა. ამ ლოზუნგით გავავსებდი მთელ ქუჩებს, ზოგს სტენსილით, ზოგს ნაბეჭდი ბილბორდით.

Saturday, December 3, 2016

"ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს"

- ინსტაგრამზე ერთი საოცარი მელიას გვერდს ავედევნე. ამ მელიაზე ნაცნობი ბლოგერი ჰყვებოდა. National Geographic-ის ფოტოებში სულ მელიებს ვეძებ და ხარბად ვათვალიერებ. სრულყოფილად ლამაზები არიან. მგონია, ლაპარაკი იციან და როცა ჩვენ გვძინავს, მაშინ უყვებიან ერთმანეთს გაყინული მდინარეების ქვეშ გარინდულ თევზებზე და ტყის ნისლებზე. ჩემს საყვარელ მოთხრობაში - Macaroon ერიკას მელიას სოროში სძინავს. ერიკას გულისთვის მელია ძაღლებთან სასტიკ ბრძოლაშიც კი ებმება. ძაღლები მის ბეწვს გლეჯენ და თათს სტკენენ. კიდევ კარგი, ერიკა სახლიდან წამოღებული მოხარშული დედლით მაინც მოასწრებს მის გამასპინძლებას. ალბათ, ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს მეგობარი მელია, რომელიც, თუ მთლად სახლში არა, მახლობელ ტყეში მაინც იცხოვრებს, მშობლებზე გაბრაზებულ და სახლიდან გამოქცეულ ბავშვს თავის სოროში თბილად დააძინებს და მისი გულისთვის არც ძაღლების ხროვას შეეპუება. 

წყარო: https://www.pinterest.com/tikonadiradze/red-fox-perfection/ 
- მელიას შემდეგ ზღარბის პატრონი გამომეხმაურა, ჩვენც მოგვიწონეო.

- ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი, იმას ხშირად ვიხსენებდი ხოლმე. გონებაში "გამოვიძახებდი" და ხელახლა გავატარებდი, მაგალითად, მაშინ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდი. ერთი ასეთი ოცნება მქონდა: სახლში მისულს მამაჩემი დამხვედროდა. ერთხელ გიუნას ვეუბნებოდი (ჩემსავით მამის დამკარგავს), გულის ერთი ნაწილი სულ ცივი და ცარიელია, წლებთან ერთად არაფერი შველის-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა. ამ დროს ერთმანეთს არ ვუყურებდით, შესვენებაზე გარეთ ვიყავით გასული და ზამთრის მუშტაიდში მივსეირნობდით, გამოშიგნულ სათამაშო მატარებლებს შორის.

- ირაციონალური შიშების ადამიანი ვარ. სულ ასე ვიყავი, არსებულის და არარსებულის - ყველაფრის მეშინოდა. როცა კითხვაში ღამეებს ვათენებდი, ან გამოცდისთვის გვიანობამდე ვიჯექი, მაცივრის ხმა მამხნევებდა. ძველი, საბჭოთა მაცივარი იყო და ხმაურით მუშაობდა. მეგონა, სახლში კიდევ ვიღაცას ეღვიძა. ერთხელ დედამ დაიჩივლა, რამხელა ხმა აქვს ამ მაცივარსო. მე წამომცდა, უი, რას ამბობ, ეგ იმედია სახლში-მეთქი. ასე გავეცი ჩემი მშიშრობა. როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, არაფრით სადარბაზოში მარტო არ შევიდოდი. სულ ჩემს ძმას ვურეკავდი, რომ ჩამოსულიყო და ავეყვანე. ჩემი მაშინდელი მეგობარი ამაზე ვერელი გოგოების გაწელილი მანერით ამბობდა: "ზაზას დაურეკე." ახლა ვფიქრობ, რა ნორჩი ვყოფილვარ, რომ იმ შიშებზე, ახლა რომ ყოველდღე თვალებში ვუყურებ, წარმოდგენა არ მქონდა.

Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.

