Monday, October 22, 2012

დოლის კაცუნა დიმპიტაური

პატარაობაში, სკოლის ასაკამდე ბევრად ადრე, სახლში დიაფილმების ჩვენებას ვაწყობდით. დედა ოთახს ჩააბნელებდა, დაგვსვამდა მე, ჩემს ძმას, რამდენიმე მეზობლის ბავშვს და კედელზე ახალ, ან უკვე ნანახ ფილმს გაუშვებდა. ამ რიტუალის ყველა დეტალი მიყვარდა: საწოლ ოთახში, სადაც ჩვენება ეწყობოდა, ღია ცისფერი შპალერი გვქონდა, შუქის ამომრთველიც ცისფერი, მრგვალი ფორმის, არასტანდარტული. შუქს ნელ-ნელა უწევდა სრულ ჩაქრობამდე, რაც ჩემთვის რაღაც ჯადოსნურის დასაწყისს ნიშნავდა. დედა პროექტორში ფირს დებდა, რომელსაც შემდეგ ხელით ატრიალებდა. კედელზე გაშლილ კადრში სურათი და მის ქვეშ დაბეჭდილი  ტექსტი ჩანდა, რომელსაც დედა გვიკითხავდა. 

ერთ-ერთი დიაფილმი, რომელსაც ხშირად ვუყურებდით, "დოლის კაცუნა დიმპიტაური" იყო. მოგონილი ამბის მოსმენა ბავშვისთვის თითქმის სიწმინდესთან ზიარების ტოლფასია: ამბავს ისმენს, ისრუტავს, იმახსოვრებს, პარალელურად სურათს უყურებს და მის მიღმა სიუჟეტს წარმოსახვით ავითარებს. რაღაც უცნაური და მიმზიდველი პროცესია. დიაფილმის სიუჟეტიდან არაფერი მახსოვს, მხოლოდ იმ შეგრძნებიდან დამრჩა რაღაც, ფანტაზიის ტკბილი ბურუსის მსგავსი. მეხსიერებას ფრაგმენტულად შემორჩა მიკროსკოპული ცილინდრიანი კაცუნა, რომელიც დოლში ცხოვრობდა, ქალაქი, ღამე და წვიმა.




ჩემი ბავშვობის სახლი დიდი ხანია, აღარ არსებობს, დიაფილმების პროექტორიც  დაიკარგა. მათი მხოლოდ წარმოდგენა და გახსენება შემიძლია. ვცდილობ, ის კეთილი ადამიანებიც წარმოვიდგინო, ვინც "დოლის კაცუნა დიმპიტაური" დაწერა, შემდეგ ფირზე ჩაწერა და ბავშვებისთვის გამოსცა. 

ასე, მოგონების ეს "ფაილიც" ელექტრონულად "შევინახე". ჩემს დოლის კაცუნას კი წვიმისგან ცილინდრი დაიფარავს, ღამით სადმე დაიმალება, მერე, ვინც ამ ამბავს წაიკითხავს, მის გონებაში განაგრძობს მოგზაურობას. 


14 comments:

  1. „დოლის კაცუნა დიმპიტაური“ გურამ პეტრიაშვილის დაწერილი ყოფილა, ხოლო ფილმი 1974 წელს გაუკეთებიათ. შენ ალბათ ქართული ვერსია გქონდა, მაგრამ მოგეხსენება, ზოგადად ქართველები რა უდიერად ვეპყრობით არქივებს, თუმცა მაშინ საქართველო ერთი დიდი ქვეყნის შემადგენლობაში იყო. რუსებმა კი ნამდვილად იცოდნენ და დღესაც იციან არქივის ფასი. აგერ შენი დოლის კაცუნა დიმპიტაური და მისი „დეჟავუ“ ვერსია ინტერნეტში, რაღა თქმა უნდა, რუსულ ენაზე:

    http://skalabuhin.narod.ru/SKLAD/SKAZKA4/peg1.djvu

    სხვათა შორის, ბაღნობისას მეც მქონდა დიაფილმები. ყველაზე მეტად „მაკნატუნა“ მომწონდა.:)

    ReplyDelete
    Replies
    1. !!!!!!!!!!!!!!! <3 :kiss: თუ პათეტიკური არ ვიქნები, ვიტყვი, რომ ბავშვობა დამიბრუნე. :)

