Showing posts with label my day. Show all posts
Showing posts with label my day. Show all posts

Tuesday, October 14, 2014

ირმების გადასახედი

გაცდები თბილისის ხმაურს და იწყება perfection. ზუსტად ასეთი დღე იყო, უქარო და მზით გაჩახჩახებული. საჩუქრის ყუთს რომ გახსნი და სახე გიბრწყინდება, დაახლოებით ასე აღვწერდი დღევანდელ მოგზაურობას.

ღმერთის და ადამიანის ხელით შექმნილი

ბოდბეს ეზოში

 სიღნაღის ქუჩა

Saturday, October 11, 2014

Regards Croisés. Paris - Tbilissi.

დღეს ეროვნულ გალერეაში ფრანგი ქართველი მოქანდაკის - დარეჯან ბერეკაშვილის და ქართველი მხატვრის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა გაიხსნა. ჩემი სამსახური გამოფენის პარტნიორია. პროექტმა საშუალება მომცა, არტისტები პირადად გამეცნო და მათთან ერთად მემუშავა. ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, თუ როგორი უბრალო და თავმდაბალი ადამიანები არიან.


არ ვიცი, სხვა ერების წარმომადგენლები ასე მძაფრად, იდეალისტურად და ტკივილიანად თუ აღიქვამენ სამშობლოს სიყვარულს, როგორც ქართველები. ამაღელვებელი იყო ამ ორი შემოქმედის უსაზღვრო ნიჭიერება, მათ მიერ ყველაფერი ქართულის ლოლიავი, ქართული სინამდვილის ასე დახვეწილად გადმოცემა და ყველაზე მეტად ის ამბები, რასაც მათი სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები ჰყვებიან. 


დარეჯან ბერეკაშვილი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. პარიზში დაიბადა. იქ ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, ბაბუაჩემის სამშობლოში ჩამოვედიო. მის ქანდაკებებს ჰქვია: "ნაბადი", "მწყემსი", "ვაჟა", "შოთა", "იაზონი", "მოსეირნე", "წყვილი", "ოჯახი", "მოცეკვავე"... მაოცებს, როგორ შეიძლება, პატარა ბრინჯაოს ქანდაკება ამდენს ამბობდეს. მწყემსის ფიგურა მაღალი და აწოწილია, საქართველოს მთებივით. თითქოს იქედან მარტო თავის ფარას კი არა, მთელ ქვეყანას გადაჰყურებს. ცერებზე შემდგარი მოცეკვავე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ამბებს ჰყვება, როგორ შრომობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, იცავდნენ სამშობლოს. მადლიერი ვარ, რომ მისი არტისტული აზროვნება მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს დატრიალებდა. 

მგონი გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, საქართველოს ყველაზე სწორად მაშინ დაინახავ, როცა მის საზღვრებს გასცდებიო. ჩემი აზრითაც, ყველაზე საინტერესო გლობალური პერსპექტივიდან დანახული საქართველოა.

ლევან ჭოღოშვილი მისთვის დამახასიათებელ, შერეულ ტექნიკას იყენებს. როგორც ფიქრის მდინარებაში ერთად ჩნდება სახეები, ფიგურები, ფერები, ისე ერთად, ჰარმონიულად გვაჩვენებს საქართველოს ახლო წარსულს. ვუყურებდი თავადაზნაურთა სახეებს და მინდოდა, ახლაც ისეთ საქართველოში მეცხოვრა, ისეთი ადამიანებისთვის მეყურებინა, ჩიხტიკოპიანი ქალებისთვის, სათნოსახიანი პატრიარქებისთვის, წითელჩოხიანი, წვრილულვაშიანი და დატალღულთმიანი კაცებისთვის, მრისხანესახიანი მხედრებისთვის... და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წითლების შემოჭრამდე იყო.

დღეს ხელოვნების კრიტიკოსმა თქვა, ლევანი და დარეჯანი თავიანთი შემოქმედებით საქართველოს იცავენო. ერთი პარიზში დგას სადარაჯოზე, მეორე - თბილისშიო. ბოლო ოცი წელია, საქართველოს ცხოვრებას ფერით და ფიგურით წერენ. ექსპოზიცია მძაფრ ემოციას იწვევს - ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებს, თითქოს არტისტები ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ.





ერთ ტილოს ერქვა: "ლადიკო ნიჟარაძის გამარჯვება მილანში." დღეს ხელოვანებმა თბილისში გაიმარჯვეს, - იმ ცენზურაზე, ვინც ნაწარმოებების გამოფენას უკრძალავდა, იმ წითლებზე, რომლებმაც მათი საყვარელი ქვეყანა ინდუსტრიალიზაციის ნიღბის ქვეშ დაიპყრეს და იმ ძალაზე, რომელიც საქართველოს ბევრს ვერაფერს დააკლებს იმიტომ, რომ მას ზუსტად ასეთი არტისტები იცავენ.