Monday, December 7, 2015

გარსი და არსი

ადამიანებს ხმით ვიმახსოვრებ ხოლმე. ჩემზე გამაბრუებლად მოქმედებს ტკბილი ხმის და სასიამოვნო ფონეტიკის მქონე ადამიანების მოსმენა. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. ბებიაჩემის დაქალი იყო, ვენერა ბებია. სულ ერთნაირი, ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდა და ცისფერი თვალები. მისი ხმა ამ გარეგნობასთან ისეთ ჰარმონიაში იყო, სულ მინდოდა მესმინა. საღამოობით რომ მოდიოდა, თვალებს მივლულავდი და ისე ვუსმენდი, შინაარსს არა, უფრო მუსიკას. დასაძინებლად მიშვებდნენ და არ მივდიოდი. კიდევ რამდენიმე ადამიანია ასეთი, უფრო მეტად მსახიობები, ვისი ხმაც სულ მინდა ვისმინო. საკუთარ რადიოსადგურს გავაკეთებდი, სადაც მათ წავაკითხებდი ლექსებს და ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ადრე ხაზის რადიოში გვიკითხავდნენ ხოლმე კვირა საღამოს ზღაპრებს. რამდენიმე მახსოვს: "დიდი ტალღა და პატარა ტალღა", "დეიკო დედიკო და შვილიკო თოჯინა". ბავშვობა დასრულდა და ხაზის რადიოც მასთან ერთად გაქრა. კაბელი მოიპარეს და რადიომიმღების პატარა ყუთი უფუნქციო გახდა.

ხმა და სიტყვა: ირის რჩევით ერთი სასულიერო პირის ინტერვიუს ვუსმინე. ჰკითხეს, მართლა ღმერთმა შექმნა თუ არა სამყარო. პასუხი ასეთი იყო: მე რომ ახლა გთხოვოთ, ჭიქა აიღე და წყალი მომაწოდეო, ხომ მომაწოდებთ? ვხედავთ, რომ ჩემ უბადრუკ სიტყვას აქვს ის ძალა, რომ რაღაც მოქმედება მოჰყვება. მე ვინ ვარ და წარმოიდგინეთ, ღვთის სიტყვა რამდენად აღმატებულია. ღმერთმა სიტყვა თქვა და სიტყვით შეიქმნა სამყარო.


Tuesday, September 8, 2015

ვარდებსა და გვირილებში

ეს ბულეთები წერტილებია...გონების. a mind-mapping exercise. 


წყარო: ermonia.blogspot.com
  • სექტემბერში ჩემდაუნებურად ბავშვობაში ვბრუნდები. ხელახლა განვიცდი ქუთაისის ცხელ ამინდებს, მოწყენილად ცხელ მზეს და სწავლის დაწყების გამო აფუსფუსებულ ქალაქს. ზონარებიანი დახურული ფეხსაცმელი, ზაფხულში რომ მიყიდეს,  უკვე მიჭერს. გაკვეთილების შემდეგ ალბათ პარკში (იქ ბაღი ჰქვია) წავალთ და დიდ შადრევანთან გადავიღებთ ფოტოს. ყველას თეთრი პერანგი გვეცმება.
  • ფანჯრიდან ვუყურებ მეზობლის ბავშვებს: ყოველ წელს, პირველ სექტემბერს, ჟაბოიანი თეთრი პერანგით და ხელში ტიტების თაიგულით მიდიან სკოლაში. ზოგი პირველად. ასეთ დროს თვალების სიმშრალე შეუსრულებელი ამოცანაა.
  • ერთი საკრალური მოგონება მაქვს, საამჟამო, სასექტემბრო:  პირველკლასელი ბავშვი ვარ, გათიშული. დილაა და სკოლაში უნდა წავიდე. ძველ სახლში ვართ, კიროვის ქუჩაზე. დედა დიდ ოთახში მასაუზმებს. წინა ღამით დააყენებს ჩაის, თერმოსში ცხლად ინახავს. დილით თერმოსიდან მისხამს გამზადებულს. ჩემს წინ კედელში ჩაშენებული ხის ბარია, მამას გაკეთებული. იმ დროისთვის ნოვატორული. ხაზის რადიოში ისმის სიმღერა -  "თეატრონის" "ვარდებსა და გვირილებში." ასეთი სიტყვებია: "ო, რად მიყვარხარ/ყვავილს გადარებ/და ყვავილებში/ობლად გატარებ/მზე ჩავა და მზის უბეში/ბადრი მთვარე გაჩერდება/მე წავალ და ჩემზე კარგი/სიმღერები დაგშვენდება." მადლიერი ვარ, რომ ეს სურათი ცხადად მახსოვს. კარადაში გადანახული სუსნივით "გამოვიღებ" ხოლმე. არ ილევა, არის და არის.
                                                       

