Saturday, December 21, 2013

"დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება"

"თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, 
იფერფლება ხელნაწერი, ნუ ჩამიქრები… 
და იქაც, შიგნით, სულში…თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…"


ამ სრულიად ჯადოსნურ სიტყვებს კითხულობდა თავისი თბილი და უშუალო მანერით. წლებს არ შეუცვლია, ისევ ისეთი ღიმილი აქვს. მისი ყველა მოძრაობა მადლიერებას გამოხატავდა. დასავლეთევროპელის თავმდაბლობა და და მორიდება ჰქონდა. 

ლიტერატურის მუზეუმის  დარბაზში,  მუქი ფარდებით სადად გაწყობილ სცენაზე იდგა, ზუსტად პოეტის შესაფერ გარემოში. იქ არც კომფორტული სავარძლები იდგა, არც ტორშერი და თანამედროვე განათება, არც გათბობა და ახალი რემონტის სუნი... პირიქით, ყველაფერი თითქოს სპეციალურად იყო წლების მერე შეუცვლელი და ხელშეუხებელი, შეხვედრის შინაარსის მხარდასაჭერად.

"გურიის მთები" ისეთი ემოციით წაიკითხა, მომერიდა და სახეზე ვერ ვუყურებდი. თავი ლაშას მხარზე მედო და მარტო ხმას ვუსმენდი.


კიდევ გალაკტიონის წერილები წაგვიკითხა, ბევრიც გვაცინა, გააცოცხლა ძველი დრო და ადამიანები. თვალწინ დამიდგა იმ დროის სახლები, საერთო ოთახები, პოეტების ღამეული ხეტიალი, ვერლენის კითხვა, მძიმეპალტოიანი და ცილინდრიანი კაცები, გაზეთი "პრავდა", ხალხით სავსე დარბაზები პოეზიის საღამოებზე და ფოსტის ბეჭდიანი წერილები. ოლიას ერთი წერილი გამახსენდა, ზამთრის გრძელ ღამეებში ადამიანები შენს ლექსებს წაიკითხავენ და სულით ამაღლდებიანო. ზუსტად ასე იყო: გრძელ და ცივ ზამთრის საღამოს გაჯეტებით, ჩექინებით, ბიზნეს ლანჩებით, ზედაპირულობით და აგრესიის ათასგვარი გამოვლინებით გაწამებული და სულიერებას მოშიებული ადამიანები საყვარელი მსახიობის მოსასმენად მივედით. 

იმ დარბაზში ყველაფერი ჩემს ირგვლივ შეგროვდა და სქელი ნისლივით დადგა: ჩემი ბავშვობა, როცა გალაკტიონის ლექსებით ვსაზრდოობდი, წიგნის კარადაში დამალული დღიურების დასტა, მერაბ ნინიძის როლები, მისი ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოები, ტელევიზიაში მიწერილი წერილები თხოვნით, რომ მისი სპექტაკლებიდან ნაწყვეტები ეჩვენებინათ, მაშინდელი ოცნება ისეთ ადამიანზე, ეს ყველაფერი ჩემსავით რომ ეყვარებოდა... 

ამ საღამოს თავი ამ ოცნების მხარზე მედო და გურიის მთების გახსენებაზე აცრემლებული კაცის ხმით წაკითხულ გალაკტიონს ვუსმენდი.

ჰო, სწორედ ასე.

"დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება."






6 comments:

  1. dzalian kargi chanatseria. kargia, rom aseti msaxiobi gvkavs.

    ReplyDelete
  2. dzalian magari msaxiobia merabi ...martla rogor vagrovebdit mis fotoebs,gmerto chemo is avadmosaxseniebeli dro merabis gamo ra kargad maxsovs :) kvela roli romelic sheasrula ra shtambechadvi iko da rogori dmajerebeli! exlac magaria da kvelaferi tsinaa akvs merabs!!! madloba mas rom titkos taoba agvzarda ragac aseti gaaketa namdvilad! ar vici rogormagram aseti bumberazi msaxiobi da aseti chumi da tavmdabali saocaria esec :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, ზუსტად ასეა. უყველაფროდ ვიყავით და ვეჭიდებოდით იმას, რაც გვქონდა. მართლაც გამორჩეულია ნიჭითაც და პიროვნულადაც. მადლობა :)

      Delete
  3. როგორი სულიერი საღამო იქნებოდა.

    ReplyDelete