ფოტოებისთვის მადლობა ფიქრიას.

Saturday, December 21, 2013

"დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება"

"თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, 
იფერფლება ხელნაწერი, ნუ ჩამიქრები… 
და იქაც, შიგნით, სულში…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…"


ამ სრულიად ჯადოსნურ სიტყვებს კითხულობდა თავისი თბილი და უშუალო მანერით. წლებს არ შეუცვლია, ისევ ისეთი ღიმილი აქვს. მისი ყველა მოძრაობა მადლიერებას გამოხატავდა. დასავლეთევროპელის თავმდაბლობა და და მორიდება ჰქონდა. 

ლიტერატურის მუზეუმის  დარბაზში,  მუქი ფარდებით სადად გაწყობილ სცენაზე იდგა, ზუსტად პოეტის შესაფერ გარემოში. იქ არც კომფორტული სავარძლები იდგა, არც ტორშერი და თანამედროვე განათება, არც გათბობა და ახალი რემონტის სუნი... პირიქით, ყველაფერი თითქოს სპეციალურად იყო წლების მერე შეუცვლელი და ხელშეუხებელი, შეხვედრის შინაარსის მხარდასაჭერად.

"გურიის მთები" ისეთი ემოციით წაიკითხა, მომერიდა და სახეზე ვერ ვუყურებდი. თავი ლაშას მხარზე მედო და მარტო ხმას ვუსმენდი.

Saturday, October 19, 2013

იდეალური სეზონი - შემოდგომა

დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ. 

მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს. 

გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია?  - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა. 

იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.

მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის... 

Sunday, September 8, 2013

სექტემბრის დილები


ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?

Sunday, February 24, 2013

Gloomy February Afternoon

ახლა ისეთი დღეები დგას, ყველა რომ იძახის, ზამთარი გაიწელაო, შესვენებიდან რომ მობრუნდებიან და - გვეჩვენება, თუ ქუჩაში მართლა გაზაფხულის სუნიაო. დღევანდელი ამინდი გვიანი შემოდგომისას უფრო გავდა, ვიდრე ზამთრის და გაზაფხულის გასაყარისას. ადრე სულ ვაკვირდებოდი და გონებაში "ვიწერდი" თებერვლის ბოლო დღეების ამინდებს: ნაცრისფერ, მშრალ და ჩუმ დღეებს, ისეთ ჩუმს, მარტო ფერების და პირველი კვირტების შემოჭრის მოლოდინს რომ შეიძლება ნიშნავდეს. სისველის და სიცივის მიუხედავად, მე და ლაშამ დღეს ბევრი ვიხეტიალეთ, ნისლში ჩაფლული სოფლის სახლები ვათვალიერეთ, ფეხით ვისეირნეთ... 

(ეს და მომდევნო: "ინსტაგრამის" მზამზარეული ინსტრუმენტებით  დამუშავებული)

Sunday, November 18, 2012

გალას შემოდგომა

გუშინ კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გავივსე და გავიჟღინთე შემოდგომის მზით, ჰაერით და ფერებით, უფრო მეტად - ჩემი მეგობრების გარემოცვით. მაიკოსთან ავედით, მცხეთის სახლში. მის ბაღში ფოთლების სქელი ხალიჩა, ხეხილი და შემოდგომის გამაბრუებელი სურნელი დაგვხვდა. როლები გავინაწილეთ: მე ბაღში დავდიოდი ხეებს შორის, (უქარო და უნიავო დღე იყო და ხეები ჩუმად, უძრავად იდგნენ) ვფიქრობდი ლაშაზე, რომელიც თბილისში დარჩა და გალაკტიონზე. იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო. დამდევდა ფრაზა: "შემოდგომაა, წვიმამ მოლია ტყეთა მსუბუქი მელანქოლია".  კიდევ ეს: "გაისმა შორი სროლის ხმა მთაში და მონადირემ დაკოდა შველი. საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი." მე და თამუნა მეზობლის ქალს გამოველაპარაკეთ... ამ დროს სხვებმა სამწვადე ადგილი მოაწყვეს. (შემოდგომის ჰაერთან შერეული კვამლის სუნი!) მერე კლასიკური ქართული მენიუთი გაჯერებულ სუფრას შემოვუსხედით. სულ რვა ქალი ვიყავით, და ერთი პატარა ქალი - მაიკოს თიკა.  დიდხანს ვქაქანებდით. მაიკოს დედა თავის დაბალი, სასიამოვნო ხმით ალჟირსა და საფრანგეთში ცხოვრების წლებზე გვიყვებოდა. მერე სახლში წამოსვლის დრო მოვიდა... პეპის სახლივით მხიარულფერებიან და ტერასებიან მყუდრო სახლს და ჩვენს მასპინძლებს დროებით დავემშვიდობეთ.