Saturday, February 7, 2015

წვიმიან საღამოს დაბადებული

- ბებია ვენახის შესაწამლად რომ წავიდოდა, აუცილებლად მივყვებოდი. ვენახის თავზე ქვის მრგვალი აუზი იდგა. შაბიამნისფერი იყო იმიტომ, რომ ბებო ამ აუზში აზავებდა შაბიამანს. ვგიჟდებოდი მის ფერზე და დიდხანს ვუყურებდი (თვითონ ბებო "შაბიაბანს" ამბობს). შაბიამნის წვეთები რაღაც მაგიურად ესხმებოდა ვაზის ფოთლებს. სასხურებელი აპარატი ზურგზე ჰქონდა მოკიდებული. შაბიამნისფერი ახლაც ძალიან მიყვარს. საერთოდ, ფერები. ყველაფერს ფერით აღვიქვამ და ვიმახსოვრებ. Devil Wears Prada-ში მერილ სტრიპი მთელ ლექციას ატარებს ამ ფერზე (cerulean).


- სკოლაში გეოგრაფია, როგორც საგანი, რატომღაც აგდებული გვქონდა. მასწავლებელი გვკითხავდა: რომელია აფრიკაში ყველაზე მაღალი მთა? დუმილს ვეღარ ელოდებოდა და თავად პასუხობდა გაბრაზებული: კილიმანჯარო! მერე ის ფილმი ვნახე, "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და გრეგორი პეკის გმირის ნელი სიკვდილი ღია ცის ქვეშ ძალიან ტრაგიკული მომეჩვენა.

The Snows of Kilimanjaro, 1952

- ერთი წითელი კაბა მქონდა, ნაქსოვი, ძალიან მიყვარდა. ამ კაბაზე ხელჩაკიდებული გოგო-ბიჭები ეხატა. წვიმიან დღეს დაბადებული (მხოლოდ ამიტომ) მტირალა ვიყავი. ერთხელ, მორიგი ტირილისას, ბაღის აღმზრდელმა მითხრა, რა გატირებს, ხომ ხედავ, შენ კაბაზე ბავშვები ტაშფანდურას ცეკვავენო.

- ქობულეთის პლაჟზე ნაყინი "ჯინის" პრომო კამპანია იყო გაჩაღებული. იმ სიცხეში ჯინის კოსტუმში გამოწყობილი მსახიობი დადიოდა, დღეში ალბათ ათ გზას აკეთებდა. ქობულეთელმა ბავშვმა მიაძახა: რაის ჯინი ხარ შენ, კაცი ხარ!
(ფრაზის აუდიო კომპონენტი - უსაყვარლესი გურულ-აჭარული ინტონაცია და მახვილები)

Tuesday, January 20, 2015

არგაბედო, ნუიზამ, გრცხვენოდეს

- მე და ზაზას ბავშვობაში გვიხაროდა, როცა სოფლის გზაზე ურემი ჩამოივლიდა. ჩვენთან ახლოს ორი მეურმე ცხოვრობდა: ილუშა და ვასილი. სიხარულისგან აღარ ვიყავით, როცა რომელიმე ურმით გაივლიდა. ჭიშკარზე ავძვრებოდით და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, გაფაციცებული ვუყურებდით. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს: რაღაც მისტიკური აგებულება ჰქონდა, ხის თვლები, სატვირთო ადგილზე დაყრილი ჩალისღერები და მოძრაობის სიჩქარე. ქუთაისში ჩვენი ბინა რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს იყო. (ძალიან "ჭკვიანურად" ჰქონდათ კომუნისტებს ქალაქის ის უბანი დაგემილი.) თავიდან ძალიან გვაწუხებდა მატარებლის ხმა, განსაკუთრებით ღამით. მერე კი მივეჩვიეთ ჯერ კივილს და მერე დაგან-დაგანს. სამაგიეროდ, ჩვენთან სტუმრად მოსული ბავშვები გიჟდებოდნენ მატარებელზე: როგორც კი ხმას გაიგონებდნენ, მატარებელიო და მიაწყდებოდნენ ფანჯარას. ზღვაზე ყოფნა ჩვენთვის როგორი ნეტარებაა. მთელი წელი ველოდებით ზღვაზე წასვლას, ვაკვირდებით, პირველად როდის გამოჩნდება გზიდან, ჩემი ქობულეთელი მამიდაშვილი კი სერიოზულად ამბობდა, ვერ გამიგია, ზღვის გულისთვის როგორ ჩამოდის ამდენი ხალხი აქ, ზღვაა, დიდი ამბავიო.