      Delete
  2. მეც მიყვარდა ბავშვობაში დიაფილმები. ოღონდ მე არ მქონდა, ჩემს მეგობარს ჰქონდა და მასთან ეწყობოდა ხოლმე ასეთი ჯადოსნური ჩვენებები, მახსოვს :) არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობაა, მგონია, ასეთი ტკბილი და სათნო მოგონებები დღევანდელ და მომავალ ბავშვებს უკვე აღარ ექნებათ, ყველაფერი ისეთი სწრაფი და ფსევდო–остроумный გახდა დღეს :(

    ReplyDelete
    Replies
    1. "ფსევდო–остроумный" რა კაგად თქვი! ახლანდელი მულტფილმების რუსულად გახმოვანებული ტექსტები გამახსენდა. გეთანხმები, რომ იუთუბი, დივიდი და მედიაპროდაქშენები ფიქრის და ფანტაზიორობის ადგილს აღარ ტოვებს. ჩვენმა თაობამ კი შეირგო მართლა ტკბილი მოგონებები.

      Delete
  3. გამახსენდა უტკბილესი ბავშვობა. ჯადოსნურ სამყაროში დამაბრუნე. :))) დიმპიტაურაზე ძალიან ვიხალისე. thanks

    ReplyDelete
  4. სამწუხაროდ ასეთი რამ არ განმიცდია არასდროს.... მიუხედავად ამისა სოფის ვერ დავეთანხმები რომ ამის გამი ტკბილი და სათნი მოგონებები არ გვაქვს.
    კარგია რომ ლაშამ ბავშობა დაგიბრუნა. ეგ ფაილი ვერ გავხსენი რატომღაც....

    ReplyDelete
    Replies
    1. :((( რაღაც დეჟავიუ ფორმატია. გადმოწერაც შეიძლება. ძალიან კეთილი ზღაპარია :)

      Delete
  5. რამ გამახსენა ამას წინათ დიაფილმები, არ ვიცი და ვიფიქრე, ამაზე დამეწერა. თითქოს ჩემს გულში იჯექი... :)
    ძალიან მიყვარდა, პროექტორიც მქონდა და ჩემთვის რაღაც ჯადოსნური ამბავი იყო – ჩაბნელებული ოთახის კედელზე ფილმის გაშვება. სადღაც უნდა გვქონდეს ეს პროექტორი, მინდა ვიპოვო. რომ ვფიქრდები, მართლა რამდენი ტკბილი მოგონება აქვს ჩვენს თაობას. მიხარია, რომ ეს ყველაფერი გამოვცადე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგია!!!! დაწერე, რა, შენი ამბავი!

      Delete
  6. მოგვიანებით იქნებ დავწერო კიდეც :)

    ReplyDelete
  7. არასოდეს გამხსნებია დიაფილმები. სრულიად დავიწყებული მქონდა. ფოტოს ვუცქირე კარგა ხანს, რომ მოგონებები მომეხმო. არ მოვიდნენ.. ეტყობა ძალიან დიდი ხანი გავიდა :-(... ან, ალბათ, უმადური ვარ და ... გამიბრაზდნენ

    ReplyDelete
    Replies
    1. http://skalabuhin.narod.ru/SKLAD/SKAZKA4/peg1.djvu

      აქ დევს.

      მე ის გამიხარდა, გურამ პეტრიაშვილის რომაა. მაშინ სულ არ ვიცოდი, ვინ იყო. ძალიან სუფთა გულის კაცია.

      Delete
  8. ძალიან გამეხარდა! დიდი ხანია , მეც ვეძებდი ჩემი ბავშვობის „დოლის კაცუნას“. თითქმის სრულად შემომრჩა მეხსიერებაში. ჯერ შვილებს ვუყვებოდი, მერე მოსწავლეებს... ვერავინ რჩებოდა გულგრილი. ვინც მოისმენდა, სამუდამოდ ამახსოვრებდა თავს კეთილი და უწყინარი დიმპიტაური. არ გამკვირვებია, გურამ პეტრიაშვილის რომ ყოფილა. ნეტავ რატომ არ არის დაბეჭდილი?

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგია, მაკა, როგორ მიხარია, ბავშვებს და მოსწავლეებს რომ უყვებოდით. შეძელით ფაილის გახსნა ზემოთ მოცემული ლინკიდან? მეც ვისურვებდი, დაბეჭდილი იყოს...

      Delete