- ღარიბი ქვეყნები ვგიჟდებით ყველაფერ მდიდრულზე. გვიყვარს სიტყვები: უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე, უძველესი, გრანდიოზული, პრესტიჟული. სასტუმროებს და კაფეებს არქმევენ "პრესტიჟს." "ბათუთაქუარი" ერქვას, არ ჯობია?

- როცა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი, ნათარგმნ ტექსტებში ხშირად მხვდებოდა სიტყვა "მიაბარეს". მაგალითად, "მშობლებმა 12 წლის ვიქტორი პანსიონში/გიმნაზიაში მიაბარეს." ამ სიტყვაზე ახლაც ისეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს ვინმეს მოიშორებ და სადმე მიაბარებ, ვინმეს მიანდობ მის თავს.

- ერთხელ ზაზამ ვიღაც კაცს ქუჩაში საათი ჰკითხა. იმან ხელი აუქნია, - "ადრეა ჯერ" და გზა გააგრძელა.


- ჩემს თანამშრომელს, მძღოლს ვეუბნები, ამ მისამართზე ცხოვრობს ჩვენი მარკეტინგული კამპანიის გმირი. იქნებ, მიაკითხო და ფოტოსესიაზე მოიყვანო. თურმე, ანერვიულდა, დაიწყო კითხვა, ვინაა, რა გმირობა ჩაიდინა, რატომაა გმირი? ვაიმე, გმირთან მაგზავნიან სახლში და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

-  ვერაფრით ამიხსნია ტუალეტში წიგნის კითხვის ფენომენი. დღემდე მისტიკაა ჩემთვის. კაცების ნოუჰაუა.

- სცენა ქუთაისის სახაჭაპურეში: ფეხზე დგომის მაგიდები, სკოლის ჩანთები კაუჭებზე ჩამოკიდებული. შევექცევით ფენოვან ხაჭაპურს. ნათია ბიბილეიშვილი ჩვენს შორის ყველაზე გამხდარია. ნელა ჭამს და ის ზარალდება ყველაზე მეტად. როცა ჩვენსას მოვრჩებით, მის ხაჭაპურზე გადავდივართ.

- პატარები რომ ვიყავით, ჩემი ძმა მარწმუნებდა, "პაექრობა" კაცის სახელიაო. კიდევ, გუდასტვირს სინამდვილეში "გუდასული" ჰქვია და ბადმინტონს - "ბადგიბურთიო". მეც ვეთანხმებოდი.

Tuesday, December 30, 2014

ABOUT FORD

ამასწინათ ვფიქრობდი ცხოვრების კიდევ ერთ სიმართლეზე: როგორ ზედმიწევნით ვემგვანებით მშობლებს და გარკვეულ ასაკში როგორ "ვიმეორებთ" მათ. ასეთი მსგავსება მხოლოდ ღვთის წყალობად უნდა ჩაითვალოს და ამის გაფიქრება ყოველთვის მადლიერების გრძნობით მავსებს. 

ამ თემაზე უფროსები ხშირად მსჯელობენ და მათი მოსმენაც მიყვარს. მშობლების და შვილების ბიოლოგიური, გენეტიკური და ფიზიკური მთლიანობა დიდი ფენომენი და საიდუმლოა. 

როცა მამა დავკარგეთ, ისეთი პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს. მას ბევრი რამით ვგავარ, დედასგან ვიცი. პირველ რიგში, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, ხასიათის შტრიხებით, კონკრეტული საკვების და საყოფაცხოვრებო ნივთის არჩევანით... სკოლაში სწავლის დროს, ერთ წელს, კალიგრაფია უეცრად შემეცვალა და ზუსტად ისე ვწერ, როგორც ის წერდა. პროფესიით არცერთი შვილი არ დავემგვანეთ, ინჟინერ-გამომგონებელი იყო.

დედაჩემთან მსგავსებას სულ უფრო მეტად ვგრძნობ ასაკის მატებასთან ერთად. ლაშა მეუბნება, ხმით იმდენად გავხარ, ხანდახან მგონია, ტელეფონით დედა მელაპარაკებაო.

დედისგან გამომყვა სქელი, მძიმე თმა. სტუდენტობის ფოტოებზე 70-იანების სტილის ვარცხნილობები აქვს, რაც ძალიან მომწონს.

ჩაცმის სტილი. ბავშვობის წლებიდან დედა შავებში ჩაცმული და მოწყენილი მახსოვს. ამას გაუცნობიერებლად ვაპროტესტებდი და ვთხოვდი, წაესვა წითელი პომადა და ლაქი... ყოველთვის ერთნაირი რამეები არ მოგვწონდა. მოთმინებით იტანდა ჩემს თინეიჯერულ ხუშტურებს. მაშინაც და ახლაც, როცა ტელევიზიით ან ჟურნალში რამე საინტერესოს ნახავს, აუცილებლად დამახვედრებს ამბავს: აი, თიკო, (ჟურნალისტს, მსახიობს და ა.შ.) ასე და ასე ეცვა. ამ დროს უზომოდ საყვარელია. როცა რაიმე "საჭიროს" ვყიდულობ, წამახალისებს, კარგია, ასეთი რამდენიმე უნდა გქონდესო. ახლა ვხვდები, რომ ჩვენს გემოვნებას კარგად გამოხატავს შემოდგომის ჩაცმულობა: ლამაზი ვარცხნილობა, მუხლამდე პალტო, მოხერხებული შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი; ელეგანტური და თან პრაქტიკული. მწვანე მისი საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად უხდება, - კარგად ეხამება თვალის ფერს.

ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი 80-იანების სტილის ქლაჩი, მუქი მწვანე ზამშის ქუსლიანი ფეხსაცმელი (ზემოდან თავისივე პატარა ყვავილის დეტალი ჰქონდა დამაგრებული) და სირმებიანი ბლუზკა.  შემდეგი წლები უფრო ნათელი იყო: შავი აღარ ეცვა, სამსახურში ძალიან დაკავებული იყო და უზომოდ მიხაროდა, როცა ახალ კაბას ან პიჯაკს ყიდულობდა. მაშინდელი: ახალგაზრდა, აქტიური, ელეგანტური და ბევრი საქმის მომსწრები დედა ღრმად მყავს ჩაბეჭდილი ცნობიერებაში და ახლაც, 67 წლის დედაჩემი, ზუსტად ისეთი მგონია. ღამით რომ გამეღვიძებოდა, სახლში შუქი ენთო: დედა აუთოვებდა, ან მურაბას ხარშავდა და მეორე დღის საქმეებს ილევდა. 

Sunday, August 31, 2014

MY BRO


  • პატარა რომ იყო, ქერა, ბუმბულა  თმა და დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა. ლამაზი, თეთრი, ღუნღულა ბავშვი იყო. მშობლების თვალების ფერი რომ არ გამომყვა, ამაზე დღემდე ვბრაზობ. ამ დროს ზაზას არაფრად არ მიაჩნია თავისი ცისფერი თვალები.

  • ამ ფაქტს ჩემს საწინააღდეგოდ იყენებდა, როცა იგონებდა ამბავს, როგორ დამტოვეს ციგნებმა ჩვენი სახლის კართან, როგორ შევეცოდე დედამისს და შვილად ამიყვანა. მე კონტრარგუმენტებს ვუგონებდი. მერე თვითონვე გვჯეროდა ჩვენი სიტყვების და ხელჩართულ ჩხუბში გადავდიოდით.
  • პატარაობაში იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, დედასაც კი არ ესმოდა მისი. ერთადერთი თარჯიმანი მე ვიყავი. ეს დედას მოყოლილიდან ვიცი, თავად არ მახსოვს, იმდენად პატარები ვიყავით. ბაღში, სახლში თუ ეზოში, ზაზას საუბრის ინტერპრეტაციისთვის ჩემი მოყვანა უხდებოდათ. მისი საფირმო ლექსი იყო "ლურჯი ველოსიპედი" (ახალი და კრიალა, მოგიტანეს საჩუქრად, დასამტვრევად კი არა... ყველაფერს რომ აფუჭებ, განა გასახარია? სათამაშო რად გინდა, თუ არ მოგიხმარია.), რომელსაც თავის ენაზე ძალიან სასაცილოდ ჰყვებოდა.
  • მისი საყვარელი საქმიანობა იყო ტრანსპორტის რეგულირება. აიღებდა დაკეცილ ქოლგას და საგზაო პოლიციელის მოქმედებებს ასრულებდა. მგონი, სასტვენიც ჰქონდა. თვითონ კაბრიოლეტის ტიპის, პედლებიანი ნამდვილი მანქანა ჰქონდა. მე და დედა ბენზინის კომპანიაში ვმუშაობდით. გადმოვიდოდა საქმიანად მანქანიდან და ჩვენთან ბენზინის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
კიროვის ქუჩაზე, ჩვენი სახლის ეზოში 

  • შუა თითზე ახლაც აქვს შრამი. ის თითი მე გავუჭერი დანით, ერთ-ერთი ხმალაობისას. ზაფხულის არდადეგები იყო და ენერგია გვქონდა მოძალებული.
  • ბავშვობის ავად გახდომები: ზაზა ბურახს მოისურვებდა. მაშინ ქუჩაში ჰყიდდნენ დიდი კასრიდან. ქილა უნდა მიგეტანა და გაგივსებდნენ. ზაზას რიტუალი ეს იყო: დედას ეტყოდა, კვასს ხომ მომიტანო. ერთხელ მე ვიწექი და დედამ უსაყვედურა, ბალიში რატომ არ გაუსწორეო. ზაზამ უცებ უთხრა, ასე ურჩევნიაო. მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ პასუხზე.
  • პატარაობაში მისი საყვარელი სიმღერები იყო რობერტ ბარძიმაშვილის "გულმართალი კაცი მიყვარს" და "75"-ის "რატომ გამირბიხარ, რატომ მემალები".
  • ვინც ზაზას იცნობთ, გეცოდინებათ, როგორ უყვარს ფეხბურთი. ბავშვობიდან ასე იყო. გაზეთ "სარბიელის" ყველა ნომერი ჰქონდა. სახლში მიმოდიოდა და ხმამაღლა იმეორებდა სტატიების ენამახვილურ სათაურებს. ქუთაისში, მოედანზე პრესის პატარა მაღაზია იყო. იქ რომ შევიდოდით, მე გაზეთების სუნით ვბრუვდებოდი, ზაზა კი დედასთან მივიდოდა და ჩუმად ეტყოდა, "სარბიელის" ყიდვა არ დაგავიწყდესო. მისი საყვარელი გუნდია მადრიდის "რეალი" (რა ნეიტრალურად ვთქვი). როცა ჩემთან ჩამოვიდა ჰოლანდიაში, რამდენიმე დღით მადრიდში წავედით, ძირითადად "რეალის" გამო. მუზეუმში თვითონ მიწევდა გიდობას, ყველაფერი ზეპირად იცოდა: თარიღები, ადამიანები, ბიოგრაფიები. პირველად, მეტროს ამოსასვლელიდან სანტიაგო ბერნაბეუ რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა: უბედნიერესი იყო.
ჩემს ჩათვლის წიგნაკში ასეთი წარწერა გაჩნდა.

Friday, March 21, 2014

როგორ მოვუაროთ იადონს



ცხოვრების პატარა სიამოვნებები

  • მოღუშულ ამინდში მიდიხარ სამსახურში, ისე რა გამოპრანჭული; ანუ, გაცვია დაბლებზე, შარვალი და რამე მოხერხებული ზედა. მაკიაჟზე და სამკაულებზე გეტყობა, რომ დილით არაფრის თავი არ გქონდა. ყავას სვამ და მაინც გეძინება. დღის ბოლო ახლოვდება და გიხარია, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გქონდა, სახლში მიხვალ და დაღლილობას "ჩამოირეცხავ".
  • აღებ აივნის კარს. ზამთარს შეჩვეული ელოდები ცივი ჰაერის შემოჭრას და წინასწარ იბუზები. ამ დროს ოთახი თბილი ჰაერით ივსება და სიამოვნებისგან გაჟრჟოლებს.
  • ჯერ არ დაგისრულებია წიგნის კითხვა, ან შუა ფილმზე ხარ და უკვე ზუსტად იცი, რომ შეგიყვარდა.
  • მოგზაურობიდან ბრუნდები. საღამოს უკვე ჩანთები ამოლაგებული გაქვს, ტანსაცმელი გარეცხილი და გაფენილი, დასარიგებელი საჩუქრები გადაწყობილი, სახლი დასუფთავებული, შხაპი მიღებული, ვახშამი მირთმეული. ფეხები გიბჟუის დაღლილობისგან, მაგრამ გიხარია: ლაქს ისვამ და ჩაის წრუპავ. შენს მეორეს ფოტოები შეყავს კომპში და ბოლომდე ჩატვირთვას ელოდები.
  • მეგობართან ხარ სტუმრად თბილისის ძველ, ჭადრებიან უბანში. აივანზე გადიხარ ისე, უმიზნოდ. ოთახიდან შენი მეგობარი გელაპარაკება. ეზოში ხედავ  მოსეირნე მოხუცს და აივნის თაროებზე შენი მეგობრის დედის მიერ მზრუნველად დალაგებულ  კარტოფილს და ბოსტნეულს; დედა ახლა შინ არ არის. გახსენდება მისი მორთმეულები, ამ სახლის საღამოები და თვალებით იმ ბოსტნეულს ეფერები.
  • სააღდგომოდ მიდიხარ დასავლეთში. თბილისში გეგონა, რომ ხეები ჯერ არ იყო შეფოთლილი. უკვე ტრასაზე ხედავ, რომ აქეთ გაზაფხულია. 
  • შენი მეორე გაჩვენებს თავის ბავშვობის ჩანაწერს. რვეულში ბიჭური კალიგრაფიით, გულმოდგინედ უწერია: "როგორ მოვუაროთ იადონს".
  • ზიხარ და უყურებ, როგორ ასხამს დედა ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს. ელოდები, როდის მორჩება, რომ თასი გალოკო.
  • ამთავრებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო "ტკივილი" უნდა აიტანო: ხვალიდან შვებულებაში გადიხარ და სადღაც მიემგზავრები. მუშაობისას ჩერდები, თვალი გიშტერდება და წარმოიდგენ იმ მოგზაურობას. მერე უცებ გონს მოეგები და აგრძელებ.
  • სტუმრად გყავს საყვარელი მეგობარი. შენთან შეციებული და დაღლილი მოდის. კარგად ავახშმებ, ცხელ შხაპს მიაღებინებ, შენს პიჟამოს და ხალათს აცმევ, თავის ოთახში შეიყვან ახლადდაგებულ ლოგინთან, ჩაის მიუტან, იქვე მიუჯდები და ჰყვებით ახალ და ძველ, ათასჯერ მოყოლილ ამბებს.
  • კვირა დილას წირვიდან ბრუნდები. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ფიქრობ ცხელ ყავაზე და საღამოს დაგეგმილ წასვლაზე.
  • ქარიან ამინდში გაჩერებაზე ხედავ ნაცნობს, მანქანაში ჩაისვამ თბილად, თავის ჩანთებიანად და ადგილზე მიიყვან.
  • მეგობრები უსასრულოდ იცინით ერთმანეთის სისულელეებზე.

Saturday, October 19, 2013

იდეალური სეზონი - შემოდგომა

დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ. 

მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს. 

გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია?  - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა. 

იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.

მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის... 

Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის. 

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Thursday, November 29, 2012

ბებული

როცა ქალბატონ დონარას შესახებ დავწერე, სოფიმ და ქეთიმ მთხოვეს, სხვა გამორჩეული ადამიანებიც გაგვაცანიო. ლაშამ მითხრა, მოდი, ბებულიზე დაწერეო. იოლი არ იქნება უახლოეს ადამიანზე დაწერა, თუმცა ეს ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი და დღიურებში ვწერდი, რომ ბებოზე ფილმს გადავიღებდი.

თამარა ბებო ჩემს ცნობიერებაში თითქმის დაბადებიდან გაჩნდა. როცა ქუთაისში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ორ პატარასთან მარტო დარჩენილ დედაჩემს ეხმარებოდა. სულ დატვირთული ჩამოდიოდა, თავის მოწეულ პროდუქტებს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულსაც აუცილებლად დაამატებდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ   ჩავდიოდით მასთან. ჩემი სოფელი ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. ზაფხულობით ხშირად ვიყავით ბებოსთან. დედა ხანდახან სამსახურშიც იქედან დადიოდა. ღამეები იყო ხოლმე საოცარი. ასწლოვანი ძელქვის ქვეშ მაგიდასთან ვჯდებოდი, ბავშვურ-რომანტიკულ-ფილოსოფიური ფიქრებით დატვირთული. კიდევ დაღამება მიყვარდა განსაკუთრებით. მეზობლების ეზოებიდან ისმოდა, როგორ აბინავებდნენ შინ დაბრუნებულ საქონელს, როგორ დგამდნენ ძირს ალუმინის ვედროებს, აჭრიალებდნენ ჭიშკარს. მერე ფეხზე იხდიდნენ და სახლში შედიოდნენ. იქედან ხმამაღლა ჩართული ტელევიზორების ხმები გამოდიოდა. ასეთ ბანგიან შეღამების დროს მე და ჩემი ძმა ეზოში ვტრიალებდით ხოლმე, ხელები განზე გვქონდა გაშლილი და ზემოთ ვიყურებოდით. იქამდე ვტრიალებდით, სანამ თავბრუ არ დაგვეხვეოდა და ბალახზე არ დავეცემოდით. ამ დროს ცას ვუყურებდით, რომელიც ჩვენს თავზე სწრაფად ტრიალებდა.

როცა თბილისში წამოვედით, ბებული სევდიანად ამბობდა, ვერ  ვიტან, როცა ავტობუსი ჩამოივლის; ვიცი, რომ თქვენ არ ჩამოხვალთო. ახლა ჩვენთან ზამთრობით რჩება, სამივე შვილთან, რიგრიგობით. სააღდგომოდ ისევ სახლში მიდის, რომელიც ქვეყანას ურჩევნია. უბედნიერესია, როცა მასთან ჩავდივართ, თუ თან მეგობრები გვახლავს, მაშინ სულ ბრწყინავს. ახალგაზრდებთან ყოფნა ძალიან უყვარს. ხელად გაამზადებს სადილს,  სუფრაზე ღვინოს შემოდგამს და დაჯდება. სუფრა სიმღერის გარეშე ვერ წარმოუდგენია: წამოიწყებს და სტუმრებს აიყოლიებს. შარშან ლაშას ნამღერი მოვასმენინე აიფოდით. საკუთარ სიმღერას ასრულებდა. სახე გაუნათდა. მთელი დღე ამბობდა, როგორ ვისიამოვნეო. სანამ ჩვენთან ჩამოვა, სულ მენატრება და მახსენდება, როგორ მიგზავნიდა მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, თავის ეზოში გაზრდილ ვარდებს.

Monday, October 29, 2012

Dreams to Remember

სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.

როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...

ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.

Monday, October 22, 2012

დოლის კაცუნა დიმპიტაური

პატარაობაში, სკოლის ასაკამდე ბევრად ადრე, სახლში დიაფილმების ჩვენებას ვაწყობდით. დედა ოთახს ჩააბნელებდა, დაგვსვამდა მე, ჩემს ძმას, რამდენიმე მეზობლის ბავშვს და კედელზე ახალ, ან უკვე ნანახ ფილმს გაუშვებდა. ამ რიტუალის ყველა დეტალი მიყვარდა: საწოლ ოთახში, სადაც ჩვენება ეწყობოდა, ღია ცისფერი შპალერი გვქონდა, შუქის ამომრთველიც ცისფერი, მრგვალი ფორმის, არასტანდარტული. შუქს ნელ-ნელა უწევდა სრულ ჩაქრობამდე, რაც ჩემთვის რაღაც ჯადოსნურის დასაწყისს ნიშნავდა. დედა პროექტორში ფირს დებდა, რომელსაც შემდეგ ხელით ატრიალებდა. კედელზე გაშლილ კადრში სურათი და მის ქვეშ დაბეჭდილი  ტექსტი ჩანდა, რომელსაც დედა გვიკითხავდა.